„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია, „ექსპერტები“ და ტროლები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (შემდგომში - „სამართლიანი არჩევნები“) წლების განმავლობაში აკვირდება სოციალური მედიის პლატფორმებზე პროპაგანდისტულ კოორდინირებულ კამპანიებს. ამ კუთხით განსაკუთრებით თვალსაჩინოა ანონიმურად მოქმედ აქტორებთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიასაშუალებებისა და ექსპერტად პოზიციონირებადი პირების აქტიურობის მასშტაბები. ეს აქტორები ხშირად არადეკლარირებული, გაუმჭვირვალე რეკლამების, არაავთენტური ანგარიშებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების არხების გამოყენებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და ონლაინ სივრცეში ალტერნატიული რეალობის შექმნას ცდილობენ.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მორიგი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა, რასაც აქციების ძალის გადამეტებით არაერთხელ დაშლა და ათეულობით პირის დაპატიმრება მოყვა. არაერთი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას აქვს ადგილი და სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებს მათი სამაგალითოდ დასჯის მიზნით.
ამ პროცესის პოლიტიკურ სარჩულს განსაკუთრებით თვალსაჩინოს ის გარემოებაც ხდის, რომ „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული აქტორები რეგულარულ დისკრედიტაციულ კამპანიას აწარმოებენ დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში დააპატიმრეს და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს არაერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იმ მოტივით, რომ ისინი არ გამოცხადდნენ კანონის დარღვევით შექმნილ საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომებზე. პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგაც სოციალურ ქსელებში მსგავსი პროპაგანდისტული კოორდინირებული კამპანია წარმოებდა. „სამართლიანი არჩევნები“ ფეისბუქსა და ტიკტოკზე ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე სწორედ ასეთ კამპანიებს დააკვირდა და გამოავლინა მათი მასშტაბი და ტაქტიკები.
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტის დისკრედიტაცია
თბილისისა და ბათუმის სასამართლოებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეების სხდომების გაშუქებისას მედიასაშუალებებმა ბრალდებულთა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დამადასტურებელი არაერთი მასალა გაავრცელეს. ამის შემდეგ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მედიას სასამართლო პროცესების გაშუქება შეუზღუდა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ჟურნალისტებისთვის ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღება აიკრძალა. ამის პარალელურად, მოქალაქეების აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ოპერაციები გააქტიურდა.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საინფორმაციო ოპერაციის სამიზნე პირები, ძირითადად, საკუთარი განაჩენის გამოცხადების დღეს ხდებოდნენ. მას შემდეგ, რაც მოსამართლე პატიმარს დამნაშავედ სცნობდა და სასჯელს მიუსჯიდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები „იმედი“, „POSTV“ და საინფორმაციო სააგენტოები განაჩენის გამართლებას და საკუთარ ფეისბუქგვერდებზე დაკავებულის მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელებას იწყებდნენ. ამის შემდეგ ექსპერტად პოზიციონირებადი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და ანონიმური ანგარიშები აქტიურდებოდნენ, რომლებიც სოციალურ მედიაში იდენტურ გზავნილებს ავრცელებდნენ. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ტაქტიკა გამოიყენეს მათე დევიძის, გიორგი მინდაძის, საბა ჯიქიას და ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც 2025 წლის 12 ივნისს 21 წლის მათე დევიძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელებზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა, „იმედისა“ და “POSTV“-ის ფეისბუქგვერდებზე სამი წუთის ინტერვალით გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პროპაგანდისტული მედიების მტკიცებით დევიძის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული იყო აღბეჭდილი.
აღნიშნული კადრები მალევე გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოების ფეისბუქგვერდებსა და სხვადასხვა შინაარსის ფეისბუქჯგუფებში.
