„სამართლიანი არჩევნები“ ავღანეთში გამართულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდა
2013 წლის 20 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი ავღანეთში №1 საარჩევნო უბანზე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდა.
დამკვირვებლის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, დაკვირვების პროცესში არ დაფიქსირებულა არცერთი პროცედურული დარღვევა.
მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო კენჭისყრის ორგანიზებულად, დარღვევების გარეშე ჩატარება.