სოციალური მედიის მონიტორინგი

ISFED-ის რეკომენდაციები სოციალური მედიის პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების გავრცელების შესახებ

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, “სამართლიანი არჩევნები” უკვე მეორე წელია აკვირდება Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამების განთავსების საკითხს, მათ შორის ამ რეკლამების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და კომპანია Facebook-ის მიერ დადგენილ სავალდებულო წესებთან. დაკვირვების ფარგლებში, ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი პოლიტიკური რეკლამა, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებზე ამ კანონებისა და წესების უხეში დარღვევით განთავსდა. მათი ნაწილი დეკლარირების გარეშე იყო გამოქვეყნებული, ნაწილს კი დეკლარირებისას არასწორი ან არასრული ინფორმაცია ჰქონდა მითითებული, რაც შეუძლებელს ხდიდა რეკლამის წყაროს დადგენას.

ასე მაგალითად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრის პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე გამოქვეყნებული 405 არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა. რეკლამების უმრავლესობა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერ ან/და საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავდა. მათგან 174 პარტიებისა და კანდიდატების მიერ იყო გამოქვეყნებული, ხოლო 231 პოლიტიკური რეკლამა - დასპონსორდა ანონიმურად მოქმედი დისკრედიტაციული, მხარდამჭერი ან ცრუ მედიის გვერდების მიერ, რომელთა წყაროს დადგენა შეუძლებელია.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ თავისუფალი და თანასწორი არჩევნების ჩასატარებლად, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სოციალური მედიის პლატფორმების, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური რეკლამის სხვა დამკვეთებისთვის. „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამების გამჭვირვალობას, საარჩევნო პერიოდში გაწეული ფინანსური ხარჯების სათანადო დეკლარირებას და უკანონო შემოწირულების[1] აღკვეთას.

 

პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა

Facebook-ის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართვლოში 2020 წლის 4 აგვისტოდან გახდა ხელმისაწვდომი. რეკლამების ბიბლიოთეკის მიზანია, სოციალური მედიის პლატფორმის მომხმარებლებმა და სხვა დაინტერესებულმა აქტორებმა პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამის დამკვეთებისა და გამავრცელებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ი პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებს (დასპონსორებულ პოსტებს), გამჭვირვალობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს უწესებს; პლატფორმა მიიჩნევს, რომ მომხმარებლებმა და სხვა დაინტერესებულმა აქტორებმა უნდა იცოდნენ ვინ ცდილობს მათზე და პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე ზედავლენის მოხდენას. პლატფორმის წესების თანახმად[2], ავტორიზაციას საჭიროებს ყველა ის პოლიტიკური რეკლამა, რომელიც:

  • ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკურ აქტორს, პარტიას, კანდიდატს, კამპანიას და მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;
  • ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;
  • ეხება სოციალურ საკითხებს;
  • შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობით განეკუთვნება პოლიტიკურ რეკლამას.

Facebook-ის წესების მიხედვით, გვერდი, რომელიც პოლიტიკური შინაარსის რეკლამას აქვეყნებს, ვალდებულია მიუთითოს, რომ პოსტი პოლიტიკურია. ამავდროულად, გვერდი ვალდებულია პლატფორმას ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარუდგინოს. დამკვეთის მიერ მის შესახებ ასახული ინფორმაცია, რეკლამის მოქმედების პერიოდში რეკლამის პოსტზევეა მითითებული, ვადის ამოწურვის შემდეგ კი 7 წლის განმავლობაში ინახება პოლიტიკური რეკლამების არქივში.

საგულისხმოა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ Facebook-სა და Instagram-ზე განთავსებული რეკლამები, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამად მონიშნული (დეკლარირებული) არ არის, რეკლამის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ბიბლიოთეკის არქივში არ ინახება. შესაბამისად, შეუძლებელია მათი აღრიცხვა, გაურკვეველია მათი დაფინანსების წყარო და დახარჯული თანხის ოდენობა. ეს კი, შეუძლებელს ხდის საარჩევნო სუბიექტის მიერ აუდიტის სამსახურის წინაშე წარდგენილი ხარჯების სისრულის გადამოწმებას.

