სოციალური მედიის მონიტორინგი

განახლებული რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში ევროკავშირის წინააღმდეგ

2022 წლის ივნისში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც აღიარა. ამასთან, ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, საქართველოს მიანიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება თორმეტი პრიორიტეტი. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანამ ევროკომისიისგან პასუხი უნდა მიიღოს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საქართველოში სოციალური მედიის პლატფორმებზე ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელების დასპონსორებული კამპანია გააქტიურდა, რომლის უკანაც რუსული კვალი იკვეთება. პროპაგანდაში ჩართული გვერდები და ანგარიშები წარმოადგენენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”  („სამართლიანი არჩევნები“) მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვლენილი რუსეთთან დაკავშირებული ქსელის გაგრძელებას და ამავდროულად, იყენებენ ნაწილობრივ მოდიფიცირებულ ტაქტიკას. მოცემული აქტივობა, რაც საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, ეწინააღმდეგება კომპანია Meta-ს წესებსაც და გარე ჩარევისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის მაგალითს წარმოადგენს

მიმდინარე წლის დასაწყისში „სამართლიანმა არჩევნებმა”  ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტელეგრამსა და ტიკტოკზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში კოორდინირებულად მართული პრორუსული გვერდების, ანგარიშებისა და არხების მოქმედება გამოავლინა. ქსელში შემავალი აქტორები იდენტურ მასალებს ადგილობრივ ენებზე აქვეყნებდნენ, თუმცა ისინი გვერდებსა და ანგარიშებს, ძირითადად, უცხოეთიდან, მათ შორის რუსეთის ტერიტორიიდან, მართავდნენ. ანგარიშების ნაწილი სწორედ რუსეთში იყო შექმნილი. ქსელის მთავარი მიზანი რეგიონის სახელმწიფოების რუსეთის ძლიერ პოტენციურ მოკავშირედ წარმოჩენა და დასავლეთის ნეგატიურ როლთან დაკავშირება იყო. „სამართლიანი არჩევნების” შეტყობინების საფუძველზე გამოძიების შედეგად აღმოჩენილი ქსელი Meta-მ მოგვიანებით ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან წაშალა.  

Meta-ს ოპერაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ქსელის უკან მდგომი ჯგუფი პერიოდულად ახალ გვერდებსა და ანგარიშებს ქმნიდა, რომელთა ნაწილიც იშლებოდა. ამჟამად ქართულ ენაზე განახლებული ქსელი მოქმედებს, რომლის მოქმედების სტრატეგიას, ტაქტიკასა და გავრცელებულ ნარატივებს იმავე აქტორთან მივყავართ, რომელიც ადრე წაშლილი გვერდებისა და ანგარიშების უკან იდგა. ქსელის ამჟამინდელი მთავარი ამოცანა სხვადასხვა პლატფორმაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაა, რაც საზოგადოებაში ევროპული გაერთიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივების მიზანს ემსახურება.  

 

ახალ ქსელში შემავალი ქართულენოვანი ანგარიშების კავშირი რუსულ კვალთან 

ამჟამად ქართულ ენაზე 5 ფეისბუქგვერდი, 1 ინსტაგრამ ანგარიში, 1 ტელეგრამ არხი და 1 ვებგვერდი მოქმედებს, რომელთა ძველ ქსელსა და რუსულ კვალთან კავშირზე რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს: 

  • ანგარიშები ძველი ქსელის მსგავსი ტაქტიკით მოქმედებენ - წინა შემთხვევების მსგავსად, ახალშექმნილი გვერდების ნაწილი შესანიღბად კვლავაც მედიის საბურველს მიმართავს და თავს საინფორმაციო სააგენტოდ წარმოაჩენს. მედიასაშუალებად თავის წარმოდგენა გავრცელებული გზავნილებისადმი მეტი სანდოობის აღძვრას ემსახურება. ამ ამოცანის მისაღწევად და მომხმარებელთა მოსაზიდად, ისინი პოსტებს არაპოლიტიკურ თემებზეც აქვეყნებენ. ძველი ქსელის მსგავსად, დანარჩენი ანგარიშები, ძირითადად, იუმორისტული შინაარსის მიმებს ავრცელებენ; 
  • ძველ ქსელში შემავალი ტელეგრამის არხი, „საქართველო - სიახლე”, რომელიც კვლავაც აქტიურია, ქსელში შემავალი ახალი ვებგვერდის, “Sakartvelo Today News-ის”, ბმულების გასავრცელებლად გამოიყენება; 
  • ახალი ქსელისა და ძველი წაშლილი ანგარიშების მიერ გავრცელებული გზავნილები მსგავსი შინაარსისაა, ასევე, კრემლისტურ პროპაგანდისტულ ნარატივებსაც ემთხვევა. 

