სოციალური მედიის მონიტორინგი

საჯარო მოსამსახურეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვა სოციალურ მედიაში

სოციალური მედიის პოპულარობის ზრდის პარალელურად, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმა საქართველოში აქტიურად გამოიყენება საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნითაც. ამ პროცესს თან ახლავს არაუფლებამოსილი პირების, მათ შორის საჯარო მოსამსახურეების, საარჩევნო აგიტაციაში ჩართვაც, რაც ფართოდ ხილულია სოციალური ქსელის, მეტწილად ფეისბუქის, მომხმარებლებისთვისაც. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საჯარო მოხელეთა სოციალური ქსელით აგიტაციის შესაძლო  შემთხვევების შესწავლა 2018 წლიდან დაიწყო.  ბოლო 6 წლის მონიტორინგის მიხედვით, უცვლელია ტენდენცია და საჯარო მოხელეების ნაწილი სამუშაო საათებში კვლავაც იყენებს ფეისბუქს საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალების გასავრცელებლად ან/და პოლიტიკური გაერთიანებებისა და კანდიდატების მიმართ პოზიტიური ან ნეგატიური დამოკიდებულების გამოსახატად.

სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოებში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მონაწილეობა პოლიტიკურ აგიტაციაში ლახავს საჯარო სამსახურის ნეიტრალიტეტის პრინციპს და აზიანებს საჯარო მოსამსახურის მიერ მოქალაქეებისთვის ობიექტურად და მიუკერძოებლად საჯარო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას. ამავდროულად, ეს პრაქტიკა არღვევს სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს და აგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდში ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მავნე ტენდენციას.

 

წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოსამსახურეთა ქცევის საერთაშორისო სტანდარტები

1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო და პოლიტიკური პარტიები ნათლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და პარტია არ უნდა შეერწყას სახელმწიფოს.[1] ამ მხრივ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) და ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისია) მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ეფექტიანი მექანიზმების არსებობას კანონმდებლობაში, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლონ საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება საარჩევნო მიზნით, მათ შორის საჯარო ღონისძიებებში ჩართვა კანდიდატების მხარდასაჭერად ან პირიქით.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ წარმომადგენელთა კონგრესის განსაკუთრებული რეკომენდაციაა, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ომბუდსმენის ინსტიტუტი, ომბუდსმენი უფლებამოსილი იყოს, ჩაატაროს გამოძიება და შეიმუშავოს რეკომენდაციები ეროვნული ასოციაციების მიერ შექმნილი სტრუქტურებისთვის. კონგრესი ასევე ხაზს უსვამს, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა არ უნდა მოსთხოვონ საჯარო მოხელეს ისეთი რამის გაკეთება ან არ გაკეთება, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ პირად სარგებელს მოუტანს მათ.[2]

მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად უდგება საჯარო მოსამსახურეთა სოციალური მედიის გამოყენების რეგულირებას, თუმცა ზოგადი პრინციპი ყველგან ერთნაირია. მათ შორისაა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების თავიდან აცილება. საჯარო მოსამსახურეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრები, მაგრამ კანონმდებლობა მათგან ნეიტრალურობას მოითხოვს და კრძალავს სამსახურებრივი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ამ პრინციპების დაცვა უზრუნველყოფს საჯარო სამსახურისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას და დემოკრატიული პროცესების სამართლიანობას.

აშშ-ში, ჰეჩის აქტის თანახმად, ფედერალურ მთავრობაში დასაქმებული პირი არ შეიძლება ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია კანდიდატის, პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური ჯგუფის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე - სანამ თანამშრომელი სამუშაო ოფისში/შენობაში იმყოფება, ატარებს ფორმას/ოფიციალურ ნიშანს ან იყენებს ფედერალურ საკუთრებაში არსებულ/იჯარით დაქირავებულ მანქანას.  მათ შორის, მას არ შეუძლია, გაავრცელოს კამპანიის მასალები, გამოაქვეყნოს კომენტარი ბლოგზე ან სოციალური მედიის საიტზე, რომელიც მხარს უჭერს ან ეწინააღმდეგება პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური თანამდებობის კანდიდატს ან პოლიტიკურ ჯგუფს.[3]

