პროსახელისუფლებო და ანონიმური აქტორების მიერ წარმოებული ჰომოფობიური კამპანია სოციალურ მედიაში
საქართველოში მოქმედი ულტრამემარჯვენე და პრორუსული ჯგუფებისთვის ქვიარ თემი ყოველთვის იყო დისკრიმინაციის, ძალადობისა და ჩაგვრის სამიზნე. შეიძლება ითქვას, რომ „ალტ-ინფოსა“ და სხვა პრორუსული ჯგუფებისთვის სექსუალური უმცირესობების თემის გამოყენება ერთ-ერთი საშუალება გახდა დასავლეთის სახით მტრის ხატის შესაქმნელად. ისინი ერთ მხარეს ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულობას აყენებენ, მეორე მხარეს კი მასთან აპირისპირებენ დასავლეთს, ლიბერალიზმსა და ქვიარ თემის უფლებებს. სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო განწყობების საზოგადოებაში გასაღვივებლად ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ მედიასაშუალებებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს. მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ხალხის მობილიზებისთვის პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ” ტელეგრამის ჩატები გამოიყენა. „ალტ-ინფო” ლისის ტბაზე დაგეგმილი პრაიდის ფესტივალის ჩასაშლელად ხალხის მობილიზებისთვის სოციალური მედიის პლატფორმებს წელსაც აქტიურად იყენებს. პრორუსული ჯგუფი მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლა და პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ. მსგავსი შინაარსის კანონპროექტის დარეგისტრირების ინიციატივა მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა და „ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამაც, გამოთქვეს.
თუ მანამდე ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაში მხოლოდ პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფები იყვნენ ჩართული, ახლა მსგავს კამპანიაში მთავრობის წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული აქტორებიც მონაწილეობენ. „ქართული ოცნების” ლიდერები, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცული უნდა იყოს და მათი დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს, ხოლო, მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ „ლგბტ პროპაგანდა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა უნდა გაიმიჯნოს”.
ძირითადად, ბოლო რამდენიმე თვეში უმცირესობების საკითხთან დაკავშირებული გზავნილები „ლგბტ პროპაგანდის” ახალგაზრდებზე მავნე გავლენას ეხება. მაისის დასაწყისში „ქართული ოცნების” წევრებმა აღნიშნეს, რომ პარტიაში „პროპაგანდის აკრძალვის” შესახებ კანონის განხილვა არ განიხილებოდა, თუმცა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება არ გამორიცხა.
ოფიციალური განცხადებების პარალელურად, ჰომოფობიური კამპანია სოციალურ მედიაშიც მომძლავრდა. ცალკეული მედიასაშუალებები, ანონიმურად მოქმედი გვერდები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პროსახელისუფლებო აქტორები მიმდინარე თვეების განმავლობაში ჰომოფობიური შინაარსის გზავნილებს კოორდინირებულად ავრცელებდნენ. მსგავსი შინაარსის პოსტები ხშირად დარეკლამებულიც იყო როგორც მედიასაშუალებების, ისე ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე. ძირითადი ნარატივი ამ შემთხვევაშიც ბავშვებზე „ლგბტ პროპაგანდის მავნე ზეგავლენას“ ეხებოდა. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად პროსახელისუფლებო აქტორები მანიპულაციურად ავრცელებდნენ ქვიარ თემთან დაკავშირებული კვლევების შედეგებს და მიუთითებდნენ, რომ პროპაგანდის შედეგად თემის წარმომადგენელთა რაოდენობა იზრდება. ჰომოფობიური მოტივით პროსახელისუფლებო აქტორებმა წარმართეს ბიზნესმენ თემურ ჭყონიას, „მაკდონალდსისა” და „სულაკაურის გამომცემლობის” საწინააღმდეგო კამპანიები. ამასთანავე, დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციის მიზნით ხდებოდა „ლგბტ პროპაგანდის“ აშშ-სა და ევროკავშირთან დაკავშირება. „სამართლიანი არჩევნები” დააკვირდა მედიასაშუალებების, პროსახელისუფლებო აქტორებისა და ანონიმური გვერდების კოორდინირებულ მოქმედებას და მათ თანხვედრას პოლიტიკოსების ოფიციალურ ჰომოფობიურ განცხადებებთან.
