სოციალური მედიის მონიტორინგი

რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში - „სპუტნიკის“კოორდინირებული ქსელი FACEBOOK-ზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში რუსული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა აღმოაჩინა. „ფეისბუქის“ ღია წყაროებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ „ფეისბუქის“ ყალბი პირადი ანგარიშები და გარკვეული თემატური „ფეისბუქ“ გვერდები „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების გასავრცელებლად არაავთენტურ კოორდინირებულ სქემას ქმნიან.

სამართლიანმა არჩევნებმა სპუტნიკთან დაკავშირებული 26 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი აღმოაჩინა, სადაც „სპუტნიკის“ მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა. აღნიშნული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც.

. . . . . .

. . . . . .

ორგანიზაციის დაკვირვებით, ერთი და იმავე ყალბი ანგარიშების მიერ ქართულენოვან „ფეისბუქ“ გვერდებსა და ჯგუფებში ვრცელდება sputnik-georgia.com-ის სტატიები, ხოლო საქართველოს შესახებ შექმნილ რუსულენოვან „ფეისბუქ“ წყაროებზე sputnik-georgia.ru-ს მასალები. ბმულების გზით აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორი ხედავს სტატიებს, რომელიც შინაარსით პრო-რუსული და ანტიდასავლურია.

მაგალითად, კორონავიურისის ეპიდემიისას იტალიაში მყოფი ემიგრანტის „ფეისბუქ“ სტატუსთან დაკავშირებული სტატიის კითხვისას, მკითხველი იღებს შეთავაზებას წაიკითხოს სტატია, რომელიც რუსეთის მიერ იტალიისთვის დახმარების აღმოჩენას ეხება. ბმული შეიცავს ვიდეოს, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს.

სამართლიანი არჩევნების მიერ აღმოჩენილი „სპუტნიკთან“ დაკავშირებული პერსონალური ანგარიშებისა და გვერდების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა არღვევს „ფეისბუქის“ პლატფორმის გამოყენების სავალდებულო სტანდარტების მე-20 პუნქტს, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე აკრძალულია არაავთენტური ქმედება, კერძოდ, აკრძალულია ყალბი ანგარიშების მიერ კონტენტის რეიტინგის ხელოვნურად გაზრდა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია „ფეისბუქის“ სავალდებულო სტანდარტების დარღვევისკენ. „ფეისბუქის“ ეს გაცხადებული პოლიტიკა მიზნად ისახავს სოციალურ ქსელში ადამიანებს შორის ნდობაზე დამყარებული კომუნიკაციისა და ინტერაქციის სივრცის შექმნას.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია „სპუტნიკის“ მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:

  1. ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით „უწყინარი“ „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოყვება „სპუტნიკის“ ლინკის სახით პოსტის გაზიარება. ამ ხერხით, „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის „სპუტნიკის“ სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში.
  2. მეორე სქემის მიხედვით ყალბი პერსონალური ანგარიშები „ფეისბუქის“ დახურულ თუ ღია ჯგუფებში „სპუტნიკის“ სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები „სპუტნიკის“ ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.

მსგავსი შეფარული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ამ სქემით შესაძლოა მომხმარებლები რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში გაუაზრებლად აღმოჩნდნენ. „სპუტნიკ-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორს ეძლევა სიახლეების გამოწერის შეთავაზება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც აპლიკაცია ითხოვს ვებ-ბრაუზერში შეტყობინებების ნებართვას, თუმცა მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დეტალები უცნობია. მსგავსი ხერხით მიღებული ნებართვა წარმოადგენს მომხმარებლის არაინფორმირებულ თანხმობას.

. . . . . . 

 . . . . . .

„სპუტნიკის“ მასალების შენიღბულად გავრცელება არაავთენტურ „ფეისბუქ“ გვერდებზე

სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 11 გვერდი, რომლებზეც შენიღბულად ვრცელდება „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალები. ამ გვერდების მომწონებელთა რაოდენობა 16 თებერვლის მდგომარეობით 762,832-ს შეადგენს.

გამოვლენილი გვერდები ე.წ. „კლიკბეით“ სისტემით მოქმედებენ და მათი კონტენტის დიდი ნაწილი უკავია პოზიტიური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, როგორიცაა ცხოველების, ყვავილების, მოდელების, ბავშვების ფოტოები, რასაც მოჰყვება sputnik-georgia.com-ის სტატიები. საგულისხმოა, რომ ამ 11 გვერდზე სპუტნიკის გარდა არცერთი სხვა ვებ-გვერდის მასალა არ არის გაზიარებული.

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული გვერდია „ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან“. გვერდის გამომწერთა რაოდენობა 466,000-ს აღემატება. ამ გვერდზე, დღეში საშუალოდ სპუტნიკის ლინკის სახით 3-4 პოსტი ქვეყნდება.

