ISFED-მა სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა
30 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის მე-2 შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს. საანგარიშო პერიოდში აქტიური იყო არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 318 ოფიციალური ორგანიზაციული ფეისბუქგვერდი. ყველაზე მეტი გვერდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობდა. მას აქტიური გვერდების რაოდენობით პარტია „საქართველოსთვის“ მოჰყვება. ინტერაქციით კი, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდები გამოირჩევა.
მუნიციპალიტეტების მერობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების 228 გვერდი იყო აქტიური. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, აქტივობით გამორჩეოდა ანა დოლიძის გვერდი, რომელსაც კახა კალაძის, ნიკა მელიასა და ანა ბიბილაშვილის გვერდები მოჰყვებოდნენ. ინტერაქციის მხრივ კი კახა კალაძის გვერდი ლიდერობდა.
საანგარიშო პერიოდში თვითმმართველი თემების მერობის 124 კანდიდატის გვერდი იყო აქტიური. გვერდების 80% „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეკუთვნით.
ოფიციალური კამპანიის მიღმა, ფეისბუქზე კვლავ აქტიურად იწარმოებოდა, მეტწილად, ანონიმური კამპანია. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა აღემატება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს. თუმცა, ინტერაქციის მხრივ, ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტები კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს.
საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლების წინააღმდეგ 19 გვერდი იყო აქტიური, რომლებზეც სულ მცირე ერთი პოსტი მაინც გამოქვეყნდა. ჯამში, გვერდებზე 701 პოსტი განთავსდა. მათგან, “სამართლიანმა არჩევნებმა” 5 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, რომელიც დეკლარირების გარეშე იყო განთავსებული. 31 აგვისტოს გააქტიურდა კახა კალაძის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული გვერდი „მოდი არჩევნებზე“. გვერდზე განთავსებული რეკლამებიდან ირკვევა, რომ ის დაკავშირებულია მედია გამოცემა allmedia.ge-სთან. ორივე ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული რეკლამები გიორგი ქართველიშვილის სახელით დეკლარირდება, რომელიც მედია გამოცემის დამფუძნებელია.
ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 26 გვერდი მოქმედებდა. ჯამში აღნიშნულ გვერდებზე 393 პოსტი გამოქვეყნდა, მათგან, ორგანიზაციის დაკვირვებით, 33 პოსტი იყო დასპონსორებული. ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების დისკრედიტაციის მთავარი ობიექტი, წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“ და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე და მამუკა ხაზარაძე.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ანონიმურ გვერდებზე მიმდინარე კამპანია გამოირჩევა მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი გზავნილებით. ორგანიზებული სახე აქვს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. საანგარიშო პერიოდში შესწავლილ გვერდებზე მედიასთან დაკავშირებული სულ 107 ნეგატიური გზავნილის შემცველი პოსტი განთავსდა. მათგან 96 დისკრედიტაციული პოსტი ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნდა და ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებს („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“) მიემართებოდა. 11 მედიის საწინააღმდეგო შინაარსის პოსტი გამოქვყენდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე. მათგან უმეტესობა (9 პოსტი) ტელეკომპანია „იმედს“ შეეხებოდა.
ფეისბუქზე ანონიმური გვერდების დისკრედიტაციის სამიზნეს, აგრეთვე, წარმოადგენენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და განსაკუთრებით, “სამართლიანი არჩევნები.” აღსანიშნავია გვერდი “სიმართლის დროა”, რომელიც ISFED-ის სიახლეებს დისკრედიტაციული გზავნილებით ეხმიანება, მათ შორის გამოირჩევა სექსისტური გამოხმაურებებით ორგანიზაციის ქალი წარმომადგენლების მიმართ. გვერდები ემსახურება მცდელობას, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასება მიკერძოებულად წარმოაჩინოს. აღნიშნული გვერდების ნაწილზე, რომლებიც გაზიარებულ პოსტებში თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეიმჩნევა მანიპულაციური აქტივობა, ყალბი ანგარიშების ჩართულობა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ფეისბუქმომხმარებლების დაბნევის მცდელობა.
საანგარიშო პერიოდში, „სამართლიანი არჩევნები“ ფეისბუქზე 8 ცრუ მედიის ტიპის გვერდს დააკვირდა, რომლებზეც სულ 125 პოსტი გამოქვეყნდა. 7 გვერდი ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა, „რუსთავი•news“ კი, კვლავ, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის, საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ცრუ მედიის გვერდებზე, ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებთან ერთად, თავსდებოდა გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელი გზავნილები. გვერდი “Guria Times • გურია თაიმსი”კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის, მხარდაჭერის პარალელურად, მოქმედი მერის და დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის და პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატ გია ცეცხლაძის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა.
პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ გვერდებს შორის, 22 გვერდი მოქმედებდა “ქართული ოცნების” და ხელისუფლების სასარგებლოდ, რომლებზეც ჯამში 822 პოსტი განთავსდა. მხარდამჭერ გვერდებს შორის, კვლავ აქტიურობდა გვერდი „თიანეთის მაცნე“, რომელიც „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის, მხარდამჭერ კამპანიაშია ჩართული. გააქტიურდა გვერდი „ქართული სული/sakartve1o”, რომელიც ნაციონალისტური შინაარსით შენიღბული ეწევა ირაკლი ღარიბაშვილის სასარგებლო კამპანიას.
ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, შესწავლილ პერიოდში, 19 მხარდამჭერი გვერდი მოქმედებდა. გვერდებზე, ჯამში, 837 პოსტი გამოქვეყნდა. შესწავლილიდან, 12 გვერდი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია. მათ შორის, შეიქმნა გვერდი „ილო თიანეთისთვის“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ილია არჩემაშვილის, სასარგებლოდ მოქმედებდა. 3 გვერდი მხარდაჭერას უცხადებდა პარტიას “საქართველოსთვის”. გვერდების ნაწილი “მესამე ძალას”, “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებს” და „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედებდა.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, შეინიშნება საეჭვო ქმედება „სტრატეგია აღმაშნებელი-მესამე ძალის“ სასარგებლოდ. აღმოჩენილია, სულ მცირე, 5 არაავთენტური ანგარიში, რომელიც გიორგი ვაშაძის და „სტრატეგია აღმაშენებელი-მესამე ძალის“ სასარგებლო აქტივობას ეწევა. აღნიშნული ანგარიშები ავრცელებნ საარჩევნო სუბიექტთან დაკავშირებულ სიახლეებს მრავალათასიან ფეისბუქჯგუფებში და ამასთანავე, აქტიურობენ პარტიის შესახებ გამოქვეყნებული პოსტების კომენტარების ველში, მათ შორის, მათი აქტივობა შეინიშნება სხვადასხვა ონლაინ მედიასააგენტოს სიახლეების ქვეშ, რომელიც პარტიასთან დაკავშირებულ ამბებს აშუქებს.
პოლიტიკური აქტივობა შეინიშნებოდა სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზეც. „სამართლიანი არჩევნების“ საკვირვებით, ტიკტოკზე 13 პოლიტიკური სუბიექტი მოქმედებდა. საარჩევნო სუბიექტები ტიკტოკის პლატფორმას ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის, რიგ შემთხვევებში კი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. სუბიექტების მიერ ტიკტოკზე წარმოებული საარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, პოზიტიური ხასიათის იყო. ტელეგრამზე „სამართლიანი არჩევნები“ 9 აქტიურ არხს დააკვირდა. ოფიციალური კამპანიის ფარგლებში აქტიურობენ „თავისუფალი საქართველოს“, „გირჩის“ და ნიკა მელიას არხები. არხი „გირჩის სამეფო“ პარტიის კანდიდატებთან ზუმში შეხვედრის ბმულებს აზიარებდა. „თავისუფალი საქართველო“ პარტიის ”იუთუბის” არხიდან ვიდეოს გაზიარებით შემოიფარგლა.
ინსტაგრამზე „სამართლიანი არჩევნები“ საანგარიშო პერიოდში აქტიურ 14 ანგარიშს დააკვირდა, საიდანაც 6 - პარტიის, 4 - თბილისის მერობის კანდიდატის და 4 - პარტიების ლიდერების ანგარიში იყო. Შესწავლილი ანგარიშები პოზიტიური გზავნილების გავრცელებით ხასიათდება.
ტიკტოკის პლატფორმაზე ანონიმური კამპანიაც მიმდინარეობდა. ორგანიზაციის დაკვირვებით, 25 ანონიმური არხი იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. მათგან 9 ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებდა. „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად 4 არხი მოქმედებდა, მათგან ერთის (@Davidtordia) ადმინისტრატორის ვინაობა ცნობილია, იგი, აგრეთვე, ფეისბუქზე მართავს სამთავრობო პროპაგანდისტულ გვერდს „ლიდერი 41“. გამოიკვეთა ტიკტოკის 4 ანგარიში, რომელიც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას ეწეოდა და 4 ოპოზიციიის მადისკრედიტირებელი არხი.