მათე დევიძის დამნაშავედ ცნობას და მისთვის დაკისრებული სასჯელის გამართლებას „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერებს შორის „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლები, ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილიც ცდილობდნენ. მედიაპლატფორმა „რეპორტიორმა“ მათი კომენტარები საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
ფეისბუქსა და ტიკტოკზე მათე დევიძის წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ოპერაციაში ანონიმურად მოქმედი ანგარიშები აქტიურობდნენ. გავრცელებულ პოსტებში გვხვდებოდა იდენტური გზავნილი, რომ მათე დევიძე არა პოლიტპატიმარი, არამედ სამართლიანად დასჯილი მოძალადეა.
დისკრედიტაციის სამიზნე გახდნენ მათე დევიძის და და ბებია, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში მათეს მხარდაჭერას საჯაროდ აფიქსირებდნენ. ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე „ბრძენი კრიტიკოსი“ და „მიხეილ მზეთუნახავი“ გავრცელდა დევიძისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ ბებიის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარის ფრაგმენტი, რომელშიც ის ტირის და ემოციურად საუბრობს, იდენტური გზავნილით „ამათი გაზრდილი რა იქნება წარმოიდგინეთ“ და „ამათი გაზრდილი რა უნდა იყოს“.
2025 წლის 3 ივლისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კიდევ ერთ პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბრალდებული გიორგი მინდაძე “POSTV“-ის ფეისბუქგვერდის სამიზნე განაჩენის გამოცხადებამდე გახდა. თავდაპირველად, პროპაგანდისტული მედიის ფეისბუქგვერდზე მის წინააღმდეგ აქციაზე გადაღებული კადრები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ მინდაძე პიროტექნიკას ისვრის. მას შემდეგ, რაც გალუსტაშვილმა ბრალდებული დამნაშავედ ცნო, იმავე გვერდმა მინდაძის ნასამართლეობის ისტორიის შესახებ პოსტი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ იდენტური გზავნილები ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე პარალელურად ვრცელდებოდა. პროპაგანდისტული მედიასაშუალებების გვერდებზე მინდაძის წინააღმდეგ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ვატო შაქარიშვილის კომენტარი გავრცელდა. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გავრცელებულ განცხადებაში მინდაძე ძალადობრივი აქტის ჩადენაში დაადანაშაულა.
ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გიორგი მინდაძის წინააღმდეგ დასპონსორებული, კოორდინირებული კამპანია მიმდინარეობდა. მინდაძის მადისკრედიტირებელი დამონტაჟებული ვიდეო ერთსა და იმავე დღეს მინიმუმ სამმა ანონიმურად მოქმედმა გვერდმა დაასპონსორა. მათ შორის ორ გვერდს „შიგ ევროპაში“ და ”USAmshoblo” დასპონსორებული პოსტი იდენტური ტექსტის თანხლებით ჰქონდა გამოქვეყნებული. გავრცელებულ პოსტებში გიორგი მინდაძესთან ერთად თავდასხმის სამიზნე იყო მისი დედა, ნანი წულაია. ერთ-ერთმა მადისკრედიტირებელმა ანგარიშმა წულაიას გამაშარჟებელი ვიდეო გაავრცელა აღწერით „მკვლელის დედა“.
„ქართული ოცნების“ სამსახურში მყოფი აქტორების კოორდინირებული კამპანიის კიდევ ერთი სამიზნე 19 წლის საბა ჯიქია გახდა. ჯიქიას საქმის დასკვნითი სხდომა 3 ივლისს იყო ჩანიშნული. ანონიმურად მოქმედ დისკრედიტაციულ გვერდებზე ბრალდებულის საწინააღმდეგო კამპანია სწორედ ამ დროს დაიწყო, თუმცა, განაჩენის გამოცხადების 10 ივლისამდე გადადების შემდეგ მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელება დროებით შეჩერდა. ჯიქიას, რომელსაც ბრალად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის ფეხის დარტყმა ედებოდა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2025 წლის 10 ივლისს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ „იმედისა“ და “POSTV“-ის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნდა ვიდეოკადრები აქციიდან იდენტური შინაარსის აღწერით, რომელშიც ჯიქიას პოლიციელზე „დანით თავდამსხმელად“ წარმოაჩენდნენ. ხაზგასასმელია, რომ საბა ჯიქიას საქმეში დანა არ ფიგურირებს და მას პროკურატურა პოლიციელისთვის ფეხის დარტყმას ედავებოდა. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, აქციაზე გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში გამოჩენილი პრიალა ნივთი, პროპაგანდისტულმა მედიამ დანად წარმოაჩინა. გვერდზე „POSTV - ანალიტიკა“ გამოქვეყნდა ილუსტრაცია, რომელშიც საბა ჯიქია დანით ხელშია ასახული. გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ილუსტრაცია „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირმა, გია აბაშიძემ ფეისბუქჯგუფებში გააზიარა. პროპაგანდისტული მედიის მსგავსად, ანონიმურად მოქმედ მადისკრედიტირებელ გვერდებზე საბა ჯიქიას წინააღმდეგ გავრცელებული პოსტების მთავარი თემა დანა იყო.
