სოციალური მედიის მონიტორინგი

ფარული საინფორმაციო კამპანიის კავშირი სამთავრობო უწყებებთან

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგით დგინდება, რომ ფეისბუქზე საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედებენ გვერდები, რომლებიც მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ანონიმურად ითავსებენ. ამგვარ გვერდებზე, მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, მმართველი პარტიისა და მის წარმომადგენელთა აქტივობები, განცხადებები და მათ მიმართ სხვა პირთა მიერ გამოთქმული დადებითი შეფასებებიც ვრცელდება. ამავდროულად, მათი ნაწილი სხვა პარტიების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ კამპანიასაც აწარმოებს. მსგავს ფეისბუქგვერდებზე ქვეყნდება რეკლამებიც, რომელთათვის დახარჯული თანხის წარმომავლობა გაუმჭვირვალეა. “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ამგვარი ფეისბუქგვერდების ნაწილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული, მათ მართვასა დაკოორდინირებაში კი ამ უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების თანამშრომელთა ჩართულობა იკვეთება. 

-----

-----

საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები

“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გვერდებს ამჟამად ორი მხარდამჭერი ფეისბუქგვერდი უკავშირდება: “Bidzina Ivanishvili for Georgia” და “Irakli Garibashvili 4 Georgia”. აღნიშნული გვერდები  მთავრობის აქტივობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კომენტარების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და, ამავდროულად, სხვა პარტიებისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსების მადისკრედიტირებელ გზავნილებს ავრცელებენ. ამ გვერდებზე ფეისბუქის პირდაპირი ვიდეოჩართვები, ე.წ. ქროსპოსტინგის ფუნქციით, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდებიდან ქვეყნდება. 


აღსანიშნავია, რომ არაოფიციალურ მხარდამჭერ გვერდებზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდიდან ქროსპოსტინგით პირდაპირი ჩართვების გაშვება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. მანამდე კი, ღარიბაშვილის მინისტრობისას, აღნიშნული გვერდები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იყო დაკავშირებული. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები სახელმწიფო უწყებების მხრიდან ფეისბუქზე ანონიმურად მხარდამჭერ კამპანიაში ჩართულ გვერდებთან კოორდინაციაზე ან მათ მართვაზე მიუთითებს.

-----

წყარო: CrowdTangle

 

ფეისბუქის პირდაპირი ვიდეოჩართვები მხარდამჭერ გვერდებზე 2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 20 ივლისის ჩათვლით პერიოდში. წყარო: CrowdTangle

-----

“Bidzina Ivanishvili for Georgia”-სა და “Irakli Garibashvili 4 Georgia”-ზე გამოსაქვეყნებელი პოსტებისთვის ერთი და იმავე შინაარსისა და დიზაინის, მცირედი დეტალებით განსხვავებული ფოტოები იქმნება. ეს გვერდები, ღარიბაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებთან ერთად, სწორედ ამ ფორმით, ერთდროულად ჩაერთნენ პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ კამპანიაში, 5 ივლისის, სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, გარდაცვალების შემდეგაც.

-----

წყარო: Facebook

-----

მხარდამჭერი ფეისბუქგვერდების  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კავშირზე მათთან დაკავშირებული ჯგუფებიც მეტყველებს. გვერდი “Bidzina Ivanishvili for Georgia” ფეისბუქზე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფს, “ღარიბაშვილის ფაქტორს”, მართავს (2021 წლის 28 აპრილამდე ჯგუფი “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების” სახელწოდებით მოქმედებდა). მოცემულ გვერდთან ერთად, ჯგუფი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბექა მჭედლიშვილის სახელით იმართება. 

-----

წყარო: Facebook

-----

მჭედლიშვილმა აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, დაიკავა. მანამდე, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ციფრული კომუნიკაციების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა.

Სახელწოდებით “ღარიბაშვილის ფაქტორი” ფეისბუქზე კიდევ ორი ჯგუფი მოქმედებს, რომელთაგან ერთს გვერდი “Irakli Garibashvili 4 Georgia” მართავს. აღნიშნული ჯგუფი მიმდინარე წლის 16 თებერვალს შეიქმნა და, გვერდთან ერთად, მის ადმინისტრატორად ბარბარე მერაბიშვილია მითითებული. Მისი Linkedin-ის ანგარიშის მიხედვით, იგი 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. Მერაბიშვილის ელ. ფოსტა  თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდის მიერ რეკლამების განმათავსებლადაც იყო მითითებული. ბოლო რეკლამა მისი საკონტაქტო ინფორმაციით სტრატკომის გვერდზე 2021 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდა, ამჟამად კი სხვა მონაცემებია მითითებული. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბიშვილის ანგარიშიდან ჯგუფებში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სიახლეების გავრცელება დღემდე გრძელდება.

2021 წლის 30 აპრილს “ღარიბაშვილის ფაქტორი” დაერქვა კიდევ ერთ ჯგუფს - “დასაქმება და ვაკანსიები თბილისში”, რომელშიც, ასევე, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შესახებ. აღნიშნულ ჯგუფშიც ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პოსტებს, ძირითადად, ბარბარე მერაბიშვილი აქვეყნებს.