 

პოლიტიკური რეკლამები საქართველოში

საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მხრივ არსებული პრობლემის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ინტერნეტსივრცეში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამას სათანადოდ არ არეგულირებს. არასრულყოფილია თავად პოლიტიკური რეკლამის განსაზღვრებაც, რომელიც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასულ რეკლამას გულისხმობს და არ მოიცავს ინტერნეტში განთავსებულ რეკლამას.[3]

არასრულყოფილია ხარჯების ანგარიშგების მოთხოვნებიც; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის[4] მიერ დადგენილი საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის ფორმა მხოლოდ ინტერნეტრეკლამის ხარჯის აღრიცხვისთვისაა განკუთვნილი და არ არის მორგებული სოციალური მედიის პლატფორმებში განთავსებული რეკლამების სპეციფიკაზე. თავის მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის ინტერნეტრეკლამა, რაც საარჩევნო სუბიექტებს უბიძგებს, თავად გადაწყვიტონ რა არის ინტერნეტრეკლამა და საკუთარი შეხედულებისამებრ აწარმოონ მისი აღრიცხვა. ეს კი, სერიოზული გამოწვევაა სხვადასხვა ვებგვერდსა და სოციალურ პლატფორმაზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამისთვის დახარჯული სახსრების აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით.

გარდა იმისა, რომ პოლიტიკური აქტორების რეკლამების ნაწილი აუდიტის სამსახურში საერთოდ არ არის დეკლარირებული, პრობლემას წარმოადგენს ის რეკლამებიც, რომლებიც Facebook-ის მოთხოვნების შესაბამისად არის დეკლარირებული, მაგრამ მითითებული მონაცემები იმდენად მწირია, რომ გაუგებარია, ვინ, ან რომელი ორგანიზაცია დგას დაფინანსების უკან. ამ ხერხს ყველაზე ხშირად პოლიტიკური მიზნებით მოქმედი ანონიმური გვერდები მიმართავენ. ეს გვერდები ოფიციალურად არცერთ საჯარო პირთან, ორგანიზაციასთან ან პოლიტიკურ პარტიასთან არ არიან დაკავშირებული, მაგრამ მაინც ავრცელებენ პოლიტიკური და საარჩევნო შინაარსის რეკლამებს - ძირითადად, ოპონენტების, კრიტიკული მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით.

როგორც წესი, რეკლამის გამჭვირვალობის Facebook-ისთვის დასადასტურებლად, ეს გვერდები გაურკვეველი პირების სახელებსა და გვარებს უთითებენ, თუმცა მითითებულ ინფორმაციას არ ახლავს მისი ნამდვილობის დამადასტურებელი სხვა რაიმე მონაცემი. ამ გზით, ანონიმური გვერდები რეკლამების დეკლარირებას ფორმალურად ახერხებენ, მაგრამ, რეალურად, ეს რეკლამები გაუმჭვირვალეა. რეკლამები დეკლარირებული არ არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთანაც, როგორც შემოწირულება.[5] შესაბამისად, უცნობია, ვინ და რა ფინანსების გამოყენებით ცდილობს გავლენის მოხდენას ამომრჩევლის ნებაზე. ეს კი, შესაძლოა, სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს საარჩევნო პროცესებისთვის.