2025 წლის 18 ივლისს ფეისბუქგვერდმა „POSTV - ანალიტიკა“ მადისკრედიტირებელი ილუსტრაცია ანრი კვარაცხელიას განაჩენის გამოცხადების შემდეგაც გაავრცელა. სხვა პატიმრების მსგავსად, კვარაცხელიას საწინააღმდეგო კამპანია ანონიმურ ფეისბუქანგარიშებზეც მიმდინარეობდა.
სოციალურ მედიაში დისკრედიტაციის სამიზნე პერიოდულად ის პატიმრებიც ხდებოდნენ, რომელთა საქმეზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს, დაკავებიდან მალევე გახდა დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე. ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გავრცელებულ პოსტებში მას მოძალადეს და უზრდელს უწოდებდნენ, სილის გაწვნას კი „პოლიციელზე თავდასხმად“ წარმოაჩენდნენ.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გავრცელებული მადისკრედიტირებელი პოსტების ნაწილი ჟურნალისტის 38-დღიან შიმშილობას ეხებოდა და პროტესტის უკიდურეს ზომას ამაღლობელის „დიეტად“ და „სპექტაკლად“ წარმოაჩენდა. გარდა ამისა, ჟურნალისტის წინააღმდეგ მისი რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ პოსტებიც გავრცელდა. ანონიმურად მოქმედ ერთ-ერთ ფეისბუქგვერზე „არა ნაცებს - არა დიქატატურას“ ამ თემაზე დარეკლამებული პოსტი გამოქვეყნდა.
დისკრედიტაციის სამიზნე მზია ამაღლობელის მიერ დაფუძნებული მედიასაშუალებები „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთიც“ გახდნენ. ფეისბუქგვერდმა „სინდისისგან თავისუფალი მედია“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წარსულში აქციებს აორგანიზებდა. ამის მტკიცებულებად და ფეისბუქმომხმარებლების შეცდომაში შესაყვანად გვერდმა გაავრცელა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის გაშუქებისას „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ექსპერტად პოზიციონირებადი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პირები და მედიასაშუალებებიც ცდილობდნენ. შესწავლილი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ფეისბუქგვერდებზე ამაღლობელის დისკრედიტაციის მიზნით ე.წ. ექსპერტების მოსაზრებები ვრცელდებოდა. გავრცელებული გზავნილებით ჟურნალისტის ოპოზიციასთან დაკავშირებას ცდილობდნენ. პოსტების ნაწილი ამაღლობელის უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით კონსპირაციებს შეიცავდა. კერძოდ, მზია ამაღლობელს „დიფ სთეითისგან“ დაფინანსების მიღებაში სდებდნენ ბრალს. ამაღლობელის საწინააღმდეგო პოსტების გავრცელებისთვის ყალბი და საეჭვო ანგარიშებიც გამოიყენებოდა. მაგალითად, გვერდზე „შიგ ევროპაში“ გავრცელებული პოსტი ანონიმურმა ფეისბუქპროფილმა „თინა ვასაძე“ ჯგუფებში გააზიარა. აღნიშნული ანგარიში ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდების „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ და “Georgia First NEWS”-ის, ისევე როგორც დისკრედიტაციული გვერდის „შიგ ევროპაში“ პოსტების ჯგუფებში გამავრცელებლად გამოიყენება.
