სოციალური მედიის მონიტორინგი

„ქუჩის გამოკითხვა“ — პროპაგანდის ინსტრუმენტი სოციალურ მედიაში

მოკლე შინაარსი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების მიზნით სოციალურ მედიაში კიდევ ერთი შენიღბული ტაქტიკა დაინერგა, აც არჩევნების შემდეგაც აქტიურად გამოიყენებ. ანგარიშების რახდებ“ და „მოდი ვკითხოთ ხალხს“ მეშვეობით, ფეისბუქი, ტიკტოკის და იუთუბი მომხმარებლებს პროპაგანდისტულმა აქტორებმ სასურველი ნარატივებ მოქალაქეებში გავრცელებულ აზრად წარუდგინეს, რისთვისაც მანიპულირებულ „ქუჩის გამოკითხვის“ პასუხები გამოიყენეს. 2025 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, მათ მიერ გავრცელებულმა ვიდეოებმა, ჯამში, 70 მილიონზე მეტი ნახვა და 2.4 მილიონამდე ინტერაქცი დააგროვა. 

 

შესავალი 

სოციალური მედიის პოპულარობის ზრდის პარალელურად, საქართველო სხვადასხვა აქტორი მხრიდან ფართო საინფორმაციო მანიპულაციების სამიზნედ იქცა. ამ პროცესში დაინტერესებულმა მხარეებმა მოქალაქეებზე ზემოქმედების მიზნით პოლიტიკური პროპაგანდის არაერთი ღია თუ შენიღბული ხერხი გამოიყენეს ან შეიმუშავეს. უკანასკნელ პერიოდში ამ ინსტრუმენტებს შორის გამოჩნდა ქუჩის გამოკითხვის მეშვეობით „ხალხის ხმის“ (Vox populi) ილუზიის შექმნაც, რაც წინასწარ შემუშავებული პოლიტიკური გზავნილების საზოგადოებისთვის თავსმოხვევას ისახავს მიზნად. შეხედულებები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრად წარმოჩინდება, მანიპულირებული და სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში მხოლოდ ის პასუხები ხვდება, რაც ამა თუ იმ პროპაგანდისტული ნარატივი ჩარჩოებში ექცევა. ხშირად კითხვებიც კი მანიპულაციურადაა დასმული და, ფაქტობრივად, შეიცავს სასურველ პასუხებსაც. წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია მაგალითები, როგორ იქცა ცრუ „ქუჩის გამოკითხვა“ პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტად, რაც ვნებს ნამდვილ საზოგადოებრივ აზრს და ქმნის ილუზიას, თითქოს მოსახლეობა მხარს უჭერს გარკვეულ იდეას. 

 

რა ხდება? მოდი, ვკითხოთ ხალხს - პოლიტიკური პროპაგანდის შენიღბული აქტორები საქართველოში 

საქართველოში პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით „ხალხის ხმით“ მანიპულირების მეთოდი აქტიურად ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაინერგა. 2023 წლის 19 ნოემბერს ფეისბუქზე შეიქმნა ქუჩის გამოკითხვის პასუხების გამავრცელებელი პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური გვერდი - „რახდება“, რომელმაც პლატფორმაზე ვიდეოების განთავსება 2024 წლის 5 თებერვლიდან დაიწყო. პარალელურად, იმავე დღიდან გვერდის მფლობელებმა ვიდეოები განათავსეს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზეც - ტიკტოკსა და იუთუბზე. 2025 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, „რახდებას“ ქსელმა ფეისბუქზე 8 მილიონზე მეტი ნახვა (მხოლოდ პოსტის სახით გამოქვეყნებულ ვიდეოებზე, რომლებშიც არ შედის მოკლემეტრაჟიანი ვიდეო - ე.წ. „რილსი”) და  84 ათასამდე რეაქცია, კომენტარი და გაზიარება მოაგროვა. მრავალჯერ უფრო ფართო გავრცელება ჰპოვა ქსელმა ტიკტოკზე, სადაც იმავე პერიოდში არხმა 63 მილიონამდე ნახვასა და 2.3 მილიონამდე ინტერაქციას მიაღწია. 

