სოციალური მედიის მონიტორინგი

ნიუს-ფრონტის "სივრცეები" ფეისბუქზე

სააგენტო "ნიუს-ფრონტთან” დაკავშირებული პირები კრემლის საინფორმაციო პოლიტიკის წარმართვას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ფეისბუქის მიერ პლატფორმაზე აკრძალულია, "ნიუს-ფრონტი" საინფორმაციო მასალების სოციალურ მედიაში შეუფერხებლად გავრცელებას ვებ-გვერდის სახელწოდების შენიღბვით და სხვა ონლაინ მედია პლატფორმების შექმნით ცდილობს. "ნიუს-ფრონტის" უკან მდგომი პირები ამ ხერხით საინფორმაციო მასალების დივერსიფიცირებას და სოციალური მედიის პლატფორმების შეზღუდვებიდან თავის არიდებას ცდილობენ.

დღეისათვის, "ნიუს-ფრონტის" ყოფილი ადმინისტრატორი, კონსტანტინე ჩიკვილაძე მინიმუმ ორ დახურულ ფეისბუქ ჯგუფს მართავს და არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად პრორუსულ და ანტიდასავლურ გზავნილებს ორი სხვადასხვა მედიასაშუალებიდან ავრცელებს. ეს სააგენტოებია: Georgia-news.info (ნიუს-ფრონტი) და www.spnews.io. "ნიუს-ფრონტისგან" განსხვავებით, "Spacesnews • სივრცეები” ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საინფორმაციო მასალებს ქმნის, თუმცა სტატიებს შორის ანტიდასავლური განწყობები შეინიშნება. მისი სტატიები ყალბი ანგარიშების მიერ ვრცელდება მრავალათასიან ჯგუფებში და გავრცელებისას მკაფიოდ ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები აქვს დართული. 

 

"ნიუს-ფრონტის" ისტორია ფეისბუქის წაშლის ოპერაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა 2020 წლის 30 აპრილს საკუთარი პლატფორმიდან კრემლისტური სააგენტო "ნიუს-ფრონტის’ ქსელი წაშალა, ადმინისტრატორებმა მასალების გაზიარება ახალი დომენით - Georgie.su დაიწყეს. 2020 წლის 10 ოქტომბერს საქართველოში "ნიუს-ფრონტის" მასალების გაზიარება დაიწყო  ვებ-გვერდიდან https://georgie.su/, რომლის დომენის რეგისტრაციის დოკუმენტში საკონტაქტო ელ-ფოსტად მითითებული იყო ruvesnainfoblog@yandex.ru, რომელიც, სავარაუდოდ, კრემლისტურ გამოცემა "Russkaya Vesna"-ს (რუსული გაზაფხული) უკავშირდება. ვებ-გვერდზე სტატიის სათაურით დაკავშირება ხდებოდა "ნიუს-ფრონტის" ვებ-გვერდის ინტერფეისთან. ვებ-გვერდის დაბოლოება „.SU” აღნიშნავს საბჭოთა კავშირს (Soviet Union). ამ დომენის ქვეშ არსებული ვებ-გვერდები რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ ჰაკერული თავდასხმებისთვის და პროპაგანდისთვის გამოიყენება. საგულისხმოა, რომ "Russkaya Vesna" მუდმივად ავრცელებს კრემლის პროპაგანდას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის და გამოირჩევა ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით. "რუსული გაზაფხული" შექმნილია კონსტანტინ რიკოვის პატრონაჟით, რომელიც კრემლის ინტერნეტ-პროპაგანდის გუნდის წევრია. 

