News-Front-ის არაავთენტური ანგარიშების წარსული: ჩართულობა საპენსიო სააგენტოსა და ცესკოს მხარდამჭერ კამპანიებში
1 მაისს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გამოაქვყნა ანგარიში კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ მიერ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციების შესახებ. „ნიუს-ფრონტის“ გლობალური ქსელი „ფეისბუქმა“ 30 აპრილს გააუქმა. საქართველოში „ნიუს-ფრონტის“ ოფიციალურ გვერდთან ერთად წაშლილია მისი ფეისბუქ ადმინისტრატორისა და 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ „ნიუს-ფრონტის“ გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული ანგარიშები ახლო წარსულში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საპენსიო სააგენტოსა და კომპანია „ბადაგონის“ სასარგებლოდ.
„ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებულ არაავთენტურ, კოორდინირებულ ქსელს წარსულში „ფეისბუქზე“ მანიპულაციური საინფორმაციო ოპერაციების ისტორია აქვს. ქსელის კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა ვლინდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფ ცრუ მედიის გვერდზე. ამ გვერდების მეშვეობით, ერთი მხრივ, საინფორმაციო შეტევა მიმდინარეობდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადებით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობდნენ. ეს საინფორმაციო ოპერაცია ძირითადად პრო-სახელისუფლებო ექსპერტების - გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებების გამოყენებით ხორციელდებოდა.
2019 წლის აპრილიდან „ნიუს-ფრონტის“ გამავრცელებელი ქსელის არაავთენტური და მასშტაბური აქტივობები ვლინდებოდა საპენსიო სააგენტოს „ფეისბუქ“ გვერდზე. საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ეს ანგარიშები თითქმის ყველა პოსტის კომენტარებში ხელოვნურ ინტერაქციაში შედიოდნენ „ფეისბუქ“ მომხმარებლებთან, რომლებიც გულწრფელ კითხვებს სვამდნენ, ან აკრიტიკებდნენ საპენსიო რეფორმას. ფონდის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობის გარდა, ისინი ინტენსიურად ავრცელებდნენ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მხარდამჭერ მოწოდებებს და ამ განზრახვით აქტიურობდნენ მრავალრიცხოვან „ფეისბუქ“ ჯგუფებშიც.
„სამართლიანი არჩევნების“ გამოძიება აჩვენებს, რომ „ნიუს-ფრონტის“ კოორდინირებული ქსელის მიერ 2018 წლის არჩევნებზე გამოკვეთილი აქტივობა, ისევე როგორც მათი მხრიდან საპენსიო სააგენტოს მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი არაავთენტური სოციალური ინტერაქცია ღიად უკავშირდება საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია დასახელებულ ცრუ მედიის გვერდებთან. მაგდა კოტრიკაძის „ფეისბუქზე“ აქტივობებიდან ირკვევა, რომ ის მეგობრულ ურთიერთობაშია ამ გვერდებზე რეკლამირებულ პრო-სახელისუფლებო ექსპერტებთან, გია აბაშიძესთან და ზაალ ანჯაფარიძესთან.
მაგდა კოტრიკაძის სახელი ასევე უკავშირდება ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლიდან დღემდე 6-ჯერ დაფინანსებულ ორგანიზაციას - „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს“, რომლის აქტივობები ცრუ მედიის გვერდებზე ინტენსიურად ქვეყნდება.
აღნიშნულ კოორდინირებულ 12 ცრუ მედიის გვერდზე იკვეთება „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის კვალიც, რომელთანაც არაავთენტური ანგარიშების მკაფიო კავშირი მტკიცდება. საგულისხმოა, რომ „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების ეს ქსელი 2013-18 წლებში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული კიდევ ერთი პრო-რუსული გამოცემა „geworld.ge“-ს გავრცელების ოპერაციაში და ავრცელებდნენ კონსტანტინე ჩიკვილაძის პოსტებსაც.
News-front Georgia წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე. სააგენტო „News-Front” დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, „როსკომნადზორის“ 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით.
„ნიუს-ფრონტის“ გამავრცელებელი 12 არაავთენტური ანგარიში და მათი ქცევა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა 12 არაავთენტური ანგარიში, რომელთა მეშვეობით „ნიუს-ფრონტ“ საქართველოს მასალები სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფში ორგანიზებულად და შერჩევითად ქვეყნდებოდა. არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესის და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რაც მათ ყალბ ინტერაქციას ბუნებრივ ელფერს აძლევდა და რომელიც თითქოს საზოგადოების ფართო სეგმენტს მოიცავდა. ამასთან, მათი დემოგრაფიული დივერსიფიცირების მაღალი ხარისხი განაპირობებდა მათი კოორდინირების უხილავობას და მათი ორგანიზებული აქტივობა „ფეისბუქის“ მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.