 

მოქმედების ტაქტიკის ახალი სახეები 

ახალი ქსელის ფეისბუქის პლატფორმაზე მოქმედებაში მოდიფიცირებული ტაქტიკის გამოყენებაც შეინიშნება, რაც სასურველი გზავნილის აუდიტორიამდე მიტანის შემდეგ კვალის დამალვაში გამოიხატება. ქსელში შემავალი გვერდები გზავნილების გასავრცელებლად დაუდეკლარირებელ რეკლამებს აქვეყნებენ და პოლიტიკური რეკლამის გადამხდელის შესახებ სავალდებულო ინფორმაციას არ უთითებენ. Meta-ს წესების დარღვევით, რეკლამებზე მითითებული არ არის, რომ პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხს ეხება, რის გამოც რეკლამების ბიბლიოთეკაში (Meta Ad Library) არქივის სახით არ ინახება და შესაბამისად, აქტივაციის ვადის გასვლის შემდეგ ხელმიუწვდომელია. პროპაგანდისტული რეკლამების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ გვერდები პოსტებს სოციალური ქსელიდანაც აქრობენ ან ისინი კონტენტს მხოლოდ რეკლამის სახით აქვეყნებენ, რომლის ვადის გასვლის შემდეგაც ის გვერდზე პოსტის სახითაც აღარ იძებნება. 

 

ევროკავშირის საწინააღმდეგო ძირითადი ნარატივები 

  • ევროკავშირში გაწევრება გამოიწვევს ოჯახის ინსტიტუტის რღვევას და სექსუალური და გენდერული იდენტობის თავსმოხვევას 

ქსელში შემავალი გვერდები საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის, ძირითადად, ჰომოფობიური შინაარსის ნარატივებს იყენებენ. ისინი ევროკავშირს ოჯახის ინსტიტუტის რღვევასა და სექსუალური და გენდერული იდენტობის თავსმოხვევას უკავშირებენ. პროპაგანდისტული გვერდები ლგბტქი თემის უფლებებს ქართულ ღირებულებებთან შეუსაბამოდ სახავენ და მიუთითებენ, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე უარის თქმაზე გადის. ამასთანავე, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში გაწევრების შემდეგ საქართველოში ლგბტქი პრაიდის მიერ ორგანიზებული მსვლელობები გაიმართება.  

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრება ფუჭი დაპირებაა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი უარყოფითი იქნება 

პრორუსულ წყაროებზე ვრცელდება გზავნილი, თითქოს 15 წლის განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს გაწევრებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ. გამოქვეყნებულ მასალებში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გარკვეული პირობების დაწესება ცარიელი დაპირებაა და მისი მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაა. გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის გაფართოების შესაძლო დასახელებული თარიღი 2030 წელია, თუმცა საქართველოს ამ დროსაც არ აქვს გაწევრების პერსპექტივა. 

“Sakartvelo Today News-ზე” გამოქვეყნებულ სტატიებში წერია, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დადანაშაულების საბაბად იყენებს. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ქვეყნის მოსახლეობის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარყოფით გადაწყვეტილებაზე მეტყველებს. სტატიებში საუბარია საქართველოს მიერ დამოუკიდებელი განვითარების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზეც. 

  • საზოგადოებაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განწყობები სუსტდება 

პორტალი “Sakartvelo Today News” ავრცელებს მანიპულირებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოსახლეობაში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განწყობები სუსტდება და ხალხს უკვე ეჭვი ეპარება ევროინტეგრაციის აუცილებლობაში. ამ გზავნილის გასამყარებლად ვებგვერდი საკუთარი არარეპრეზენტატული ონლაინ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. 

  • ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოდ წასულ ქართველებს ჩაგრავენ 

რუსულ ქსელში შემავალ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიებში წერია, რომ ქართველები  ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად დასავლურ ქვეყნებში ემიგრაციაზე ფიქრობენ, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში გადასვლის შემდეგ მათი მოლოდინები არ მართლდება. სტატიებში ხაზგასმულია, რომ ევროპის ქვეყნებში სამუშაოს მაძიებელ ქართველებს არასათანადოდ ეპყრობიან და ჩაგრავენ. მაგალითებად მოყვანილია სხვადასხვა, სავარაუდოდ, ყალბი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული, მათ შორის, რუსულ ენაზე შექმნილი და ნათარგმნი ფეისბუქსტატუსები. საიტსა და ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა გამოგონილი ამბავი ინგლისში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებაც. კიდევ ერთი სტატია ევროკავშირის ქვეყნებიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებოდა. 

ქსელის მიერ გავრცელებული სხვა გზავნილები 

ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან ერთად, გვერდები სხვა სახის ანტიდასავლურ, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და უკრაინის საწინააღმდეგო, გზავნილებსაც ავრცელებენ. ამავდროულად, ისინი აწარმოებენ პოზიტიურ კამპანიას რუსეთის სასარგებლოდ. 

ქსელი საქართველოს ნატოში გაწევრებას უპერსპექტივოდ და ამ მხრივ დაპირებებს უშედეგოდ წარმოაჩენდა. ამასთანავე, ალიანსი დადანაშაულებული იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუციების მოწყობის მცდელობასა და საომარი მოქმედებების შედეგად ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დაზარალებაში. გვერდმა „Crazy World“ გაავრცელა დეზინფორმაციაც, თითქოს ნატო მოხალისე ჯარისკაცების მიღებასა და რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მათ საქართველოში განლაგებას აპირებდა. 

"Sakartvelo Today News-ის" მასალებში ხაზგასმულია, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. კერძოდ, მითითებულია, რომ ისინი მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიცია აფინანსებენ, ომლებიც, ავის ხრივ, ელისუფლებას ბრძვიან ამოუკიდებელი ოლიტიკის ატარებაში ელს შლიან. ასავლეთს აქართველოში მის ეორე რონტის ახსნის ურვილშიც დებენ რალს. ქსელის კუთვნილი ვებგვერდი უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევასა და დესტაბილიზაციის სურვილში ადანაშაულებს. 

როგორც Meta-ს მიერ წაშლილი ქსელი, ისე ახალი გვერდები უსეთს საქართველოს მთავარ პოტენციურ მოკავშირედ წაროაჩნე როორც ეკონომირი, ისე ლტის და ხვა მიმართულებებით. საინორმციო ნაასის გვედზე ქტირად ეყნება ახლები უსის და საქრთვლოს სავჭრო ურთიერთობების, რდაირი ავიამმოსლის აღდგენ, უსი ერლბის საქრთვლო მიართ ინტერესების, რული ნის საქათვეოში სწვლის და ხვა საითხბის ესახებ. ამასთანავე, ოსტბის ნაწლი მიანი საბოთა სენტიენტბის გაღვივებაა. 

ანტიდასავლური პროპაგანდა „ხალხის ძალის“ წევრთა ჩართულობით 

მიმდინარე წლის ივნის-აგვისტოში გვერდზე „Sakartvelo Today News“ გამოქვეყნდა დასპონსორებული ვიდეოინტერვიუები, მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გამოყოფილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური ჯგუფის, „ხალხის ძალის“, წევრთა მონაწილეობით. გამოქვეყნებულ ვიდეოებში აკრიტიკებდნენ ევროკავშირს, აშშ-ს, უკრაინას, საქართველოს პრეზიდენტს და მხარს უჭერდნენ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას.  

ინტერვიუების გამოქვეყნებულ ფრაგმენტებში, რომლებსაც ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი მერსი სულხანიშვილი უძღვებოდა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისადმი დასმული იყო შეკითხვები, თუ როგორ მიიღეს ქართველებმა საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, იყო თუ არა ამის შემდეგ სავაჭრო ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელი,  რა ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული ინტერესების დასაცავად და რატომ აკრიტიკებდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას. ინტერვიუერი, ასევე, დაინტერესდა, იყო თუ არა სწორი მისი დაკვირვება, რომ საზოგადოებაში ტრადიციების უპატივცემულობას თავისუფლების სახელს აწერდნენ. 

