სოციალური მედიის მონიტორინგი

პოლიტიკური რეკლამები Meta-ს პლატფორმებზე 2026 წლის იანვარში

2026 წლის პირველი 30 დღის განმავლობაში ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან/და მესენჯერში საქართველოს აუდიტორიისთვის 226 გვერდის/ანგარიშის მიერ 2 567 რეკლამა განთავსდა. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ 88 195 აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხის დაახლოებით 34% „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა დახარჯეს, 26% - პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა, 25% მთავრობამ და სახელმწიფო უწყებებმა, 6% - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გაერთიანებებისა და პროპაგანდისტულმა გვერდებმა, ყველა სხვა გვერდზე განთავსებული რეკლამების ჯამურმა ღირებულებამ კი მთლიანი სარეკლამო დანახარჯების მხოლოდ 9% შეადგინა.

 

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებების პოლიტიკური რეკლამები

„ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ Meta-ს პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების რიცხვმა (1 078) მიმდინარე წლის იანვრის თვეში ყველა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული რეკლამების რაოდენობის 93% შეადგინა, ხოლო მათზე დახარჯული თანხის ოდენობამ (არანაკლებ 29 679 აშშ დოლარი) მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯების 96%-მდე მიაღწია.