სოციალური მედიის მონიტორინგი

რუსული საინფორმაციო ოპერაცია სამხრეთ კავკასიაში: სოციალურ ქსელებში მოქმედი ანგარიშები და მათი გზავნილები

ეკატერინე ჯანიაშვილი

 

   I. ძირითადი მიგნებები 

„სამართლიანმა არჩევნებმა” სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - სოციალური მედიისა და ვებ პლატფორმებზე მოქმედი პრორუსული ქსელი გამოავლინა, რომლის მიზანია აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთის პოზიტიური როლის წარმოჩენა და დასავლეთის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივება. ქსელი როგორც ფეისბუქზე, ისე სხვა პლატფორმებზე - ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და ტელეგრამზეც მოქმედებს. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქსელში ერთმანეთთან დაკავშირებული, სულ მცირე, 6 ფეისბუქგვერდი, 4 ინსტაგრამ ანგარიში, 3 ტელეგრამ არხი, 1 ტიკტოკ ანგარიში და 2 ვებგვერდი შედის.  

შესწავლილი გვერდები და ანგარიშები საინფორმაციო სააგენტოებს ამოფარებული მოქმედებენ. გამიზნულად შერჩეული ახალი ამბების მიწოდებით, გასართობი მასალითა და მგრძნობიარე საკითხებზე აპელირებით, მოცემული ქსელი შენიღბულად ცდილობს საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივებას. გავრცელებული გზავნილები შინაარსობრივად მორგებულია ქვეყნების ადგილობრივ კონტექსტს, თუმცა ყველა მათგანის მიზანია რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის რუსეთის ძლიერ მოკავშირედ წარმოჩენა და დასავლეთის, უმეტესად კი აშშ-ს, ნეგატიურ როლზე აპელირება. ანგარიშების ურთიერთკავშირი სხვადასხვა ენაზე გავრცელებული მსგავსი და ზოგ შემთხვევაში, იდენტური პოსტების მეშვეობით დგინდება. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს არის შექმნილი და თანხვედრაა მოქმედების სტრატეგიაში. გვერდების ადმინისტრატორების ადგილმდებარეობის და გავრცელებული გზავნილების ანალიზის შედეგად, ქსელის რუსეთთან კავშირი იკვეთება. 

 

    II. შესავალი  

დიდი ხანია, რაც რუსეთი საკუთარი გავლენის გასაზრდელად თითქმის მთელ მსოფლიოში აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომლის ერთ-ერთ ნაწილი საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენაა. განსაკუთრებული აქცენტი რუსეთის გარშემო მდებარე და დასავლურ ქვეყნებზე კეთდება. ამისათვის ის საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს მიმართავს. კერძოდ, კრემლთან დაკავშირებული ჯგუფები წარმატებით იყენებენ თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებს, მათ შორის, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმას პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად. მაგალითად, 2017-2021 წლებში, ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით, რუსეთი არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევაში ჩართულ წამყვან სახელმწიფოდაც გამოიკვეთა1.  

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” („სამართლიანი არჩევნები”) სოციალური ქსელებს რეგულარულად აკვირდება და დღემდე არაერთხელ აღმოუჩენია2 საქართველოში წარმოებული რუსული საინფორმაციო ოპერაციები3. ამჯერად ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა რუსეთიდან ოპერირებული ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებს და ქართული, სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიისთვის ადგილობრივ ენებზე გამიზნულად ავრცელებს პრორუსულ და ანტიდასავლურ გზავნილებს, რისთვისაც შენიღბულ ტაქტიკას მიმართავს და სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმას,  არაავთენტურ ანგარიშებსა და რეკლამებს იყენებს. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ამ ქსელის დეტალური აღწერა, კერძოდ, სხვადასხვა ენაზე მოქმედი ვებ და სოციალური ქსელების გვერდები და მათი ძირითადი გზავნილები. წარმოდგენილი მიგნებები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების ანალიზს დაეფუძნა. 

 

    III. რუსული პროპაგანდის სამხრეთკავკასიურ ქსელში შემავალი ფეისბუქგვერდები 

ფეისბუქზე ერთმანეთთან დაკავშირებული ექვსი გვერდი მოქმედებს.  გვერდები ოპერირებენ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ქვეყნების მიხედვით როგორც შიდაპოლიტიკურ და საგარეო, ასევე კულტურულ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხმიანებიან. გვერდების ურთიერთკავშირზე მიუთითებს მათი მოქმედების ტაქტიკა, პოსტების შინაარსი, ვიზუალი და აქტივობა. ამ გვერდებთან დაკავშირებული არიან ერთი და იგივე ყალბი ანგარიშებიც, რომლებიც გაზიარებულ პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში ავრცელებენ. 

შესწავლილი გვერდების ნაწილზე პოსტები სიახლეების სახით იდება და ისინი თავადაც საინფორმაციო სააგენტოებად პოზიციონირებენ.  მათ შორისაა ქართულენოვანი, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი გვერდები, რომლებიც პრორუსული, ანტიდასავლური და უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილებით გამოირჩევიან. მათი მოქმედება ჰგავს ცრუ მედიების ტაქტიკას4 - აშუქებენ არა ყველა ახალ ამბავს, არამედ  შერჩევითად იმ თემებს, რომლებიც მათთვისაა ხელსაყრელი.  

განსხვავებული ტაქტიკა გვხვდება ქართულენოვან გვერდზე - „Saperavi News”, რომელიც გასართობ შინაარსზეა ორიენტირებული. გვერდი რეკლამების აქტიურად განთავსებით გამოირჩევა, თუმცა რეკლამის დამკვეთის ვინაობა უცნობია. გვერდზე, უმეტესად, იუმორისტული ხასიათის ე.წ. ფოტო და ვიდეო მიმები ქვეყნდება, რომელთა ნაწილს თან ახლავს პროპაგანდისტული მიზნით შერჩეული ახალი ამბავი (იხ. სურათი 1). ამ შემთხვევაშიც პოსტების შინაარსი, ძირითადად, დასავლეთის საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერია. შექმნის პირველ ეტაპზე გვერდი სხვა თემატიკის პოსტებსაც აქვეყნებდა, რომლებიც, ასევე, იუმორისტულ კონტენტზე იყო ორიენტირებული. მსგავსი პოსტების გამოქვეყნების მიზანი, სავარაუდოდ, აუდიტორიის მოზიდვაა. ასეთივე მიმებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სხვადასხვა ჯგუფში საეჭვო ანგარიშები აქვეყნებენ. 

ურათი 1. ფეისბუქგვერდის Saperavi News პოსტი

 

ქსელში შემავალი გვერდების უმეტესობა რამდენიმეთვიან შუალედში შეიქმნა - 2022 წლის აპრილის, მაისისა და ივლისის თვეებში. ეისბუქგვერდების ადმინისტრატორების ადგილმდებარეობა ერთმანეთს ემთხვევა. ისინი, ძირითად შემთხვევებში, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან მართავენ გვერდებს. აღსანიშნავია, რომ ქართულენოვან გვერდებს საქართველოდან ადმინისტრატორი არ ჰყავს. 
   
ურათი 2. ქსელში შემავალი ფეისბუქგვერდების ადმინისტრატორებ  
ქართულენოვანი გვერდების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ტექსტები ენობრივად გაუმართავია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პოსტებისა და მიმების ტექსტი სხვა ენაზე მომზადდა, შემდეგ კი ავტომატურად, რომელიმე ელექტრონული საშუალებით ითარგმნა, რამაც გრამატიკული შეცდომები გამოიწვია. მაგალითად, ზოგიერთი სიტყვა ისეთი ფორმით გვხვდება, რომელიც ქართულ ენაში ნაკლებად გამოიყენება („ევროპის კავშირი“). წინადადებები ხშირად გაუმართავია და სიტყვები არასწორი ბრუნვითა თუ ფორმით წერია: „ევროკავშირი აიმედებს საქართველოს, რომ მიიღებს ევროპის კავშირის წევრობაში”. ასევე, ქართული ენისთვის შეუსაბამოდ, წინადადებებში ნაცვალსახელებ ჭარბად არის გამოყენებული, მაგ: შენი განწყობა, როცა შენ დათვალე რამდენი უნდა გადაიხადო ამერიკულ გაზში”. 
 
ურათი 3. პოსტები ფეისბუქგვერდიდან Saperavi News 
შესწავლილ გვერდბსა თუ ანგარიშებზე პოსტებ მსგავსი სტრუქტურითაა გამოქვეყნებული. უმეტესად, ქვეყნდება ფოტოები, ე.წ. ქარდები, სხვადასხვა წარწერით. ასევე, აღნიშნულ ქარდებს ვიდეოკოლაჟების სახითაც აქვეყნებენ. იდენტურია ქართულ-, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი მიმების შაბლონებიც. 
  
