ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ტყუპების დედის დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია
13 აგვისტოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდები, რომლებიც ნაქირავებ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, ხანძრის დროს მარტო იმყოფებოდნენ. მეზობლების თანახმად, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო გათიშული ჰქონდა. მათი ვარაუდით, მოზარდებს ბინაში სანთელი ენთოთ, რაც შესაძლოა ხანძრის მიზეზი გამხდარიყო. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანთა დედას ფიზიკური შრომა და, ამის გამო, ბავშვების მარტო დატოვება უწევდა ხოლმე. ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ხანძრის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული ბავშვების დედა პოლიციის თანამშრომლებს ეუბნება, რომ მეუღლესთან ერთად თხილზე სამუშაოდ იყო წასული.
მომხდარ ტრაგედიას პროსახელისუფლებო ექსპერტი ნინო ფოჩხუა გამოეხმაურა. მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ რადიკალები ზუგდიდში მომხდარით ხელისუფლების გაშავებას და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდნენ. ფოჩხუა წერდა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემა არ ჰქონია, რადგან ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 1500 ლარს და ბავშვებისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილ დახმარებას იღებდნენ. ამასთანავე, ფოჩხუა წერდა: „ჩემი უახლოესი ადამიანი ცხოვრობს ზუგდიდში, იმ სახლთან ახლოს, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ბავშვები დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად. ადგილობრივებმა კარგად იციან, რას წარმოადგენს ეს ქალბატონი. პოლიციამ ძლივს მიაკვლია ბათუმში და გალეშილი მთვრალი ზუგდიდში წაიყვანა“. თავდაპირველად, ფოჩხუას პოსტი საჯარო იყო, თუმცა, ამ დროისთვის მის საჯარო პროფილზე აღარ იძებნება.
ფოჩხუას პოსტი პროსახელისუფლებო მედიამ, მათ შორის „იმედმა“ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით სიახლე წაიშალა და ვებგვერდზე აღარ იძებნება.
ნინო ფოჩხუას პოსტი გამოქვეყნდა შემდეგ ვებგვერდებზე: postv.media, alia.ge, region,ge, resonancedaily.com, newshub.ge, nsp.ge, kvira.ge, ongo.ge, და hotnews.com.
ნინო ფოჩხუას სტატუსი ფეისბუქზე საინფორმაციო სააგენტოებისა და ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნდა.
პარალელურად, ფეისბუქზე მოქმედი არაავთენტური პროფილებიდან ფოჩხუას სტატუსი განსხვავებული შინაარსის ფეისბუქჯგუფებში კოორდინირებულად გაზიარდა. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქჯგუფებში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების დედის მადისკრედიტირებელი გზავნილების შემცველი პოსტების გავრცელებაში მინიმუმ ხუთი არაავთენტური ანგარიში იყო ჩართული. არაავთენტური ფეისბუქანგარიშები სალომე დანელია, Anna Anna, Tamuna Chokheli, Anano Qiria და Tornike Picxelauri ფოჩხუას სტატუსს ვებგვერდებიდან დროის მოკლე პერიოდში სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში ავრცელებდნენ.
გვერდიდან „POSTV - ახალი ამბები“ პოსტი 9 ჯგუფში გაავრცელა პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ.