წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ანგარიში (20 ივლისი - 4 აგვისტო)
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ანგარიშს. წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2013 წლის 20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.
საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია შედარებით გააქტიურდა, თუმცა, ამასთანავე, დაფიქსირდა ძალადობრივი ხასიათის ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მიმდინარეობისას. ორგანიზაციამ გამოავლინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალკეული შემთხვევები, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციის გაწევის ერთი და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის ხელის შეშლის 2 შემთხვევა.
ამჟამად მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატების და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი ყველაზე პრობლემატურია.
ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.