ჰომოფობიური კამპანია სოციალურ მედიაში
გზავნილები „ლგბტ პროპაგანდის” ბავშვებზე ზეგავლენისა და მისი კანონით რეგულირების შესახებ
ცრუ მხარდაჭერის გვერდზე1 „ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform” აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა დარეკლამებული პოსტი, რომელიც თითქოს ქვიარ თემის სახელით ვრცელდებოდა, სინამდვილეში კი მის მიმართ აგრესიის ინსტრუმენტალიზებას ისახავდა მიზნად. პოსტში ეწერა, რომ ქვიარ თემის წარმომადგენლებს ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით აღნიშნული კანონპროექტის ინიციირების მოთხოვნას აპირებდნენ. პოსტს მალევე გამოეხმაურა ანონიმურად მოქმედი გვერდი „პოლიტიკური რენტგენი / Political X-ray" დარეკლამებული პოსტით, რომელშიც ეწერა, რომ „საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებენ“ და ეს ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა. სინამდვილეში, ქვიარ თემის ქორწინების კანონპროექტის ინიციირება თემის წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებს არ მოუთხოვიათ და პოსტებში ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. მსგავსი თემის წინ წამოწევის მიზანი, სავარაუდოდ, ქვიარ თემისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების წინააღმდეგ აგრესიის გაღვივება და ცრუ ნარატივების გავრცელება იყო.
აპრილის ბოლოდან ჰომოფობიურ კამპანიაში პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები, „იმედი” და “POSTV-იც” ჩაერთნენ. მედიასაშუალებებმა ჰომოფობიურ კონტექსტში გააშუქეს კვლევითი ორგანიზაციის, „გელაპის”, გამოკითხვის შედეგები, რომელშიც აშშ-ში ქვიარ თემის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდაზეა საუბარი. პოსტებში მითითებული იყო, რომ 18-დან 25 წლამდე ამერიკელთა 20% თავს ქვიარ თემის წევრად აიდენტიფიცირებს. „იმედის კვირის” სიუჟეტში ქვიარ თემის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა ბავშვებთან გენდერულ იდენტობაზე საუბართან იყო დაკავშირებული. სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ფლორიდის შტატში მოქმედებს კანონი, რომელიც გენდერულ საკითხებზე მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებთან საუბარს კრძალავს. აღნიშნული კვლევის შედეგები გაავრცელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: მედიაჰოლდინგი “კვირა”, Ongo.ge, საინფორმაციო პორტალი "მხარე", საინფორმაციო სააგენტო "info 9", For.ge, Pia.ge. აღსანიშნავია, რომ „იმედისა” და “Pia.ge-ს” ფეისბუქგვერდებს კვლევის შედეგების შესახებ პოსტები დარეკლამებული ჰქონდათ.
აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნებისგან” ფორმალურად გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის”, წევრებიც გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კვლევის მონაცემები თანამედროვე განათლების შედეგია და სახელმწიფო პოლიტიკა ხისტი და პრინციპული უნდა იყოს მსგავსი პროცესების პრევენციისადმი.
პარალელურად, მაისის დასაწყისში, „ანტირუსულ პლატფორმაზე" გამოქვეყნდა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ეწერა, რომ „ქართული ოცნება" „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას გეგმავდა” და „ქვიარ თემი ამასთან დაკავშირებით გაჩუმებას არ აპირებდა“. პოსტი სინამდვილეში, სავარაუდოდ, უმცირესობების მიმართ სიძულვილის გაღვივებასა და ამგვარი განწყობების მქონე მოქალაქეებში მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. პოსტი ირიბად ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებსაც მოიცავდა და საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრების კონტექსტში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე აპელირებდა.
მოგვიანებით „ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ, განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტში კანონპროექტების პაკეტის ინიციირებას გეგმავდა, რომელიც „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასაც” გულისხმობდა. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ პარტიაში მსგავსი კანონპროექტის განხილვა არ იგეგმებოდა, თუმცა ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ "შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი". მდინარაძის განცხადებითვე, „არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ”. ამავე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბუდაპეშტში, ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე (კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია, CPAC), ჰომოფობიური გზავნილები გაავრცელა. მისი განცხადებით, ქართველებს რწმენის, ოჯახისა და ტრადიციების სახით სუპერძალა აქვთ, ამ ძალათა გაერთიანებით კი შესაძლებელია „ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებასთან” დაპირისპირება. ბოროტებად პრემიერმა „ლგბტ პროპაგანდა”, „ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონება” და სხვა მოვლენები წარმოაჩინა.
ივნისის დასაწყისში ჰომოფობიური მოტივით კიდევ ერთი კვლევის შედეგები გავრცელდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ქვიარ თემის წარმომადგენელთა რაოდენობას შეეხებოდა. აღნიშნული კვლევის მიზანი, სავარაუდოდ, ახალგაზრდებში ქვიარ თემის შედარებით მაღალი ხვედრითი წილის „ლგბტ პროპაგანდით” ახსნის პროპაგანდისტული ნარატივების გამყარებას ემსახურებოდა. ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედმა გვერდმა “PrimeNews.Ge-მ” პოსტში აღნიშნულ ინფორმაციას მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის, ფოტოც დაურთო. კვლევას „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, პროპაგანდა ქვიარ თემის რაოდენობის ზრდას იწვევდეს.