 . . . . . .

სპუტნიკის მასალების შენიღბულად გავრცელების მაგალითი

 . . . . . .

 

გვერდები, რომლებიც არაავთენტურად და კორდინირებულად ავრცელებენ სპუტნიკის მასალებს 

 

გვერდის სახელი

URL

ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან

https://www.facebook.com/1461737124072044

ფერადი სამყარო

https://www.facebook.com/674056016073427

Silkwolf

https://www.facebook.com/288776217995808

თქვენთვის საინტერესო

https://www.facebook.com/277932819666311

სიმშვიდე

https://www.facebook.com/455070015229411

მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის

https://www.facebook.com/152610611869870

Русский Клуб/რუსული კლუბი

https://www.facebook.com/216312175119154

პანდა

https://www.facebook.com/974595159241695

Gverdi

https://www.facebook.com/116053673109004

ბედნიერება ∞

https://www.facebook.com/189806418159411

Flora da fauna

https://www.facebook.com/108274350533517

მართალია, აღნიშნულ გვერდებზე ამ ეტაპზე თითქმის არ შეინიშნება პრო-რუსული შინაარსის პოლიტიკური პოსტები ან სტატიები, გვერდების ეს ქსელი ყალბ ანგარიშებთან და სამიზნე „ფეისბუქ“ ჯგუფებთან ერთად ქმნის რუსული საინფორმაციო ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ სტატიაში გამოვლენილი ხერხების და ტაქტიკის გამოყენებით ხდება „ფეისბუქ“ მომხმარებლების ყურადღების მოდუნება, მოტყუება და დაბნევა.

 . . . . . .

 . . . . . .

ეჭვს, რომ აღნიშნული გვერდები საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციის იარაღს წარმოადგენენ, ამყარებს ამ გვერდების ნაწილის კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. საგულისხმოა, რომ 11-დან სამი გვერდის ადმინისტრირებას რუსეთს ფედერაციიდან ახორციელებენ.

 . . . . . .

რუსეთიდან მართული "სპუტნიკის" არაავთენტურად გამავრცელებელი გვერდები

 . . . . . .

„სპუტნიკის“ მასალების გამავრცელებელი არაავთენტური კოორდინირებული ანგარიშები

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ყალბი პერსონალური ანგარიშებიდან თითქმის ყველას საერთო ნიშან-თვისებები აქვთ, კერძოდ, სახელები და გვარები მოგონილია ან არასრულად, ინიციალების სახით არის მითითებული. სიყალბეზე მიუთითებს მათი მეგობრების მწირი რაოდენობა და ისიც, რომ მხოლოდ ერთმანეთთან არიან დამეგობრებული. ამასთან, ამ ანგარიშებზე არ შეინიშნება რეალური ადამიანისთვის დამახასიათებელი ინტერაქცია და ორგანული პოსტები, თუმცა გაზიარებულია პოსტები ძირითადად ყალბი გვერდებიდან, რომლებიც მხოლოდ „სპუტნიკის“ მასალების გავრცელებას ემსახურებიან.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული 26 ყალბი პროფილი „სპუტნიკის“ სტატიებს რიგითი „ფეისბუქ“ მომხმარებლებისთვის შეუმჩნევლად, შენიღბულად, ორგანიზებულად და შერჩევითად აზიარებს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ჯგუფებში. გაზიარებული სტატიები ძირითადად ჯგუფის თემატიკის გათვალისწინებით არის შერჩეული.

. . . . . . 

 

"სპუტნიკ საქართველოს" გავრცელებაში შემჩნეული ყალბი ანგარიშების ნიმუშები

 

 . . . . . .

ყალბი ანგარიშების მიერ სპუტნიკის მასალების გავრცელება ხდება როგორც ქართულენოვანი აუდიტორიისთვის, ასევე რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლებისთვისაც საქართველოსთან დაკავშირებულ რუსულენოვან ფეისბუქ გვერდებზე და ჯგუფებში.

. . . . . . 

 . . . . . .

საეჭვოა ის გარემოებაც, რომ რამდენიმე იდენტიფიცირებული პროფილი პირად გვერდზე თუ „ფეისბუქ“ ჯგუფებში გამოთქვამს „ფეისბუქ“ გვერდის ან ჯგუფის შესყიდვის სურვილს, რაც დამატებით წარმოქმნის ეჭვებს მათ არაჯანსაღ ინტერესებზე ხელში ჩაიგდონ სხვადასხვა თემატიკის გარშემო ორგანიზებული ჯგუფები და გვერდები.

. . . . . . 

. . . . . . 

