ფეისბუქზე გავრცელებული პროპაგანდისტული და დისკრედიტაციული გზავნილები 5 – 11 იანვარი
ზაზა შათირიშვილის შეთქმულების თეორია აშშ-ის რამდენიმე ოჯახის მიერ მართვის შესახებ
9 იანვარს პროსახელისუფლებო ექსპერტმა ზაზა შათირიშვილმა შეთქმულების თეორია გაავრცელა, თითქოს აშშ-ს, ჯო ბაიდენის ნაცვლად, რამდენიმე ოჯახი მართავს, რომლებმაც ლიბერალური იდეოლოგია შექმნეს. მისივე განცხადებით, აშშ-ის წინა პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ამ ოჯახების არაფორმალურ გავლენებს წინააღმდეგობას უწევდა, ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ისინი ჩრდილიდან გამოვიდნენ. შათირიშვილის თქმით, ისინი ტრადიციულ ინსტიტუტებსა და რელიგიას ებრძვიან და აგრესიული ათეიზმის ტალღას აგორებენ, ასევე, ეწევიან „ლგბტ პროპაგანდას“, რაც სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას ისახავს მიზნად. შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ლიბერალური იდეოლოგიისა და აგენტოკრატიის საფრთხეებთან დაპირისპირება ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანად უნდა ვაქციოთ“. ამ შეთქმულების თეორიას იზიარებდნენ სხვა პროსახელისუფლებო ექსპერტები და „ხალხის ძალის“ წევრები: გია აბაშიძე, ლევან ნიკოლეიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნინო ფოჩხუა, თამთა მეგრელიშვილი, ედიშერ გვენეტაძე და ზურაბ .
ფოტომანიპულაციის საშუალებით ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებად
„ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ მოქმედ გვერდებზე გავრცელდა ფოტომანიპულაცია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივად იყვნენ გამოსახულნი და მათ ურთიერთკავშირზე ამ ფორმით ხდებოდა მინიშნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაცია, სავარაუდოდ, ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერის გავრცელებით
ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებსა და ანგარიშებზე აქტიურად ვრცელდებოდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე, პარლამენტში შესვლის საკითხსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობს. ჩანაწერში მელია, სავარაუდოდ, ყოფილ პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. გავრცელებული პოსტების ავტორები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებაზე უსვამდნენ ხაზს და ჩანაწერის გავრცელებაში ლევან ხაბეიშვილს, ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს სდებდნენ ბრალს. აღნიშნული ჩანაწერი „POSTV - ანალიტიკის" ფეისბუქის
არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია ფეისბუქის მომხმარებლებისთვის შობა-ახალი წლის მისალოცი პოსტის 25 დეკემბერს გაზიარების გამო
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის გვერდმა, „სინამდვილეში“, არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საწინააღმდეგოდ დარეკლამებული პოსტი გამოაქვეყნა. ორგანიზაციები დისკრედიტაციის სამიზნე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე 25 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტების გამო გახდნენ, რომლითაც ისინი სოციალური ქსელის მომხმარებლებს შობა-ახალ წელს ულოცავდნენ. იდენტური პოსტი გამოქვეყნდა ანონიმურად მოქმედ ფეისბუქის გვერდზე „სიმართლის დროა“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიით გამოირჩევა. პოსტში ორგანიზაციებს რელიგიურ პროპაგანდასა და საეკლესიო საკითხებში ჩარევის მცდელობაში სდებდნენ ბრალს. იმავე შინაარსის პოსტი გავრცელდა ცრუ მედიის გვერდზე „GeoPress“, სადაც ორგანიზაციები „მდიდარ ენჯეოებად“ იყვნენ მოხსენიებული, რომლებმაც „მართლმადიდებლებს ქრისტეშობის დღესასწაული არ მიულოცეს“. აღნიშნულ საკითხს პროსახელისუფლებო ექსპერტი, გია აბაშიძეც, გამოეხმაურა. მან „სამართლიან არჩევნებსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციები უწოდა და 25 დეკემბერს შობის აღნიშვნაში დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხზე გია აბაშიძის კომენტართან ერთად, პროსახელისუფლებო და ყალბი მედიის გვერდებზე ისტორიკოს სიმონ მასხარაშვილის გამოხმაურებაც აქტიურად ვრცელდებოდა.
ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ
სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.
მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.