დიდ ბრიტანეთში საჯარო მოსამსახურეების ქცევის პრინციპებს, ძირითადად, არეგულირებს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტები, როგორებიცაა, საჯარო მოხელის კოდექსი და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტი. ცენტრალური სამართლებრივი ჩარჩო მომდინარეობს იმ საჭიროებიდან, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ და მიიჩნეოდნენ პატიოსნებად და მიუკერძოებლებად თავიანთი მოვალეობების შესრულებისას. საჯარო მოსამსახურეებმა არ უნდა დაუშვან მათი შეფასებისა და სანდოობის შელახვა რაიმე გონივრული საფუძვლით. მაგალითად, მათ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ან საჯარო საქმიანობაში, რომელიც ლახავს ან შეიძლება შემლახველად აღიქმებოდეს  მათი მიუკერძოებელი სამსახურისთვის მოქმედი ან რომელიმე მომავალი მთავრობის წინაშე.[4] გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ 2019 წელს შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, საჯარო მოსამსახურეები არ უნდა დაკავდნენ ისეთი საქმიანობით, რაც შეიძლება, კრიტიკის მიზეზი გახდეს იმის გამო, რომ საჯარო რესურსები გამოიყენება პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის. საჯარო მოსამსახურეებს ქვეყანაში არჩევნების გამოცხადების დღიდან დამატებითი შეზღუდვები ეკისრებათ. წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოსამსახურეები არ უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ კამპანიებში, მათ შორის მათ არ უნდა გამოაქვეყნონ პარტიული ან კამპანიური შინაარსის კონტენტი სოციალურ მედიაში.

საჯარო მოსამსახურეებმა მკაცრად უნდა დაიცვან ნეიტრალურობა თავიანთი მოვალეობების შესრულებისას გერმანიაშიც. ფედერალური საჯარო სამსახურის კანონი (Bundesbeamtengesetz) საჯარო მოსამსახურეთა ძირითად მოვალეობებს შორის განსაზღვრავს, რომ ისინი ემსახურებიან მთელ ხალხს და არა რომელიმე პარტიას. საჯარო მოსამსახურეებმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მიუკერძოებლად და სამართლიანად და შეასრულონ თავიანთი მოვალეობები საერთო სიკეთისთვის. მთელი თავისი ქცევით, საჯარო მოხელეებმა უნდა დაიცვან თავი თავისუფალი, დემოკრატიული საბაზისო წესრიგის ძირითადი კანონის მნიშვნელობით და იმუშაონ მის შენარჩუნებაზე. პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, საჯარო მოსამსახურეებმა უნდა შეინარჩუნონ ზომიერება და თავშეკავება, რაც გამომდინარეობს მათი პოზიციიდან ფართო საზოგადოების წინაშე და მათი თანამდებობის მოვალეობების გათვალისწინებით.[5] საარჩევნო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკურ ნეიტრალურობას ფედერალური საარჩევნო კანონიც (Bundeswahlgesetz) არეგულირებს.

ლიეტუვის საარჩევნო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის და ევროკავშირის ინსტიტუტების, ორგანიზაციების ან ორგანოების თანამშრომლებს ოფიციალური სამუშაო საათების პერიოდში ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ დაწესებულებებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებულთა შვებულების პერიოდში ტარდება კამპანიური აქტივობები.[6]

 

საჯარო მოსამსახურეთა ქცევის რეგულირება საქართველოში

საქართველოში საჯარო მოსამსახურის ქცევას რამდენიმე სამართლებრივი აქტი არეგულირებს. მათ შორის, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კრძალავს საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობას. ამავე კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურე მიუკერძოებელი უნდა იყოს და მხოლოდ საჯარო ინტერესებით ხელმძღვანელობდეს. საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პოლიტიკური, პარტიული მიზნებისა და ინტერესებისთვის გამოიყენოს. კანონი ასევე უკრძალავს საჯარო მოსამსახურეს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. მას ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც.[7]

საქართველოს საარჩევნო კოდექსი პოლიტიკური თანამდებობის პირს უკრძალავს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანის  წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მოიაზრებს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, აგრეთვე, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.[8]

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“, დამატებით, ადგენს საჯარო მოსამსახურის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურე:[9]

  • თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან მიჯნავს;
  • ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად;
  • არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის.

