სოციალური მედიის მონიტორინგი

სიძულვილის ენა, მუქარა და დეზინფორმაციული გზავნილები „ღირსების მარშის“ წინ

1-5 ივლისს Tbilisi Pride პრაიდის კვირეულს მართავს, რაც 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშით“ დასრულდება. კვირეულის წინ გააქტიურდნენ პრო-კრემლინური, ულტრანაციონალისტური და საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული აქტორები, რომლებიც მედიასა და სოციალურ მედიაში სიძულვილის ენას აღვივებენ და ღირსების მარშის წინააღმდეგ მოქალაქეების მობილიზაციას ახდენენ.

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამოიკვლიეს და გააანალიზეს პრაიდის კვირეულის წინ ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი განცხადებები, დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი გზავნილები და აქტორები. 

აღნიშნული ანგარიში ეყრდნობა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიეობის კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ტრადიციული და სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებს.

ანგარიშში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალაში დაფარულია ინფორმაცია სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებებისა და შეკრებების შესახებ. ასევე არ არის მითითებული მათი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის ბმულები, რათა ირიბად არ მოხდეს ძალადობის წახალისება და პოპულარიზაცია.

 

1. სიძულვილის კამპანიაში ჩართული ძირითადი აქტორები 

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით,  შესაძლებელი გახდა იმ ძირითადი აქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც პრაიდის კვირეულის წინ სიძულვილის ენას მიმართავდნენ და მუქარის შემცველ გზავნილებს ავრცელებდნენ. აქტორთა კავშირების რუკის გრაფიკიდან ჩანს, რომ პრაიდის გარშემო სიძულვილს საქართველოს საპატრიარქო, ულტრანაციონალისტური და ღიად პრო-რუსული ჯგუფები აღვივებდნენ.

15 ივნისს, ღირსების მარშის დაანონსებიდან მალევე, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მარშის გაუქმებისთვის 10 დღიანი ვადა მისცა,  წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ჩაშლით იმუქრებოდა. 27 ივნისს, 10 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის ჩაშლისკენ ღიად მოუწოდა. თუმცა, ვასაძე პრაიდის კვირეულის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფება - ვასაძის თქმით, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ თურქეთში იმყოფებოდა, ახლა კი მკურნალობას რუსეთში აგრძელებს.

ლევან ვასაძის კავშირები პრო-რუსულ აქტორებთან კარგად ნაცნობია. მას ახლო კავშირი აქვს კრემლის იდეოლოგ ალექსადრ დუგინთან, ასევე საქართველოში მსოფლიო საოჯახო კონგრესის წარმომადგენელია. მსოფლიო საოჯახო კონგრესი კი რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან არის აფილირებული, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაფინანსებისა და მხარდაჭერის გამოა სანქცირებული.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ღირსების მარშის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველი განცხადება ალტ-ინფომ გაავრცელა. ალტ-ინფო პრო-კრემლინური პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა და ქართული მარშის ყოფილმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ დააარსა. მორგოშიას ახლო კონტაქტი აქვს ლევან ვასაძესთან. ალტ-ინფოს ეთერებსა და საკომუნიკაციო არხებზე ხშირად ვხვდებით ლევან ვასაძისა და მის მიერ ახლად-შექმნილი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას. ალტ-ინფოს კონტენტს პირად ფეისბუქ პროფილზე დუგინი აზიარებს. დუგინის ინტერვიუებს ასევე ხშირად ვხედავთ ალტ-ინფოს ეთერში.

პირველ ივლისს, პრაიდის კვირეულის დაწყების დღეს, ალტ-ინფოს მთავარი ფეისბუქ გვერდი წაიშალა, თუმცა ფეისბუქის მიერ ალტ-ინფოს არაავთენტური ქსელის რამდენჯერმე გაუქმების შემდეგ, ალტ-ინფო სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს მიმართავს, მათ შორის მაუწყებლობასაც. მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  ალტ-ინფოს კონტენტი ფეისბუქზე ალტ-ინფოსთან დაკავშირებული სხვადასხვა გვერდისა და პერსონალური ანგარიშების მიერ მხარდამჭერ ჯგუფებში ზიარდება.

 

 

ფეისბუქ გვერდები, რომლებიც ბოლო 1 კვირის მანძილზე ალტ-ინფოს კონტენტის პოპულარიზაციას ახდენდნენ. წყარო: Crowdtangle

ISFED-ის ინფორმაციით, ალტ-ინფო ღირსების მარშის წინ მომხრეების მობილიზებას სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისა და ჩატ აპლიკაციების, მათ შორის ტიკ-ტოკისა და ტელეგრამის მეშვეობით ახდენს.

ამ მხრივ, ასევე აქტიურობს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც „ბავშთა უფლებათა დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი და ნაციონალისტური და პრო-რუსული პარტია „ქართული იდეის“ წევრია. ფალავანდიშვილი მუქარის შემცველი განცხადებებით გამოირჩევა. პირველ ივლისს ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივის შეკრების პოპულარიზაციას „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება“ ასევე ტელეგრამის მეშვეობით ახდენს.