ურათი 4. ვიზუალურად მსგავსი პოსტების მაგალითები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ფეისბუქგვერდებიდან 
გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე თანდართულია ჰეშთეგები. ქართულ-, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე ჭარბობს, შესაბამისად, #Georgia, #Armenia და #Azerbaijan. რუსეთის შესახებ პოსტებში, უმეტესად, #Russia გვხვდება. აღსანიშნავია, რომ სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე რუსეთის ჰეშთეგი პოზიტიურ კონტექსტში გამოიყენება და მასთან ერთად, ცალკეულ შემთხვევებში, იყენებენ #Cooperation-ს (#თანამშრომლობა). სომხურ გვერდზე დასავლეთის შესახებ ჰეშთეგი #Doublestandarts (#ორმაგი სტანდარტი), უკრაინის შესახებ კი #Actofterrorism (#ტერორისტული აქტი) გვხვდება. 
სურათი 5. ჰეშთეგები რუსეთის და უკრაინის შესახებ.  
წარწერა სომხურენოვან სურათზე: უკრაინამ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტი განახორციელა.” 
ქსელში შემავალი გვერდებისთვის აუდიტორიის მოზიდვის დამატებითი ხერხი პოსტების დარეკლამებაა. რეკლამები, მათ შორის, პოლიტიკური შინაარსის პოსტები სავალდებულო ე.წ. დისკლეიმერის5 გარეშეა გამოქვეყნებული, რაც არ გვაძლევს დამკვეთის ვინაობის დადგენის საშუალებას. მეტას რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, რეკლამების ნაწილის შემთხვევაში თითოეულზე არაუმეტეს 100 აშშ დოლარია დახარჯული. 
  
სურათი 6. ქართულ-, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან ფეისბუქგვერდებზე დისკლეიმერის გარეშე განთავსებული რეკლამები
    IV. სოციალური მედიის სხვა პლატფორმების ათვისება რუსული პროპაგანდის სამხრეთკავკასიური ქსელის მიერ 

რუსული პროპაგანდის სამხრეთკავკასიურ ქსელში შემავალ ინსტაგრამ, ტიკტოკ და ტელეგრამ ანგარიშებზე იმავე შინაარსისა და ხასიათის კონტენტი ვრცელდება, რაც ფეისბუქგვერდებზე. ოთხივე გამოვლენილი ინსტაგრამ ანგარიშის აღწერაში მითითებულია, რომ პროფილები რუსეთშია შექმნილი. 

ტიკტოკს იყენებს ქართულენოვანი გვერდი “Saperavi News” იმავე სახელწოდების ანგარიშით. ტელეგრამის არხები კი, ფეისბუქგვერდების იდენტური სახელწოდებებით, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იძებნება.  

 

  

ურათი 7. რუსული პროპაგანდსიტული ქსელის ინსტაგრამ ანგარიშები 

 

 

 

    V. „სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი“ 

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსული პროპაგანდის ქსელი მოიცავს ორ ვებგვერდს, სახელად: „სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი“. „სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი“, კვლევითი ცენტრის სახელით პოზიციონირებს, თუმცა ცენტრის შესახებ ინფორმაცია ონლაინ წყაროებით არ იძებნება, რაც მის წარმომავლობას საეჭვოს ხდის. აღნიშნული სახელით ორი ვებგვერდი მოქმედებს, რომლებიც 2022 წლის 29 აგვისტოს შეიქმნა. ერთი ქართულ და სომხურ ენებზე ოპერირებს, მეორე კი ქართულსა და აზერბაიჯანულზე.  

როგორც საიტზეა მითითებული, ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიმართულებით მუშაობს, კვლევითი პროგრამები და ინიციატივები კი აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ირანს, რუსეთსა და თურქეთს მოიცავს. აქვე აღნიშნულია, რომ საქმიანობის სფერო საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, მეცნიერების, კულტურისა და რელიგიის სფეროებს მოიცავს. საიტი როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე ფუნქციონირებს და ერთი შეხედვით ონლაინ მედიასაშუალებას ჰგავს, სადაც სხვადასხვა განყოფილებაში ადგილობრივ თემატიკაზე მორგებული მასალებია გაერთიანებული. ქართულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის სტატიები ანტიამერიკული ხასიათისაა. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოქვეყნებული მასალები  პრორუსულ გზავნილებს მოიცავს.  

 

 

 

სურათი 8. ფოტო სომხურენოვანი ვებგვერდიდან. ათარგმნია Google Translate-ის მეშვეობით 

ურათი 9. აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდი სტატია. ათარგმნია Google Translate-ის მეშვეობით 

 

ურათი 10. ქართულენოვანი ვებგვერდი სტატია 

 

 

ებგვერდების მასალებს ფეისბუქის ქსელში შემავალი ქართულ- და აზერბაიჯანულენოვანი გვერდები, „Sweet World” და „Social Listeningარეკლამებს. აღნიშნული ორი გვერდი ქსელში შემავალი სხვა გვერდების მსგავსი შინაარსის და იდენტური ვიზუალის პოსტებს აქვეყნებს. მაგალითად, იდენტური მიმები იძებნება გვერდებზე Sweet World და Saperavi News. ართულ- და აზერბაიჯანულენოვან ფეისბუქგვერდებზე დარეკლამებულია ვებგვერდის მასალები, რომლებიც ანტიდასავლური და პრორუსული შინაარსისაა და შიდა პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხება.   

 

ურათი 11. ართულ და აზერბაიჯანულენოვანი ფეისბუქგვერდების მიერსამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის” ებგვერდის დარეკლამება 

 

 

 

სურათი 12. სელში შემავალი ქართულენოვანი ფეისბუქგვერდების იდენტური პოსტები 

 

 

 

 

   VI. ქსელის მიერ გავრცელებული ძირითადი გზავნილები 

6.1. პრორუსული გზავნილები 

 

6.1.1. ეკონომიკა 

ერთმანეთთან დაკავშირებულ გვერდებზე ვრცელდება ნარატივი, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან აქტორს წარმოადგენს. კერძოდ, საუბარია რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პროდუქტების (მარცვლეული, ალკოჰოლური სასმელები, და სხვ.) ექსპორტ-იმპორტსა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებზე. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა ეკონომიკისთვის პოზიტიურ მოვლენადაა შეფასებული. დეკემბრის თვიდან ქართულენოვან გვერდ „Saperavi News-ზე“ გააქტიურდა გზავნილი, რომ საქართველოში ზამთარში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის კრიზისი არ შეიქმნება, რადგან ქვეყანა რუსეთისგან გაზს დაბალ ფასად ყიდულობს. სომხურენოვან გვერდზე ინფორმაცია ვრცელდება სომხური წარმომავლობის რუსი ბიზნესმენების შესახებაც, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობით სომხეთს ეკონომიკის განვითარებაში ეხმარებიან. ამავე გვერდზე აღნიშნულია, რომ რუსეთი სომხეთს ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზებაში ეხმარება. აზერბაიჯანულენოვან გვერდზე აღნიშნავენ, რომ რუსეთი აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში ეხმარება. მაგალითად, ერთ-ერთ პოსტში საუბარი იყო 2018 წელს აზერბაიჯანის ერთ-ერთ სადგურზე ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლისა და რუსეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ. ხაზგასმულია რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნავთობის მოპოვების სფეროშიც. ამავე გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთის მიერ აზერბაიჯანის მიმართ სატრანსპორტო სფეროში დახმარებაზე.  

 

 

 

სურათი 13. ართულენოვან გვერდებზე გამოქვეყნებული პრორუსული პოსტების მაგალითები 

 

 

 

6.1.2. კულტურა, სპორტი, განათლება 

შესწავლილ გვერდებზე აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რუსეთთან კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში აქტიურად თანამშრომლობენ. პოსტებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ რუსი პოეტებისა და მწერლების სიყვარულსა და მათ შემოქმედებაზე ამის გავლენაზეც მიუთითებენ. ინფორმაცია რუსეთში მოღვაწე სამხრეთკავკასიური წარმოშობის არტისტებსა და სპორტსმენებზეც ქვეყნდება. ასევე, ვრცელდება პოსტები სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში რუსული კულტურის წარმომადგენლების აქტივობებზეც. „Georgia News-ზე“ გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთში ქართული დიასპორის მიერ ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციისა და კულტურის ცენტრების მოქმედების შესახებ. „Saperavi News-ზე“ გავრცელდა ვიდეოები, თუ როგორ მღერიან საქართველოში რუსი არტისტები, გამოქვეყნდა რუსი ტურისტების მხრიდან პოზიტიური კომენტარები ქართულ კულინარიასა და ცეკვაზე და ა.შ. გვერდებზე აქცენტი კეთდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რუსული ენის ცოდნასა და სწავლებაზეც და დასაქმების იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც სამხრეთკავკასიელ სტუდენტებს რუსეთში ეძლევათ. 

 

სურათი 14. ართულ- და სომხურენოვან ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული მსგავსი პოსტები რუსი პოეტის, სერგეი ესენინის შესახებ

 

 

6.1.3. რელიგია და ისტორია 

გავრცელებულ გზავნილებში ხაზგასმულია, რომ რუსეთს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან საერთო ტრადიციები, ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრული ურთიერთობები აქვს. ქართულენოვანი გვერდი „Georgia News“ ხაზს უსვამს, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმორწმუნე ერები არიან. კერძოდ, ქვეყნდება ინფორმაცია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულების აღნიშვნის შესახებ. სომხურენოვან გვერდზე პოსტები სომხეთისთვის მნიშვნელოვანი იმ რელიგიური ფიგურების შესახებაც ვრცელდება, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც გვხვდება. 

სურათი 15. ართულენოვან ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული რელიგიური შინაარსის პოსტის მაგალითი 

 

 

6.1.4. დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობები 

ქართულენოვანი გვერდები მიუთითებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უმჯობესდება და ეს ორი ქვეყანა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის მნიშვნელობაზე საუბრობს. “Saperavi News-ზე“ ვიზების გაუქმებასა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზეც წერენ. 

