სოციალური მედიის მონიტორინგი

პოლიტიკური რეკლამები მეტას პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ივლისი-სექტემბერი)

„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართვლოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოადგენს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას.  

კომპანია „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც:  

  • ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკურ აქტორს, პარტიას, კანდიდატს, კამპანიას და მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;  
  • ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;  
  • ეხება სოციალურ საკითხებს.  

„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს. რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 558-მა გვერდმა განათავსა. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 5 212 რეკლამა იძებნება. მათი ჯამური ღირებულება  დაახლოებით 165 835 აშშ დოლარია. აღნიშნული თანხის 58.8% ქვემოთ მოცემულ 15 გვერდზე მოდის.

Made with Flourish
დაკვირვების პერიოდში რეკლამებს ყველაზე აქტიურად ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე მედიასაშუალებებისა და  პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების გვერდები ათავსებდნენ. ამასთან,  მედიის გვერდებზე, საშუალოდ, ორჯერ უფრო მცირე ღირებულების რეკლამები განთავსდა, ვიდრე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური გაერთიანებების გვერდებზე. 

პოლიტიკური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამან მისმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე, საქართველოს მთავრობამ (მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა დახარჯეს.  

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ 65 132 და არაუმეტეს 68 232 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ და მისმა წარმომადგენლებმა 45 022-დან 46 210 აშშ დოლარამდე დახარჯეს, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა წარმომადგენლებმა ჯამში ორჯერ ნაკლები - 20 110-დან 22 022-მდე აშშ დოლარი.  

მედიასაშუალებებმა იმავე პერიოდში სოციალურ და პოლიტიკურ თემებად მონიშნული რეკლამებისთვის 26 109-დან 31 851-მდე აშშ დოლარი დახარჯეს. მათი ძირითადი ნაწილი სატელევიზიო მედიის დანახარჯებზე მოდის. მათ შორის, იმედის გვერდზე, დაახლოებით, 7 ათასი აშშ დოლარის, პოს ტვ“-ის გვერდებზე - 6 ათასი, ტელეკომპანია ფორმულას გვერდზე კი 5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. 

2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები მათი რაოდენობის, დანახარჯების სიდიდისა დაგანმათავსებელი აქტორების მიხედვით (წყარო: Meta Ad Library) 

სარეკლამო დანახარჯების რეგიონული განაწილების მიხედვით, ხარჯების ნახევარზე მეტი დედაქალაქ თბილისზე მოდის. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი ივლისი-სექტემბრის პერიოდის მთლიან დანახარჯებში 9-11 პროცენტია. 

 

 

პოლიტიკური რეკლამების კვარტალური მიმოხილვის შესახებ 

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ყოველკვარტალურ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს Meta-ს პლატფორმებზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების რაოდენობასა და ხარჯებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს და მათი განმათავსებლის მიერ დეკლარირებულია ამგვარი შინაარსის მქონედ.  

მიმოხილვა ეფუძნება მეტას რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებს. გვერდების კატეგორიზაციისთვის კი „სამართლიანი არჩევნები“ ღია წყაროებსა და საკუთარ განახლებად ბაზას ეყრდნობა.