ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების („სამართლიანი არჩევნები”) მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელიც სოციალურ მედიაში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ხელოვნურად აპოპულარულებს. ქსელის ანგარიშები, მათ შორის InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე, იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს.
მოწონებული პოსტების დიდი ნაწილი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეს, ევროკავშირთან ურთიერთობასა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხება. მათ შორის, ამ არაავთენტური ქსელის ანგარიშებმა მოიწონეს:
- ირაკლი კობახიძის განცხადება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის, საპროცესო შეთანხმებაზე: „აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება“;
- ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის კომენტარები მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზე;
- კახა კალაძის შეფასებები, რომ 4 ოქტომბრის „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ ევროსტრუქტურებმა დააფინანსეს;
- ირაკლი კირცხალიას გამოხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის, განცხადებაზე, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“;
- შალვა პაპუაშვილის განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის, წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე;

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელისა და გვარის მქონე 415 არაავთენტური ანგარიში. ანგარიშების უდიდესი ნაწილი სულ ორ დღეში, 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა. მათი უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებას იყენებს, ანგარიშების დიდი ნაწილი დახურულია და ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდებს იწერს. ქსელში, ასევე, გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი რამდენიმე ანგარიში. მათი შექმნის თარიღები ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც შეიქმნა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული არაავთენტური ქსელი. რომლის შესახებაც „სამართლიანი არჩევნები” ადრე წერდა და რომელი ქსელის დიდი ნაწილის Meta-მ საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა. გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ანგარიშები ერთი ცენტრიდან იმართება და მათი მიზანი მმართველი პარტიის პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა.
გამოვლენილი ქსელის 424 ანგარიშიდან 303 შექმნილია 2026 წლის 25 აგვისტოს, ხოლო 109 - მომდევნო დღეს, 26 აგვისტოს. შესაბამისად, ქსელის 97% ორი დღის განმავლობაში ამოქმედდა. ამ ანგარიშების ფეისბუქის საიდენტიფიკაციო ნომრები (ID) ერთმანეთთან ახლოს, ვიწრო დიაპაზონშია განთავსებული, რაც მათ მოკლე დროში მასობრივ რეგისტრაციაზე მიუთითებს.

ამასთანავე, ქსელში გამოვლინდა 11 ანგარიში, რომლებიც 2024 წლის იანვარსა და აპრილში შეიქმნა. მათგან სამი 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო შვიდი 19-23 აპრილის პერიოდშია შექმნილი. სწორედ ამ თარიღებში შეიქმნა ასობით ყალბი ანგარიში იმ ქსელიდან, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ „იმედის“ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვის ხელოვნური გაპოპულარულების შესწავლისას გამოავლინა.
424 ყალბი ანგარიშიდან 295 პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ გამოსახულებას იყენებს. ასეთ ფოტოებს ხშირად რეალისტური ვიზუალი აქვთ, თუმცა დეტალური ანალიზისას შეიმჩნევა AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ქსელის ხელახლა შექმნილი ანგარიშები ძირითადად სწორედ ასეთ ფოტოებს ეყრდნობა, მაშინ, როდესაც ადრე გამოვლენილ ქსელებში რეალური ადამიანებისგან მოპარული სურათების გამოყენება უფრო ხშირი იყო. გარდა ამისა, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა 22 ანგარიში, რომლებიც პროფილის ფოტოდ ცნობილი სპორტსმენების, მსახიობებისა და რეჟისორების სურათებს იყენებდნენ.






