თვითმმართველობები

თბილისის მერია „სამართლიან არჩევნებს“ კონკურსებზე დაკვირვების საშუალებას უზღუდავს

თბილისის მერია „სამართლიან არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ საჯარო მოხელეთა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევს. მერიიდან მოწოდებული წერილის მიხედვით, ორგანიზაციას გასაუბრებაზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსის ნაცვლად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის სტატუსით შესთავაზეს. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ მიუღებელია მსგავსი შეთავაზება, რადგან კომისიის წევრის სტატუსი, წინააღმდეგობაში მოდის სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობასთან.

2015 წლის 7 ივლისს, თბილისის მერიაში კონკურსის გასაუბრების ეტაპი დაიწყო. 9 ივნისს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მერიას მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვდა კონკურსის გასაუბრების პროცესზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებას. მოთხოვნაზე პასუხი მერიამ ორგანიზაციას დაგვიანებით, 29 ივნისს მიაწოდა. არასრულყოფილი პასუხის არაგონივრულ ვადებში მოწოდების გამო, „სამართლიან არჩევნებს“  შეეზღუდა თბილისის მერიაში მიმდინარე კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების უფლება. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციას კონკურსებისა და ატესტაციების, გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა. საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგის განმავლობაში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ორგანიზაცია 14 თვითმმართველ ორგანოში სრულად ან საერთოდ ვერ დააკვირდა გასაუბრებებს. 

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს თბილისის მერიას, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს,  დროულად მოახდინონ დაინტერესებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმირება დაგეგმილი კონკურსებისა და ატესტაციების პროცესების შესახებ და მისცენ სრულფასოვანი დაკვირვების საშუალება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის სამართლიანობა და გამჭვირვალობა.



„სამართლიანი არჩვნები“ საჯარო მოხელეთა ატესტაციებისა და კონკურსების მონიტორინგს ახორციელებს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს  USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.