-----
-----
არაავთენტური ანგარიშები სხვის იდენტობას იპარავდნენ, არ გააჩნდათ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დამახასიათებელი ქცევა და მათი აქტივობა მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული „ნიუს-ფრონტის“ ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის „ფეისბუქ“ აქტივობასთან. „ნიუს-ფრონტ“ საქართველოს „ფეისბუქ“ გვერდის შექმნის დროიდან მოყოლებული (2019 წლის ოქტომბერი) ეს ანგარიშები „ნიუს-ფრონტის“ სასარგებლოდ ხელს უწყობდნენ პრო-რუსული, ანტიამერიკული განწყობების დაფიქსირებას, რაც ქმნიდა ყალბ წარმოდგენას, რომ ამ განწყობებსუფრო მეტი „ფეისბუქ“ მომხმარებელი იზიარებდა.
ყველა ეს არაავთენტური ანგარიში „ფეისბუქზე“ იდენტურ ქცევას ავლენდა, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში, კომენტარების ხასიათში, ენობრივ მსგავსებაში და მოწონებულ გვერდებში, რომელიც ასევე იდენტური იყო. ეს კი სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ერთი წყაროსგან იმართებოდნენ.
ამ ანგარიშების კოორდინაციაზე დამატებით მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ყველა მათგანს მოწონებული ჰქონდა ერთი და იგივე „ფეისბუქ“ გვერდები, მათ შორის: „ნიუს-ფრონტის“, ერთმანეთთან დაკავშირებული ცრუ მედიის გვერდები, საპენსიო სააგენტოს და სხვა გვერდები.
„ნიუს-ფრონტის“ გამავრცელებელი არაავთენტური პროფილების მიერ მოწონებული ფეისბუქ გვერდები, რომლებიც თითქმის იდენტურია, რაცმათი მაღალი ხარისხის კოორდინირებულობაზე მიუთითებს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა, რომ „ნიუს-ფრონტის“ ღიად პრო-რუსული საინფორმაციო ოპერაციის არაავთენტური ანგარიშების ეს ინფრასტრუქტურა 2019 წლის ოქტომბრამდე სხვადასხვა საეჭვო ვითარებაში „ფეისბუქზე“ წარმოებული საინფორმაციო კამპანიებისთვისაც, ე.წ. ასტროტურფინგის[1] მეთოდით, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტების სასარგებლოდ გამოიყენებოდა. განსაკუთრებით საგანგაშოა მათი ორგანიზებული ჩარევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „ფეისბუქზე“ წარმოებულ კამპანიაში, რაც ერთი მხრივ ცესკოს პოზიტიურად წარმოჩენაში, ხოლო მეორე მხრივ „სამართლიან არჩევნებზე“ თავდასხმებში გამოიხატებოდა. ამასთანავე, 2019 წლის მაის-აგვისტოს პერიოდში ეს არაავთენტური ანგარიშები ასევე განსაკუთრებული ორგანიზებით გამოიყენებოდა საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაში „ფეისბუქზე“.
ამ კამპანიებში არაავთენტური ანგარიშების „ფეისბუქ“ ქცევა მიუთითებს, რომ მათი მიზანი რეალური ადამიანების დისკუსიის ჩახშობა და მრავალი ანგარიშის მიერ ერთგვაროვანი, სასურველი აზრის მასიურად დაფიქსირება იყო, რამაც შესაძლოა დისკუსიაში ჩართულ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სოციალური მიუღებლობის განცდა შეუქმნას, რაც შემდგომში აზრის გამოხატვისგან თავის შეკავებაში შეიძლება გამოვლინდეს (Bandwagon effect).
12 კოორდინირებული ცრუ მედია გვერდი და მათი ქცევა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა “ნიუს-ფრონტის“ არაავთენტურ ანგარიშებთან კავშირში მყოფი 12 კოორდინირებული ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდი, რომლებიც დროის ერთსა და იმავე ინტერვალში აქვეყნებენ ერთი და იმავე შინაარსის ფოტო და ვიდეო პოსტებს. აღნიშნულ კოორდინირებულ ცრუ-მედიის გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების დიდი ნაწილი საარჩევნო საკითხებს უკავშირდება. მათზე პოზიტიურ კონტექსტში ქვეყნდებოდა ინფორმაცია ცესკოს აქტივობებთან დაკავშირებით, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის განცხადებები; სამთავრობო ექსპერტების, ზაალ ანჯაფარიძის და გია აბაშიძის მოსაზრებები, რომლებიც ცესკოს საქმიანობას დადებითად აფასებდნენ და იმავდროულად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორს, კონკრეტულად კი „სამართლიან არჩევნებს“. აღნიშნულ გვერდებზე ასევე ინტენსიურად პოზიტიურ ჭრილში ქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ აქტივობები, რომლის ერთ-ერთი დონორი ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრია.
