სოციალური მედიის მონიტორინგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული გზავნილები 2-8 დეკემბერი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო გზავნილები, ფულის სანაცვლოდ ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად წამყვანად წარმოჩენა

5 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად მიჰყავს. იგივე გზავნილი „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც, გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები „სოფელ-სოფელ დადიან“. მდინარაძემ, ასევე, განაცხადა, რომ „ერთადერთი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში უკრაინის ომში მოხალისეების მონაწილეობას ახალისებს, ეს არის ქართული ოპოზიცია“. მოგვიანებით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება არ ეხებოდა უკრაინაში მებრძოლ ყველა ქართველს, თუმცა მათგან გამოყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატისა და ამჟამად პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნონა მამულაშვილის, ძმა, მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“ მეთაურობს.

პროსახელისუფლებო ექსპერტებმა და „ხალხის ძალის“ წევრებმა კიდევ ერთხელ გაავრცელეს გზავნილი, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ქართველი მოხალისეების ბრძოლის წახალისებას სთხოვს და უკრაინაში მებრძოლთა შორის არიან „პროპაგანდისტი ქართველები“, რომლებიც ომში საკუთარ სარგებელს ეძებენ. პროსახელისუფლებო აქტორების თქმით, მიმდინარე ომთან საქართელოს ასოცირება მეორე ფრონტისკენ უმოკლესი გზაა. ტელეკომპანია „POSTV-მ“ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ სთავაზობს  „ქართული ლეგიონი“ მამუკა მამულაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებს უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვას თანხის სანაცვლოდ. იდენტური გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ ფეისბუქგვერდებზეც გავრცელდა.

 

ხელისუფლების საწინააღდეგო გზავნილები უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო

ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე, მმართველი ძალის დისკრედიტაცია უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით არსებული პოზიციის გამო ხდებოდა. თავდაპირველად კრიტიკის საგანი იყო მათი დუმილი, შემდგომში კი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება რომ „ომის პარტიას“ მიჰყავს თანამოქალაქეები ბრძოლის ველზე.

 

გიული ალასანიას დადანაშაულება უცხოელი ლობისტებისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტატიების შეკვეთაში

ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გიული ალასანიამ უცხოური ლობისტების დაქირავების საშუალებით სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტატიები დაუკვეთა. პოსტების მიხედვით, დაქირავებულმა უცხოურმა, მათ შორის, ტაივანურმა გამოცემებმა სააკაშვილის ციხეში წამებასა და მოწამლვასთან დაკავშირებით იდენტური სტატიები გამოაქვეყნეს. მსგავსი გზავნილი „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც გაავრცელა.

  

ცრუ მხარდაჭერის გვერდი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილის ყალბი მხარდამჭერი გვერდი „2 ოქტომბერს მიშა საქართველოში•mishasakartveloshi“ მოქმედებს. 5 დეკემბერს გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა დამცინავი პოსტი გამოქვეყნდა. იგივე პოსტი ოპოზიციის დისკრედიტაციაში აქტიურად ჩართულმა გვერდებმა „სიმართლის დროა“ და „ტერენტი გლდანელი“ გაავრცელეს. ანიშნული ყალბი მხახრდამჭერი გვერდი, სხვა ამგვარი ანგარიშების მსგავსად, მიზნად ისახავს ფეისბუქის მომხმარებლების დაბნევას და შეცდომაში შეყვანას, რადგან სწორედ იმ პირის სახელით მოქმედებს, რომლის საწინააღმდეგო კამპანიასაც აწარმოებს[1]

 

 

გოგა ხაინდრავას დისკრედიტაცია ჯაბა იოსელიანის წიგნში მის შესახებ დაწერილი ინფორმაციის საშუალებით

„ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გოგა ხაინდრავას საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობდა. რეჟისორის მადისკრედიტირებელი იდენტური პოსტი ოთხმა გვერდმა გაავრცელა. ხაინდრავას წინააღმდეგ მხედრიონის ხელმძღვანელის, ჯაბა იოსელიანის, წიგნის კონკრეტულ ფრაგმენტზე მიუთითებდნენ.

 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.

 

 

[1]„მხარდაჭერით შენიღბული დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე”, ISFED, 2021 https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/mkhardacherit-shenighbuli-diskreditatsiis-kampania-feisbuqze