სურათი 16. რორუსული პოსტი ქართულენოვანი ფეისბუქგვერდიდან 

 

 

ოთხივე გვერდზე ქვეყნდება ისტორიული ცნობები საბჭოთა ჯარების გამარჯვებებისა და ამაში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცების წვლილის შესახებ. საბჭოთა ჯარების გამარჯვებები წარმოჩენილია, როგორც რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორი. 

 
სურათი 17. ართულ, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე საბჭოთა ჯარების გამარჯვების შესახებ  გამოქვეყნებული პოსტები
სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე ვრცელდება ნარატივი, თითქოს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაზე ზრუნავს. კერძოდ, ხაზს უსვამენ რუსეთის როლს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში. სომხურენოვან გვერდზე ინფორმაცია რუსეთის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებსა და დელეგაციების შეხვედრებზე გავრცელდა და აღინიშნა, რომ რუსეთმა კონფლიქტის გადაწყვეტაში ქმედითი ნაბიჯები გადადგა. კონფლიქტის სტაბილიზაციაში განსაკუთრებულ როლს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, აკისრებენ. პოსტებში საუბარია სომხეთის ტერიტორიაზე, არცახში, განლაგებულ რუს სამშვიდობოებზე და აღნიშნულია, რომ მათი დამსახურებით სამხედრო მოქმედებები არ დაწყებულა. აზერბაიჯანულენოვან გვერდზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ორ ქვეყანას კონფლიქტის გადაწყვეტაში დაეხმარა, ვლადიმერ პუტინმა ბაქოსა და ერევანს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი ამ საკითხებს მუდმივად აკონტროლებს. აზერბაიჯანულენოვან გვერდზეც აღნიშნულია რუსეთის როლი 2020 წლის 44-დღიანი ომის მოგვარებაშიც. 
 
სურათი 18. რორუსული პოსტები ომხურ და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე  
წარწერა სომხურენოვან პოსტზე: სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში შეხვდებიან; 
წარწერა აზერბაიჯანულენოვან პოსტზერუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერევანს და ბაქოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს

სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე რუსეთი ერთ-ერთ მთავარ სამხედრო მოკავშირედაა წარმოჩენილი. კერძოდ, სომხურენოვან გვერდზე ხაზგასმულია ქვეყნისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მნიშვნელობა, რომელიც სომხური ჯარის გაძლიერებისა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორადაა წარმოჩენილი. ამავე ქსელში შემავალი აზერბაიჯანულენოვანი გვერდი კი გამოყოფს მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას, რომელსაც აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი 2022 წელს მოაწერეს და აღნიშნავს, რომ 2010-2019 წლებში სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაში აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი რუსეთი იყო. ასევე, აზერბაიჯანულენოვან გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მოსკოვში დსთ-ის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და დაზვერვის ხელმძღვანელთა კონფერენციის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტნიორმა სადაზვერვო სამსახურებმა პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების მემორანდუმი მიიღეს. 

 

      6.2. უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილები 

ქართულ-, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევრებს უწოდებენ. აზერბაიჯანულენოვან გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანელები უკრაინაში თავდასხმების მსხვერპლი იყვნენ.  

სომხურენოვან გვერდზე რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი „დენაციფიკაციის სპეციალურ ოპერაციად“ მოიხსენიეს. აზერბაიჯანულენოვან გვერდზე ზელენსკი მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში დაადანაშაულეს. გვერდზე აღნიშნულია, რომ ზელენსკი სიტუაციას განზრახ ამწვავებს და რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული შეტევების განხორციელების ბრძანებას გასცემს. 

„Saperavi News-მა“ და “Georgian News-მა” უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიერ ნარკოტიკების მოხმარებასთან კავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელეს.  

 

 

სურათი 19. უკრაინის საწინააღმდეგო პოსტები  

 

„Georgia News-მა” და აზერბაიჯანულენოვანმა გვერდმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ბოლო ეტაპზეა. ამავე ინფორმაციით, ბომბის აფეთქებისას, შესაძლოა, რადიაცია მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზეც გავრცელდეს. პოსტში აღნიშნულია, რომ კიევს სურს შემდგომში ბომბის აფეთქებით ბირთვული იარაღის გამოყენებაში რუსეთი დაადანაშაულოს. 

აზერბაიჯანულენოვან გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული ძალები უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციებისგან იცავენ. სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანმა გვერდებმა ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ უკრაინა „ტერორისტული აქტის წინასწარ დაგეგმვაში“ დაადანაშაულეს. 

