სოციალური მედიის მონიტორინგი

'ამერიკის აგენტები' - ახალი შეთქმულების თეორია

მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედმა პირებმა, რომლებიც საზოგადოებას ექსპერტ-ანალიტიკოსებად წარმოუდგებიან, 29 აგვისტოს ორგანიზებულად გაავრცელეს პოსტები ე.წ „პარტნიორი სახელმწიფოების/აშშ-ის აგენტურის“ შესახებ. გავრცელებული ირიბი და ზოგადი გზავნილები, ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, იმ აქტორებს ეხებაა, რომლებიც იცავენ საქართველოს პროდასავლურ კურსს ან/და ფინანსდებიან დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.  

გავრცელებული გზავნილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მიზნად ისახავს, მთავრობის კრიტიკოსი პროდასავლური აქტორები წარმოაჩინოს უცხო სახელმწიფოს აგენტებად, საქართველოს მტრებად და მოღალატეებად.  

სახელისუფლებო ექსპერტების ინიციატივა და საინფორმაციო კამპანია იმეორებს 2012 წელს რუსეთის ფედერაციაში უცხოელი აგენტების შესახებ მიღებული კანონმდებლობის სულისკვეთებას. Მსგავსი შინაარსით მიღებულმა კანონთა წყებამ, რომლებიც ე.წ „უცხოელ აგენტებს“ ეხებათ, ფაქტობრივად, შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება, ჩაახშო კრიტიკული მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.  

სახელისუფლებო ექსპერტ-ანალიტიკოსების პერსონალური სტატუსები იმავე დღეს პრო-სახელისუფლებო მედიისა და ონლაინ-სააგენტოების წყაროდ იქცა და მასშტაბურად გავრცელდა სოციალური მედიის პლატფორმებზე.  

კოორდინირებული კამპანიის დაწყების მომდევნო დღეს კი სახელისუფლებო სააგენტო ONGO-მ გამოაქვეყნა ე.წ. „ანალიტიკური სტატია“, რომელიც თითქოს ააშკარავებს „ამერიკული აგენტურის ქსელს“ და, სხვებთან ერთად, აშშ-ის აგენტებად აცხადებს ამჟამად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საჯარო პირებს, მათ შორის, ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სახალხო დამცველს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და სხვა. 

Სახელისუფლებო ექსპერტებისა და მედიასაშუალებების მიერ წამოწყებული ეს კამპანია მკაფიოდ ანტიდასავლური დღის წესრიგის ნაწილია და სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, წინააღმდეგ არის მიმართული. ბრალდებები აშშ-ს მიერ საქართველოში ჯაშუშებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აგენტურული ქსელის შექმნის შესახებ ზიანის საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. 

 

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.