თვითმმართველობები

საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების მონიტორინგის შუალედური შეფასება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს ტესტირებისა და გასაუბრებების ეტაპებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის 73 დამკვირვებელი მონიტორინგს ერთგვაროვანი მეთოდოლოგიისა და კითხვარების საფუძველზე ახორციელებს.

დღეის მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა ტესტირების პროცესს ყველა თვითმმართველ ერთეულში და გასაუბრების პროცესს 49 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. ანგარიშში წარმოდგენლია ატესტაციისა და კონკურსის პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები და დაფიქსირებული დარღვევები. 

 დაკვირვების განხორციელების პროცესში შექმნილი სირთულეები

58 მუნიციპალიტეტიდან 14 თვითმმართველ ერთეულში „სამართლიანი არჩევნები“ სრულად ან საერთოდ ვერ დააკვრიდა გასაუბრებებს. გასაუბრების ეტაპზე 5 ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანომ  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მოგვცა პროცესზე დაკვირვების საშუალება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. 9 თვითმმართველმა ერთეულმა კი უარი განაცხადა მიმდინარე თუ დაგეგმილ გასაუბრებების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობის მიცემაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა არც ერთ თვითმმართველ ერთეულში არ მოგვეცა. ამასთან,  გასაუბრების ეტაპის დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვასთან ერთად, ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მიგვაჩნია, რომ კომისიების მიერ დასახელებული მიზეზები, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 ტესტირების ეტაპის შეფასება

დამკვირვებლების ინფორმაციით, ტესტირება ძირითადად კარგად იყო ორგანიზებული, ადგილი ჰქონდა მცირე ტექნიკურ ხარვეზებს, რასაც ტესტირების შედეგზე ზეგავლენა არ მოუხდენია. 
ტესტირების მონაწილეების გამოკითხვის შედეგად უმეტესობამ აღნიშნა, რომ ტესტები იყო რთული ან მეტ-ნაკლებად რთული . ორგანიზაციის შეფასებით, ზოგ თვითმმართველ ერთეულში დაწესებული მინიმალური გამსვლელი ზღვარი იყო მაღალი. მონაწილეთა ინფორმაციით იყო შემთხვევები, როდესაც მიღებული ქულები არ ემთხვეოდა შემდგომში ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქულებს. თუმცა  აღნიშნულის დამტკიცება შეუძლებელი იყო, რადგან მონაწილეს ტესტირების დასრულების შემდეგ არ რჩებოდა რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი, რითაც შეძლებდა პასუხების სისწორის გადამოწმებას და დამამტკიცებელ დოკუმენტად გამოყენებას. 

 გასაუბრების ეტაპის შეფასება

დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც მოგვეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. კომისიაც ძირითადად პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 8  თვითმმართველ ერთეულში , გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და  პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარ მიდგომას. ანგარიშში მოხვდა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის რამოდენიმე ფაქტიც. 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, გასაუბრების მსვლელობისას ახმეტის, ცაგერის, ხულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში კომისიის წევრებმა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით შერჩევითი მიდგომა გამოავლინეს.  კომისიის წევრების მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაფიქსირდა ქედის თვითმმართველ ერთეულში.  პოლიტიკური ნიშნით კონკურსანტების მიმართ ზეწოლა დაფიქსირდა პარტია „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრებზე გორის მუნიციპალიტეტში და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. პოლიტიკური ნიშნით კადრების დანიშვნის შემთხვევები გამოიკვეთა   კასპის მუნიციპალიტეტშიც.

 საკონკურსო კომისიების მიერ გადაწყვეტილებების მიღების ეტაპის შეფასება

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აჭარა-გურიის 6 მუნიციპალიტეტში, იქ სადაც ორგანიზაციას მიეცა კადრების შერჩევის პროცესის შედარებითი ანალიზის  გაკეთების შესაძლებლობა, გამოვლინდა, რომ ძირითადად  კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და  კადრების შერჩევა განხორციელდა  ობიექტურად. თუმცა, ვთვლით, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 26 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ორგანიზაციამ შეაფასა თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანი იყო  ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიის გადაწყვეტილებები იმ კონკურსანტების მიმართ, რომელთაც  გამოთქვეს პრეტენზიები და კომისია არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. ჩვენი დაკვირვების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 5 შემთხვევიდან, კომისიამ ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებულები 3 პოზიციაზე, ხოლო 2 შემთხვევაში, ვთვლით, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი.

“სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება  ხელვაჩაურის გამგეობის გადაწყვეტილებას, რა დროსაც ორგანიზაციის მიერ გამოთქმული რეკომენდაციის შემდგომ კომისიამ შეცვალა გადაწყვეტილება უფრო უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ. მსგავსი პრეცედენტები პოზიტიური მოვლენაა, რაც ხელს უწყობს პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვას.

„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს დაკვირვებას საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების პროცესზე და ეტაპობრივად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

დეტალური ინფორმაცია დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ტენდენციებისა და ფაქტების შესახებ, ასევე ორგანიზაციის რეკომენდაციები ტესტრებისა და გასაუბრებების პროცესთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.isfed.ge 



ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს  USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.