„Georgia News-მა” გავრცელდა გზავნილი, რომ უკრაინაში დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში მცხოვრებლები ისტორიულად საკუთარ თავს „რუსულ სამყაროს“ უკავშირებენ. აზერბაიჯანულენოვანმა გვერდმა გააშუქა ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთში მიღების შესახებ კანონების ხელმოწერა. პოსტში აღნიშნული იყო, რომ ეს ქმედება მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობას არ შეცვლის. გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებთა უმეტესობამ რეფერენდუმით გამოხატა სურვილი, რომ მომავალში მათი ბედი რუსეთს დაუკავშირონ, რუსეთი კი ოლქებს აღადგენს და მხარდაჭერას გამოუცხადებს. 

   

 

     6.3. ანტიდასავლური გზავნილები 

6.3.1. კონსპირაცია ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე 

გვერდებზე ვრცელდება კონსპირაციული თეორია, თითქოს აშშ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში, საფრთხისშემცველ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს აფინანსებს, რომლებსაც აშშ-ში საშიში პათოგენების ნიმუშები გადააქვს. კონსპირაციული თეორიის მიხედვით, ლაბორატორიებში საფრთხისშემცველი პათოგენებით ექსპერიმენტებს ატარებენ და მათი მუშაობა სხვადასხვა ტიპის ლეტალური დაავადებების გახშირებას იწვევს. „Georgia News-ზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორიების რიცხვი საქართველოში 10-ია, მათ შორის კი ლუგარის კვლევითი ცენტრი შედის. სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ლაბორატორიებში Covid-19-ის უფრო მაღალი ლეტალობის მაჩვენებლის მქონე შტამი შეიქმნა და ცდილობენ მაიმუნის ყვავილის უფრო სახიფათო შტამის შექმნას. აშშ-ის ლაბორატორიების მუშაობის შედეგად დაავადებების გავრცელების მაგალითად უკრაინა დაასახელეს. 

  

 

სურათი 20. ართულ-, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვანი დეზინფორმაციული პოსტები ამერიკული ბიოლაბორატორიები შესახებ  

 

6.3.2. საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება 

ქართულენოვან გვერდებზე გავრცელებული გზავნილების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პერსპექტივა არ აქვს. გვერდებზე აპელირებდნენ წლების განმავლობაში საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრების წარუმატებელ მცდელობებზე, თუმცა იმაზეც მიუთითებდნენ, რომ ქართველ ერს საკუთარი მომავლის თავად, ევროკავშირის გარეშე აშენება სურს. გვერდებზე ვრცელდება მოსაზრება, თითქოს ნატოში გაწევრება ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და საქართველომ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს მომავალი იმ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც ქვეყნის ისტორიასა და კულტურას პატივს სცემენ. პოსტებში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველომ  ევროკავშირში გაწევრებისთვის ის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, რომლებიც ქვეყნის ტრადიციებთან შეუსაბამოა. კერძოდ, გვერდმა ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს საქართველომ ევროკავშირში გასაწევრებლად გეი წყვილთა ქორწინების კანონი უნდა მიიღოს. 

 

სურათი 21. ანტიდასავლური პოსტები 

 

 

 

6.3.3. გაზის კრიზისი ევროპაში 

გვერდი „Saperavi News” ფოტო და ვიდეო მიმების მეშვეობით ავრცელებდა ნარატივს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისია, მოსახლეობა კი ზამთარში გაძვირებულ გადასახადს მიიღებდა. ქართულ- და სომხურენოვან გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ ევროკავშირის ქვეყნებზე თავისი გაზის ძვირად გაყიდვას ცდილობს, რის გამოც რუსეთის გაზსადენი დააზიანა. 

სურათი 22. პოსტი ევროპაში გაზის კრიზისი შესახებ  

 

 

6.3.4. ადგილობრივი პარტიები, მედია და სამოქალაქო სექტორი 

გვერდებზე ვრცელდება გზავნილები, რომ აშშ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად აფინანსებს. 

„Georgia News-ზე” გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით,  აშშ-ის მიერ დაფინანსებული ქართული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების დანიშნულება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედება და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებაა. ასეთ პარტიებად და ორგანიზაციებად მოიხსენიებდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, მოძრაობა „სირცხვილიას“, მოძრაობა „გაბედეს“, „თბილისი პრაიდს“ და სხვ. პოლიტიკური პარტიების კოორდინირებაში აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, სდებენ ბრალს. პოსტებში აღნიშნულია, რომ ცალკეული პარტიების მიზანი რუსეთსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტაა. აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში, დესტაბილიზაციასა და არეულობების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მაგალითად მოყვანილი იყო „სირცხვილიას“ ორგანიზებით გამართული აქციები. პოსტებში საუბარია საერთაშორისო ფონდების და ორგანიზაციის - „ღია საზოგადოების ფონდის“, „ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის (NED)” და „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ - მიერ მოძრაობების დაფინანსებასა და გამოყოფილ თანხებზე. ასევე, ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციები ქართულ ტრადიციებსა და ეკლესიასთან მებრძოლებად არიან წარმოჩენილი. გვერდი მოიხმობდა „ხალხის ძალის“ განცხადებას აშშ-ის აგენტურის შესახებაც. 

