თვითმმართველობები

თბილისის მერიიდან 1 თვეში 155 ადამიანი გათავისუფლდა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2014 წლის 8 სექტემბერს  ქ. თბილისის მერიიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით მერიისადმი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით ქ. თბილისის მერიიდან სულ გათავისუფლდა 155 ადამიანი. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე - 115; ვადის გასვლის გამო - 32; დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო - 5; სხვა საფუძვლით - 3. 

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული 115 პირისგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურიდან გათავისუფლდა - 46  პირი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია - 34 პირი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - 9 პირი; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურები - 26  პირი.

პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს შორის არიან საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსები, საქალაქო სამსახურის/განყოფილების უფროსის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსები, მერის აპარატის უფროსები, შტატგარეშე მოსამსახურეები, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ მერიამ გათავისუფლებული პირების სახელები და გვარები პერსონალურ მონაცემებად მიიჩნია და ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რაიონების ყოფილი გამგებლებისა. 

შეგახსენებთ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2014 წლის 12 სექტემბერს გაავრცელა განცხადება ქ. თბილისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიმართ პირადი განცხადების საფუძველზე  სამსახურის დატოვების მოთხოვნით განხორციელეული ზეწოლის  სავარაუდო ფაქტების თაობაზე (ბმული).  განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მოქალაქეთა განცხადებით, „2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატურად ხდება მათი და სხვა თანამშრომლების მიმართ ზეწოლა თანამდებობის ,,ნებაყოფლობით" დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ. ადგილი აქვს, ასევე, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარასაც... იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება  აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება. ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ. სისხლის სამართლის კოდექსი 169-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე". 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი