ISFED-ის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია გასცეს
ISFED-ის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია გასცეს. თვითმმართველობის მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციას არაერთი პრობლემა შეექმნა საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ამ მიზეზით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი წარადგინა.
,,სამართლიანი
არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან, 73 დამკვირვებლის მეშვეობით ატესტაციისა და კონკურსების პროცესებს მთელი საქართველოს
მასშტაბით აკვირდება. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ გასაუბრების პროცესის მონიტორინგი
112 თვითმმართველ ორგანოში განახორციელა.
მონიტორინგის
პროცესში გამოიკვეთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 850 განცხადებიდან 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებით და დარღვევებით მიაწოდა. კერძოდ, თვითმმართველი ერთეულების 43%-მა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების 68%-მა ინფორმაცია მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა.
ორგანიზაციამ
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო რამდენიმე
სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვდა თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსების
შესახებ ინფორმაციას, კერძოდ რამდენ პოზიციაზე გამოცხადდა კონკურსი და რამდენი პოზიცია
შეივსო კონკურსის შედეგად, ასევე რამდენ პოზიციაზე დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლად
ის პირები, ვინც კონკურსის გამოცხადებამდე მუშაობდნენ ამავე თანამდებობაზე, ასევე იმ
პირთა საერთო რაოდენობა, ვინც ვერ გადალახა კონკურსის ტესტირების/გასაუბრების ეტაპი
და დანიშნული არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლად იმავე პოზიციაზე.
გურჯაანის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელის შეტანის შემდეგ მოგვაწოდეს ჩვენს
მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულება გვაფიქრებინებს
იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მწვავედ დგას საჯარო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი
პირები არ სწავლობენ ინდივიდუალურად მოქალაქეების განცხადებებს და არ აწოდებენ მათ
კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციას.
,,სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს,
რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გაიაზრონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ აკისრიათ მოქალაქეების
წინაშე და დაუბრკოლებლად მიაწოდონ მათ საჯარო ინფორმაცია. ეს ერთის მხრივ გააძლიერებს
დემოკრატიულ კონტროლს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული
ორგანოების ფორმირებას.