მსგავსი გზავნილები ვრცელდება სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზეც. სომხურ გვერდზე აშშ დადანაშაულებულია სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო სექტორის დაფინანსებაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები და ორგანიზაციები რუსეთის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ და მათი მიზანია სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაწყვეტა. გვერდზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-სომხეთის“, “USAID-ისა” და ადგილობრივი მედიასაშუალებების დისკრედიტაცია ხდება. აზერბაიჯანულენოვან გვერდზე გვხვდება „რადიო თავისუფლების“ საწინააღმდეგო გზავნილები, სადაც ხაზგასმულია, რომ მედიასაშუალება აშშ-ის მთავრობის მიერაა დაფინანსებული და ილჰამ ალიევი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი „სოროსელებთან“ საუბარზე უარს ამბობენ. 

 

სურათი 23. ანტიდასავლური პოსტები

 

 

6.3.5. აშშ და სამხედრო კონფლიქტები 

სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებში აშშ-ს სხვადასხვა ქვეყანაში ომის გაჩაღებასა და, ამის შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში სდებენ ბრალს. საუბარია იმაზეც, რომ აშშ დაინტერესებულია საბერძნეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტით და საბერძნეთს მიზანმიმართულად ეხმარება. 

გვერდებზე ვრცელდება გზავნილიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას აიძულებს, თუმცა ნატო უკრაინას რეალურად არ ეხმარება. ამასთანავე, გამოთქმულია მოსაზრება, რომ აშშ-ს ურჩევნია, რუსეთს უკრაინის მეშვეობით ებრძოლოს, რათა თავისი მოქალაქეები და ჯარისკაცები არ დააზარალოს. 

ქართულ გვერდებზე მითითებულია, რომ აშშ-ს უკრაინის დახმარებით საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს. 

 

 

სურათი 24. ანტიამერიკული პოსტებ 

სომხურენოვან გვერდზე ვრცელდება ნარატივი, რომ დასავლეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოსაგვარებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამს - სომხეთს მხოლოდ სიტყვიერად უჭერს მხარს, აზერბაიჯანიდან კი ევროკავშირში გაზის იმპორტს ზრდის, ამასთანავე, იმ სომხურ კომპანიებს უწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს. გვერდი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ორმაგ სტანდარტებში სდებს ბრალს და ავრცელებს მოსაზრებას, რომ აშშ-ის ინტერესებში კონფლიქტის მოგვარება არ შედის. როგორც გვერდზე აღნიშნავენ, დასავლეთს კონფლიქტის გადაწყვეტაში მონაწილეობა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და რეგიონში რუსეთის გავლენების დასუსტებისთვის სურს. მეორე მხრივ, აზერბაიჯანულენოვან გვერდზე აშშ-ს პოლიტიკას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კონფლიქტში „აზერბაიჯანს სისხლისღვრის მთავარ დამნაშავეს” უწოდებს. 

 

 

 VII. საეჭვო ანგარიშების მოქმედება ჯგუფებში 

პოსტების დარეკლამების პარალელურად, რუსული პროპაგანდის ქსელისთვის გზავნილების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზა ჯგუფებში პოსტების გაზიარებაა. გვერდების პოსტებს სხვადასხვა ჯგუფში სხვადასხვა საეჭვო, ადგილობრივ დონეზე მოქმედი ანგარიში აზიარებს. ანგარიშები მალავენ იდენტობას და მათი ნაწილი საკუთარ პროფილზე ანტიდასავლურ და პრორუსულ მიმებსაც აქვეყნებს. ჯგუფები სპეციფიკურადაა შერჩეული და მათი  ნაწილი რუსულენოვან აუდიტორიაზეა მორგებული. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ სომხურენოვან პოსტებს არაავთენტური ანგარიშები არა მხოლოდ ჯგუფებში, არამედ საკუთარი პროფილიდან სხვადასხვა გვერდზეც აზიარებენ. 

