სოციალური მედიის მონიტორინგი

პოლიტიკური რეკლამები „მეტას“ პლატფორმებზე საქართველოში (2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) 

„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library), რომელიც არჩევნების, სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ დასპონსორებულ პოსტებს უყრის თავს, საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისი მიზანი კომპანიის კუთვნილი პლატფორმების მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორებისთვის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის რეკლამების განმათავსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება („სამართლიანი არჩევნები“), აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოადგენს საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას.  

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.

 

 

ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდები  

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის სულ დახარჯული თანხის 56.7% ქვემოთ მოცემულ 15 გვერდზე მოდის. 

რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში. უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან. 

წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდის სარეკლამო დანახარჯიც. მართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა. პოლიტიკური გაერთიანება ფეისბუქზე, ასევე, ასპონსორებდა საინფორმაციო ბარათებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ.

რაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ძირითადად, დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც  შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისა გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს. აგრეთვე, რეკლამის სახით განთავსდა იმგვარი ღონისძიებების ამსახველი ვიდეოჩართვებიც, რომელთა ხანგრძლივობა ერთ საათს აღემატებოდა. ათ შორისაა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნა გასული წლის 26 ოქტომბერს, 15 დეკემბერს გამართულ კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება და 18 დეკემბერს წარდგენილი პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიში. სურათების სახით განავსებულ რეკლამებს შორის იყო ღარიბაშვილის ინსტაგრამის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები და რელიგიური დღესასწაულების მისალოცი ბარათები ფეისბუქზე.

წინა კვარტალთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯები. ვაშაძის ფეისბუქგვერდზე განთავსებული რეკლამების უმრავლესობა პოლიტიკოსის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს მიეძღვნა. ასევე, დასპონსორებული იქნა მისი საპარლამენტო გამოსვლებისა და ტელემედიაში ჩართვის ვიდეოფრაგმენტები.

 

რეკლამების აქტიურად განმათავსებელი გვერდები  

„მეტას“ ბიბლიოთეკაში მოცემული რეკლამების რაოდენობის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდი - Georgia First NEWS აქვეყნებდა. დარეკლამებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა. რეკლამებში წარმოჩენილი იყო რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა, ომში უკრაინის მარცხის ფაქტობრივი გარდაუვალობა, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში გენდერული და სექსუალური იდენტობის თავსმოხვევა და სხვ. გავრცელებულ მასალებში, განსაკუთრებით, შეინიშნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, აგრეთვე, ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერების მადისკრედიტირებელი კამპანია, ხოლო პოზიტიური გზავნილები მიემართებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. ამავდროულად, დასავლეთი დადანაშაულებული იყო სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, რის მაგალითადაც სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სახელდებოდა. გვერდზე განთავსებულ რეკლამებში მიუთითებდნენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება საქართველოშიც იყო დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომის მეორე ფრონტში ჩართვის მცდელობებშიც იყო დადანაშაულებული. საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კი რეკლამები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავდა.

 

სოციალური და პოლიტიკური რეკლამების „მეტას“ პლატფორმებზე განმათავსებელთა კატეგორიების მიხედვით  

„მეტას“ პოლიტიკური რეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, ოფიციალურ აქტორებს შორის, პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების, სხვა საჯარო უწყებების, აგრეთვე, მედიასაშუალებების გვერდებზე დაიხარჯა. არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამების ძირითადი ნაწილი კი მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა.  

2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები მათი რაოდენობის, დანახარჯების სიდიდისა და  განმათავსებელი აქტორების მიხედვით

ინა კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დანახარჯები გაიზარდა გვერდების ყველა კატეგორიაში. მათ შორის, ათჯერ გაიზარდა ანონიმური მხარდამჭერი გვერდების სარეკლამო დანახარჯები, გაორმაგდა საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებების გვერდებზე განთავსებული რეკლამების ხარჯები, დაახლოებით 40%-ით გაიზარდა პოლიტიკური პარტიების რეკლამების საერთო ღირებულება. 

 

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე 

 პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ  91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი).  

პოლიტიკური გაერთიანებების უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში უფრო მეტი სარეკლამო დანახარჯი გასწია, ვიდრე წინა კვარტალში. მათ შორის, გაორმაგდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ ხარჯები. განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს პარტიებს შორის სარეკლამო დანახარჯებით მეოთხე ადგილზე პოლიტიკური გაერთიანების „თაობები საქართველოსთვის“ გამოჩენა, რომელიც  2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. ის ბიზნესმენმა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, შოთა შალელაშვილმა, დააფუძნა. შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში 2016 წელს „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა, თუმცა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 2019 წელს, ვადაზე ადრე, დატოვა. 