პრორუსული პროპაგანდის გამავრცელებელ გვერდზე დასპონსორებულ ვიდეოებში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დადებითად აფასებდა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. მას ამის არგუმენტად რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელშემწყობი პირობის შექმნა მოჰყავდა. ის, ასევე, აცხადებდა, რომ ფრენები ხელს შეუწყობდა ორმხრივ კომუნიკაციას როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ბიზნესის წარმოების მსურველებს. 

ზემოთ ხსენებულ გვერდზე დასპონსორებული იყო „ხალხის ძალის“ კიდევ ერთ წევრთან, დავით ქართველიშვილთან, ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტები. ვიდეოებში ქართველიშვილი აკრიტიკებდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არ გაიზიარა მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებთან, ასევე, კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების უსამართლოდ შეფასებასთან დაკავშირებით. ქართველიშვილის მტკიცებით, „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება აქტიურად იგერიებდნენ შემოტევებს აშშ-დან, ევროპიდან, უკრაინიდან, რომ საქართველო გამანადგურებელ ომში ჩაეთრიათ.  

 

„მოსაზრებები“ საქართველოს შიდა პოლიტიკის შესახებ 

ვებგვერდზე sakartvelo-today.org აქტიურად ქვეყნდება მიმოხილვები საქართველოს პოლიტიკის შესახებ. მათში წარმოდგენილ მოსაზრებებში, რომელთა ავტორიც უცნობია, გატარებულია კონსპირაციის თეორიები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ იყო ნაკარნახევი. აშშ-ის საელჩო დადანაშაულებულია მიმდინარე წლის მარტში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციების სპონსორობაში. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მტკიცების მიხედვით, ამერიკელი ინსტრუქტორები ავარჯიშებდნენ ქართველი ახალგაზრდების ჯგუფებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის შესახებ ინიციატივა დაკავშირებული იქნა 10 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, ვიზიტთან, რომელიც თითქოს საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის შექმნას ცდილობდა.  

„აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. მათი მიზანი იგივე რჩება – ხელისუფლების შეცვლა. ეს აუცილებელი ზომაა, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს დასავლელი პარტნიორების აყოლაზე და ცდილობს დამოუკიდებლად აშენოს თავისი მომავალი, საკუთარი მაცხოვრებლების ინტერესებზე დაყრდნობით (sakartvelo-today.org, 20 სექტემბერი, 2023)“. 

 

საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციისგან განსხვავებით, sakartvelo-today.org-ზე გამოქვეყნებულ მასალებში აქტიურად უჭერენ მხარს ირაკლი ღარიბაშვილს. ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღარიბაშვილისადმი დაბადების დღის მისალოცი წერილიც.  მასში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ ღარიბაშვილი მთავრობას მეორედ სათავეში მაშინ ჩაუდგა, როდესაც ოპოზიციამ ქვეყანაში გადატრიალება სცადა. ღარიბაშვილის მიღწევებს შორის, „დასავლეთის ძლიერი ზეწოლის პირობებში“, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება დასახელდა. 

„ირაკლი ღარიბაშვილის დროს საქართველოს მშპ 10,1%-ით გაიზარდა, განვითარდა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, მაგალითად, რუსეთთან (მიუხედავად დასავლეთის ძლიერი ზეწოლისა) (sakartvelo-today.org, 28 ივნისი, 2023)“. 

 

წინამდებარე კამპანია აჩვენებს, რომ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები რუსული პროპაგანდის სამიზნეები არიან. გააქტიურებული ნარატივები მიზნად ისახავს, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი მოქალაქეთა ურყევი მხარდაჭერა შეარყიოს და ევროპული გაერთიანების მიმართ საზოგადოებაში სკეპტიციზმი გააღვივოს. საგანგაშოა, რომ ამ მიზნისათვის ქსელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებსაც იყენებს. ევროკავშირის წინააღმდეგ გავრცელებული ძირითადი გზავნილები შეესაბამება კრემლის მიერ წარმოებულ ნარატივებს, ხოლო გამოყენებული ტექნიკა - მედიაგამოცემად თავის წარმოჩენა რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ქსელის მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე განთავსებული რეკლამების პოლიტიკური შინაარსის მიუხედავად, გაუმჭვირვალეა დახარჯული თანხების ოდენობა და წარმომავლობა, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან და გარე ჩარევასთან ერთად, კომპანია Meta-ს მიერ მის კუთვნილ პლატფორმებზე აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. 

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.