 

რეკომენდაციები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას და მის შემდგომ პერიოდში გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, ორგანიზაციამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების გამჭვირვალობის რეკომენდაციები შეიმუშავა. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს:

  • ოფიციალურ გვერდებზე რეკლამის გამოქვეყნებისას, მონიშნონ ის, როგორც პოლიტიკური რეკლამა;
  • ფეისბუქზე რეკლამის დეკლარირებისას, მიუთითონ პარტიის ან კანდიდატის სახელი;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშის შესაბამის ფორმაში, დანახარჯის შესახებ ინფორმაცია მიუთითონ თითოეული რეკლამის შესახებ მიღებული ინვოისის გათვალისწინებით;
  • თითოეული პოლიტიკური რეკლამის შესახებ ინფორმაციაში მიუთითონ რეკლამის ID, რომელიც ხელმისაწვდომია რეკლამების ბიბლიოთეკაში და უნიკალურია თითოეული გამოქვეყნებული რეკლამისთვის;
  • სრულყოფილად და დროულად წარადგინონ ინფორმაცია ფეისბუქზე განთავსებული რეკლამების შესახებ, მათ შორის, როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში;
  • პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც ინდივიდუალურად, პერსონალური გვერდების გამოყენებით ათავსებენ რეკლამას, გაწეული ხარჯი დაადეკლარირონ, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გაღებული შემოწირულება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს:

  • სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციებთან დაკავშირებით შეიმუშაოს დეკლარაციის ფორმის შევსების დეტალური ინსტრუქცია და შემოწმების მეთოდოლოგია;
  • პოლიტიკური პარტიების მიერ სოციალური მედიის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს საარჩევნო კამპანიის პერიოდის მიღმაც, წლიური დეკლარაციების ფარგლებში;
  • პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების დეკლარაციების წარდგენისას მოითხოვოს სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, კერძოდ:
    • პოლიტიკური რეკლამის ინდივიდუალური ID მისამართი;
    • პოლიტიკური რეკლამის/პოსტის დასპონსორების დაწყებისა და დასრულების თარიღები;
    • პოლიტიკური რეკლამისთვის გაწეული ხარჯი;
    • შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ამონაწერი.

სხვა აქტორები, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმებზე პოლიტიკურ რეკლამებს ათავსებენ:

  • პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო რეკლამების განთავსებისას, არასამეწარმეო, არაკომერციულმა იურიდიულმა პირებმა (ა(ა)იპ) უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არის შემოწირულება, რაც საქართველოს კანონმდებლობით მათთვის აკრძალულია;
  • ნებისმიერი პირი, რომელიც დააფინანსებს ან განათავსებს პოლიტიკურ რეკლამას, ვალდებულია, ის აუდიტის სამსახურის წინაშე შემოწირულებად დაადეკლარიროს. დეკლარირებას უნდა დაექვემდებაროს არასაარჩევნო პერიოდში განთავსებული რეკლამებიც;
  • პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას, მიუთითონ ინფორმაცია იმგვარად, რომ დაინტერესებულ პირს - პლატფორმის მომხმარებელს, ამომრჩეველს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მონიტორინგის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოს, რეკლამის გამომქვეყნებლის დადგენის საშუალებას მისცემს;
  • არ განათავსოს რეკლამა ანონიმურად. პლატფორმების სავალდებულო წესებისთვის თავის არიდების მიზნით, არ გამოიყენოს ანონიმური სახელწოდება, ყალბი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სოციალური მედიის პლატფორმებს:

  • განმთავსებლის საკონტაქტო ინფორმაციის მითითების გარეშე ან არასრულად მითითების შემთხვევაში, არ დაუშვან ამგვარი პოლიტიკური რეკლამების განთავსება;
  • დროულად წაშალონ არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამები, მათ შორის მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე;
  • მომხმარებელთა მიერ რეკლამების გასაჩივრების შემთხვევაში, პლატფორმამ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს კითხვა თუ რას ისახავს მიზნად მისი საჩივარი - არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამის შესახებ პლატფორმის ინფორმირებას თუ მომხმარებლის სურვილს, აღარ ნახოს აღნიშნული რეკლამა. პლატფორმამ ამ არჩევანის შესაძლებლობა მომხმარებელს ინდივიდუალურად უნდა მისცეს;
  • გვერდზე, რომელიც მონიშნულია პოლიტიკური რეკლამების განმათავსებლად, საარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებული ყველა რეკლამა უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ რეკლამად;
  • გამკაცრდეს რეკლამის განთავსების წესები, მათ შორის დაწესდეს დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება გვერდებისთვის, რომლებიც პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესებს არღვევენ;
  • საარჩევნო პერიოდში აიკრძალოს უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნება;
  • გაუმჯობესდეს რეკლამების ბიბლიოთეკის არქივში მონაცემებზე წვდომა იმგვარად, რომ მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად შეძლოს სასურველი ინფორმაციის მოძიება.

