სოციალური მედიის მონიტორინგი

ISFED-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური მედიის საბოლოო ანგარიშები წარმოადგინა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგი განახორციელა. არჩევნებამდე კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ კიდევ უფრო გაზარდა სოციალური მედიის როლი საარჩევნო პროცესებში. ერთი მხრივ, შემცირებული მობილობის პირობებში ადამიანები უფრო მეტად მოიხმარდნენ სოციალურ ქსელებს. სოციალური დისტანცირების პრაქტიკა პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს უბიძგებდა, უფრო მეტად გამოეყენებინათ სოციალური მედია პოლიტიკური კამპანიისთვის. მეორე მხრივ, ვირუსით გამოწვეული სტრესის პირობებში, შესაძლოა, ადამიანები მეტად მოწყვლადი ყოფილიყვნენ სოციალური მედიით გავრცელებული სხვადასხვა სახის კონსპირაციული გზავნილებისა და დეზინფორმაციისადმი.

საქართველოში პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმები, განსაკუთრებით ფეისბუქი, აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და ციფრული კამპანიის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფეისბუქი, როგორც საარჩევნო სუბიექტების მიერ ოფიციალური კამპანიისთვის, ისე მეტწილად ანონიმური აქტორების მიერ გამოიყენება. ეს უკანასკნელი კი სახიფათო ნიშნებს შეიცავს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საყურადღებოა ფეისბუქზე დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანიები.

ანგარიშში აღწერილია არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების აქტივობა სოციალურ მედიაში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების ქცევა ფეისბუქზე; ასევე, პოლიტიკური მიზნით მოქმედი არაოფიციალური და ანონიმური გვერდების დაკვირვების შედეგები, პოლიტიკური რეკლამების ანალიზი და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები ფეისბუქზე, რომლებიც მიზნად ისახავდა, ამა თუ იმ ფორმით, გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის ნებაზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებიდან, 41 პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს, ჯამში, 370 ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ჰქონდა. პარალელურად, აქტიური იყო საქართველოს პარლამენტის წევრობის 250 კანდიდატის ფეისბუქის გვერდი.

ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, რომელიც საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან ამოქმედდა,პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა, 4 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე 10,734 რეკლამა განათავსეს, რისთვისაც 900 ათას აშშ დოლარამდე დახარჯეს.რეკლამებისთვის გაწეული დანახარჯებით  5 საარჩევნო სუბიექტი გამოირჩევა: „ევროპული საქართველო“ ($205.1 ათასი),„ლელო საქართველოსთვის“ ($159.8 ათასი), „ქართული ოცნება“ ($146.5 ათასი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ ($124.3 ათასი) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ ($118.9 ათასი).

საარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი პოსტი ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბლოკმა „ენმ-ძალა ერთობაშია“. პოსტების რაოდენობით მას მოჰყვება „ლელოსა“ და „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული გვერდები. რაც შეეხება მომხმარებელთა ინტერაქციას, ამ მხრივ გამოირჩეოდა, „ქართული ოცნების“ გვერდები, რომლებზეც ინტერაქციის რაოდენობამ 1.5 მლნ-ს მიაღწია. ბლოკის „ენმ - ძალა ერთობაშია“ გვერდებზე მომხმარებელთა ინტერაქციამ კი 1 მლნ-ს მცირედით გადააჭარბა. სხვა პარტიების პოსტების ინტერაქცია აღნიშნულ რიცხვს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

ინტენსიური სახე ჰქონდა სოციალური მედიით კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციის მცდელობას, ანონიმურ და არაანონიმურ ფეისბუქ გვერდებზე განთავსებული დასპონსორებული პოსტების მეშვეობით. ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის გვერდებზე, საანგარიშო პერიოდში განთავსებული, 673 რეკლამა იძებნება, რომელთა ჯამური ღირებულება 13.4 ათასიდან 16.4 ათასამდე აშშ დოლარამდე მერყეობს. მათ შორის, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოქმედ გვერდებზე განთავსებული 577 რეკლამისთვის სულ მცირე 8,109 აშშ დოლარი დაიხარჯა; “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მოქმედ გვერდებზე განთავსებული 59 რეკლამის ღირებულება არანაკლებ 4,275 აშშ დოლარს შეადგენს; ხელისუფლების მადისკრედიტირებელ გვერდებზე გამოქვეყნებული 28 რეკლამის ღირებულება კი  საშუალოდ 790 აშშ დოლარს შეადგენს.

ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით ფეისბუქზე 56 გვერდი იყო აქტიური, ხოლო პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით 38 გვერდი მოქმედებდა. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე სულ 4,532 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო ხელისუფლების წინააღმდეგ - 4,163, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებზე მომხმარებელთა ინტერაქცია (რეაქცია, კომენტარი, გაზიარება) თითქმის სამჯერ აღემატებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებზე ინტერაქციას.

დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე „ენმ-ის“ წინააღმდეგ გავრცელებული მთავარი გზავნილი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ბრალდებებს მოიცავდა. ყოფილი ხელისუფლება წარმოჩენილი იყო საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოზე გამყიდვლად. წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული გვერდები მთავარ ოპოზიციურ პარტიებს (მათ შორის, ძირითადად, “ენმ”-ს) რევოლუციური სცენარის მომზადებაშიც  ადანაშაულებდნენ.

ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების სამიზნეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებებიც წარმოადგენდნენ. ამგვარი გზავნილები, ძირითადად, „მთავარ არხს“, „ტვ ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ მიემართებოდა. მედიასაშუალებები ოპოზიციური ძალების მიერ მართულად წარმოჩინდებოდნენ და მათ ბრალად ყალბი სიახლეების გავრცელება ედებოდათ. იგივე გვერდები საინფორმაციო წყაროდ ხშირად „პოს ტვ-ის“ გადაცემებს იშველიებდნენ, რომელთა შინაარსიც ანტიოპოზიციურ გზავნილებს შეიცავდა. გვერდებზე გაზიარებული პოსტების ნაწილი, აგრეთვე, მიემართებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას, ნაწილი კი ეწეოდა სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. დისკრედიტაციული გვერდები ხშირად მიმართავენ პოსტების დასპონსორების მექანიზმს. Მათი ნაწილის დაფინანსების უკან ა(ა)იპ “დავასრულოთ” იდგა, რომლის აქტივობა აკრძალულ შემოწირულებას წარმოადგენს.

დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანიის გარდა, საანგარიშო პერიოდში აქტიური იყო 11 ცრუ მედიის გვერდიც, რომლებიც თავს ლეგიტიმურ საინფორმაციო წყაროდ წარმოაჩენდნენ, თუმცა შენიღბულად ეწეოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლო კამპანიას ან/და ავრცელებდნენ ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგო გზავნილებს. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქზე 4 ცრუ მხარდამჭერი გვერდი მოქმედებდა. გვერდები თავს „ენმ-ის“, პარტიის წევრებისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად წარმოაჩენდნენ, თუმცა რეალურად მათი დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებდნენ.

პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე დისკრედიტაციის ძირითად სამიზნეს მმართველი პარტიის ლიდერები - ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდნენ. „ქართული ოცნების“ მთავარი მადისკრედიტირებელი გზავნილი კრემლთან კავშირის წარმოჩენას გულისხმობდა. აგრეთვე, პარტიას მიეწერებოდა ქვეყანაში კრიმინალის ზრდა. მმართველი პარტიის დისკრედიტაციის პარალელურად, ამ გვერდების უმრავლესობა გამოკვეთილად „ენმ-ს“, მის საარჩევნო ბლოკსა და მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს. გვერდების ნაწილზე მიმდინარეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული დასპონსორებული კამპანია. რამდენიმე გვერდს შორის გამოიკვეთა შესაძლო კავშირი, რაც გამოიხატებოდა იდენტური პოსტების ერთსა და იმავე დროს გამოქვეყნებაში.

არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის შემცირების მიზნით, 1 ნოემბერს ფეისბუქზე გააქტიურდა გვერდი „გაყალბებული ოქმები“, რომელიც მიზნად ისახავდა პრობლემური შემაჯამებელი ოქმების ამსახველი ფოტოების გაზიარებას. გვერდი მმართველ პარტიას და ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა. გამოქვეყნებული პოსტები, ხშირ შემთხვევაში, დასპონსორებული იყო. პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, გვერდის რეკლამების დამკვეთი ივერი ბალახაშვილია, რომელიც „ენმ-ის“ წარმომადგენელია. აღნიშნული კამპანიის საპასუხოდ, 5 ნოემბერს, შეიქმნა გვერდი, „ვითომ გაყალბებული ოქმები“, რომელიც მიზნად ისახავდა გამოქვეყნებულ პრობლემურ ოქმებში არსებული შეცდომების ახსნას. აღსანიშნავია, რომ გვერდზე განთავსებული რეკლამები ორგანიზაციის „დავასრულოთ“ მიერ იყო დაფინანსებული.

საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად, ჯამში, 48 არაოფიციალური გვერდი მოქმედებდა. Მათგან 20 “ქართული ოცნების”, 15 - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, 9 გვერდი კი სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედ გვერდებზე 4,172 პოსტი გამოქვეყნდა, ენმ-ის სასარგებლოდ მოქმედ გვერდებზე - 1,315 პოსტი, ხოლო სხვა პარტიების მხარდამჭერმა გვერდებმა, ჯამში, 1,178 პოსტი გამოაქვეყნეს.

საარჩევნო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ღირებულებით საკითხებზე გააქტიურებული ნარატივების დაკვირვება იყო, რომელიც არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური პროცესების გამოძახილს, არამედ გეგმაზომიერ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ საინფორმაციო კამპანიას წარმოადგენს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი გვერდები საარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთნენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი 73 ფეისბუქ გვერდი შეისწავლა. მათგან 35 გვერდი, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, აღარ მოქმედებს. გვერდების ნაწილი ფეისბუქმა 2020 წლის ნოემბერში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა, რომელშიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული „ალტ-ინფოს“ ქსელიც შედიოდა. პროპაგანდისტული გვერდები მკვეთრად ნაციონალისტურ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გზავნილებს ავრცელებდნენ. ასევე, ზოგიერთ გვერდზე ვრცელდებოდა ღიად პრორუსული გზავნილებიც. გვერდების ნაწილი აქტიურად იყო ჩართული კოვიდ-19-ის შესახებ კონსპირაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებაშიც.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ პროპაგანდისტული შინაარსის გვერდებზე საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნებული 5,886 პოსტი გააანალიზა. პოსტების ყველაზე დიდი წილი ნაციონალისტური შინაარსის გზავნილებს უკავია, რომელსაც ანტილიბერალური, ანტიდასავლური,  ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ისლამოფობიურ გზავნილები მოჰყვება .

პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი  გვერდების ნაწილი ღიად  პრორუსულ გზავნილებს აქვეყნებდა. ათ შორის, ორი გვერდი უშუალოდ რუსეთიდანაც იმართებოდა. ერთ-ერთი “Beka news” საარჩევნო კამპანიაში ქართული მარშის სასარგებლოდ აქტიურად იყო ჩართული.

პრორუსული, ანტიდასავლური და ნატოს საწინააღმდეგო  გზავნილების გამავრცელებელი ორი გვერდი, „ანტილიბერალური დოქტრინა“ და „რესპუბლიკა“ კი, აქტიურად ავრცელებდა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერ გზავნილებს.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში ხელმისაწვდომია ორ ნაწილად, ბმულებზე: 

საარჩევნო კამპანია სოციალურ მედიაში

პროპაგანდისტული ნარატივები Facebook-ზე

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის ფარგლებში. სოციალური მედიის მონიტორინგის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მეშვეობით.