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტიკტოკზე იდენტური ტაქტიკით მოქმედი კიდევ ერთი არხი - „მოდი ვკითხოთ ხალხს“ შეიქმნა, თუმცა მისი კონტენტის გავრცელების მასშტაბი შედარებით მცირეა. არხზე მიმდინარე წლის 26 აპრილამდე განთავსებული 26 ვიდეოს ნახვების რაოდენობამ 1.3 მილიონი, ხოლო ჯამურმა ინტერაქციამ 31 ათასი შეადგინა.  

„ქუჩის გამოკითხვის“ ტაქტიკით მოქმედი არხების აქტივობა და ინტერაქცია ტიკტოკზე (2025 წლის 26 აპრილის მდგომარეობით)

„ქუჩის გამოკითხვის“ ტაქტიკით მოქმედი გვერდის აქტივობა და ინტერაქცია ფეისბუქზე (2025 წლის 26 აპრილის მდგომარეობით)

„ქუჩის გამოკითხვის“ ტაქტიკით მოქმედი არხის აქტივობა და ვიდეონახვების რაოდენობა იუთუბზე (2025 წლის 26 აპრილის მდგომარეობით) 

არაპოლიტიკური კონტენტი, როგორც შენიღბვის ერთ-ერთი საშუალება და შერჩევითი რეკლამირების მეთოდი

აუდიტორიის მოზიდვისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, „რახდებას“ ადმინისტრატორებმა სოციალურ მედიაში პირველად ვიდეოები არაპოლიტიკურ საკითხებზე განათავსეს. მაგალითად, ამგვარ ვიდეოებში ქუჩის გამვლელებს სთხოვდნენ, მოეყოლათ ერთი ანეკდოტი ან ეკითხებოდნენ, თუ რას ეტყოდნენ ყოფილ შეყვარებულს. თუმცა, მოგვიანებით გვერდზე გამოჩნდა ვიდეოები, რომლებშიც დასმული იყო შეკითხვა, „უნდა აიკრძალოს თუ არა LGBT პროპაგანდა“, „არის თუ არა ამერიკა საქართველოს ნამდვილი მეგობარი“, აგრეთვე, რას ფიქრობდნენ რესპონდენტები სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკური პარტიის შესახებ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ „რახდებასგან“ განსხვავებით, ტიკტოკის არხზე „მოდი ვკითხოთ ხალხს“, ძირითადად, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ამსახველი მასალა თავსდება. 

ფეისბუქის პლატფორმაზე გამოჩენიდან „რახდებას“ გვერდზე პოსტების განთავსების ტაქტიკა უცვლელია. ყოველ სამ-ოთხ პოსტში ერთი პოლიტიკურ საკითხს ეხება და ისინი მონაცვლეობით ქვეყნდება. როგორც წესი, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ საკითხზე დასმულ ყოველ კითხვას ერთი ვიდეოპოსტი და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, ე.წ. „რილსი“, ეძღვნება. ამ უკანასკნელის რიცხვი კი გვერდზე 2-დან 10-მდე მერყეობს. პოლიტიკური და არაპოლიტიკური ვიდეოების მონაცვლეობის ტენდენცია ახასიათებს „რახდებას“ არხებს ტიკტოკსა და იუთუბზეც, სადაც ერთსა და იმავე კითხვაზე გაცემული პასუხები ათამდე ვიდეოშია თავმოყრილი. 

არაპოლიტიკური შინაარსის ვიდეოების განთავსება გვერდის/არხის რეალური ამოცანის დაფარვას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქსელის ფეისბუქგვერდზე განთავსებული ყველა სახის ვიდეო რეკლამირებული იყო, მოგვიანებით კი, როდესაც გვერდმა გარკვეული ოდენობის აუდიტორიის მოგროვება და ყურადღების მიპყრობა შეძლო, დასპონსორებული იქნა მხოლოდ ის ვიდეოები, რომლებიც პოლიტიკური პროპაგანდის შინაარსს ატარებდა. როგორც ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩანს, დასპონსორებულ კონტენტში, ძირითადად, დასმულია კითხვები, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას ემსახურება (მათ შორის, 2025 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკაში „რახდებას“ ფეისბუქგვერდზე განთავსებული 50 პოლიტიკური რეკლამა იძებნება). არაპოლიტიკურ, ხშირად აბსურდულ, შეკითხვებზე რესპონდენტთა პასუხები კი პლატფორმაზე თითქმის ყოველთვის რეკლამირების გარეშე თავსდება. 