ამჟამად, https://georgie.su/ დომენი ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა "ნიუს-ფრონტის" მასალების შენიღბულად გავრცელება ახალი ვებ-გვერდიდან, Georgia-news.info-დან გაგრძელდა. აღნიშნულ მეთოდს "Domain cloaking" ეწოდება. "Domain cloaking"-ის გამოყენებისას შენიღბულია ბმულის რეალური წარმომავლობა და ნამდვილი  საიტის შინაარსი წარმოდგენილია სხვა დომენის (ვებგვერდის დასახელების) მეშვეობით. აღნიშნული მეთოდი საკმაოდ გავრცელებულია, ვინაიდან, ამ მხრივ, ხერხდება სოციალური მედიის პლატფორმების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდება და გაზიარებული ბმულები ხელუხლებელი რჩება. Მსგავსი მეთოდის გამოყენება "ნიუს-ფრონტის"-ისთვის ახალი არ არის. 2020 წელს ფეისბუქზე კრემლისტური გამოცემის დაბლოკვის შემდეგ, მალევე, სხვა სახელწოდებით ორი ვებსაიტი გამოჩნდა, რომლებსაც მომხმარებელი, ავტომატურად, ინგლისურენოვან და ფრანგულოენოვან "ნიუს-ფრონტის" საიტზე გადაჰყავდა.1

 

"Spacesnews • სივრცეები"  და მისი კავშირი "ნიუს-ფრონტთან" 

საგულისხმოა, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოში გამოჩნდა ონლაინ გამოცემა "Spacesnews • სივრცეები", რომელმაც ფეისბუქზე პოსტების დასპონსორება 2020 წლის 19 ნოემბერს დაიწყო და 30 ივნისის მონაცემებით ჯამში 300-ზე მეტი დასპონსორებული პოსტი აქვს გამოქვეყნებული. "Spacesnews • სივრცეები" სოციალურ მედიაში შედარებით ახალი საინფორმაციო რესურსია, რომელიც, ნეიტრალური ტონის სტატიებთან ერთად, შენიღბულად ანტიდასავლურ, პრორუსულ გზავნილებსაც ავრცელებს და მიმართულია საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად. სოციალურ მედიაში აღნიშნული სააგენტოს მასალები არაავთენტური ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება.

ამასთან, აღსანიშნავია რომ "Spacesnews • სივრცეების'' ეთერში ყველაზე ხშირად პოლიტიკური თოქ-შოუ ''მთავარი სივრცე'' გადიოდა. გადაცემა ფეისბუქზე 2020 წლის ოქტომბრის შემდგომ, ყოველდღე, 21:00 საათზე, თავსდებოდა. მისი ერთ-ერთი წამყვანი ანტიდასავლური და ევროსკეპტიკური გზავნილების გამავრცელებელი ფეისბუქგვერდის -  "Politicano • პოლიტიკანო"-ს ადმინისტრატორი გიორგი მდივანია. მას არხზე საკუთარი საავტორო გადაცემა ''პოლიტეპიდემიაც'' აქვს.

 

"Spacesnews • სივრცეები" დარეგისტიტრებულია როგორც "შპს სივრცეები", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი თამარ ჯოჯუაა. ის კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას, მეუღლეა.

კომპანია "ბადაგონის” მიმართ "ნიუს-ფრონტის" ყალბი ანგარიშების ინტერესი წარსულში ცხადი იყო. 2020 წელს "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოავლინა, რომ 12 ყალბი ანგარიში, მასალების ხელოვნურად და შერჩევითად გავრცელების გარდა, ჩართული იყო კომპანია "ბადაგონის” მხარდაჭერაში და რეკლამირებაში, რაც კომპანიასთან დაკავშირებული მასალების საჯარო ჯგუფებში გავრცელებით გამოიხატება.

 

ღია წყაროებზე დაკვირვების შედეგად, აღნიშნულ ორ გამოცემას, "ნიუს-ფრონტსა" და "Spacesnews • სივრცეებს" შორის საეჭვო კავშირი შეინიშნება. კერძოდ, კონკრეტული არაავთენტური ანგარიშები მრავალათასიან საჯარო ჯგუფებში ავრცელებენ, ძირითადად, ორი გამოცემის - "ნიუს-ფრონტის" და "Spacesnews • სივრცეების" მასალებს. გამზიარებელთა რიგებშია ‘’ნიუს-ფრონტის’’ ყოფილი ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეც. 

