'სამართლიანი არჩევნები' სიდას განცხადებას ეხმაურება
„სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ 2015 წლის 9 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებას თვითმმართველობებში განხორციელებული საკონკურსო -საატესტაციო პროცესების შესახებ. შეგახსენებთ, რომ პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამო, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ატესტაცია-კონკურსის გამჭვირვალობის და სამართლიანობის საკითხი, „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა, მიიღო გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დატოვების თაობაზე.
მოგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება თვითმმართველობებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია იზიარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ყოფილი წევრის პოზიციას გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, დაკვირვების შეზღუდვის, კონკურსანტთა შერჩევის არაერთგვაროვანი კრიტერიუმების, ატესტაცია-კონკურსების მარეგულირებელი პროცედურების არასრულყოფილების, გასაუბრების ვიდეო ჩანაწერის საჭიროების და ტესტების პროფესიულ საჭიროებასთან შეუსაბამობის შესახებ.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გამოვლენილმა პრობლემებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა პროცესის სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე.
„სამართლიანი არჩევნები“ ადასტურებს განცხადებაში დასახელებულ პრობლემას დაკვირვების შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. კერძოდ, „სამართლიან არჩევნებს“ დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა ცხრა თვითმმართველ ერთეულში გასაუბრების პროცესზე, ხოლო ხუთ თვითმმართველ ერთეულში ორგანიზაცია კონკურსანტთა გასაუბრებებს შეზღუდულად დააკვირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „სამართლიან არჩევნებს“ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დასწრების უფლება არცერთმა თვითმმართველმა ერთეულმა არ მისცა. შესაბამისად, ორგანიზაციისათვის უცნობი დარჩა, თუ რის საფუძველზე მიიღო კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილებები კონკურსანტთა ვაკანტურ ადგილებზე შერჩევისას.
განცხადებაში ასევე საუბარია, ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის კონკურსანტთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დაწესების არაერთგვაროვანი მიდგომა და ატესტაციის/კონკურსის ჩატარების ზოგადი წესი, რომელიც არ შეიცავს მნიშვნელოვან დეტალებს. „სამართლიანი არჩევნები“ ადასტურებს, რომ აღნიშნულმა პრობლემებმა ეჭვქვეშ დააყენა კონკურსანტების შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილებების ობიექტურობა და ამასთან, კონკურსანტების დიდ ნაწილში უკმაყოფილება და პრეტენზიები გამოიწვია. ატესტაცია/კონკურსის წესებში დეტალური მარეგულირებელი ნორმების არარსებობის გამო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს შეექმნათ დაბრკოლებები როგორც დაკვირვების, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.
„სამართლიანი არჩევნები“ ვიდეო ჩანაწერის, როგორც გასაუბრების მიმდინარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობაზე, პროცესების დაწყებამდეც საუბრობდა.
რაც შეეხება, ტესტირების პროცესს, „სამართლიანი არჩევნები“ ამ შემთხვევაშიც ეთანხმება განცხადების ავტორს, რომ ტესტების შინაარსი შეუსაბამო იყო პროფესიულ საჭიროებებთან. ტესტირების პროცესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ჯერ კიდევ დეკემბერში გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშში წარმოადგინა ვრცელი და დეტალური რეკომენდაციები.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ თვითმმართველ ერთეულებში არაერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკა და ატესტაცია-კონკურსების წესის არასრულყოფილება ნეგატიურად აისახა პროცესის მიმდინარეობაზე. საკონკურსო-საატესტაციო სისტემის არასრულფასოვნებას ადასტურებს საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვები, რომლებიც დღეისათვის კვლავაც პასუხების გარეშე რჩება. შესაბამისად, შეუძლებელია სრულყოფილად შეფასება იმისა, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს ატესტაცია-კონკურსების პროცესი და არის თუ არა კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები ობიექტური.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ატესტაცია-კონკურსის პროცესთან დაკავშირებით ორი შუალედური ანგარიში და რამდენიმე განცხადება გამოქვეყნა. ამ ეტაპზე ორგანიზაცია განაგრძობს ატესტაცია-კონკურსების პროცესზე დაკვირვებას და პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოვლენილი ტენდენციებისა და დაფიქსირებული პრობლემების შესახებ.
,,სამართლიანი არჩევნები” გამოხატავს მზადყოფნას იურიდიული კონსულტაციით დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ატესტაცია/გასაუბრების პროცესში მისი უფლებები დაირღვა.