სოციალური მედიის პლატფორმებზე დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე. ამავდროულად, გავრცელებული პოსტების სამიზნე მისი ძმა სანდრო ცხადაძეც იყო. ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ონისეს ბრალს ბავშვებზე ძალადობაში სდებდნენ და ავრცელებდნენ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ სკოლაში ონისე ბავშვებს რუპორით მიმართავს. ცხადაძეების დისკრედიტაციის მიზნით, კონტექსტის მითითების გარეშე, მათი იუმორისტული წარმოდგენებიდან ფრაგმენტები მანიპულაციურად ვრცელდებოდა. ამ ტიპის პოსტებში, ცხადაძეების მიერ იუმორისტული წარმოდგენისას ნათქვამი ფრაზები მათ პოლიტიკურ პოზიციად იყო წარმოჩენილი. მაგალითად, ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში სანდრო ცხადაძის მიერ წარმოთქმული ხუმრობა თერჯოლას ეხებოდა. გვერდმა „აკაცუკები / The Akatsuks“ გაავრცელა დასპონსორებული პოსტი, სადაც კონტექსტის მითითების გარეშე ამტკიცებდნენ, რომ ცხადაძე კუთხეს, რომელშიც გაიზარდა აგდებულად იხსენიებდა და მოსახლეობას შეურაცხყოფდა. რეკლამის მნახველთა დემოგრაფიული მახასიათებლების გაანალიზებით ჩანს, რომ განმთავსებლის მიზნობრივ აუდიტორიას იმერეთის რეგიონში 45 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის წევრი ფეისბუქმომხმარებლები წარმოადგენდნენ.
სანდრო ცხადაძის წინააღმდეგ გავრცელებული პოსტების ნაწილში მას თაღლითობაში და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებდნენ ბრალს. აღნიშნული გზავნილების გამავრცელებელთა კოორდინაციას მოწმობს სხვადასხვა ანონიმური ანგარიშის მიერ დროის მცირე მონაკვეთში იდენტური ტექსტის თანხლებით გამოქვეყნებული პოსტები. აღსანიშნავია, რომ იდენტური კონტენტი ფეისბუქსა და ტიკტოკზე პარალელურად ვრცელდებოდა.
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია
სოციალური მედიის პლატფორმებზე ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული პოლიტიკოსების საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა. გავრცელებული პოსტებით ცდილობდნენ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ხალხის მოთხოვნა იყო და სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა. ტიკტოკის არხმა @avoe.ge გაავრცელა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, რომლის სიუჟეტიც სახალხო სასამართლოზე ოპოზიციონერი ლიდერების გასამართლებას და აღიარებითი ჩვენების მიღებას ეხებოდა. აგრეთვე, გავრცელებული გზავნილებით ამტკიცებდნენ, რომ პოლიტიკოსებმა კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე უარი სიტუაციის გასამწვავებლად თქვეს და განზრახ ციხეში წასვლით დასავლეთს „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის მიზეზი მისცეს. ამ შინაარსის პოსტებით კონსპირაციებსაც ავითარებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციას დავალებად ქვეყნის არევა და ომში მყოფ უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში ჩაყენება ჰქონდა. ტიკტოკზე ანონიმურად მოქმედმა არხმა @trends.ge გაავრცელა ირაკლი კობახიძის კომენტარი, სადაც ის დაკავებულ ოპოზიციონერებს „დიფ სთეითის“ აგენტებს უწოდებდა და მიუთითებდა, რომ პოლიტიკოსები ციხეში მათი „პატრონების“ გადაწყვეტილებით მოხვდნენ.
გავრცელებული პოსტების მიზანი დაკავებულთა დეჰუმანიზება და საზოგადოების მხარდაჭერის შემცირება იყო. ოპოზიციის ლიდერების დაკავების შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა პოსტები, სადაც პატიმარი პოლიტიკოსები ქათმებთან იყვნენ შედარებული.