 

2021 წლის 13 ივნისს კონსტანტინე ჩიკვილაძემ და SPNEWS-ის გვერდმა ერთობლივად შექმნეს დახურული ფეისბუქ ჯგუფი,  "Spacesnews • სივრცეები @spnews.io", რომელშიც მხოლოდ ორი სააგენტოს - "ნიუს-ფრონტისა" და Spacenews-ის მასალები ვრცელდება.

 

 

                            არაავთენტური ანგარიშების მიერ "Spacesnews • სივრცეების" მასალების ჯგუფებში გაზიარება

 

 

"Spacesnews • სივრცეების" გამავრცელებელი არაავთენტური ანგარიშები და კოორდინირებული ქცევის ნიშნები

 

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღმოჩენილ ქსელში 12 არაავთენტური ანგარიშია ჩართული, რომლებიც ‘’სფეისნიუსის’’ მასალებს, 28 ჯგუფის საშუალებით, ჯამში, 590,000-ზე მეტ ადამიანს უზიარებენ. ანგარიშების უმრავლესობას არ აქვს შევსებული "ჩემ შესახებ" ველი, არ უდევს მაიდენტიფიცირებელი სურათი და ჩვეულებრივი მომხმარებლებისგან განსხვავებით, მათ ფოტოსურათებზე არ იძებნება სხვა ადამიანების კომენტარები. ნაწილის გადამოწმება ფოტოს დაბალი ხარისხის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა დადგინდა, რომ ზოგ მათგანს მითვისებული აქვს სხვისი იდენტობა. ნინი გრიგოლაშვილის პროფილის სურათით ინტერნეტში მრავალი იდენტური ფოტო იძებნება, მათ შორის ერთ-ერთი კი Ксения Рудковская-ს აქვს განთავსებული. Tamar Gelovani კი Натия Кисиева-ს ფოტოებს იყენებს. რიგ შემთხვევაში განსხვავებულია ფეისბუქის URL მისამართიც. მაგალითისთვის, ერთ-ერთ ანგარიშს, სახელწოდებით "ნანა ლასა", ფეისბუქ მისამართში მითითებული აქვს londa.jiki, ხოლო დურსუმ მაჭუტაძეს bondo.metreveli  რაც აჩენს ეჭვს, რომ სახელები მოგვიანებითაა შეცვლილი.

 

     "Spacesnews • სივრცეების" გამავრცელებელი არაავთენტური ანგარიშები

 

 

ანგარიშების ურთიერთდაკავშირებულობაზე მიანიშნებს იდენტური მასალების გაზიარება, ენობრივი მსგავსებები და მათ მიერ მოწონებული გვერდების დასახელებებიც.  Რაც აჩენს განცდას, რომ მათ უკან შესაძლოა ერთი ადამიანი იდგეს.

 

  

 

ანგარიშების ნაწილი  ფეისბუქზე ერთმანეთს ემეგობრება და ფოტოების აქტიური ურთიერთმოწონებითაც ხასიათდება. რამდენიმე მათგანი კი კომპანია "ჰერბიას" პროდუქტებს არეკლამებს.

 

არაავთენტური ანგარიშების მიერ მიზანში ამოღებული ჯგუფები

"Spacesnews • სივრცეები" და მასთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშები მასალებს მინიმუმ 28 "ფეისბუქ" ჯგუფში ავრცელებენ. აუდიტორია საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ჯგუფების თემატიკა კი შემდეგნაირად შეიძლება, კლასიფიცირდეს:

 

  • დეკლარირებულად პრორუსული;
  • მმართველი პარტიის ან/და მასთან დაკავშირებული პირების მხარდამჭერი;
  • ოპოზიციური განწყობების მქონე ან/და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი;
  • ნაციონალისტური და კონსპირაციული შინაარსის მატარებელი;

 

აღნიშნული განაწილება და ტაქტიკა მნიშვნელოვნად ემთხვევა "სამართლიანი არჩევნების" მიერ აღმოჩენილი "ნიუს-ფრონტის" ქსელის მოქმედების სტრატეგიას. მათ მსგავსად, "Spacenews"-თან დაკავშირებული ანგარიშები ჯგუფის თემატიკის მიხედვით აქტიურად ავრცელებდნენ სიახლეებსა და სტატიის მთავარ გზავნილებს. რიგ შემთხვევაში მომხმარებლები საიტის ბმულს არა პირველწყაროდან, არამედ არაავთენტურ ქსელში ჩართული პიროვნებიდან აზიარებდნენ, რაც ქმნის განცდას, რომ შესაძლოა, ინფორმაციის ვირუსულად გავრცელებაში, ყალბი ანგარიშების გარდა, სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩართული და მათი ქცევა კოორდინირებული იყოს.

გაზიარებული მასალების შინაარსზე დაკვირვებით, შეიძლება, ითქვას, რომ ქსელის წევრები, მეტწილად, ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ, ანტიდასავლურ, პრორუსულ და სტალინის კულტის გამყარების მიზნით შექმნილ სტატიებს ავრცელებდნენ.

 

 

სააგენტოს მასალების არაავთენტურად გავრცელება, მიზნად ისახავს დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას. გამზიარებლები ცდილობენ ჯგუფის წევრებში აშშ-ს და მასთან მოკავშირეობის სურვილის მქონე პირების მიმართ აგრესია გააღვივონ, ხოლო რუსეთი ძლევამოსილ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ.

 

არაავთენტური ანგარიშების ქცევაში საეჭვო ტაქტიკაც ვლინდება, რომელიც სავარაუდოდ საზოგადოების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. მაგალითად, ნიკა მელიას პატიმრობასთნ დაკავშირებით, "სფეისნიუსის" ქსელის  წევრები, ჯგუფის თემატიკიდან გამომდინარე, პოსტებს ხან დადებითი ემოციების გამომხატველი აღწერილობით აზიარებდნენ, ხანაც პირიქით, მის მიმართ აგრესიის გაღვივებას უწყობდნენ ხელს. აღნიშნული გზით კი პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოების ორ ბანაკად შეპირისპირების ინსცენირება ხდებოდა.

 

არაავთენტური ანგარიშები ქვეყანაში აქტუალური მოვლენების კვალდაკვალ, დადებით სენტიმენტებს აღვივებდნენ ალექსანდრ დუგინის, ვლადიმერ პოზნერისა და იოსებ სტალინის მიმართაც.

 

   

 

Spacenews-ის გადაცემების წამყვანები და დაკავშირებული გვერდები 

პრორუსულმა ორგანიზაციამ - "ევრაზიის ინსტიტუტმა" 2013 წელს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი დააფუძნა, რომლის საბჭოს ერთ-ერთი წევრი გიორგი მდივანია.

Როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ირკვევა, მათი  წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ 2015 წელს რუსეთში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ "გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმშიც". რიგ შემთხვევებში მდივანი მოხსენიებულია კლუბის დამფუძნებლადაც, თუმცა მისი სახელი და გვარი, ასევე, მითითებულია  ევროსკეპტიკური და ანტიდასავლური შინაარსის მქონე ფეისბუქ გვერდის - Politicano • პოლიტიკანო-ს მიერ დასპონსორებულ პოსტებზე. გვერდი 2014 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა, თუმცა დღემდე  აქტიურად ცდილობს საქართველოს პროდასავლური მომავლის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებასა და საბჭოთა წარსულის რომანტიზებას.