დასპონსორებულ და დაუსპონსორებელ ვიდეოებში დასმული კითხვები „რახდებას“ ფეისბუქგვერდზე

ვიდეოების გავრცელებისა და გამოხმაურების მასშტაბი შინაარსის მიხედვით  

ფეისბუქზე პოლიტიკური შინაარსის მქონე პოსტების რეკლამირება მისი გავრცელებისა და მომხმარებელთა გამოხმაურების დიდ მასშტაბში აისახა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისა და სხვა საკითხების შესახებ ვიდეოები „რახდებას“ ფეისბუქგვერდზე თითქმის თანაბარი რაოდენობით განთავსდა, ინტერაქციის ჯამურმა რაოდენობამ არაპოლიტიკური შინაარსის მქონე პოსტებზე - 24 452,  პოლიტიკურზე კი 59 201 შეადგინა. საშუალოდ, პოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებულმა ყოველმა ვიდეომ 2.1-ჯერ მეტი რეაქცია, 1.6-ჯერ მეტი კომენტარი და 2.6-ჯერ მეტი გაზიარება დააგროვა, ვიდრე გვერდზე არაპოლიტიკურ საკითხებზე განთავსებულმა ვიდეომ. ამავდროულად, არაპოლიტიკურ ვიდეოპოსტებთან შედარებით, თითქმის 1 მილიონით მეტი ნახვა დააგროვა იმ ვიდეოებმა, რომლებშიც დასმული კითხვები პოლიტიკას უკავშირდებოდა. 

ვიდეოების გავრცელება და ინტერაქცია შინაარსის მიხედვით „რახდებას“ ფეისბუქგვერდზე 

ფეისბუქისგან განსხვავებით, ტიკტოკზე, სადაც რეკლამების განთავსება შესაძლებელი არ არის, მეტად პოპულარული „რახდებას“ არაპოლიტიკური შინაარსის მქონე კონტენტი აღმოჩნდა. საშუალოდ, ტიკტოკზე განთავსებული ყოველი ვიდეო, რომელიც არაპოლიტიკურ თემაზე დასმულ კითხვას ეხებოდა, 1.7-ჯერ მაღალი ინტერაქციით ხასიათდებოდა, ვიდრე პოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებული ვიდეო. მათ შორის, არაპოლიტიკური ვიდეოს მოწონებების რიცხვი 1.6-ჯერ აღემატებოდა პოლიტიკურისას, ხოლო მოწონებების რაოდენობა - 2.2-ჯერ. ამასთან, სხვა სახის ინტერაქციისგან განსხვავებით, საშუალოდ, ტიკტოკის მომხმარებლები კომენტარებს უფრო ხშირად პოლიტიკური შინაარსის მქონე ვიდეოებზე წერდნენ. საშუალო ნახვების რაოდენობა კი არაპოლიტიკური თემის ამსახველ ვიდეოებზე 1.5-ჯერ მაღალ მაჩვენებელს გაუტოლდა, ვიდრე პოლიტიკური საკითხისადმი მიძღვნილი ვიდეოების შემთხვევაში. ზოგიერთი ცალკეული არაპოლიტიკური შინაარსის მქონე ვიდეოს ნახვამ მილიონს გადააჭარბა. სავარაუდოდ, „რახდებას“ არაპოლიტიკური შინაარსის მქონე ვიდეოების პოპულარობამ გაზარდა პროპაგანდისტული ვიდეოების გავრცელების მასშტაბიც, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის 26 აპრილის მდგომარეობით, ეს უკანასკნელი 547 ათასზე მეტი ინტერაქციითა და 16 მილიონზე მეტი ნახვით გამოირჩა. 