აღსანიშნავია, რომ, სამოქალაქო აქტივისტების შემთხვევების მსგავსად, პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოსტების გავრცელება სამიზნისთვის განაჩენის გამოტანის პარალელურად აქტიურდებოდა. მას შემდეგ, რაც 2025 წლის 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა, პოლიტიკოსი ოპოზიციის წინააღმდეგ ანონიმურად მოქმედ ფეისბუქანგარიშებზე დისკრედიტაციის სამიზნე გახდა. ოქრუაშვილის დამცინავი პოსტების ნაწილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მის ბრძოლას ეხებოდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის არასერიოზულად წარმოსაჩენად გავრცელებულ ფოტომანიპულაციებში მას ფემინური სტილი ჰქონდა მორგებული.
2025 წლის 22 მაისს პოლიტიკური პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შემდეგ ფეისბუქისა და ტიკტოკის შესწავლილ ანგარიშებზე მისი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. გავრცელებული პოსტები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ჯაფარიძის პასუხისმგებელ პირად წარმოჩენას ემსახურებოდა. ჯაფარიძის მაშარჟებელი პოსტების ნაწილი წარსულში პარტია „გირჩის“ წევრების მიერ საოკუპაციო ზოლთან გამართულ აქცია-პერფორმანსს ეხებოდა. დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული ჯაფარიძის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პროსტიტუციის ლეგალიზების შესახებ. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ გავრცელებული პოსტების ნაწილი ანტიდასავლური შინაარსის იყო. ჯაფარიძეს აგენტს და „სოროსის ლეკვს“ უწოდებდნენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ანონიმურ გვერდებზე ანტიამერიკული შინაარსის გზავნილები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა და ოპოზიციონერის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. პოსტებში უილსონი ანტიქართულ განწყობის ქონაში დაადანაშაულეს.
29 მაისს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ კიდევ ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ, სოციალური მედიის პლატფორმებზე ანონიმურად მოქმედმა აქტორებმა, მელიას დაცინვის მიზნით, ძველი კადრების გავრცელება დაიწყეს. მათ შორის, კონტექსტის მითითების გარეშე გავრცელდა 2021 წელს მელიას მიერ გაკეთებული განცხადების ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც ის ამბობდა „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“. მელიას საწინააღმდეგო კამპანია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა. გავრცელებულ პოსტებში მელიას ხულიგანს უწოდებდნენ, დამცინავი ვიდეოკოლაჟები კი წარსულში მელიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს ასახავდა.
პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ გავრცელებულ პოსტებში პოლიტიკოსებს თაღლითებს უწოდებდნენ.
გამაშარჟებელი ფოტო და ვიდეომანიპულაციები გავრცელდა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ კიდევ ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას და პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის წინააღმდეგაც. 2025 წლის 13 ივნისს ნიკა გვარამია მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საკუთარი სასამართლო პროცესის პარალელურად რუსთავის ციხესთან მივიდა. გვარამიას დისკრედიტაციისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაღებული ფოტოები დამცინავი ტექსტის თანხლებით გავრცელდა. პოლიტიკოსის გარდა, გავრცელებულ პოსტებში დისკრედიტაციის სამიზნე მისი ოჯახის წევრებიც გახდნენ.
2025 წლის 24 ივნისს გიორგი ვაშაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში დააკავეს. ამის შემდეგ ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე პარალელურად გავრცელდა დამცინავი, დამონტაჟებული ვიდეოები, რომლებშიც ვაშაძის დაკავების კადრები იყო ნაჩვენები. გამაშარჟებელ „მიმებში” პოლიტიკოსს ციხისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებითა და სტილით გამოსახავდნენ.
2025 წლის 27 ივნისს პარლამენტის ყოფილი წევრისა და პოლიტიკოსის გივი თარგამაძის დაკავების შემდეგ, მისი დისკრედიტაციისთვის წარსულში გაკეთებული განცხადებიდან მოკლე მონაკვეთი გამოიყენებოდა, რომელიც ანონიმურად მოქმედ გვერდებზე ვირუსულად გავრცელდა. თარგამაძე დაცინვის სამიზნე გარეგნობის გამოც გახდა.