სპუტნიკის არაავთენტური, კოორდინირებული გავრცელების სქემა ქართულენოვან ჯგუფებში

ღია წყაროებზე დაკვირვებით, სამართლიანი არჩევნები მივიდა დასკვნამდე, რომ „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებული მასალა დივერსიფიცირებულია, და სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, ვრცელდება შესაბამისი ინტერესის მქონე ჯგუფში. ეს თემატიკაა:

  • ცნობილი ქართველების საჯარო პირადი ცხოვრება
  • მებაღეობა
  • ემიგრანტები
  • ზოდიაქო
  • ტურიზმი
  • კულინარია
  • მოდა

ამ თემების ირგვლივ არსებულ მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში ყალბი ანგარიშები ერთგვარი მონაცვლეობით, თითქმის ყოველდღურად და დღეში რამდენჯერმეც შერჩევითად აზიარებენ „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალებს. გაზიარებული მასალა, როგროც წესი, წარმოდგენილია სპუტნიკის ვებ-გვერდის სტატიის ბმულის სახით, რასაც თან ახლავს მოკლე ინფორმაცია ამ სტატიის შესახებ.

 . . . . . .

. . . . . .

სამართლიანი არჩევნებისთვის ასევე ცნობილია, რომ სპუტნიკის გავრცელება ამ სქემით დახურულ ჯგუფებშიც ხდება, თუმცა მათზე დაკვირვება შესაბამისი მონიტორინგის ინსტრუმენტის არარსებობის გამო შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება არაავთენტურად და კოორდინირებულად ქართულენოვანი ჯგუფების გარდა, ქართულ თემატიკაზე შექმნილ რუსულენოვან ჯუფებშიც შეინიშნება. ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია 29 ქართულენოვანი და 12 რუსულენოვანი ღია ჯგუფი, რომლებსაც ჯამში 1,219,885 წევრი ჰყავთ. „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად, სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფებს იყენებენ ბოროტად. მსგავსი ქმედებები კარგად შენიღბულია, რასაც ხელს უწყობს „ფეისბუქ“ ჯგუფების ანალიზის შესაძლებლობის ნაკლებობა, რადგან დახურული ჯგუფების სისტემური მონიტორინგი პრაქტიკულად შეუძლებელია.

 . . . . . .

. . . . . .

ყალბი ანგარიშები „სპუტნიკის“ მასალების გასავრცელებლად ქართულენოვანი ღია ჯუფებიდან აქტიურად იყენებენ პოლიტიკური შინაარსის და ელფერის მქონე ჯგუფებსაც, რომლებიც მმართველი პარტიის ლიდერებს კახი კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მათთან ერთად გასავრცელებლად გამოიყენება ჯგუფი „გიორგი მარგველაშვილი გისმენთ, მეგობრებო“.

მაგალითისთვის, 11 თებერვლის მდგომარეობით, ჯგუფში სახელწოდებით „კახა კალაძე თბილისის მერი“ ერთი წლის მანძილზე სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ყალბი ანგარიშების მიერ გაზიარებული იყო „სპუტნიკის“ 254 სტატია. 

. . . . . .

 . . . . . .

 

„სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ქცევის გაანალიზებით, ნათელი ხდება, რომ კრემლის საინფორმაციო სააგენტოს „რაშა თუდეი“-ს ქოლგის ქვეშ მოქმედი „სპუტნიკის“ ქართული მასალების გასავრცელებლად და მათი აუდიტორიის გასაზრდელად „ფეისბუქის“ პლატფორმა საქართველოში ბოროტად გამოიყენება. „სპუტნიკთან“ დაკავშირებულ ანგარიშებს მიზანში ამოღებული ჰყავთ სხვადასხვა ინტერესების მქონე „ფეისბუქ“ მომხმარებლები და მათ, როგორც სამიზნე აუდიტორიას, შერჩევითად, მიზანმიმართულად აწვდიან ფორმით და შინაარსით ნეიტრალურ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც კრემლის საინფორმაციო ოპერაციებისთვის ორგანიზებული ინფრასტრუქტურა იქმნება და „ფეისბუქ“ მომხმარებელი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ექცევა „სპუტნიკის“ საინფორმაციო ხაფანგში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსული საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზს წარმოადგენს, ნებისმიერი კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით საფრთხისშემცველია და მომხმარებლების საინფორმაციო მოწყვლადობისკენ არის მიმართული. ეს ოპერაციები შესაძლოა მიზნად ისახავდნენ მოქალაქეებში კრემლისტური საინფორმაციო აგენტების მიმართ ნდობის მოპოვებას, ყურადღების მოდუნებას, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, რაც ზრდის საქართველოში  რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის გავლენის საფრთხეს 2020 საპარლამენტო არჩევნების წინ.

 

შენიშვნა: მასალა განახლებულია 23 აპრილს. თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაში მითითებული იყო, რომ გამოვლენილია 17 არაავთენტური ანგარიში. განახლებული ინფორმაციის მიხედვით, გამოვლენილია 26 არაავთენტური ანგარიში.