 

 

 

გიორგი მდივანს "Spacesnews • სივრცეები" ეთერში ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა "პოლიტეპიდემია" და თოქ-შოუ "მთავარი სივრცეები" მიჰყავს. საავტორო გადაცემაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომოკიკურ პროცესებს მიმოიხილავს, რომელთა შორისაა: უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, ფერადი რევოლუციების მომზადების ტექნოლოგიები, ციფრული ცენზურა და სხვ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაცემებში აქტიურად ხდება წინა ხელისუფლების დისკრედიტაცია, ანტილიბერალური განწყობების გაღვივება და საბჭოთა წარსულის განდიდება. უკრაინა საქართველოში დესტაბილიზაციის მომზადების შტაბად განიხილება, ბელარუსის მოვლენები - ბურჟუაზიულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, ხოლო საქართველო - რევოლუციის კრახის საილუსტრაციოდ. გვერდზე "Spacesnews • სივრცეები", ასევე, ავრცელებენ პროსახელისუფლებო, ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო გზავნილებს.

სფეისნიუსის კიდევ ერთი გადაცემის - "ლაბორატორია z"-ის წამყვანი ვაკა გორგილაძეა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი ივნისის ჩათვლით ვაკა გორგილაძეს ტელეკომპანია ‘’იმედის’’ ეთერში გადაცემა ‘’იმედის ფაქტორიც’’ მიჰყავდა.  მის მეუღლესთან, ეკა საკანდელიძესთან  დაკავშირებული "მარკეტინგული ცენტრი ტერრა მედიას" ფეისბუქგვერდი კი სფეისნიუსის მასალების აქტიურ გამავრცელებლებს შორისაა. გამზიარებელთა რიგებში არიან შემდეგი გვერდებიც: "საქართველო და მსოფლიო","სამოქალაქო საზოგადოება - XXI. civil society” და "RESTORnews TV". პირველი მათგანი  "ევრაზიის ინსტიტუტთან" კავშირდება, გაზეთი "საქართველო და მსოფლიო" სწორედ მათი პარტნიორი  ა(ა)იპ"ისტორიული მემკვიდრეობი" მიერაა შექმნილი. ხოლო რაც შეეხება RESTORnews TV-სს, გვერდზე მითითებული საკონტაქტო ნომერი ირაკლი ხოტეველს ეკუთვნის. Მას "spacesnews • სივრცეები"-ის ეთერში გადაცემა "მოლოტოვის კოქტეილი" მიჰყავს. 

 

 

 

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ნიუს-ფრონტის" და მასთან დაკავშირებული საქართველოში რეგისტრირებული სააგენტოს - "Spacesnews • სივრცეები” არაავთენტურ ქსელზე დაკვირვებით, მათ ორგანიზებულ საქმიანობაში ამომრჩეველთა ქცევაზე ზეგავლენის მცდელობები ვლინდება. გამოყენებული მეთოდები შეესაბამება 2020 წლის აპრილამდე "ნიუს-ფრონტის” არაავთენტური საქმიანობის მახასიათებლებს, რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოავლინა. არაავთენტური ანგარიშები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ევროსკეპტიციზმს, ზოგადად ანტიდასავლურ ნარატივებსა და პრორუსულ განწყობებს. ორგანიზებული ქცევის მეშვეობით განხორციელებული საინფორმაციო ოპერაცია მიზნად ქართველ ფეისბუქმომხმარებლებში დაპირისპირებისა  და ნიჰილიზმის გაღვივებას ისახავდა. წინამდებარე მიგნებები მიუთითებს, რომ კრემლისტური სააგენტო "ნიუს-ფრონტი" და მასთან დაკავშირებული ახალი საინფორმაციო სივრცეები საქართველოში ოპერირებას განაგრძობს და ზემოთ აღწერილი სქემიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევას კვლავ წარმოადგენს.

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას

 

 

[1]Elise Thomas, “The Long Tail of Influence Operations: a case study on News Front”, Institute for Strategic Dialogue,  February 2021