თვითმმართველობები

კენჭისყრის პროცესის და საარჩევნო უბნების დახურვის შეფასება

უბნის დახურვის და კენჭისყრის პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგს, 48 მოკლევადიანი, ორი ოლქის დამკვირვებლის და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს. 

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მეორე განცხადებას, რომელიც ასახავს საარჩევნო უბნებზე 15:00-დან 20:00-მდე გამოვლენილ დარღვევებს. ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო დარღვევებს, რომლებიც ძირითადად მოკლე დროში და ადგილზევე აღმოიფხვრა.

ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები

მარტვილის #11 უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ პირებს დაატოვებინა უბანი.

მარტვილის #14 უბანზე დაფიქსირდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობის 4 ფაქტი. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, ოთხივე შემთხვევაში ამომრჩევლებმა ხმა მისცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. 

მარტვილის #21 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მართვის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ჩარევის შედეგად, ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. 

მარტვილის #11 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის მცდელობა, რაც აღმოფხვრილ იქნა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შედეგად.

მარტვილის #27 საარჩევნო უბანზე, ოთხმა ამომრჩეველმა მარკირების შემოწმების გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.  

დამკვირვებლის უფლების დარღვევა

მარტვილის #27 უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიეცა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.

გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა

მარტვილის #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთით ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა 10  გამოუყენებელი ბიულეტენის ნაცვლად 9 დააბრუნეს. საარჩევნო კომისიის წევრები ვერ აკეთებენ სათანადო განმარტებას, თუ რატომ დაბრუნდა უბანზე ერთით ნაკლები ბიულეტენი. 

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე

იორმუღალოს #42 საარჩევნო უბანზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თამარ ხიდაშელის და ირმა ინაშვილის მხარდამჭერებს შორის.  ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. 

კენჭისყრის დასრულების პროცედურები

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.


ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების მიერ ჩანაწერთა წიგნში 7 შენიშვნა დაფიქსირდა.  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნით, ორგანიზაციამ  საოლქო საარჩევნო კომისიებში 6 საჩივარი წარადგინა. ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოთხოვნით 1 საჩივარი.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების ოთხ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში იმართება.


„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის მეშვეობით.  ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ამერიკელი ხალხის შეხედულებებს.