სოციალური მედიის მონიტორინგი

დეზინფორმაციის გავრცელება ექსპერტების სახელით

უკანასკნელ პერიოდში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელების სხვადასხვა ტაქტიკა შეისწავლა. მათ შორის გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდი ექსპერტებად პოზიციონირებადი პირების  მიერ ფეისბუქზე „კულუარული ინფორმაციის“ შესახებ გამოქვეყნებული სტატუსების პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოებისა და ცრუ მედიის გვერდების მიერ გავრცელებაში მდგომარეობს. ზოგიერთი ონლაინ მედიის სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას მკითხველს ისე სთავაზობს, რომ მათი გადამოწმება არ ხდება. ამასთან, ამ პროცესში ჩართული ექსპერტებისა და სააგენტოების ფაქტობრივად უცვლელი შემადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ საქმე დეზინფორმაციის გავრცელების მიზანმიმართულ, ორგანიზებულ სქემასთან გვაქვს, რაშიც შესაძლოა, უნებლიეთ სხვა, მათგან დამოუკიდებელი, აქტორებიც ერთვებოდნენ. 

დეზინფორმაციის გავრცელების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები, რომლებიც ექსპერტებად პოზიციონირებენ, ფეისბუქის პირად ანგარიშზე „ექსკლუზიური კულუარული ინფორმაციის“ შესახებ სტატუსს აქვეყნებენ. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები და ფეისბუქზე მოქმედი ანონიმური აქტორები კი მოცემული ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას უზრუნველყოფენ ისე, რომ მისი ერთადერთი წყაროს სანდოობა დადასტურებული არ არის. უფრო მეტიც, წარსულში მათ მიერ გავრცელებული მსგავსი სტატიების სიყალბე დადასტურებულია ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერაც. 

სწორედ ამგვარი სქემის შესაბამისად გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 15 მარტს იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კიევში, პოლონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად, ვიზიტს და საქართველოსთვის საფრთხისშემცველი განცხადების გაკეთებას გეგმავდა. ინფორმაცია პირველად ლევან ნიკოლეიშვილმა საკუთარ ფეისბუქის პროფილზე გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმაც: Imedinews.ge, Kvira.ge, Lid.ge, Npg.ge, Frontnews.ge, Tiflisnews.ge, Reportiori.ge, Rustavi2.ge, Tvalsazrisi.ge, Resonancedaily.com, Exclusivetv.ge, For.ge. ინფორმაცია დასპოსნსორებული პოსტის სახით გავრცელდა ცრუ მედიის გვერდზეც - „სიახლეების ბლოგი • Blog News”.1 მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო ზემოხსენებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლეიშვილის სტატუსისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფეისბუქპოსტი, მოცემული ინფორმაციის სიყალბესთან დაკავშირებით, ზემოთ მოცემული სააგენტოების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გაუშუქებია (ინფორმაცია გაავრცელეს მხოლოდ შემდეგმა მედიასაშუალებებმა: Rustavi2.ge, Imedinews.ge, Exclusivetv.ge). 

 

 

 

საგულისხმოა, რომ ლევან ნიკოლეიშვილი წარსულშიც არაერთხელ ყოფილა პროსახელისუფლებო სააგენტოებისა და ფეისბუქზე მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდებისთვის დეზინფორმაციის წყარო. მასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულნი იყვნენ სხვა პროსახელისუფლებო ექსპერტებიც: თამთა მეგრელიშვილი, ედიშერ გვენეტაძე, ზაალ ანჯაფარიძე და ზურაბ ქადაგიძე.  

 

 

ექსპერტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მაგალითები 

  • 24 დეკემბერს გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს, რის შემდეგაც შიმშილობის დაწყებას გეგმავს (23 დეკემბერი, 2021); 

გახარიას მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო ლევან ნიკოლეიშვილი იყო. ფეისბუქპოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ინფორმაცია სააგენტოებმა Imedinews.ge, Lid.ge, Kvira.ge, For.ge, Reportiori.ge და Akhalitaoba.ge-მ გაავრცელეს. რეალურად, ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა და გიორგი გახარია არც სააკაშვილს შეხვედრია და არც უშიმშილია. 

 

  • მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, ამიტომ ის კი არ შიმშილობს, ვერ ჭამს (5 ნოემბერი, 2021 წელი); 

საქართველოში ჩამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილის კუჭის რეზექციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე პროსახელისუფლებო ექსპერტის დღის წესრიგში მოხვდა. პირველად ინფორმაცია თამთა მეგრელიშვილის პროფილზე გავრცელდა (პოსტი ამჟამად წაშლილია). მოგვიანებით, აღნიშნულ ინფორმაციას სააკაშვილის მადისკრედიტირებელი ფეისბუქსტატუსებით გამოეხმაურნენ ზაალ ანჯაფარიძე, ედიშერ გვენეტაძე, ზურაბ ქადაგიძე და ლევან ნიკოლეიშვილი. კუჭის რეზექციის შესახებ ყალბი ინფორმაცია, ექსპერტებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ონლაინ მედიასაშუალებებმა: Guardian.ge, Pia.ge, Akhalitaoba.ge, Alia.ge, Kvira.ge, Spnews.io, Tia.ge, Imedinews.ge, Primetime.ge, For.ge, Lid.ge, Gmtv.ge, Tiflisnews.ge, Mpn.ge, Reportiori.ge, Geotimes.com.ge, Fortuna.ge, Infopostalioni.com. „მითების დეტექტორის“ მასალის მიხედვით, სააკაშვილის კუჭის რეზექციის შესახებ მტკიცება მცდარია.  

  • არჩევნების წინა  დღეს,  საღამოს 9 საათზე, ნიკა მელია კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებას გააკეთებს (1 ოქტომბერი, 2021); 

წინასაარჩევნოდ ნიკა მელიას მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ ყალბი ინფორმაცია ლევან ნიკოლეიშვილმა გაავრცელა. სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება ამომრჩეველთა დეზორიენტაციას ისახავდა მიზნად. ფეისბუქსტატუსის გამოქვეყნებიდან მცირე დროის შუალედში ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: Kvira.ge, Hotnews.ge, Frontnews.ge, Imedinews.ge, Pia.ge, Infopostalioni.com, Mpn.ge, Spnews.io, postv.media, Pia.ge, Ipress.ge, For.ge.  

 

 

 

პროსამთავრობო სააგენტოები წყაროდ ექსპერტად პოზიციონირებადი პირების მოშველიებით თითქოს იცილებენ დეზინფორმაციის უშუალოდ გავრცელების პასუხისმგებლობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მედიის პასუხისმგებლობაა, მკითხველს მხოლოდ უტყუარი და დადასტურებული ინფორმაცია მიაწოდოს. ეისბუქმომხმარებლის სტატუსი, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ავტორი მის უტყუარობას ამტკიცებდეს არ შეიძლება, მიჩნეულ იქნას საკმარისად სარწმუნო წყაროდ. როგორც ზემოთ მოცემული მაგალითებიდან ჩანს, დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიასაშუალებების უმრავლესობა არა თუ არ სთავაზობს მკითხველს ინფორმაციის გადამოწმებას, არამედ დეზინფორმაციის დადასტურების შემდეგაც არ ასწორებს მას. მოცემულ პროცესზე დაკვირვება კი აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქმე, უმეტესად, კოორდინირებულ ქმედებასთან გვაქვს და ექსპერტთა განსაზღვრული წრის შეთანხმებულ მოვალეობას წარმოადგენს, სამთავრობო სააგენტოებს სასურველი დეზინფორმაციული ან პროპაგანდისტული გზავნილები მიაწოდონ. 

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.