 

ანგარიშები ჯგუფებში, ძირითადად, გვერდების პოსტებს აზიარებენ, თუმცა ამის პარალელურად, ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთარი პროფილიდანვე მიმებსაც აქვეყნებენ. როგორც აღმოჩნდა, იგივე მიმები რამდენიმე ანგარიშის პირად პროფილზე, ფოტოების განყოფილებაშიც გვხვდება. თუ მსგავსი სახის კონტენტისთვის საქართველოში ცალკე გვერდი, „Saperavi News” შექმნეს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ისინი, ძირითადად, მხოლოდ ჯგუფებში ქვეყნდება. ერთი შეხედვით უწყინარი მიმებითა და სახალისო ფორმატით ქსელის უკან მდგარი აქტორები აუდიტორიას პროპაგანდისტულ გზავნილებს აწვდიან. მათი შინაარსი ემთხვევა სამხრეთ კავკასიაში მოქმედ ქსელში შემავალი გვერდების გზავნილებს და, ძირითადად, დასავლეთისა და უკრაინის საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერი შინაარსი აქვს.  

2022 წლის 27 ოქტომბერს ქართულ გვერდებთან დაკავშირებულმა ანგარიშმა, Kaxa Borilidze-მ და აზერბაიჯანულ გვერდთან დაკავშირებულმა ანგარიშმა, Ali Gambarov-მა რამდენიმესაათიანი შუალედით საკუთარი პროფილებიდან სხვადასხვა ჯგუფში ანტიდასავლური შინაარსის, იდენტური ვიდეო გაავრცელეს, რომელსაც ქართულად და აზერბაიჯანულად აქვს სუბტიტრები. ვიდეოში, თითქოს, ერთ-ერთი ამერიკელი, სავარაუდოდ, მაღალჩინოსანი სამხრეთ კავკასიის შესახებ ანონიმურ მიმართვას ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის აშშ რუსეთს ებრძვის, ამერიკის მიზანი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხელისუფლების შეცვლა და ძლიერი გეოპოლიტიკური ოპონენტის - რუსეთის - რეგიონიდან გაძევებაა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ სწორედ აშშ-მ შექმნა ცხელი წერტილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 

 

 

სურათი 25. ქართულ და აზერბაიჯანულენოვანი ანგრიშების მიერ ორ ენაზე გაზიარებული იდენტური პოსტი  

 

 

საეჭვო ანგარიშების მოქმედება ჯგუფებში 

 

 

 

ცხრილი 1. ქსელთან დაკავშირებული საეჭვო ანგარიშები 

აღწერილი რუსული საინფორმაციო ოპერაცია აქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანის მოსახლეობაზე  გავლენის მოხდენას და რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობების შექმნას ემსახურება. ამ მიზნის შესასრულებლად  სხვადასხვა მეთოდ  გამოიყენება. ვერდები და ანგარიშები  მორგებული არიან ადგილობრივ აუდიტორიას, სოციალური ქსელების მომხმარებლებს შენიღბულად აწვდიან პროპაგანდისტული მიზნით შერჩეულ ახალ ამბებს, მიმართავენ იუმორისტულ ხერხებს და აპელირებენ მგრძნობიარე თემებით. ოგჯერ ქსელში შემავალი გვერდების მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილები, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, ურთიერთგამომრიცხავიცაა -  მაგალითად, თუ სომხურენოვანი გვერდი დასავლეთს აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანულენოვან გვერდზე აშშ-ს აზერბაიჯანის კონფლიქტის მთავარ გამომწვევად დასახელებაში სდებენ ბრალს. ამასთანავე, ქსელი უკვე ბევრჯერ ნაცად ხერხს მიმართავს - ხელოვნურად შემუშავებული გზავნილების ფართოდ გასავრცელებლად იყენებს არაავთენტურ ანგარიშებს, ავრცელებს სხვადასხვა ჯგუფებში, მიმართავს დარეკლამების მექანიზმს, რაც ხელს უწყობს აუდიტორიის მოზიდვას მათზე ღირებულებითი მანიპულაციის მიზნით. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს. 

 

 

  1. Threat Report- The State of Influence Operations 2017-2020, Facebook, 2021.  https://about.fb.com/wp-content/uploads/2021/05/IO-Threat-Report-May-20-2021.pdf
  2. Threat Report- The State of Influence Operations 2017-2020, Facebook, 2021.  https://about.fb.com/wp-content/uploads/2021/05/IO-Threat-Report-May-20-2021.pdf
  3. საინფორმაციოომის წარმოებისას გამოყენებული ოპერაციები, რომელიც მოწინააღმდეგეზე ინფორმაციული უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად და გავლენის გაზრდის მიზნით, პროპაგანდის გავრცელებას მოიცავს. 
  4. ალტერნატიულირეალობის შექმნის მცდელობა საქართველოში: ცრუ მედია გვერდები Facebook-ზე; 2019. https://isfed.ge/geo/blogi/alternatiuli-realobis-sheqmnis-mtsdeloba-saqartveloshi-tsru-media-gverdebi-Facebook-ze 
  5. ფეისბუქისწესების მიხედვით, პოლიტიკურ რეკლამას თან უნდა ერთოს ე.წ. დისკლეიმერი - ინფორმაცია რეკლამის განმათავსებლის შესახებ.