\'სამართლიანი არჩევნები\' ეხმიანება ხაშურის საარჩევნო ოლქში მიმდინარე მოვლენებს
,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რაც მალევე დადასტურდა ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ მიერ გავრცელებული კადრებით, შეინიშნებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმების მასიური გადაადგილება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგიერთ შემთხვევაში თავად საარჩევნო უბნებზე.
ამის შედეგად ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით გამოიწვია დამკვირვებლები ხაშურის რაიონში წინასწარ შერჩეული ყველა უბნიდან. ამასთან საუბნო საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლის პროცესი დასრულებული ჰქონდათ ორგანიზაციის მიერ შერჩეული დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თუმცა კომისიის წევრები მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ შემაჯამებელი ოქმის შევსებას და ზოგიერ შემთხვევაში პირდაპირ განაცხადეს, რომ არც აპირებდნენ დაჯამებული ხმების რაოდენობების შემაჯამებელ ოქმებში გადატანას და ამით საარჩევნო პროცესის გაგრძელებას. ასევე ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლების ინფორმაციით, შესაბამის უბნებზე დათვლილი ხმების რაოდენობით კოალიცია ,,ქართული ოცნება’’ ლიდერობდა.
ამჟამად ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი პირების სიმრავლე შეიმჩნევა.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფი ხაშურიდან იუწყება, მთელ ქალაქში შეინიშნება სამართალდამცავი პირების მობილიზება.