ვიდეოების გავრცელება და ინტერაქცია შინაარსის მიხედვით „რახდებას“ ტიკტოკის არხზე

რესპონდენტთა პასუხების ფილტრაცია 

გამოქვეყნებულ ვიდეოებში არაპოლიტიკურ კითხვებზე რესპონდენტთა პასუხები ხშირად მრავალფეროვანია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოს გამავრცელებლები შინაარსის მიხედვით პასუხების ფილტრაციას ნაკლებად მიმართავდნენ. საპირისპირო ტენდენცია ვლინდება პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვების დასმისას. სოციალურ მედიაში პოლიტიკის შესახებ დასმული კითხვების ამსახველ ვიდეოში განწყობები ერთფეროვანია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მასში მხოლოდ ის პასუხები მოხვდა, რომლებიც პროპაგანდისტული ნარატივის ჩარჩოებში ექცეოდა. საილუსტრაციოდ, ქვემოთ წარმოდგენილია წინასაარჩევნოდ „რახდებას“ მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოს ტრანსკრიპტი, რომელშიც გამოკითხულმა 10-ივე რესპონდენტმა ნეგატიურად დაახასიათა სალომე ზურაბიშვილი და მის მიერ შექმნილი ოპოზიციური ერთობა.  


ინტერვიუერის შესავალი: სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას საარჩევნოდ ერთიანობა შესთავაზა. დოკუმენტს უკვე ხელი ცხრა პარტიამ მოაწერა. საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი. ანდობს თუ არა ქვეყნის ბედს კოლექტიურ ნაცმოძრაობას სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით.

კითხვა რესპონდენტ 1-ს: როგორ შეაფასებთ ახალ ოპოზიციურ ერთობას ზურაბიშვილის მეთაურობით? 

რესპონდენტი 1: ძალიან ცუდად, საზიზღრები არიან. 

კითხვა რესპონდენტ 2-ს: რას იტყოდით ახალ ოპოზიციურ ერთობაზე ზურაბიშვილის მეთაურობით? 

რესპონდენტი 2: მაგის დედა [გინება]. 

რესპოდენტი 3: სამარცხვინოა. რა უნდა ვთქვა, სამარცხვინო ამბავი არის. ზურაბიშვილი რომ გამოდის, ესე იგი... რა ვიცი, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის სამარცხვინო. ერთადერთი მინდა, დავამატო რა, იცით? ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილს, აი, უფლება არ აქვს, ან შეიწყალოს, ან ილაპარაკოს რამე დადებითი სააკაშვილის მიმართ. სააკაშვილმა რომ დააქცია ქვეყანა, ეს ყველამ იცის, ხომ? რა გააკეთა? მთელი ახალგაზრდობა ციხეებში ჰყავდა ჩაყრილი, ასე ვთქვათ. მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ ასე გამოდის და ახლა სააკაშვილის მოსვლაზე ლაპარაკი და ოპოზიცია, რომელიც არის მის გარშემო რომელიც ტრიალებს, მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიცია არ არის. 

კითხვა რესპონდენტ 4-ს: როგორ შეაფასებთ ახალ ოპოზიციურ ერთობას ზურაბიშვილის მეთაურობით? 

რესპონდენტი 4: არაფრის მომტანია, ზუსტად ვიცი. ვიცი, რას წარმოადგენს ქალბატონი სალომე, ვიცი ეს ხალხი, რომელიც შეიკრიბა. მათ არაფერი არ აერთიანებთ, გარდა იმისა, რომ უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი ხერხით. მათთვის ყველაფერი მისაღებია. მე წლების განმავლობაში ვიცნობ მათ. ასე რომ ეს არაფერს არ მოიტანს.  

რესპონდენტი 5: ოპოზიცია დღეს არის ყველაზე, აი, როგორ გითხრათ, იცით, არასაიმედო და მაპატიეთ და გათახსირებული ხალხი. არანაირად არ ვენდობი ოპოზიციას. მე ყველანაირად ვენდობი „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში. იმიტომ, რომ მაგან ქვეყანა გადაარჩინა და თუ ჩვენ ახლა მშვიდობითა ვართ აქა, ეგ არის ამ ჩვენი მთავრობის და დღევანდელი, ჩვენი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დამსახურება, დღეს რომ ჩვენ ვართ მშვიდობით და ვართ ახლა კარგად და დავდივართ და თავზე ბომბები არ გვცვივა.  

კითხვა რესპონდენტ 6-ს: რას იტყოდით ახალ ოპოზიციურ ერთობაზე ზურაბიშვილის მეთაურობით? 

რესპონდენტი 6: სისულელეა. 

რესპონდენტი 7: მე პირადად ამ ერთობის მომხრე არ ვარ და მიმაჩნია, რომ არასწორი ქმედებაა ეს ერთობა ამ მომენტისთვის.  

კითხვა რესპონდენტ 8-ს: რას იტყოდით ახალ ოპოზიციურ ერთობაზე ზურაბიშვილის მეთაურობით? 

რესპონდენტი 8: ცუდს ყველაფერს. 

კითხვა რესპონდენტ 9-ს: რას იტყოდით ახალ ოპოზიციურ ერთობაზე ზურაბიშვილის მეთაურობით? 

რესპონდენტი 9: არაფერს კარგს. 

რესპონდენტი 10: სალომე სუპერმენია ახლა და უნდა გადაგვარჩინოს [ცინიკური ტონით].


 

პროპაგანდისტული გზავნილების ფაქტებად წარმოჩენა დასმულ კითხვებში  

გამოქვეყნებულ ვიდეოებში ხშირად კითხვები იმგვარადაა დასმული ან გამოყენებულია ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც ამა თუ იმ მცდარ პოლიტიკურ შეფასებას ფაქტობრივ გარემოებად/მოცემულობად წარმოაჩენს. მაგალითად, „რახდებას“ გვერდსა და ანგარიშებზე განთავსებული ერთ-ერთი „ქუჩის გამოკითხვის“ ფარგლებში რესპონდენტებს დაესვათ კითხვა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ევროპა უკრაინაში მშვიდობის დამყარებას; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა გზავნილების მსგავსად, რესპონდენტებისადმი დასმულ ერთ-ერთ კითხვაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ („ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად ასე აღწერენ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ძირითად ოპოზიციურ გაერთიანებებს, რითაც ამ უკანასკნელებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებენ) იყვნენ მოხსენიებული („რა მოხდება თუ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობა დაბრუნდება?“); არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მიმართ პროტესტი გამოცხადებული იყო, როგორც „გამჭვირვალობის კანონის მიმართ წინააღმდეგობა“; ასევე, რესპონდენტებს ჰკითხეს, რატომ არ აქვს ოპოზიციას გეგმა და სხვ. 

 

სასურველი ნარატივების აქტუალიზება და მოქალაქეთა ნების გადაფასების მცდელობა  

ცრუ „ქუჩის გამოკითხვის“ ტაქტიკა ზოგჯერ დაინტერესებული მხარის მიერ გარკვეული საკითხის ხელოვნურად აქტუალიზებისთვის გამოიყენება. ამასთან ერთად, მისი მიზანია, გადააფასოს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის არჩევანიც, რაც დადასტურებულია საზოგადოებრივი აზრის არაერთი სანდო კვლევით. ამგვარ მიმართულებებს შორისაა აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ეჭვქვეშ დაყენება, ნატოსა და ნეიტრალიტეტს შორის არჩევანის დასმა, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდის აკრძალვა საქართველოში, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ა.შ. 

