თვითმმართველობები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარუდგინეს

ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებას წარვუდგინეთ.  

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ინიციატივით შემცირდა სპეციალური უბნების რაოდენობა და მოხდა ძალოვანი სტრუქტურების  დისტანცირება საარჩევნო პროცესებიდან, რაც დადებითი ფაქტი იყო,  აღნიშნული საკითხი კვლავ აქტუალური გახდა საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებზე.

სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა და მისი მეშვეობით ხმის მიცემა წლების განმავლობაში საკამათო და პრობლემატურ საკითხს წარმოადგენდა, ვინაიდან მოქმედი  საარჩევნო კანონმდებლობა ასეთი უბნების შექმნის თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლევა. ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად იმ სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესი გახდა, რომლებიც რეგისტრაციის მისამართისაგან განსხვავებულ ტერიტორიაზე მსახურობენ. საქმე იმაშია, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა ამომრჩევლებისაგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსი აწესებს გამონაკლისს სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში რეგისტრაციის მისამართისაგან განსხვავებულ საარჩევნო ოლქში.  არაერთ არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტებს გამოუთქვამთ ეჭვი, რომ არჩევნების დღემდე სამხედრო ნაწილების გადაადგილება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მიზნად ისახავდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარული წარმომადგენლის მხარდამჭერთა რიცხვის ხელოვნურ ზრდას. 

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციით სამხედრო მოსამსახურეებს არ ერთმევათ საარჩევნო უფლება: სამხედრო ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან იმ სამოქალაქო საარჩევნო უბნების მეშვეობით, რომელიც მათი დისლოკაციის ადგილებთან ახლოს მდებარეობს.  ამასთან, ამომწურავად და ნათლად არის განსაზღვრული იმ შემთხვევების ჩამონათვალი, თუ როდის და სად უნდა შეიქმნას სპეციალური უბანი. ჩვენ მიერ შემუშავებული ცვლილებებით, სპეციალური საარჩევნო უბნების მეშვეობით ამომრჩევლისთვის შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ამომრჩეველს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება სპეციალური უბნის საშუალებით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა, თუკი მისი რეგისტრაციის ადგილი სპეციალური უბნის საარჩევნო ტერიტორიას მიეკუთვნება. 

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ პოლიტიკურ პარტიებთან, ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან იმ მიზნით, რომ  აღნიშნული რეკომენდაციები განხილული იქნას საქართველოს პარლამენტში. 


Spec Ubnebi_Joint Recommendations_final (1)