მთავრობის ამავე დადგენილების შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ თავი უნდა შეიკავოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა, მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება ეჭვქვეშ დააყენოს.[10]

საარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობის შეზღუდვა სოციალური მედიის საშუალებით აგიტაციის დაუშვებლობასაც უნდა მოიაზრებდეს. თუმცა, საქართველოში ამგვარ დარღვევებზე რეაგირების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან აგიტაციის შემთხვევებს დარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ გამოყენებულია ადმინისტრაციული მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, სამსახურებრივი კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობა, სოციალურ მედიაში პოლიტიკური პოსტების გასავრცელებლად. კანონის ამგვარი გაგება ახალისებს სოციალურ მედიაში საჯარო მოსამსახურეების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევას, რასაც 2018-2024 წლებში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი ტენდენციაც ადასტურებს.

 

2018-2024 წლების ტენდენცია საქართველოში

  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას, ორგანიზაციამ 676 საჯარო მოხელის ფეისბუქის პროფილის შესწავლის საფუძველზე, 30 მუნიციპლაიტეტში დასაქმებული 62 საჯარო მოსამსახურის მიერ, სამუშაო საათებში, ფეისბუქის მეშვეობით განხორციელებული უკანონო აგიტაციის ფაქტები გამოავლინა;[11]
  • 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი და მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, 692 საჯარო მოხელის საჯარო ფეისბუქპროფილზე დაკვირვების შედეგად, 110 საჯარო მოსამსახურის ფეისბუქის პროფილზე სამუშაო საათებში 662 სააგიტაციო შინაარსის პოსტის გამოქვეყნების შემთხვევა დაფიქსირდა;[12]
  • 2024 წლის აპრილში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 30 მუნიციპალიტეტის ორგანოში დასაქმებული 96 საჯარო მოსამსახურე გამოავლინა, რომლებმაც ფეისბუქის პირად ანგარიშზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერ იდენტური „ქარდები“,საჯარო პოსტის სახით, გამოაქვეყნეს. მოცემული კამპანია კოორდინირების ნიშნებს შეიცავდა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლებიც;[13]
  • 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, არასრულ ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში, დაკვირვების ქვეშ მყოფი 668 საჯარო მოსამსახურიდან, 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა 51-მა საჯარო მოსამსახურემ ფეისბუქზე სამუშაო საათებში ერთი სააგიტაციო პოსტი მაინც გამოაქვეყნა.[14]

 

წინამდებარე მიგნებები გამოკვეთს, რომ საჯარო მოსამსახურეთა ნაწილის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა და წინასაარცევნო პერიოდში აგიტაციაში სოცაილური მედიის გამოყენებით აქტიურად ჩართვა უცვლელ ტენდენციას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა გამოვლენილი შემთხვევა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და სხვა პოლიტიკური პარტიების საწინააღმდეგოდ წარმოებულ აგიტაციას უკავშირდება, რაშიც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც უკავშირდება.

საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელებას, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლის საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთების შემთხვევებიც.

 

დასკვნა

საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო და მისი თანამშრომლები პარტიული ინტერესების მიღმა დარჩნენ. საერთაშორისო სტანდარტებისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოცდილების შესაბამისად, საქართველოშიც საჯარო მოსამსახურეებს ევალებათ, იყვნენ ნეიტრალურები სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას. ამ პრინციპის გაგება უნდა მოიაზრებდეს ონლაინ აქტივობის გათვალისწინებასაც. ეს ნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურეებმა თავი უნდა შეიკავონ, რომელიმე კანდიდატის ან პარტიის მხარდამჭერი ან საწინაღმდეგო გზავნილების გავრცელებისგან საჯარო პლატფორმებზე, მათ შორის სოციალურ მედიაში.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია საჯარო მოსამსახურის პირადი სივრცეა, მნიშვნელოვანია, მისი სამსახურებრივი პოზიცია და ავტორიტეტი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირადი აზრის გამოხატვა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი არ შეიცავდეს აგიტაციის ელემენტებს და არ დააზიანოს საჯარო მოსამსახურის ნეიტრალიტეტის პრინციპი. სოციალური მედიის პროფილზე მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ პირადი პოსტები არ გამოხატავს სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პოზიციას. ასეთი გამიჯვნა აუცილებელია, რათა მოხდეს საჯარო და პირადი სივრცეების გარჩევა.

როცა საჯარო მოსამსახურე ერთვება პოლიტიკურ აგიტაციაში, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების სამართლიანობაზე და დააზიანოს საზოგადოების ნდობა სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მიმართ. ნეიტრალურობის დაცვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ საჯარო სამსახური ყოველგვარი პარტიული გავლენის გარეშე მოქმედებს და შეუძლია, ობიექტურად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები.

 

პუბლიკაცია შექმნილია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს zivik Funding Programme of the ifa Institut für Auslandsbeziehungen-ის მხარდაჭერით. ის ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს. 

 

 

[1] Organization for Security and Co-operation in Europe, June 29, 1990, Document of the Copenhagen Meeting of the Conference on the Human Dimension of the CSCE, https://www.osce.org/odihr/elections/14304

[2] ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელმძღვანელობის კონგრესი, ევროპული ქცევის კოდექსი ადგილობრივი და რეგიონული არჩეული წარმომადგენლების პოლიტიკური კეთილსინდისიერების შესახებ, https://rm.coe.int/-/1680ae5f2b

[3] U.S. Office of Special Counsel, Federal Employee Hatch Act Information: Prohibited Activities for Less Restricted Employees, https://osc.gov/Services/Pages/HatchAct-Federal.aspx#tabGroup12

[4] GOV.UK, Civil Service management code, Conduct and Discipline: 4.1 Conduct: General Principles and Rules https://www.gov.uk/government/publications/civil-servants-terms-and-conditions

[5] Bundesbeamtengesetz (BBG), Abschnitt 6, Rechtliche Stellung im Beamtenverhältnis, Unterabschnitt 1, Allgemeine Pflichten und Rechte: § 60 Grundpflichten, https://www.gesetze-im-internet.de/bbg_2009/BJNR016010009.html#BJNR016010009BJNG000200000

[6] Republic of Lithuania: Electoral Code, Article 102. Prohibition to take advantage of one’s official position for election campaigning, https://e-seimasx.lrs.lt/portal/legalActPrint/lt?jfwid=wts933snv&documentId=7e907301e05211eeb876b07461d0ecb9&category=TAD

[7] საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 12. მიუკერძოებლობა, მუხლი 15. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098?publication=54

[8] საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა, https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=91

[9] საქართველოს მთავრობის დადგენილება №200, 2017 წლის 20 აპრილი, ქ. თბილისი, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ, მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3645402?publication=0

[10] საქართველოს მთავრობის დადგენილება №200, 2017 წლის 20 აპრილი, ქ. თბილისი, საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ, მუხლი 11. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება, https://matsne.gov.ge/ka/document/view/3645402?publication=0

[11] სოციალური მედიის მონიტორინგი - მეორე შუალედური ანგარიში“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 20 დეკემბერი, 2018, https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/sotsialuri-mediis-monitoringi-meore-shualeduri-angarishi

[12] „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 21 დეკემბერი, 2021, https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/munitsipalitetis-organota-2021-tslis-archevnebis-sotsialuri-mediis-monitoringis-saboloo-angarishi-

[13] „რუსული კანონის“ მხარდასაჭერი კოორდინირებული კამპანია“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 5 აპრილი, 2024, https://www.isfed.ge/geo/blogi/rusuli-kanonis-mkhardasacheri-koordinirebuli-kampania

[14] „სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში (27 აგვისტო - 20 სექტემბერი)“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 15 ოქტომბერი, 2024, https://isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/sotsialuri-mediis-monitoringis-pirveli-shualeduri-angarishi-27-agvisto-20-seqtemberi?fbclid=IwY2xjawF7QwJleHRuA2FlbQIxMQABHTO9fXL4R4Exq4erH3jJ-wE6SMilyrOcjuWDXg3J72_VnVZTS5R54gn9Tg_aem_xSmXccK9-cx7onnfvkFqGg