2020 საპარლამენტო

ISFED-მა სოციალური მედიის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარმოადგინა

1 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლისსაპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

მონიტორინგის ფარგლებში ISFED-მა გამოავლინა:

  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი;
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;
  • ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.

დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.

ამ კატეგორიის გვერდებზე, ISFED-მა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნებული 14 290 საჯარო პოსტი გააანალიზა.

„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების, მაჟორიტარებისა და პოლიტიკური ლიდერების 452 „ფეისბუქ“ გვერდს და ადგილობრივი თვითმმართველობების 127 ოფიციალურ გვერდს.

წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-ზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსაც, როგორებიცაა Instagram, Telegram, Viber და TikTok. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნევა. კონკრეტულად, საჯარო უწყებების 18-მა გვერდმა გააზიარა პოსტიმთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც StopCov ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი #გაიგერაკეთდება, რაც ეხმიანება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ Facebook გვერდს „რა კეთდება“, რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი „ქართული ოცნება“ არის მითითებული.  

საანგარიშო პერიოდში, Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქამედი 69 გვერდი გამოვლინდა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ან/და გაღვივება.  დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამი) უფრო მაღალია.

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნები მჟღავნდება. მათი ძირითადი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ამასთან, ისინი ეწევიან “ევროპული საქართველოსა” და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“.

ქართული ოცნებისდისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე ორგანიზებული და კოორდინირებული კამპანია ნაკლებად შეინიშნება. მსგავს გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია უმეტესად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რისთვისაც დაბალი ხარისხის ფოტომონტაჟები გამოიყენება. 

ანონიმური დისკრედიტაციის გვერდების გარდა, დისკრედიტაციას ეწევა ბაკურ სვანიძის მიერ მართული Facebook გვერდების ქსელიც, რომელიც ღიად გამოხატავს „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერას.

რიგ შემთხვევებში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილებიც. სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

საანგარიშო პერიოდისთვის ISFED-მა გამოავლინა 10 ცრუ მედია გვერდი, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცრუ მედია გვერდები საკუთარ პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და Facebook-ის რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

დისკრედიტაციისა და პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გამოიყენება Facebook ჯგუფებიც. ჯგუფები, მათში გაერთიანებული მომხმარებლების რაოდენობის გამო, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სწრაფად გავრცელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს და საინფორმაციო სივრცის დაცვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. 

ღიად დისკრედიტაციული Facebook ჯგუფები, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისდაერთიანი ნაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ მოქმედებენ. 

მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. ჯამში, ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც 391,491 წევრი ჰყავთ. „ქართულ ოცნებასთან“ კი აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369,172 წევრით. „სტრატეგია აღმაშენებელს“ 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20,334-ის ტოლია.

ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას:

  1. პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების სოციალური მედიის ოფიციალური გვერდების მონიტორინგს, ცალკეული საჯარო მოხელეების სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში აქტივობის მონიტორინგს; 
  2. პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების/ჯგუფების/აქტორების მონიტორინგს, მათ შორის - პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიების, ანონიმური და ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედიის მონიტორინგს;
  3. ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი გვერდების/ჯგუფების მონიტორინგს.

 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის ფარგლებში. სოციალური მედიის მონიტორინგის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მეშვეობით. მონიტორინგის საწყის ეტაპზე მონაცემთა შეგროვება მხარდაჭერილი იყო ასევე საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ ასახავდეს OSGF-ის, EWMI-ს, IFA-ს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.