ISFED-ის სარჩელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ,,სამართლიან არჩევნებს” შეეზღუდა თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის უფლებამოსილება.
,,სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგს საქართველოს ყველა თვითმმართველ თემსა და ქალაქში. მონიტორინგი მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულების დაკვირვებას, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თვითმმართველობებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებების, თანამშრომელთა გათავისუფლებისა და აყვანის, მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის მიმდინარეობის კანონიერების შეფასებას. ამ მიზნით ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე 73 დამკვირვებლის მეშვეობით 52 მუნიციპალიტეტსა და 6 თვითმმართველ ქალაქში კონკურსის/ატესტაციის გასაუბრების პროცესის მონიტორინგი განახორციელეს. 14 თვითმმართველ ორგანოში ორგანიზაციის ნაწილობრივ ან სრულად შეეზღუდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა და გამოიკვეთა არაერთგვარი პრაქტიკა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ,,სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის საფუძველზე მნიშვნელოვანი გადაწყევტილება მიიღო და განმარტა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის საჯაროობის საკითხი. სარჩელის შეტანის საფუძველი გახდა კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა გასაუბრებაზე დასწრება იმ მოტივით, რომ კომისიის შემადგენლობაში უკვე იყვნენ ჩართული პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები და დამატებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დასწრება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.
სასამართლოს განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და მისი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნებს და იმ პრინციპებს, რომლსაც აღნიშნული კანონი განამტკიცებს.
საკონკურსო კომისიამ საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა დაიცვას საჯარო სამსახურის ისეთი ძირითადი პრინციპი, როგორიცაა საქვეყნოობა. სასამართლოს განმარტებით: ,, საქვეყნოობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი, რაც განსაზღვრავს მოქალაქეთა და ზოგადად საზოგადოების ნდობას ყველა ორგანოს და მითუმეტეს საჯარო ორგანოებთან მიმართებაში. მონიტორინგი რა თქმა უნდა არ ნიშნავს გასაუბრების პროცესში რაიმე სახით ჩარევას. ობიექტური დაკვირვება გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებულობას“. ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯაროობა არ უნდა იქნეს ვიწროდ გაგებული და არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ კონკურსის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაინტერესებული პირებისთვის. კონკურსის ყველა ეტაპზე ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის. ამ საკითხს ამყარებს ის გარემოებაც, რომ კომისიის დებულების მიხედვით, გადაწყვეტილების მიღება ღია კენჭისყრით ხდება. მსგავსი რეგულაციაა დადგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებითაც, რომლიც კონკურსის ჩატარების ძირითად პრინციპებს არეგულირებს.
,,სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები გაიზიარებენ აღნიშული გადაწყვეტილებას და ღიად და გამჭვირვალეს ჩაატარებენ საჯარო მოხელეთა კონკურსებს.