გავრცელებულ ვიდეოებში პასუხები ისეა წარმოდგენილი, რომ მათ მნახველს შეექმნას ილუზია, რომ იგი საზოგადოების ერთიან აზრს ან უმრავლესობის, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ხედვას ასახავს. მაგალითად, კითხვაზე, არის თუ არა ამერიკა საქართველოს ნამდვილი მეგობარი, „რახდებას“ ვიდეოებში წარმოდგენილი თითქმის ყველა რესპონდენტი უარყოფით პასუხს სცემდა, ავლენდა მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ ან იჩენდა სკეპტიციზმს ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრობასთან დაკავშირებით. მსგავსად, ნატოსა და ნეიტრალიტეტს შორის არჩევანის შეთავაზებისას, გავრცელებულ ვიდეოებში ასევე რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა არჩევანს ნეიტრალიტეტზე აჩერებდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამავე ვიდეოებში ინტერვიუერის მიერ ნეიტრალიტეტი წარმოჩენილი იყო, როგორც ეფექტური გზა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. 

 

დასკვნა 

“Vox populi”-ის პროპაგანდისტული გამოყენებისას განზრახ ხდება გარკვეული ნარატივის საზოგადოებრივ აზრად წარმოჩენა, რისთვისაც მიმართავენ შერჩევით მიდგომასა (Cherry picking) და ქუჩის ინტერვიუების მანიპულაციას: პროპაგანდისტები ირჩევენ მხოლოდ იმ ინდივიდუალურ გამონათქვამებს, პასუხებს, კომენტარებს, რომლებიც მათ ნარატივს შეესაბამება და უგულებელყოფენ ალტერნატიულ შეხედულებებს. შესაძლოა, სპეციალურად გადაიღონ ინტერვიუები მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ ნარატივს მხარს უჭერენ ან მოგვიანებით ვიდეომონტაჟისას ამოარჩიონ მხოლოდ სასურველი პასუხები.  

კონტენტის მომზადების შემდეგ მის გასავრცელებლად ადგილი აქვს კოორდინირებულ მოქმედებას სოციალურ მედიაში: ფეისბუქზე, ტიკტოკსა თუ იუთუბზე მასობრივად ვრცელდება ერთი და იგივე გზავნილი ერთზე მეტი (მეტწილად არაავთენტური) ანგარიშის მეშვეობით, ხშირად რეკლამირების ტექნიკის გამოყენებით, რათა შეიქმნას ილუზია, რომ „ხალხის ხმა“ ამ ნარატივს უჭერს მხარს. შედეგად, იქმნება ცრუ კონსენსუსის ეფექტი –სხვადასხვა გზით ფართოდ გაშუქებული ერთი კონკრეტული შეხედულება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის არის დომინანტური საზოგადოებრივი აზრი, მაშინ როცა, რეალურად, შესაძლოა, უმცირესობის პოზიცია იყოს. ამ ყველაფრის გრძელვადიანი შედეგს შეიძლება, წარმოადგენდეს ადამიანების დაშინება ან პროპაგანდით ისე დამუშავება, რომ მათ საჯაროდ აღარ გამოთქვან ალტერნატიული მოსაზრებები, რაც გაამყარებს ილუზიას იმის შესახებ, რომ ერთი კონკრეტული შეხედულებაა საზოგადოებაში მიღებული.  

 


“Vox populi” არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გააზრებული და მიზანმიმართული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა იქცეს პროპაგანდის ეფექტურ საშუალებად. იმისთვის, რომ არ გავხდეთ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მსხვერპლი, საჭიროა კრიტიკული მიდგომა. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ინფორმაციის წყარო – ვინ ავრცელებს მას? რამდენად ობიექტურია? უნდა გვახსოვდეს, რომ ვიყოთ სკეპტიკურები „საერთო აზრის“ მიმართ – ხშირად ის, რაც „ყველას აზრად“ წარმოგვიდგინეს, სინამდვილეში მართული ნარატივია... და ყველაზე მთავარი, არცერთი ქუჩის გამოკითხვა, თუნდაც ის ჩატარებული იყოს მიუკერძოებელი მხარის მიერ, არ არის მთლიანი საზოგადოების მიმართ წარმომადგენლობითი, არ იძლევა მასზე განზოგადების შესაძლებლობას და გაცემული პასუხები მხოლოდ ვიდეოში წარმოდგენილი რესპონდენტების მოსაზრებებსა და განწყობებს ასახავს.