თვითმმართველობები

ასპინძის გამგებელმა რწმუნებულებს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა

“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ასპინძის გამგებელმა, 2 აგვისტოს გამართულ თათბირზე, სოფლის რწუნებულებს და მათ თანაშემწეებს, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.

როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის ოშორა-იდუმალას რწმუნებული „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში აცხადებს, გამგებელმა ლევან ცაბაძემ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა რწმუნებულებს და მათ თანაშემწეებს განუცხადეს, რომ თუ თავისი ნებით არ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს, მათ მიმართ იძულების სხვა ხერხებს გამოიყენებდნენ.

„სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში ასპინძის გამგებელი, ლევან ცაბაძე უარყოფს მუქარას, თუმცა ადასტურებს, რომ რწმუნებულებს თანამდებობის დატოვების თაობაზე  განცხადების დაწერა და დროებით მოვალეობის შემსრულებლად დარჩენა მოსთხოვა. გამგებელი მოთხოვნას სოფლის მაცხოვრებლების სურვილით ხსნის.   მისი განცხადებით, სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილოები არიან რწმუნებულების მუშაობით და ის რწმუნებული, რომელიც არ დატოვებს თანამდებობას, „სოფლის წინააღმდეგ წავა“.

თათბირის შემდეგ, თანამდებობა რწმუნებულების და მათი თანაშემწეების უმრავლესობამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, თუმცა ნაწილმა პირადი განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში თავად შეუძლია. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ რწმუნებულების მიმართ წაყენებული მოთხოვნა, საკუთარი ნებით დაწერონ განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით,  უკანონოა და შეიცავს მუქარისა და ზეწოლის ნიშნებს.