-----

ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები სახელწოდებით “ღარიბაშვილის ფაქტორი”. წყარო: Facebook

-----

გვერდზე “Bidzina Ivanishvili for Georgia” ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში 2020 წლის 4 აგვისტოდან, საქართველოში ბიბლიოთეკის ამოქმედების დღიდან, გამოქვეყნებული 150 რეკლამა იძებნება. აღნიშნული რეკლამების ღირებულება, ჯამში, 7,754 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გვერდის მიერ განთავსებული რეკლამების დეკლარაციაში გადამხდელად მითითებულია Bidzina Ivanishvili For Georgia, ელ.ფოსტის მისამართი info@forgeorgia.ge და ვებგვერდი www.forgeorgia.ge, რაც რეკლამების დაფინანსების წარმომავლობის გაგებას შეუძლებელს ხდის. გვერდის “Bidzina Ivanishvili for Georgia” დასპონსორებულ პოსტებში, ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების აქტივობები და განცხადებებია მოყვანილი. Რეკლამები ეძღვნება მმართველი პარტიის მისამართით ექსპერტების დადებით შეფასებებსა და ოპოზიციური ძალების საწინააღმდეგო გზავნილებსაც.

-----

წყარო: Facebook Ad Library 

-----

ერთ-ერთ დასპონსორებულ პოსტში, გვერდი “Bidzina Ivanishvili for Georgia” გამომწერებს ”ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერების’’ ჯგუფში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდა. ჯგუფი 2021 წლის 15 მარტს შეიქმნა და მას ბარბარე მერაბიშვილისა და პაატა გამჯაშვილის პერსონალური ანგარიშები მართავენ.

გამჯაშვილის ფეისბუქპროფილზე, აპრილის დასაწყისში, სამუშაო ადგილად თავდაცვის სამინისტრო იყო მითითებული, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია წაიშალა. ამასთან, 2020 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რეკლამების განმათავსებლად მისი სახელი და ელ. ფოსტა იყო მითითებული. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით კი, როდესაც გვერდზე რეკლამები თავად ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის სახელით (disclaimer) ქვეყნდებოდა, კვლავ გამჯაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია იყო მითითებული.

-----

წყარო: Facebook

-----

გვერდების “Bidzina Ivanishvili for Georgia” და “Irakli Garibashvili 4 Georgia” კავშირზე პორტალი Forgeorgia.ge-ც მიუთითებს. პორტალი 2021 წლის 24 მარტს შეიქმნა და, ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილისა და ფონდ “ქართუს” შესახებ პოზიტიურ სიახლეებს აქვეყნებს. ამ საიტზე  საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული ორი ფეისბუქგვერდის ფანჯარაა ჩაშენებული.  

გვერდებისა და საიტის კავშირი იკვეთება პროსახელისუფლებო პორტალ Raketdeba.ge-სთან. მას, Forgeorgia.ge-ს იდენტურ ვიზუალურ მხარესთან ერთად, მსგავსი მიზანიც აქვს - მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ სიახლეების გამოქვეყნება. პორტალი 2020 წლის 6 მარტს შეიქმნა, თუმცა ამჟამად მიუწვდომელია. ამავე სახელწოდების ფეისბუქგვერდი 2018 წლის 17 ნოემბრიდან მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ვებპორტალს raketdeba.ge ფეისბუქზე გვერდი “Bidzina Ivanishvili for Georgia”-ც უკეთებს რეკლამას.

-----

forgeorgia.ge-სა და Raketdeba.ge-ს ვიზუალური მხარე, 2021 წლის მაისის მონაცემებით

-----

ღარიბაშვილის მინისტრობის დროიდან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გვერდების კოორდინაცია

ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ფეისბუქზე სამინისტროსთან დაკავშირებული სხვა გვერდებიც გამოჩნდნენ. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ირაკლი ღარიბაშვილის სასარგებლოდ ანონიმურ პიარკამპანიაშიც და მის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ სიახლეებს აქვეყნებდნენ. ეს გვერდები ერთი და იმავე შინაარსის პოსტებს სხვადასხვა დიზაინით, ორგანული სახით, ავრცელებდნენ. ერთ-ერთი გვერდი კი - “Defence Georgia საქართველოს თავდაცვა”, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან, ქროსპოსტინგის გზით, პირდაპირ ვიდეოჩართვებსაც აქვეყნებდა.

-----

წყარო: CrowdTangle

-----

წყარო: Facebook

----- 

გვერდები “გმირი” და “ჯარი” ერთ დღეს, 2019 წლის 29 სექტემბერს, შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ადრე შექმნილი ფეისბუქგვერდი “Defence Georgia - საქართველოს თავდაცვა” 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ”ჯარის” პოსტების სისტემატურად გაზიარების პარალელურად, ფეისბუქმომხმარებლებს გვერდის მოწონებისკენაც მოუწოდებდა. Მოგვიანებით, 2020 წლის იანვრიდან, მოქმედებას შეუდგა კიდევ ერთი გვერდი “ჯარისკაცებისთვის”. აღსანიშნავია, რომ გვერდმა “ჯარი” ამავე სახელწოდების ჯგუფში მიმდინარე წლის თებერვალში ჯგუფ “ღარიბაშვილის ფაქტორის” (ადმინისტრატორები: ბარბარე მერაბიშვილი და ფეისბუქგვერდი - “Irakli Garibashvili 4 Georgia”) ბმული მასში გაწევრებისკენ მოწოდებით გამოაქვეყნა, რაც მათ შორის კოორდინაციაზე მეტყველებს.

-----

-----

ველა გვერდზე პერიოდულად შეინიშნებოდა მასალების ერთნაირი დიზაინიც, რომელიც ემთხვევა თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრატკომის მიერ გამოქვეყნებული პოსტების დიზაინს. ამდენად, რჩება შთაბეჭდილება, რომ პოსტები ერთმა ადამიანმა/ადამიანთა ჯგუფმა შექმნა, თუმცა მცირედით განსხვავებული დიზაინით.

-----

-----

 

-----

თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი გვერდები ფეისბუქის რეკლამებს დეკლარირების გარეშე აქვეყნებდნენ. თავდაცვის სამინისტროს პროექტების შესახებ დაუდეკლარირებელ რეკლამებს აქტიურად აქვეყნებდა გვერდი “რა კეთდებაც”. აღნიშნულ ფეისბუქგვერდზე და შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები ყველაზე ხშირად, სწორედ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას ეხება. მოცემული გვერდის თავდაცვის უწყების მხარდამჭერ გვერდებთან შესაძლო კავშირზე,  გამოქვეყნებული პოსტების შინაარსთან ერთად, დიზაინის მსგავსებაც მიუთითებდა.

-----

წყარო: Facebook Ad Library

-----

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ მოლოდინაშვილი, პირად ფეისბუქის ანგარიშზე პოსტებს აზიარებდა შემდეგი გვერდებიდანაც:  ‘’ჯარი’’, ‘’Irakli Garibashvili 4 Georgia’’, ‘’Defence Georgia საქართველოს თავდაცვა’’, ‘’Bidzina Ivanishvili for Georgia, “რა კეთდება”.

ამჟამად ორი გვერდი - “გმირი” და “ჯარისკაცებისთვის” მიუწვომელია, თუმცა გვერდების ნაწილი კვლავ განაგრძობს აქტიურობას. ისინი, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტებისა და ახალი მინისტრის აქტივობების შესახებ აქვეყნებენ ინფორმაციას. გვერდს “Defence Georgia საქართველოს თავდაცვა” პერსონალურ ანგარიშებზე გასაჯაროვებული ინფორმაციის მიხედვით, შემდეგი ანგარიშები მართავენ: George Mindiashvili, Giorgi Bidzinashvili, Khalatashvili Dima და George Shioshvili. აღნიშნული ანგარიშები ფეისბუქზე, გვერდთან ერთად, ამავე სახელწოდებით მოქმედ დახურულ ჯგუფსაც მართავენ.

 

 

რა დანიშნულება აქვთ სტრატკომებს?

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია.  სტრატკომის ფეისბუქგვერდის აღწერაში ვკითხულობთ, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებთან ბრძოლაა. სტრატკომის ამოცანებად, ასევე, დასახულია მედიასთან, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უერთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ნატოსთან თანამშრომლობაზე ცნობიერების ამაღლება. დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი კომპეტენცია, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და განახლებაცაა. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებად დასახულია  ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, მედიასთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სხვ. თუმცა, მხარდამჭერი გვერდებისა და ჯგუფების კავშირი სტრატკომების თანამშრომლებთან და არადეკლარირებული რეკლამების განთავსება ქმნის ეჭვს, რომ უწყებების რესურსი, რომლებიც ზემოაღნიშნულ საკითხებთან გამკლავებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, არამიზნობრივადაც გამოიყენება.

კოორდინირებულად მოქმედი გვერდებისა და ჯგუფების აქტივობა მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატკომი ფეისბუქის გამოყენებით მოქმედებს პარტია “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად და დაკავშირებულია მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების სასარგებლოდ ანონიმურად წარმოებულ პიარკამპანიასთან. 

ამგვარი  ფარული აქტივობის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირი, მეტწილად, ემთხვევა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს. მხარდამჭერ გვერდებთან კოორდინაციის თავდაცვის სამინისტროდან  მთავრობის ადმინისტრაციაში გადანაცვლების დრო ემთხვევა სამინისტროს სტრატკომის უფროსის მოადგილის მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლის პერიოდს. ფეისბუქის ე.წ. ქროსფოსთინგ ფუნქციის გამოყენება ოფიციალურ და მხარდამჭერ გვერდებს შორის კოორდინაციისა  და მათ მიერ გავრცელებული საერთო ნარატივების ნიშანია. უცნობია ამჟამად მთავრობასთან, ხოლო წარსულში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დახარჯული თანხის წარმომავლობაც. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია კი, მთლიანობაში, აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქმე საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასთან გვაქვს.  

 

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (IFA)სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორის პოზიციას