გამოვლენილი ანგარიშების უმრავლესობა, 298 პროფილი, დახურულია, ხოლო 92 ღია. დახურულ პროფილებზე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, მეგობრების სია და გამოქვეყნებული პოსტები არ ჩანს, თუმცა ხელმისაწვდომია ანგარიშის შექმნის თარიღი და გამოწერილი გვერდები.
ღია პროფილების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ანგარიშების აქტივობა რამდენიმე დღეს ფიქსირდება. კერძოდ, 108 ანგარიშიდან 43 აქტიური იყო (გამოაქვეყნა დამატებითი ფოტოები) 2026 წლის 6 სექტემბერს, 35 - 7 სექტემბერს, ხოლო 26 - 9 სექტემბერს.
ქსელის კოორდინირებულ მართვაზე მიუთითებს მომწონებელთა სიებში ანგარიშების თანმიმდევრობაც. ფეისბუქი რეაქციების სიას დაახლოებით მოწონების დროის მიხედვით ალაგებს, ამიტომ რეალური მომხმარებლები სხვადასხვა პოსტზე სხვადასხვა რიგით ჩნდებიან. ქსელის შემთხვევაში კი ერთი და იგივე ანგარიშები ათ სხვადასხვა პოსტზე იდენტური თანმიმდევრობით გვხვდებიან. მაგალითად, ცხრა ანგარიში ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე, ასევე „Tbilisi news“-ის პოსტებზე ყოველთვის ერთნაირი რიგით დგას. მომწონებელთა სიებში გამოვლინდა ქსელის ანგარიშების 10 ბლოკი, რომლებიც სულ მცირე ხუთ სხვადასხვა პოსტზე ზუსტად ერთი და იგივე თანმიმდევრობით, ზედიზედ მეორდება. ეს მიუთითებს, რომ ანგარიშები პოსტებს ჯგუფურად, ერთი სიიდან იწონებენ.
ამასთანავე, ყალბი ანგარიშების უდიდესი ნაწილი ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდს იწერს. მაგალითად, 235 ანგარიშს გამოწერილი აქვს გვერდი „Tbilisi news“. აღსანიშნავია, რომ პოსტის მომწონებელი ყალბი ანგარიშებიდან 333 „Tbilisi news“-ის ორ სხვა პოსტსაც იწონებს. ამ ორ პოსტზე მომწონებლები თითქმის იდენტური თანმიმდევრობით გვხვდებიან: ერთ შემთხვევაში 51 ანგარიში ორივე პოსტის მომწონებელთა სიაში ზუსტად ერთი და იმავე რიგითობით მეორდება.
„Tbilisi news“-ის სახელით მოქმედი გვერდი (Tbilisinews.ge) 2026 წლის 3 სექტმებერს შეიქმნა და თბილისთან ან საქართველოსთან დაკავშირებულ სიახლეებს არ აქვეყნებს. 2026 წლის 8 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე გვერდზე 27 ინგლისურენოვანი პოსტი გამოქვეყნდა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და სოციალური მედიის ავტომატიზაციის შესახებ. პოსტების უმეტესობა ავტომატურად გენერირებულ კონტენტს ჰგავს: ერთი და იგივე ტექსტი რამდენჯერმეა გამოქვეყნებული, ერთ-ერთ პოსტში კი ბმულის ნაცვლად შაბლონის ჩანაწერი „[YourArticleLink]“ დარჩა. 25 პოსტს 0-1 რეაქცია აქვს, 7 და 9 ოქტომბრის ორ პოსტს კი, შესაბამისად, 352 და 349 მოწონება, კომენტარისა და გაზიარების გარეშე. 7 ოქტომბრის პოსტის 416 ნახვიდან 352-ს რეაქცია მოჰყვა, რაც ბუნებრივი აუდიტორიისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ ორი პოსტის მომწონებლების აბსოლუტური უმრავლესობა იმავე ქსელს მიეკუთვნება, რომელმაც „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები მოიწონა.
არაავთენტურ ქსელში შემავალ 19 ანგარიშს გამოწერილი აქვს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გია გაჩეჩილაძის („უცნობი“), კუთვნილი გვერდი „აი პოლიტიკა“. აღსანიშნავია, რომ „უცნობთან“ დაკავშირებული გვერდები გამოწერილი ჰქონდა იმ არაავთენტური ანგარიშების მნიშვნელოვან ნაწილსაც, რომლებიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმდინარე წლის ივლისში გამოავლინა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოსტებზე ინტერაქციის ხელოვნური გაზრდა ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ბოლო თვეებში მსგავსი ქსელები რამდენჯერმე გამოვლინდა. 2026 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, რომელზეც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. პოსტს თავდაპირველად ძირითადად კრიტიკული კომენტარები და სიცილის რეაქციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოწონებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ პოსტზე 1551 არაავთენტური ანგარიში გამოავლინა, რომლების უდიდესი ნაწილი სინქრონულად იყო შექმნილი - მაგალითად, 99 ანგარიში 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო 250 - იმავე წლის 19-23 აპრილს. ქსელი მოპარულ და AI-ით გენერირებულ ფოტოებს იყენებდა და „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ გვერდებს იწერდა. გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოვლენილი ანგარიშებიდან 1343 ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა. მიმდინარე საქმეში გამოვლენილი 2024 წლის ანგარიშები სწორედ ამ თარიღებშია შექმნილი. გარდა ამისა, „მითების დეტექტორმა“ 2026 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 400-ზე მეტი არაავთენტური პროფილი გამოავლინა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს იყენებდნენ.