თვითმმართველობები

თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრესრელიზი

დღეს, 4 დეკემბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგს საქართველოს ყველა თვითმმართველ თემსა და ქალაქში 73 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ. აღნიშნულ პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან საერთო ჯამში გათავისუფლდა 884 საჯარო მოხელე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების უმრავლესობა პირადი განცხადების (434) საფუძველზე გათავისუფლდა. 311 შემთხვევაში გათავისუფლებების ძირითად მიზეზად დასახელდა კადრების რეორგანიზაცია, შტატების შემცირება და სამსახურების ლიკვიდაცია, ხოლო 118 მოხელე სამსახურის ვადის გასვლის  გამო გათავისუფლდა. 

გათავისუფლებების გარდა, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობებში 88 საჯარო მოხელე გადაყვანილ იქნა დაბალ თანამდებობაზე. საჯარო მოხელეთა დაქვეითების ძირითად მიზეზს წარმოადგენს რეორგანიზაცია ან ხელმძღვანელ თანამდებობებზე ახალი პირების დანიშვნის შედეგად არსებული კადრების სხვა თანამდებობებზე გადაყვანა. 

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული და დაბალ თანამდებობებზე გადაყვანილი საჯარო მოხელეების უმრავლესობა წარმოადგენს (ასოცირდება) პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან დამოკიდებელ/უპარტიო პირს.

ამავე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველ ორგანოებში დაწინაურებულ იქნა 177 საჯარო მოხელე და 3019 ახალი თანამშრომელი დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ ახალი თანამშრომლების უმრავლესობა აყვანილ იქნა დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამასთან, დაწინაურებული  და ახალი თანამშრომლების უმეტესობა წარმოადგენს (ასოცირდება) პარტია „ქართულ ოცნებას“ ან დამოუკიდებელ/უპარტიო პირს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში დაესწრნენ თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში გამართულ 110 სხდომას. დამკვირვებლების ინფორმაციით, 6 მუნიციპალიტეტში საზოგადოება ინფორმირებული არ იყო დაგეგმილი სხდომების შესახებ  და  10 სხდომა გარკვეული ხარვეზებით წარიმართა. ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულებიდან  გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით გაიცა, 381 -დან 46  შემთხვევაში კი თვითმმართველობებმა ინფორმაცია კანონის ვადების დარღვევით, ანუ 10 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მოგვაწოდეს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების 74 ფაქტი.

„სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან ასევე აკვირდება თვითმმართველ ორგანოებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურესების პროცესს. ოქტომბერ-ნოემბერში ორგანიზაცია 61 ადგილას 81 ნაკადის ტესტირების პროცესს დააკვირდა. ტესტირებაში 1800-მდე კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან ორგანიზაციის დამკვირვებლები  922 პირს გაესაუბრნენ. გასაუბრების შედეგად, მონაწილეთა უმრავლესობამ ტესტები მეტ-ნაკლებად რთულად ან რთულად მიიჩნია. მცირე ტექნიკური ხარვეზების გამო პროცესი შეფერხდა ქუთაისში, გორში, ადიგენსა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, უმეტეს შემთხვევაში  კი ტესტირების პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.   

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ტესტირებაში გამოკითხული მონაწილეების აზრით, თვითმმართველობის მიერ დაწესებული მაღალი პროცენტული ზღვარის გამო ქ. თბილისში (75%) მონაწილეთა  უმრავლესობამ (60%) ვერ შეძლო ტესტირების ჩაბარება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში დაბალი პროცენტული ზღვარის (50%) მიუხედავად 60%-ზე მეტმა მონაწილემ ვერ შეძლო მინიმალური ზღვარის გადალახვა.

საჯარო მოხელეთა კონკურსის ერთ-ერთ ეტაპს ტესტირებების გარდა, წარმოადგენს გასაუბრებები კანდიდატებთან. ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგიერთმა უწყებამ, კერძოდ, თბილისის, ქუთაისის და გორის მერიამ და გორის გამგეობამ საჯარო საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მოგვცა პროცესზე დაკვირვების საშუალება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. ახალციხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ასპინძის თვითმმართველობებმა კი უარი განაცხადა მიმდინარე თუ დაგეგმილი გასაუბრებების ეტაპის დაკვირვებაზე, რაც სერიოზულ ეჭვებს აჩენს ამ პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის კუთხით. 

„სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. შემდგომ ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ოქტომბერ-დეკემბერში თვითმმართველობებში მიმდინარე საკადრო ცვლილებების, თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროცესის შესახებ.