თორმეტივე გვერდი შექმნილია 2018 წლის თებერვალში, უმეტესობა ერთ დღეს - 22 თებერვალს. ყველა ეს გვერდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას შემხებლობაში იყო 12 ანგარიშთან, რომლებიც „ნიუს-ფრონტის“ მასალების არაავთენტურ გავრცელებაში არიან შემჩნეული.
ამ გვერდებზე ერთი და იმავე შინაარსის და ვიზუალის პოსტები უმეტეს შემთხვევაში ერთდროულად, დროის ერთსა და იმავე ინტერვალში ქვეყნდება.
12 ცრუ მედია გვერდის პოსტების გამოქვეყნების დროში თანხვედრა (წყარო: CrowdTangle)
-----
2018 წლის 23 თებერვალს, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით 7 არაავთენტურ ანგარიშს ერთ-ერთ კოორდინირებულ გვერდზე, სახელწოდებით „Public opinion საზოგადოებრივი აზრი“ შეფასება (recommendation) ერთდროულად აქვთ დატოვებული. მათ შორის „ნიუს-ფრონტის ადმინისტრატორი, კონსტანტინე ჩიკვილაძეც ფიქსირდება.
-----
-----
ცრუ მედიის „ფეისბუქ“ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს შორის, საარჩევნო საკითხებთან ერთად, ასევე ორგანიზებულად არის განთავსებული საპენსიო სააგენტოს იმჟამინდელი დირექტორის და მისი PR დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელის, მაგდა კოტრიკაძის მოსაზრებები და ფოტოები.
-----
-----
საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი ცრუ მედიის გვერდი, რომელსაც ამჟამად ჰქვია „HIPPO” თავდაპირველად 2018 წლის 22 თებერვალს შეიქმნა სახელწოდებით „Magda kotrikadze”, ხოლო სახელი 6 დღეში, 28 თებერვალს გადაერქვა. თავად საპენსიო სააგენტოს პრ-ის დეპარტამენტის ხელძღვანელს, მაგდა კოტრიკაძეს 2018 წელს ფეისბუქის პირად გვერდზე ამ გვერდების პოსტები აქვს გაზიარებული. მაგდა კოტრიკაძე წარსულში დასაქმებული იყო „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრში“.
-----
-----
„ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების გამოყენება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული „ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცრუ მედიების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე შერჩევითად, ორგანიზებულად და კოორდინირებულად ახდენდნენ კომენტარების სიმულირებას. ორგანიზებული კომენტარების მთავარი გზავნილი ცესკოს პროგრესის დემონსტრირება და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იყო. ამ ანგარიშების მიერ ცესკოს ფოტოებსა და პრო-სამთავრობო ექსპერტების მოსაზრებების პოსტებზე კოორდინირებულ კომენტარებში გამოხატულია ერთიანი მესიჯ-ბოქსი - აგრესია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტულად „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ. ამ არაავთენტური ანგარიშების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციები მოხსენიებული არიან დამაკნინებელი ეპითეტებით და ამასთან, ისინი ცდილობდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიტმასნებას. ეს აქტივობა ემთხვევა 2018 წლის საარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მომდინარე მასშტაბურ ნეგატიურ კამპანიას.
-----
-----
საგულისხმოა, რომ კოორდინირებულ ცრუ-მედიის გვერდებზე გამოქვეყნებულ გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებების ონლაინ მედიაში გავრცელებისთვის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ცესკომ ფინანსური სახსრები გაიღო.
მედია ჩეკერის 2018 წლის 25 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორეტურის წინ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ონლაინ გამოცემაში ინფორმაციის განთავსების მომსახურება შეიძინა, რისთვისაც ჯამში 21,609 ლარი გადაიხადა. ამ გამოცემებში ცესკოს დაფინანსებით მეტწილად საარჩევნო სამზადისისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქვეყნდებოდა მასალები. თუმცა, იყო რამდენიმე სხვა ტიპის სტატიაც, მაგალითად, ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ცესკოს გადაწყვეტილებების გამართლებას ისახავდა მიზნად და მათ დადებით კონტექსტში წარმოაჩენდა.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღნიშნული მასალების შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცესკომ ონლაინ მედია-საშუალებებს სწორედ იმ სტატიების გამოქვეყნება დაუკვეთა, რომლებიც პარალელურად „ფეისბუქზე“ ცრუ-მედიის გვერდებზე კოორდინირებულად განთავსდა და რომელზეც „ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშები არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისა და ცესკოს დადებითად წარმოჩენის გზავნილების გავრცელებისთვის აკომენტარებენდნენ.
