2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის და კენჭისყრის მიმდინარეობა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 28 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 800-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 32 მობილური ჯგუფი.  
მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
 4 თვითმმართველ ქალაქსა (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 თვითმმართველ თემში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე;
 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვერელი, მარტვილი, თიანეთი) არჩევნების დღის მონიტორინგს ორგანიზაცია მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება. რომელიც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 2003 წლიდან, ანუ 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 12 ივლისის არჩევნები რიგით მეცხრეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღისა და პროცესის შედეგების შეფასებისთვის.

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველი აირჩევს 8 მერს და 13 გამგებელს იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ვერ დააგროვეს ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა (50%+1).

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები

,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: თბილისი -  15% (ცდომილების ხარისხი +/-0.3%); ოზურგეთი - 25%; მცხეთა -  20%; რუსთავი -  16%; გორი -  14%. 



იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებს,  ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 2014 წლის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია. გამონაკლისია მცხეთის თვითმმართველი ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 1%-ით ნაკლებია 15 ივნისის არჩევნებთან შედარებით. 
 
ადგილობრივ თემებში, სადაც მიმდინარეობს გამგებლის არჩევნები, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო: ხონი (28%), ბაღდათი (19%), თერჯოლა (21%), ტყიბული (22%), ლანჩხუთი (25%), ხულო (15%), ახმეტა (19%).
ამომრჩეველთა განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ხონის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში. 




დარღვევები

09:30 საათიდან 13:30 საათამდე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემდეგი დარღვევები:
აგიტაციის 1 შემთხვევა: თერჯოლის #31 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ამომრჩეველს უთხრა რომელი კანდიდატისთვის უნდა მიეცა ხმა. კომისიის თავმჯდომარემ წარმომადგენელს გაფრთხილება მისცა;
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 1 შემთხვევა: ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ მიეცა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება;
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 3 შემთხვევა: რუსთავის #9, ფოთის #15, დიდუბის #38  საარჩევნო უბნებზე;

გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის 2 შემთხვევა ხულოს საარჩევნო ოლქის #27 და #12 საარჩევნო უბნებზე; 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 9 შემთხვევა: თერჯოლის #10, გლდანის #31, ტყიბულის #18, #19 და #27, რუსთავის #41, #60, ბათუმის #18, მცხეთის #2, ხულოს #44  საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისათვის ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 4  საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 18  საჩივარი.

,,სამართლიანი არჩევნები“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 15 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.
,,სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.

არჩევნების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ (OSGF). ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შეხედულებებს.