აშშ-ის საწინააღმდეგო და ევროსკეპტიკური გზავნილები ჰომოფობიურ კონტექსტში
„გელაპის” კვლევის შედეგებზე საუბრის პარალელურად, მაისის თვეში, „იმედისა” და “POSTV-ის” ფეისბუქგვერდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტში მემარცხენეები ქვიარ თემის გამოფენას მასპინძლობდნენ. ინფორმაციას თან ერთოდა ფოტოები გამოფენიდან. სიახლის გამოქვეყნების ფორმა, მათ შორის, თანდართული ფოტოების შერჩევის სპეციფიკა აჩენს ეჭვს, რომ პოსტებს ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური კონტექსტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ „იმედის” ფეისბუქგვერდზე გამოფენიდან ერთ-ერთი ფოტო დარეკლამებული იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პოსტი აღარ იძებნებოდა. ფოტოები სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებზეც გავრცელდა. მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” წევრის და „ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მიმდინარე გამოფენა „დღევანდელი ევროკავშირის სახეა”.
პრაიდის თვის დაწყებასთან ერთად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებზე ჰომოფობიური განწყობების გაღვივებისთვის განკუთვნილი სიახლეები გამოქვეყნდა. სიახლეები ღიად ჰომოფობიურ გზავნილებს არ მოიცავდა, თუმცა გავრცელების ხასიათისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, აშშ-ისა და დასავლური ქვეყნების დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა. მაგალითად, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებზე გამოქვეყნებული სიახლეები შეეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მიერ ამერიკელებისთვის სიამაყის თვის მილოცვას, წარმომადგენელთა პალატის წევრისა და ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის, მიერ ვაშინგტონში ქვიარ თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას და სხვ. მედიასაშუალებებმა „იმედმა“, „POSTV-მ“ და „Pia.ge-მ“ დაარეკლამეს ჯო ბაიდენის მხარდამჭერი გზავნილი ქვიარ თემისა და ტრანსგენდერი ბავშვების მისამართითაც. „POSTV - ანალიტიკის” ფეისბუქგვერდზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური განწყობების გაღვივების მიზნით გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის გამოსვლიდან ამოჭრილი მცირე ვიდეო.
პარალელურად, ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ვრცელდებოდა კადრები სან-ფრანცისკოში გამართული პრაიდის ღონისძიებიდან. ამასთანავე, პროსახელისუფლებო ექსპერტებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები პრაიდის ჩატარებას დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, მშობლებს შვილების მომავალი აწუხებთ და ეს პროტესტი ღირსეულ გაგრძელებას მიიღებს.
2 ივლისს ტელეკომპანია „იმედის” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა „იმედის კვირის” გადაცემიდან სიუჟეტი სათაურით „პროპაგანდის ეფექტი ესტონეთზე”, რომელიც ესტონეთში ქვიარ ქორწინების ლეგალიზაციას ეხებოდა და ამ მოცემულობას „ლგბტ პროპაგანდის” შედეგად წარმოაჩენდა.
თემურ ჭყონიას, „მაკდონალდსისა” და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მადისკრედიტირებელი კამპანია
12 ივნისს „იმედისა” და “POSTV-ის” ფეისბუქგვერდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „მაკდონალდსის” „ჰეფი მილის” საოჯახო მენიუში საჩუქრად გამოჩნდა წიგნი, რომელშიც ელტონ ჯონის პირად ურთიერთობაზეა მოთხრობილი. ინფორმაცია მალევე გავრცელდა სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებსა და ანონიმურად მოქმედ ფეისბუქგვერდებზე. მედიასაშუალებები ბიზნესმენ თემურ ჭყონიასა და მის შვილს ჰომოფობიურ კონტექსტში „ლგბტ პროპაგანდის” გავრცელებაში სდებდნენ ბრალს. გავრცელებულ პოსტებში ანონიმურად მოქმედი გვერდები აღნიშნავდნენ, რომ ჭყონია ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ასპონსორებს. მალევე მოძრაობის „არ აგარევინებთ” სახელით მოქმედმა გვერდმა თემურ ჭყონიას საწინააღმდეგო ფოტომანიპულაციაც გამოაქვეყნა. პოსტი პოლიტიკური შინაარსის სხვადასხვა ჯგუფში მოძრაობასთან დაკავშირებულმა საეჭვო ანგარიშებმა გაავრცელეს. პოსტების ნაწილი დარეკლამებული იყო.