-----
მაგალითად, ცესკოს დაფინანსებით ერთ-ერთ ონლიან მედიაში განთავსებული გია აბაშიძის მოსაზრება, რომლის ზუსტი ანალოგი განთავსებულია ცრუ მედიის გვერდებზეც, სადაც „ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშები ორგანიზებულად ავრცელებენ კომენტარებს
-----
ცრუ მედიების „ფეისბუქ“ გვერდებზე კომენტარების გარდა, „ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მიერ მედიაში შეკვეთილ სტატიებს, შესაბამისი მედია საშუალების ლინკის სახით სხვადასხვა ჯგუფებშიც ავრცელებდნენ, რასაც თან ერთვოდა ცესკოს მიმართ პოზიტიური და ანტი-ოპოზიციური გზავნილები.
-----
-----
ნიშანდობლივია, რომ საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაგდა კოტრიკაძე რომლის სახელსაც აღნიშნული გვერდები, როგორც ჩანს, მკაფიოდ უკავშირდებიან, 2017 წელს ცესკოსთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის გაცემულ საგრანტო განაცხადში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საკონტაქტო პირად არის მითითებული. ამასთან, ამ ორგანიზაციის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში ორგანიზაცია კომენტარების სახით თავად აზიარებს ცრუ მედიების „ფეისბუქ“ გვერდებზე გამოქვექნებულ პოსტებს.
უფრო მეტიც, „ნიუს-ფრონტის“ ერთ-ერთი არაავთენტური ანგარიში 2017 წელს ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს სხვადასხვა ჯგუფებში ცესკოს საქმიანობის პოზიტიურად შეფასების გზავნილებთან ერთად ავრცელებდა.
-----
-----
„ნიუს-ფრონტთან“ დაკავშირებული ანგარიშების არაავთენტური ქცევა საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერად
„ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშების ორგანიზებული არაავთენტური ქცევა 2019 წელს, მაის-აგვისტოს პერიოდში საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გაგრძელდა.
„ნიუს-ფრონტის“ არაავთენტური ანგარიშები, 2019 წლის ზაფხულში აქტიურად იყვნენ ჩართული საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერ კამპანიაში „ფეისბუქზე“. საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე აღნიშნული ანგარიშები თითქმის ყველა პოსტის კომენტარებში ხელოვნურ ინტერაქციაში შედიოდნენ „ფეისბუქის“ მომხმარებლებთან, რომლებიც გულწრფელ კითხვებს სვამდნენ ან სკეპტიკურად აფასებდნენ დაგროვებით საპენსიო რეფორმას. სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე აქტიურობის გარდა, ისინი ინტენსიურად ავრცელებდნენ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მხარდამჭერ მოწოდებებს და ამ განზრახვით აქტიურობდნენ სხვადასხვა „ფეისბუქ“ გვერდებსა და ჯგუფებში.
-----
-----
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ანგარიშები, თავს წარმოაჩენენ სხვადასხვა დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირებად (განსხვავებული ასაკი, სქესი, გეოგრაფიული მდებარეობა), ისინი ერთდროულად და ორგანიზებულად ახდენდნენ დისკუსიის სიმულირებას საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე.
ამ სქემით, ქსელის ერთი არაავთენტური ანგარიში სვამს კითხვას საპენსიო რეფორმის შესახებ, ხოლო დანარჩენები მრავალრიცხოვანი კომენტარებით ცდილობენ „დაარწმუნონ“ საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაში. საგულისხმოა, რომ ისინი ხშირად კრიტიკულ ან უნდობლობის გამომხატველ კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ ან ზოგადად ოპოზიციის „ტროლ/ბოტებად“ რაცხავდნენ.
-----
-----
საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით არაავთენტური ქსელის ანგარიშების მიერ სიმულირებული დისკუსია საპენსიო სააგენტოს ოფიციალური გვერდის გარდა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე თემატურ ჯგუფებშიც მიმდინარეობდა. მათ ყალბ ინტერაქციას ადასტურებს ის, რომ თუ ერთი არაავთენტური ანგარიში რამდენიმე დღით ადრე საპენსიო სააგენტოს საიტზე სხვა მომხმარებლებს უხსნიდა საპენსიო რეფორმის სიკეთეებს, მომდევნო დღეებში იგივე ანგარიში სხვა ჯგუფებში საპენსიო რეფორმის შესახებ კითხვებს სვამდა და ინფორმაციის მიღებას ითხოვდა, რაზეც ამ არაავთენტური ქსელის სხვა ანგარიშები პასუხობდნენ და უხსნიდნენ რეფორმის დეტალებს.
-----
Vika Telia 8 ივნისს საჯარო ჯგუფში გაზიარებულ ლინკზე სვამს კითხვას: "ხომ არ იცით საკუთარი ანგარიშის გაკონტროლება რანაირად ხდება?" მაშინ, როდესაც, მას სხვა პოსტზე 3 დღთ ადრე სხვა მომხმარებლისთვის აქვს დეტალურად ახსნილი როგორ კონტროლდება პირადი ანგარიში.
-----
„ნიუს-ფრონტის“ გამავრცელებელი ანგარიშების კიდევ ერთი, არაავთენტური კოორდინირებული ქცევა კომპანია „ბადაგონის“ მფლობელობასთან დაკავშირებულ დავასთან ფიქსირდება. 2018 წლის თებერვალ-მარტში ისინი საჯარო პოსტებით და სიმულირებული კომენტარებით მხარდაჭერას უცხადებდნენ კომპანია „ბადაგონს“. კომპანია „ბადაგონის“ მხარდამჭერი პოსტები ზემოთ აღნიშნულ ცრუ მედიის გვერდებზეც არის განთავსებული.
-----
-----
ნიუს-ფრონტი, საქართველოში მოქმედი კრემლისტური საინფორმაციო აგენტია, რომელიც აქტიურად იყენებდა „ფეისბუქს“ პრო-რუსული და ანტი-დასავლური საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ გამოძიებამ აჩვენა, „ნიუს-ფრონტი“და მის სასარგებლოდ მოქმედი არაავთენტური ანგარიშები განზრახ შერჩევითად აზიარებდნენ სააგენტოს პოსტებს თემატურ ჯგუფებში და სიმულირებდნენ კომენტარებს, რაც ქართული პოლიტიკური გარემოს მიზანმიმართულად პოლარიზაციის გარდა ასევე, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ იგივე არაავთენტური ანგარიშები გამოიყენებოდა ცესკოსა და საპენსიო სააგენტოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში იკვეთება კავშირი საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის მოქმედ ხელმძღვანელ მაგდა კოტრიკაძესთან, მასთან დაკავშირებულ ცრუ მედიის გვერდებსა და ორგანიზაცია ICDI-სთან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის საგრანტო მხარდაჭერით ხშირად სარგებლობს. მაგდა კოტრიკაძესთან დაკავშირებული ცრუ მედიის გვერდები ავრცელებდნენ ცესკოს მიერ სხვადასხვა მედია-საშუალებებში დაკვეთილტექსტებს, ხოლო არაავთენტური ანგარიშები აქტიურად ესხმოდნენ თავს ISFED-ს და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. საპენსიო სააგენტოს და ცესკოს რეპუტაციული რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განიმარტოს რა მექანიზმებით ხდებოდა არაავთენტური ანგარიშების მობილიზება და რატომ იყვნენ კრემლისტურ გამოცემებთან კავშირში მყოფი ანგარიშები ჩართული სახელმწიფო უწყებების სასარგებლოდ წარმოებულ ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში „ფეისბუქზე“.
ანგარიში მომზადებულია „ფეისბუქზე“ არსებულ ღია წყაროებზე დაკვირვებით. პერსონალური ანგარიშების (პროფილების) საქმიანობის შეფასება გამომდინარეობს მხოლოდ მათი საჯარო აქტივობიდან. მონიტორინგის ხელსაწყოდ გამოყენებულია Facebook-ის კუთვნილი სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle, ხოლო News-Front Georgia-სთან კავშირში მყოფი საჯარო „ფეისბუქ“ გვერდების მონაცემები შეგროვდა Factalyzer-ით, სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტით, რომელიც შექმნილია NDI-ს მიერ „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობით.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას.
----------
[1] Astroturfing - ორგანიზაციის ან კონკრეტული კამპანიის (პოლიტიკური, სარეკლამო, რელიგიური) დამკვეთთთა და სპონსორთა შენიღბვის პრაქტიკა რათა წარმოჩინდეს, თითქოს კამპანიის გზავნილები რეალური ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს.