დასპონსორებული დისკრედიტაციული Facebook კამპანიის უკან ორგანიზაცია ''დავასრულოთ'' დგას
ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის სამი „ფეისბუქ“ გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას.
7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “„დასრულებაა“.
22 სექტემბრიდან „ფეისბუქ“ გვერდების „არქივი • Archive“-ის, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია „დავასრულოთ“ მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის „დავასრულოთ“ მიერ მართული დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდი „პოლიტიკური მოთვალთვალე“ 2020 წლის 13 იანვარს, ხოლო „არქივი • Archive“ 14 იანვარს შეიქმნა. ორივე გვერდმა ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიური მადისკრედიტირებელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კამპანია შექმნისთანავე წამოიწყო. ამ დროისათვის თითოეულ გვერდს სამ-სამი ადმინისტრატორი მართავს. 2 ოქტომბრის მდგომარეობით, „პოლიტიკურ მოთვალთვალეს“ 22,484, „არქივს“ კი 24,404 გამომწერი ჰყავს.
ოპოზიციის მადისკრედიტირებელი დასპონსორებული პოსტები
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ორგანიზაციამ „დავასრულოთ“ დაარეგისტრირა ვებ-საიტის დომენი - davasrulot.ge. 18 სექტემბერს კი ფეისბუქზე ამოქმედდა გვერდი „დავასრულოთ“. ამ დროისთვის ვებ-საიტზე არანაირი მასალა არ არის განთავსებული, ხოლო ფეისბუქ გვერდზე ერთი პოსტია განთავსებული, რომლის მიზანი ბუბა კიკაბიძის დისკრედიტაციაა.
გვერდმა „არქივმა“ შექმნიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 235 პოსტი გამოაქვეყნა, რომელთაგან 231 ვიდეოს, ხოლო 4 ფოტოს სახით გამოქვეყნდა. გვერდ „პოლიტიკურ მოთვალთვალეზე“ კი იმავე პერიოდში 303 პოსტი განთავსდა, რომელთაგან 157 ვიდეოს, 143 ფოტოს, 2 სტატუსს, ხოლო ერთი გაზიარებულ ბმულს წარმოადგენს. ორივე გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების დიდი ნაწილი 7 აგვისტომდეც დასპონსორებული იყო.
2 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნებული პოსტების სახეები გვერდებზე
ორივე მოცემული გვერდი იანვრიდან მოყოლებული უწყვეტი აქტივობითა და პოსტებზე სტაბილურად მაღალი ინტერაქციით ხასიათდებოდა, რაც პოსტების დასპონსორების შედეგია. აგვისტოს თვისათვის კი აღნიშნული გვერდების პოსტების რაოდენობა და მათზე ინტერაქცია შემცირდა, რაც სავარუდოდ, რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედებას უკავშირდება, ხოლო სექტემბერსა და ოქტომბერში კი ორივე გვერდზე აქტივობისა და ინტერაქციის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც შენიშვნის (disclaimer) განთავსების შედეგად ინტენსიური დასპონსორებული კამპანიის განახლებას ემთხვევა.
აღნიშნული „ფეისბუქ“ გვერდების ერთ-ერთ ტაქტიკას დისკრედიტაციის ინსტრუმენტად სატელევიზიო არქივის ვიდეოების გამოყენება წარმოადგენს, რომელიც მიემართება ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას თუ პოლიტიკურ ლიდერს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა. საარქივო ვიდეო-მასალების მანიპულაციურად გავრცელება, ძირითადად, საზოგადოებრივი აზრის ორი მიმართულებით ჩამოყალიბებას ემსახურება: 1. წინა ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკოსი წარმოჩნდეს როგორც „რეჟიმის“ წარმომადგენელი და წაიშალოს ზღვარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს/ლიდერებს შორის, რომლებიც ამჟამად აღარ წარმოადგენენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“; 2. ის პარტიები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში იყვნენ და ამჟამად ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულ, ორპირ და უპრინციპო პოლიტიკოსებად წარმოჩინდნენ. ამ მიზნით ხშირად ქვეყნდება მანიპულაციური ვიდეო მასალები სადაც, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, პოლიტიკოსების წარსულში და აწმყოში გაკეთებული განცხადებების კონტრასტია ნაჩვენები.
საგულისხმოა, რომ გვერდების „არქივი“ და „პოლიტიკური მოთვალთვალე“ კოორდინირება სხვა ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებთანაც შეინიშნება, რაც გამოიხატება დისკრედიტაციული პოსტების ორიგინალი პოსტის ფორმით დროის ერთ მონაკვეთში გამოქვეყნებაში.
კოორდინირებული კამპანია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ
კოორდინირებული კამპანია დავით ბაქრაძის წინააღმდეგ
მკვეთრად ნეგატიური, მადისკრედიტირებელი კამპანიის პარალელურად, გვერდები „არქივი“ და „პოლიტიკური მოთვალთვალე“ პოზიტიურ კამპანიას მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ აწარმოებენ.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ორგანიზაციის „დავასრულოთ“ გამგეობის წევრები - იოსებ მანჯავიძე, ია მეტრეველი, გიორგი იაკობაშვილი და როზეტა ჯღამაია არიან. როზეტა ჯღამაია ორგანიზაციის დირექტორის პოზიციასაც იკავებს. საგულისხმოა, რომ როზეტა ჯღამაია და გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობენ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ისაც, რომელიც ა(ა)იპ „კავშირი პრესა - საქართველოს“ სახელით არის რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სააგენტო „For.ge”-ს ა(ა)იპ „კავშირი პრესა- საქართველოს“ ფარგლებში 2013-2020 წლებში 48 გამარტივებული სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური ღირებულება 77,094.51 ლარს შეადგენს. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სააგენტოს საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მომსახურება გაწეული აქვს სს საპენსიო სააგენტოს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ქალაქ თბილისის ჩუღურეთის გამგეობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის.
ორგანიზაცია „დავასრულოთ“ საქმიანობა და ფინანსების ხარჯვა პოლიტიკური შინაარსის პოსტების დასპონსორება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აუდიტის სამსახურში სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა ამ დრომდე ორგანიზაციას შემოწირულობის სახით აუდიტის სამსახურისთვის შესაბამისი ინფორმაცია წარდგენილი არ აქვს. ორგანიზაციას წლის განმავლობაში ჯამში 120,000 ლარის ოდენობის შემოწირულების გაღების უფლება აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „ფეისბუქ“ გვერდებზე განთავსებული რეკლამები მათი შექმნის დღიდან შეუსწავლელია, აღნიშნული ლიმიტის ფარგლები აუდიტის სამსახურის მიერ არის დასადგენი.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სოციალური მედიის მონიტორინგის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მეშვეობით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას.