რუსული პროპაგანდის ქართულენოვანი საინფორმაციო ფრონტი ტელეგრამზე
ავტორი: ეკატერინე ჯანიაშვილი
რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და ცხელი ომის გაჩაღების პარალელურად, აქტიურ საინფორმაციო ომს სოციალურ მედიაშიც აწარმოებს. პრორუსული პროპაგანდის გააქტიურება შეინიშნება საქართველოშიც, განსაკუთრებით ტელეგრამზე, რომლის გამოყენებითაც ომის შესახებ სიახლეები ყოველწუთიერად ვრცელდება. მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველაზე პოპულარულმა სოციალური მედიის პლატფორმამ, ფეისბუქმა, დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, რადიკალური, ძალადობრივი ჯგუფების მოქმედება რამდენჯერმე შეზღუდა, ისინი საგრძნობლად გააქტიურდნენ ტელეგრამსა და ტიკტოკზე[1], რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ მათი ახალი ალტერნატივა გახდა. რადიკალურმა ჯგუფებმა ტელეგრამი პირველად აქტიურად 2021 წლის 2-5 ივლისის ძალადობრივი პროტესტის დასაორგანიზებლად გამოიყენეს და აქტიურად მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს მათ ტელეგრამ არხებზე გაწევრებისკენ. რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად, ტელეგრამზე, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ქართულენოვანი არხები ოპერირებენ, რომლებიც პრორუსულ, ანტიდასავლურ და უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ. აქტიური არხების ნაწილი „ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული.
„სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა პრორუსული აქტორების მიერ ტელეგრამზე გამოყენებულ ტაქტიკასა და გავრცელებულ გზავნილებს. მასალაში გაანალიზებულია არხების მთავარი გზავნილები მარტის მეორე ნახევარსა და აპრილის თვეში, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად.
ტელეგრამზე მოქმედი პრორუსული არხები
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შესახებ ტელეგრამზე 9 არხი აქტიურობს [იხ. დანართი N1]. მათი გამომწერების საერთო რაოდენობაა 39 835, რომელთაგანაც დაახლოებით 81% „ალტ-ინფოს“ ორ არხზე - „Alt-Info • ალტ-ინფო“ „Alt-Info News-ზე“ მოდის. „ალტ-ინფოსთან“ ღიად აფილირებული არხია „TV კონსერვატორი“, „მსოფლიო პოლიტიკამ“ კი „ალტ-ინფოს“ შესახებ პოზიტიური გზავნილები გაავრცელა. პრორუსული ჯგუფის ძირითად გვერდზე შეინიშნება გამომწერების მომატების არასტანდარტული ტენდენცია, რაც გამომწერების ხელოვნურად მოზიდვასა და ხელოვნურად მაღალი ინტერაქციის შექმნის მცდელობაზე შეიძლება მიუთითებდეს. კერძოდ, 2022 წლის 9 მაისს „Alt-Info News-ს“ ერთ დღეში 14 712 გამომწერი მოემატა, როცა ამავე თვის სხვა დღეებში გამომწერების მატება, ძირითადად, 0 იყო. ამასთან, „Alt-Info • ალტ-ინფოს“ 5 მაისს 4 352, 6 მაისს კი 3 830 გამომწერი მოემატა, როცა სხვა დღეებში ყველაზე მეტი მატება 22 იყო. ასევე, მაგალითად, „ალტ-ინფოს“ არხზე 5 მაისს გამომწერები საათობრივად ემატებოდა, მაგალითად, ღამის 2-სა და 3 საათზე, დანარჩენ საათებში აქტივობა კი მცირე ან საერთოდ არ იყო.
*გამომწერების მატება არხებზე „Alt-info News“ და „Alt-Info • ალტ-ინფო“ მაისის თვეში. წყარო: Tgstat.com
*გამომწერების მატება არხზე „Alt-Info • ალტ-ინფო“ 5 და 6 მაისს, საათობრივად. წყარო: Tgstat.com.
მათთან ერთად, ტელეგრამზე ოპერირებს ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ბექა ვარდოსანიძის, მიერ მართული არხი „BeqaNews“ და ალექსანდრე ფალავანდიშვილთან დაკავშირებული არხი „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“.
„სამართლიანი არჩევნები“ სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტების, Tgstat.com-ისა და Popsters.com-ის საშუალებით დააკვირდა ტელეგრამ არხებს. მასალაში გამოყენებული ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები, რომლებიც მარტის ბოლოსა და აპრილის თვის პერიოდს მოიცავს, მონიტორინგის ინსტრუმენტების საშუალებითაა შეგროვებული. რაოდენობრივი ინფორმაცია მოიცავს არხების სტატისტიკას მათი შექმნის დღიდან და შეგროვებულია Tgstat.com-ის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის ინსტრუმენტის მიხედვით, არხები ერთმანეთთანაც არიან დაკავშირებული. ცალკეული არხები პოსტებში ერთმანეთს მოიხსენიებენ ან ერთმანეთის პოსტებს აზიარებენ [იხ. დანართი N2].
წყარო: Tgstat.com.
უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილები
„ალტ-ინფოსა“ და ბექა ვარდოსანიძის ტელეგრამ არხებზე უკრაინის არმიის ჯარისკაცებს ძალადობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ. მათ შორის იყო ბრალდებები უკრაინული თავდაცვის ძალების მიერ ტაძარში შეჭრასა და მღვდლის გატაცებასთან, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურებასთან, რუსი სამხედროების წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სროლასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება აზოვის ბატალიონზე, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნასა და დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ტელეგრამარხები ცდილობდნენ, უკრაინული არმია მოუმზადებლად წარმოეჩინათ და აშუქებდნენ უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარების, ჩავარდნის ან საბრძოლო დანაყოფების განადგურების შესახებ ინფორმაციას.
წყარო: „Alt-Info • ალტ-ინფო“, ტელეგრამი.
ტელეგრამ არხებზე გვხვდებოდა უკრაინის მთავრობის, მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პოსტები. 3 აპრილს „BeqaNews-ზე“ გამოქვეყნდა „kvira.ge-ს“ მასალა, რომელშიც ზელენსკის ბრალი ედებოდა, თითქოს რუსეთის ფედერაციასთან ომის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა ეს მას არ სურდა. „ალტ-ინფოს“ არხზე „TV კონსერვატორი“ გავრცელდა სტატია, რომელშიც ზელენსკი მშვიდობის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იყო წარმოჩენილი.
ბექა ვარდოსანიძემ ტელეგრამ არხზე გაავრცელა გაყალბებული პროპაგანდისტული ვიდეოც, რომელშიც ზელენსკი ნარკომომხმარებლობაშია დადანაშაულებული. „მითების დეტექტორის“ მასალის მიხედვით, ზელენსკისა და მასკის საუბრის ამსახველ ვიდეოში კოკაინი და საბანკო ბარათი პროგრამულადაა დამატებული.
„ალტ-ინფო“ საკუთარი ტელეგრამ არხების საშუალებით უკრაინის მთავრობის მადისკრედიტირებელ გზავნილებს ავრცელებდა. კერძოდ, ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს, რომ თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ იცოდნენ, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია არ განახორციელეს. ტელეგრამ არხები „BeqaNews“, „TV კონსერვატორი“ და „ Alt-Info News” ცდილობდნენ ბუჩის ტრაგედიის ეჭვქვეშ დაყენებას და ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დასავლელი ლიდერები მომხდარის უკრაინული ვერსიის სანდოობაზე კითხვებს სვამდნენ. ბექა ვარდოსანიძე საკუთარ ტელეგრამ არხზე წერდა, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს.
ტელეგრამზე ქვეყნდებოდა უკრაინელი ერის საწინააღმდეგო გზავნილებიც. კერძოდ, არხები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, „მსოფლიო პოლიტიკა“, და „TV კონსერვატორი“ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ევროპაში ჩასულ უკრაინელებს ადგილობრივები უპირისპირდებიან და ნაცისტებს უწოდებენ. „ალტ-ინფოს“ არხებზე ვრცელდებოდა უკრაინელი ადგილობრივების მიერ ხალხის მიმართ ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრებიც.
წყარო: „TV კონსერვატორი“, ტელეგრამი. წყარო: „მსოფლიო პოლიტიკა“, ტელეგრამი.
ანტიდასავლური გზავნილები
ტელეგრამ არხები ავრცელებდნენ ნატოს, აშშ-ის საწინააღმდეგო და ევროსკეპტიკურ გზავნილებს. „ალტ-ინფოს“ არხზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის დღის წესრიგში არ დგას და ნატო არ არის მზად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, ტელეგრამ არხებზე „️სინათლის ძალა / Power Of Light! ⚡”, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „BeqaNews“ ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ დასავლეთის და აშშ-ის ინტერესებში შედის უკრაინის ომის ხანგრძლივად გაგრძელება და სწორედ ამიტომ აწვდიან უკრაინას იარაღს, თუმცა საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ აპირებენ.
წყარო: „BeqaNews“, ტელეგრამი.
ტელეგრამ არხი „მსოფლიო პოლიტიკა“ ევროპელებს ადანაშაულებდა რუსების მიმართ ქსენოფობიასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
პრორუსული გზავნილები
უკრაინასა და დასავლეთთან დაპირისპირების პარალელურად, ტელეგრამ არხებზე პრორუსული გზავნილები და სიახლეები ვრცელდებოდა. „ალტ-ინფო“ ტელეგრამ არხის მომხმარებლებს აწვდიდა ინფორმაციას რუსული მხარის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დერეფნებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ. ამასთან, ქვეყნდებოდა პოსტები, რომელთა მიზანი რუსული ჯარის საბრძოლო უპირატესობის წარმოჩენა იყო.
ტელეგრამ არხები რუსული არმიის მოქმედების ჰუმანურად წარმოჩენასაც ისახავდნენ მიზნად. მაგალითად, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემთხვევითობის ბრალია და რუსეთი მიზანმიმართულად მხოლოდ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს ბომბავს.
წყარო: „Alt-Info • ალტ-ინფო“, ტელეგრამი. წყარო: „TV კონსერვატორი“, ტელეგრამი.
არხების ნაწილი რუსეთთან დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზეც საუბრობდა. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებაზე“ გამოქვეყნდა პოსტი რუსეთში ჩასვლისა და მათთან მოლაპარაკების.
შესახებ ცხინვალის შეერთების საფრთხის საბაბით. პოსტში ეწერა, რომ თუ რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოს გაძლიერება მათი დასუსტების წინაპირობაა, შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა და ერი განადგურდეს. არხი „მსოფლიო პოლიტიკა“ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებასა და უვიზო მიმოსვლის გახსნაზე წერდა.
არხზე „TV კონსერვატორი“ გამოქვეყნდა რუსული არხიდან „МИГ” გაზიარებული სიუჟეტი „ალტ-ინფოს“ შესახებ. პოსტში ეწერა, რომ როგორც აღმოჩნდა, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც არამხოლოდ რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობასა და კარგ მეზობლობას უჭერენ მხარს, არამედ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატოში შესვლას.
ამასთან, „თავისუფალ არხზე“ გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ქართველ ხალხს რუსი ტურისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებდნენ. აღნიშნული არხი რუსეთში „მაკდონალდსის“ მუშაობის განახლების შესახებ აქვეყნებდა ინფორმაციას.
ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილები
გარე პოლიტიკის პარალელურად, ბექა ვარდოსანიძისა და „ალტ-ინფოს“ ტელეგრამ არხებზე აქტუალური იყო შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი. ბექა ვარდოსანიძე აშარჟებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს, მისი უკრაინაში ყოფნის პარალელურად. „მსოფლიო პოლიტიკა“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებდა. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა არხმა, „TV კონსერვატორმა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი რუსების წამებასა და დახოცვაში დაადანაშაულა.
წყარო: „BeqaNews“, ტელეგრამი. წყარო: „TV კონსერვატორი“, ტელეგრამი.
„ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები, ასევე, სხვა პრორუსი აქტორები ავრცელებენ ანტიდასავლურ, პრორუსულ და ანტიუკრაინულ გზავნილებს და ამით საზოგადოებაში ღირებულებითი პოლარიზაციის გამწვავებას ცდილობენ.
საქართველოში ტელეგრამზე პრორუსი აქტორების გაძლიერებასთან ერთად, მათი დაკვირვების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გამჭვირვალობის პრობლემა. არსებული მონიტორინგის ინსტრუმენტები ნაკლებად ეფექტიანია ახალი არხების ძებნისა და აღმოჩენის კუთხით. ამასთან, გამოწვევად რჩება „ალტ-ინფოს“ მიერ გამომწერების, სავარაუდოდ, ხელოვნურად მოზიდვა.
ამის ფონზე, მნიშვნელოვანია ტელეგრამზე პრორუსი აქტორების მოქმედების, როგორც საქართველოში რუსეთის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილის, მასშტაბისა და შედეგების გაანალიზება სახელმწიფო უსაფრთხოების კონტექსტში.
დანართი 1
[1] „სამართლიანი არჩევნები“, ტიკტოკი - პროპაგანდის ახალი ეკოსისტემა, 2022. https://isfed.ge/geo/angarishebi/tiktoti-propagandis-akhali-ekosistema