მედიასაშუალებებმა დისკრედიტაციის მიზნით იმ ჟურნალისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრების ფეისბუქკომენტარებიც გაავრცელეს, რომლებმაც თემურ ჭყონიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ანონიმურად მოქმედმა გვერდებმა კი აღნიშნული პირები ჰომოფობიური, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიეს. გამოცემა „Pia.ge” ასპონსორებდა სხვადასხვა პირის მიერ „მაკდონალდსის” შენობებში ჰომოფობიური შინაარსის სტიკერების გაკვრის შესახებ ინფორმაციასაც.
ჭყონიასა და „მაკდონალდსს" ეროვნულ ღირებულებებთან დაპირისპირებულად მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებიც წარმოაჩენდნენ. ამასთანავე, „ქართული ოცნების” ლიდერებმა, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ, კომპანია „ლგბტ პროპაგანდის” ბავშვებში გავრცელებაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ბრალდება წაუყენა კომპანიას ირაკლი ღარიბაშვილმაც 30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ჰომოფობიური ნიშნით თავდასხმის სამიზნე გახდა სულაკაურის გამომცემლობაც. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს „POSTV“-მა ზღაპრების წიგნის გამო სიუჟეტში გამომცემლობა ბავშვებში „ლგბტ პროპაგანდის” გავრცელებაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება გამომცემლობის წინააღმდეგ მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრებმაც გაავრცელეს.
ივნისის შუა რიცხვებში ფეისბუქზე სხვადასხვა ანგარიშმა გააზიარა ამონარიდი „წითელქუდას” ავტორის, შარლ პეროს, ერთ-ერთი ზღაპრიდან, რომელიც მე-17 საუკუნეში დაიწერა. სულაკაურის გამომცემლობა წიგნის თარგმნის გამო ანგარიშებმა „სიბილწის დანერგვაში” დაადანაშაულეს. მალევე გამომცემლობის მადისკრედიტირებელი სიუჟეტი კიდევ ერთხელ მოამზადა “POSTV-მ” და მას „გარყვნილებისა“ და „ლგბტ პროპაგანდაში” დასდო ბრალი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მივიდა გამომცემლობის ოფისში რამდენიმე პირი და მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები გააჟღერა. გამომცემლობა „ლგბტ პროპაგანდაში” დაადანაშაულა ირაკლი ღარიბაშვილმაც 30 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრაიდის ფესტივალის საწინააღმდეგო გზავნილები
ულტრამემარჯვენე პრორუსულმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ” 8 ივლისს ლისის ტბაზე დაანონსებული პრაიდის ფესტივალის ჩასაშლელად ხალხისა და რესურსების მობილიზება სოციალური მედიის არხების საშუალებით უკვე დაიწყო.
ფესტივალის გამართვას მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა” ღიად უპირისპირდება. ფეისბუქზე მოქმედმა მათთან დაკავშირებულმა მადისკრედიტირებელმა გვერდმა, სახელწოდებით „არ აგარევინებთ”, ჯერ კიდევ პრაიდ კვირეულის დაანონსების შემდეგ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა და ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა. პოსტში ეწერა, რომ „საქართველოში პრაიდი არასდროს ჩატარდება". მოგვიანებით, ამავე შინაარსის პოსტები ვატო შაქარიშვილის ოფიციალურ გვერდთან ერთად აღნიშნულმა გვერდმა ლისის ტბის ტერიტორიაზე პრაიდ ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სამივე პოსტი დარეკლამებულია.
შეჯამება
რუსეთი საქართველოში ქვიარ თემის უფლებების საკითხს დიდი ხანია იყენებს დეზინფორმაციის, პროპაგანდის გასავრცელებლად და ანტიდასავლური ნარატივების გასაღვივებლად. ჰომოფობიურ კამპანიაში მუდმივად ჩართული იყვნენ პროკრემლისტური და ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ბოლო პერიოდში კი ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას მმართველი პარტიის რიგი წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირებიც შეუერთდნენ, რაც პრობლემურია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა, მათ შორის, უმცირესობათა დაცვის მიმართულებით. უმცირ ესობების, მათ შორის, ლგბტ თემის უფლებების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, როგორც ქვეყნის წინაშე, ისე ევროინტეგრაციის პროცესში 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტშიც. ჰომოფობიური გზავნილების წინ წამოწევის შედეგი, შესაძლოა, საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ აგრესიის, ხოლო სტრატეგიული პარტნიორების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივება იყოს. ამ გზაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის შეცვლა, ხოლო სოციალურ მედიაში ღია და ანონიმური ჰომოფობიური შინაარსის კამპანიების შეჩერება.