2. პრაიდის კვირეულისა და ღირსების მარშის წინააღმდეგ გავრცელებული ძირითადი გზავნილები

GRASS-ის მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ პრო-რუსული, ულტრანაციონალისტური აქტორები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები პრაიდის შესახებ ძირითადად შემდეგ გზავნილებს ავრცელებდნენ: 

  • ღირსების მარშის მიზანი ქართულ იდენტობასთან/ეკლესიასთან ბრძოლაა;
  • ღირსების მარშით საბოლოოდ დავკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებს;
  • ღირსების მარში დასავლეთის მოთხოვნით ტარდება

პრაიდის კვირეულის და ზოგადად, ლგბტქ+ უფლებების შესახებ ჰომოფობია და სიძულვილის ენა მეტწილად ქართული იდენტობის წინაშე არსებული საფრთხის კონტექსტში ვრცელდებოდა. ამ მხრივ, საუბარი იყო ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, ნაციონალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებზე. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ღირსების მარშს ნინოწმინდის პანსიონატის მოვლენების კონტექსტში განიხილავდნენ, რითაც უგულებელყოფდნენ პანსიონატში ბავშვთა უფლებების სისტემური დარღვევებს და პანსიონის ირგვლივ მიმდინარე საჯარო განხილვას პრაიდ კვირეულის კონტექსტში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად წარმოადგენდნენ. ლგბტქ+ უფლებებისა და ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენებზე ყველაზე აქტიურად საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და ნაციონალისტური ჯგუფები აქტიურობდნენ. ამ მხრივ, გამოირჩეოდა „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადობის“ წევრის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის განცხადებები, რაც თანხვედრაში მოდიოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებთან. საზოგადოების სენტიმენტებზე მანიპულირებით და ლგბტქ+ თემის და აქტივისტების დემონიზების მიზნით, ფალავანდიშვილი ამტკიცებდა, რომ ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე მოვლენები პრაიდთან იყო დაკავშირებული და სახალხო დამცველისა და სხა უფლებადამცველი ორგანიზაციების კარნახით სწორედ ეს ჯგუფები უდგენდნენ საზოგადოებას „ბავშვის აღზრდის“ ნორმებს.

ამას გარდა, ღირსების მარშის ჩატარება გაიგივებული იყო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვასთან. პირდაპირი მუქარების გარდა, აღნიშნული აქტორები მხარდამჭერებს მარშის წინააღმდეგ მობილიზაციისკენ ირიბადადაც მოუწოდებდნენ, როდესაც სხვა ქვეყნებში ჩატარებული პრაიდების შესახებ ინფორმაციას მანიპულაციურად ავრცელებდნენ. ხშირი იყო ანტიდასავლური განცხადებებიც, რომლის ფარგლებშიც სიძულვილის ჯგუფები ღირსების მარშში დასავლური ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და დასავლური ქვეყნის საელჩოების კვალს ხედავდნენ (იხ. გზავნილების მაგალითები დანართ 1-ში).

 

3. დეზინფორმაცია და მანიპულაცია პრაიდის კვირეულის გარშემო

მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გარდა გამოვლინდა დეზინფორმაციისა და ინფორმაციის მანიპულაციურად გავრცელების შემთხვევებიც, რომლის მიზანიც პრაიდის კვირეულისა და ლგბტქ+ უფლებების შესახებ მედიისა და სოციალური მედიის შეცდომაში შეყვანა იყო.

DFRLab-ის, MDF-ისა და GRASS-ის მონაცემების თანახმად, სხვა ქვეყნებში ჩატარებული ღირსების მარშების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდებოდა, რითაც სიძულვილის ჯგუფები მხარდამჭერებს ძალადობისკენ ირიბად მოუწოდებდნენ.

ასევე, ეს აქტორები ღირსების მარშის გაუქმებას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველზე ითხოვდნენ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სუბიექტურ ინტერპრეტირებას ახდენდნენ.

   

 

ამას გარდა, ყალბი ინფორმაცია პერსონალური თავდასხმის სახესაც იღებდა. ღირსების მარშის ორგანიზატორების დემონიზების მიზნით, ღირსების მარშის დაანონსებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფეისბუქზე ვირუსულად ვრცელდებოდა Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის ფოტო და ყალბი ციტატა, თითქოს ის ღირსების მარშის მოწინააღმდეგე რუსეთის ინტერესების გამტარ აქტორებს “სტალინური რეპრესიებით” ემუქრებოდა.

პრაიდის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და მანიპულაციური ფოტოები ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო სივრცეშიც გავრცელდა. GRASS-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ აფხაზურ საჯარო ჯგუფში ფეისბუქ ანგარიშმა “Абхазия Ньюс” გაავრცელა ყალბი ინფორმაცია და ფოტოები, თითქოს ღირსების მარში თბილისში 5 ივნისს ჩატარდა. ფოტოები, კი რომელიც ამ ინფორმაციას ახლდა თან სხვადასხვა დროსა და ადგილას იყო გადაღებული.

 

დასკვნა

როგორც GIIP-ის პარტნიორი ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგებიდან ჩანს, წინა წლების მსგავსად, წელსაც ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებული ღონისძიებების წინ ულტრანაციონალისტური და ღიად პრო-რუსული ძალები, ასევე საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაკავშირებული რადიკალური ძალები აქტიურდებიან. ისინი ღირსების მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიურ, სიძულვილის ენისა და მუქარის შემცველ გზავნილებს კვლავ ქართული იდენტობისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის, ასევე ანტიდასავლურ კონტექსტში წარმოაჩენდნენ.

მონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფები მხარდამჭერების მობილიზაციის მიზნით ფეისბუქის გარდა სხვა საკომუნიკაციო არხებსაც მიმართავენ. ამ ტენდენციაზე დაკვირვება და საქართველოს ბაზარზე მზარდი სოციალური მედიისა და ჩატ აპლიკაციების დაკვირვება მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამიზნე ჯგუფების სრულყოფილად გასაანალიზებლად. 

 

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი მხარდაჭერით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობითსაქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის (GIIP) ფარგლებში იქნაგაწეული. GIIP-ის ახორციელებს Zinc Network- და მისი პარტნიორი ორგანიზაციები. ანგარიშში წარმოდგენილი მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს USAID-ისა და აშშ-ისმთავრობის შეხედულებებს.