სამართლიანმა არჩევნებმა სოციალური მედიის მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარადგინა
19 ნოემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებს 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა ფეისბუქის გვერდებზე გამოქვეყნებული 1,757 პოსტი დეტალურად შეისწავლეს. ოფიციალური საერთო ეროვნული და ადგილობრივი პარტიული ფეისბუქგვერდების რაოდენობით „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდნენ. ძირითად გვერდებს შორის, ყველაზე აქტიური „ლელოს“ გვერდი იყო. თუმცა, პარტიის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნომინირებული კანდიდატების საარჩევნო კამპანიას ეხებოდა, რაშიც პოლიტიკური გაერთიანება კოალიციური შეთანხმების ფარგლებში ჩაერთო.
დასპონსორებული პოსტების რაოდენობით მმართველი პარტიის ოფიციალური ფეისბუქგვერდი გამოირჩეოდა. საანგარიშო პერიოდში გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების 60% დასპონსორებული იყო. შესაბამისად, მმართველი პარტიის ძირითად ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებზე ინტერაქციის (რეაქციები, კომენტარები, გაზიარებები) რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა პოლიტიკური პარტიების ფეისბუქგვერდების შესაბამის მაჩვენებლებს.
მმართველი პარტიის ძირითად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით რეგიონებში გამართულ შეხვედრებსა და თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს გამართულ აქციას შეეხებოდა. თუმცა, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ გაგრძელდა დასპონსორებული მკვეთრად ნეგატიური კამპანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, მისი კანდიდატებისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას, გვერდი ორჯერ უფრო აქტიური იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძის. თუმცა, მელიას ფეისბუქგვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე მომხმარებელთა ინტერაქციის რაოდენობა ჩამორჩებოდა კალაძის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამურ რიცხვს.
18 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, საჯარო მოხელეების კედელზე, სამუშაო დროს გამოქვეყნებული 142 სააგიტაციო შინაარსის პოსტი გამოვლინდა. აღნიშნული დაფიქსირდა 18 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 31 საჯარო მოხელის კედელზე. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, მსგავსად წინა დაკვირვებებისა, პოზიტიური შინაარსის სააგიტაციო პოსტები სჭარბობდა ნეგატიურს. მათგან, უმრავლესობა, 75 პოსტი, მართველი პარტიის სასარგებლოდ გამოქვეყნდა, რომელთაგან რამდენიმე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო გზავნილებსაც მოიცავდა.
საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წინააღმდეგ 20 გვერდი იყო აქტიური, რომლებზეც, ჯამში, 977 პოსტი გამოქვეყნდა. ოპოზიციის წინააღმდეგ 27 გვერდი მოქმედებდა, რომლებზეც სულ 571 პოსტი განთავსდა. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს შორის 61 დასპონსორებული იყო.
მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე არჩევნების მეორე ტურამდე გავრცელებული დისკრედიტაციული გზავნილები, ძირითადად, მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის კრემლის მიერ მართულ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენას.
საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე ცრუ მედიის ტაქტიკით 10 გვერდი მოქმედებდა. გვერდებზე სულ 131 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგანაც 17 დასპონსორებული იყო. პოსტების ინტერაქციამ 23 934-მდე მიაღწია. გვერდების უმეტესი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ პოზიტიური გზავნილების გავრცელებაზე იყო ორიენტირებული. ერთი გვერდი კი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მხარდასაჭერად 23 გვერდი აქტიურობდა, რომლებზეც 502 პოსტი გამოქვეყნდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერ გვერდებზე, "ქართული ოცნების” სასარგებლო გზავნილებთან ერთად, ვრცელდებოდა ოპოზიცური პარტიების საწინააღმდეგო პოსტები, რომლებიც, ძირითადად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართებოდა.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქზე, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მიზნით 27 გვერდი მოქმედებდა. გვერდებზე, ჯამში, 1 857 პოსტი გამოქვეყნდა. ამ გვერდებს შორის, 18 ენმ-ის სასარგებლოდ აქტიურობდა.
საარჩევნო სუბიექტების ნაწილი აქტიური იყო ინსტაგრამისა და ტიკ-ტოკის პლატფორმებზეც. ინსტაგრამზე „სამართლიანი არჩევნები“ საანგარიშო პერიოდში აქტიურ 9 არხს დააკვირდა. წინასაარჩევნოდ აქტიური იყო ნიკა მელიას ინსტაგრამის არხი, სადაც ოპოზიციური კოალიციის სარეკლამო ვიდეო გამოქვეყნდა. არხმა გამოაქვეყნა ფოტოც, რომელშიც ნიკა მელიასა და კახა კალაძის ფეისბუქგვერდების ჩართულობის მაჩვენებლებია შედარებული.
საანგარიშო პერიოდში შესწავლილ იქნა ტიკ-ტოკზე მოქმედი - პარტიული 4 („გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „საქართველოსთვის“) ოპოზიციის მხარდამჭერი 6, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 2, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი 4, „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი 4 და ცრუ მედიის ტიპის 5 ანგარიში. ტიკ-ტოკზე წარმართული დისკრედიტაციის კამპანია ეხმიანება ფეისბუქზე მიმდინარე ანალოგიურ გზავნილებს და მორგებულია ტიკ-ტოკის სამიზნე აუდიტორიაზე.