თვითმმართველობები

ISFED-ის რეაგირებამ შედეგი გამოიღო - ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება შეცვალა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსანტების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემურ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების“ რეაგირებამ შედეგი გამოიღო. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კომისიის მიერ ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად ჯამურად მაღალი - 11,4 ქულით შეფასებული კონკურსანტის ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე აღნიშნულ პოზიციაზე გეგმავდა დაენიშნა უფრო ნაკლები - 10,8 ქულით შეფასებული კონკურსანტი. მიზეზად საკრებულოს თამჯდომარემ დაასახელა ქულებს შორის უმნიშვნელო სხვაობა და  კონკურსანტის ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოთქვა თავისი მოსაზრება.


 ორგანიზაციის შეფასებით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა კანონიერი უფლება თავად მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირის დანიშვნის შესახებ. თუმცა, კონკურსის პრინციპებიდან გამომდინარე, თანამდებობაზე დანიშვნისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმაღლესი ქულების მქონე კონკურსანტებს. 

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება შეცვალა და საკრებულოს აპარატის საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კონკურსის შედეგად მაღალი ქულის მქონე კონკურსანტი დაინიშნა. 

მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებისას არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინება პოზიტიური მოვლენაა, რაც ხელს უწყობს პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვას.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის მიმდინარეობის პროცესს, მათ შორის ტესტირებებსა და გასაუბრებებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

დეკემბრის თვეში ორგანიზაციამ პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ატესტაციების და კონკურსების შედეგად გამოვლენილი ტენდენციები და რეკომენდაციები წარადგინა.