კერძოდ, მომხმარებელს უნდა შეეძლოს კონკრეტულ პერიოდში განთავსებული რეკლამების ზუსტი ხარჯისა და რაოდენობის ნახვა სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით. დღესდღეობით, რეკლამების არქივში მონაცემები ხელმისაწვდომია საჩივრებისა და რეკლამების ბიბლიოთეკის API-ს საშუალებით. ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა საძიებო ფილტრების გამოყენება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორივე საშუალება არც ისე მოქნილია, როცა მომხმარებელი კონკრეტული მონაცემების მოპოვებას ცდილობს. მაგალითად, საჩივრების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ პლატფორმის მიერ წინასწარგანსაზღვრულ პერიოდზე და მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა თვითონ შეარჩიოს სასურველი პერიოდი. ამასთანავე, ბიბლიოთეკის API-დან მონაცემების მიღებას რაოდენობრივი შეზღუდვა აქვს და დახარჯული თანხა, რომელიც 100 დოლარზე ნაკლებია, მხოლოდ დიაპაზონით არის მოცემული, რაც არ იძლევა შესაბამისი გვერდის მიერ დახარჯული ზუსტი თანხის ოდენობის დადგენის საშუალებას.

 

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (IFA)სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორის პოზიციას

 

-----

[1] შემოწირულებები პარტიის ქონების შემადგენელი ნაწილია. შემოწირულობად ითვლება პარტიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა; ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა; პარტიის მხარდასაჭერად გაღებული ფულადი სახსრები, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით გაცემული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ან გაწეული მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი), მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი სახსრების მიმღები პირი. საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, თავი III, მუხლი 25.

[2] Facebook-ის რეკლამის შესახებ პოლიტიკა; თავი 9: https://www.facebook.com/policies/ads/restricted_content/political

[3] პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; საქრთველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2, პუნქტი „ჯ“.

[4] სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პოლიტიკური ფინანსების ხარჯვას აკონტროლებს. იგი მონიტორინგს უწევს საარჩევნო სუბიექტების მიერ რეკლამებში (მათ შორის ინტერნეტში) დახარჯულ თანხებს, ასევე მესამე პირების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო რეკლამას, რომელიც შემოწირულებად უნდა იყოს დეკლარირებული.

[5] მაგალითად, პოლიტიკური მიზნებისთვის მოქმედებს მინიმუმ 3 ერთმანეთთან კოორდინირებული ცრუ მედია გვერდი, რომლებიც შერჩევითად ასპონსორებენ ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს და მათი საქმიანობა შეიცავს კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნებს. სამივე გვერდზე „არჩევნები 2021 / Elections 2021“, „საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog“, და „პოზიტიური სიახლეები / Positive News“ რეკლამის დამკვეთად მითითებული იყო „Manana Kaxidze” რომლის შესახებ წარდგენილი მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი) ყალბი იყო. შეუძლებელი იყო პირის იდენტიფიცირება, რადგან რეკლამების ბიბლიოთეკიდან გადამისამართება არ ხდებოდა პირის ანგარიშზე და ამ სახელის დ გვარის მქონე პირს შემოწირულება რომელიმე პარტიის სასარგებლოდ აუდიტის სამსახურში არ უფიქსირდება.