 

მედიასაშუალებების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე  

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკაში მონიტორინგის პერიოდში 133 მედიასაშუალების გვერდზე განთავსებული 1 884 რეკლამა იძებნება, რომელთა ღირებულება  30 330-დან 42 111 აშშ დოლარამდეა. მათ შორის, 56 ქართული მედიასაშუალების რეკლამებისთვის 30 253-დან 34 411-მდე აშშ დოლარი დაიხარჯა. საქართველოდან ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლები წარმოადგენდნენ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული 19 მედიასაშუალების გვერდის 74 რეკლამის ერთ-ერთ სამიზნეებსაც. თუმცა, მათზე დახარჯული თანხის ოდენობა 1 900 აშშ დოლარს არ აღემატებოდა. 

ქართულ მედისაშუალებებს შორის „მეტას“ რეკლამებისთვის ყველაზე მეტი დანახარჯი ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ გასწიეს. ამ ორი ტელევიზიის მიერ დახარჯული თანხა აღემატება ყველა სხვა ქართული მედიასაშუალების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების ჯამურ ღირებულებას. ამასთანავე, მათ, ივლისი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, რეკლამებზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს. ოქტომბერ-დეკემბერში „მეტას“ პლატფორმებზე სარეკლამო დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა „მაუწყებლისა“ და „მთავარი არხის“ შემთხვევაშიც. „ფორმულამ“, „ტაბულამ“ და „Pia.ge“-მ კი სარეკლამო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირეს. 

 

რეკლამების რეგიონული განაწილება  

სარეკლამო დანახარჯების რეგიონული განაწილების მიხედვით, ხარჯების ნახევარზე მეტი დედაქალაქ თბილისზე მოდის. მას იმერეთისა და აჭარის რეგიონები მოჰყვებიან, რომელთა წილი ივლისი-სექტემბრის პერიოდის მთლიან დანახარჯებში 10-11 პროცენტია.

პოლიტიკური რეკლამების კვარტალური მიმოხილვის შესახებ  

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ყოველკვარტალურ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს Meta-ს პლატფორმებზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ქართული აუდიტორიისთვის განთავსებული იმ რეკლამების რაოდენობასა და ხარჯებს, რომლებიც ეხება არჩევნებს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს და მათი განმათავსებლის მიერ დეკლარირებულია ამგვარი შინაარსის მქონედ.   

მიმოხილვა ეფუძნება მეტას რეკლამების ბიბლიოთეკის (Meta Ad Library) მონაცემებს. გვერდების კატეგორიზაციისთვის კი „სამართლიანი არჩევნები“ ღია წყაროებსა და საკუთარ განახლებად ბაზას ეყრდნობა. 

კომპანია „მეტა“ პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რეკლამებად მიიჩნევს ყველა იმ რეკლამას, რომელიც:  

  • ეხება ან ეკუთვნის პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატს, პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს ან მიზნად ისახავს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას;  
  • ეხება არჩევნებს, რეფერენდუმს ან სხვა ტიპის კენჭისყრას, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მობილიზების კამპანიებს;  
  • ეხება სოციალურ საკითხებს, რაც განიმარტება, როგორც მგრძნობიარე თემები, რომლებზეც მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას; 
  • რეგულირდება, როგორც პოლიტიკური რეკლამა. 

 

„მეტას“ წესების თანახმად, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამის განმათავსებლებს აქვთ ვალდებულება, მიუთითონ, რომ პოსტი არჩევნებს, პოლიტიკურ ან/და სოციალურ საკითხებს ეხება. ამასთან, პლატფორმა იტოვებს უფლებას, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, რეკლამას მოქმედება შეუჩეროს. რეკლამების ბიბლიოთეკა მოიცავს ინფორმაციას „მეტას“ კუთვნილ პლატფორმებზე განთავსებული ყველა იმ რეკლამის შესახებ, რომელიც განმათავსებლის მიერ მონიშნული იქნა სოციალურ/პოლიტიკურ რეკლამად ან თავად პლატფორმამ მიიჩნია ასეთად. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის არქივში 7 წლის განმავლობაში ინახება. აღსანიშნავია, რომ ის რეკლამები, რომლებიც არ იყო მონიშნული სოციალური/პოლიტიკური შინაარსის მქონედ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიბლიოთეკიდან ქრება და მათი განმათავსებლებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია