ანგარიშები

რომელი სახელისუფლებო გვერდები გააუქმა „ფეისბუქმა“ და რომელი გაუქმდა საკუთარი ინიციატივით?

20 დეკემბერს, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა 418 ანგარიში, მათ შორის 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 39 პროფილი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში.

„ფეისბუქის“ გამოძიებით გამოვლინდა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები ცდილობდნენ შეენიღბათ საკუთარი ვინაობა, მოქმედებდნენ ურთიერთკოორდინირებულად და დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო - „პანდასთან“ და მმართველ პარტია - „ქართულ ოცნებასთან“. „ფეისბუქი“ საკუთარ განცხადებაში მთავარ აქცენტს აკეთებს კოორდინირებულ გვერდებზე და აღნიშნავს, რომ წაშლილი გვერდები პოზიციონირებდნენ როგორც მედია ორგანიზაციები, თავს ასაღებდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და სამოქალაქო ორგანიზაციებად. ფეისბუქ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშის მფლობელები როგორც წესი, პოსტავდნენ პოლიტიკური სიახლეების შესახებ, არჩევნებთან, სამთავრობო პოლიტიკასთან, საჯარო თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ადგილობრივ აქტივისტებს და ორგანიზაციებს.

კოორდინირებული სქემით მოქმედი ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდები „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოექცა. დისკრედიტაციული მიზნით აქტიური გვერდები ორგანიზაციის სოციალური მედიის მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა. „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების შესახებ ორგანიზაციამ რამდენჯერმე მიაწოდა ინფორმაცია „ფეისბუქს“, რათა პლატფორმას დაედგინა ამ გვერდებს შორის სავარაუდო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის არსებობა.

ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესის საგანია თუ კონკრეტულად რომელი „ფეისბუქ“ გვერდები იყვნენ ჩართული კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ხელისუფლების სასარგებლოდ. საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე, „ფეისბუქი“ თავს იკავებს 344 გაუქმებული გვერდის ჩამონათვალის გამოქვეყნებისგან. თუმცა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მონიტორინგის პროგრამებში არსებული „ფეისბუქ“ გვერდების ბაზის ანალიზის შედეგად დაადგინა ნაწილი იმ გვერდებისა, რომელიც უტყუარად არის წაშლილი „ფეისბუქის“ მიერ. 

20 დეკემბრისთვის, „სამართლიან არჩევნებს“ სოციალური მედიის მონიტორინგის ბაზებში, სხვა შინაარსის გვერდებთან ერთად, დისკრედიტაციული და სამთავრობო პროპაგანდისტული მიზნით მოქმედი 174 გვერდი ჰქონდა იდენტიფიცირებული რომლებიც თავისი შინაარსით ოპონენტების, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით ანონიმურად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ. მათ შორის:

  • ღიად დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდები - 101
  • ცრუ მედიის ტიპის გვერდები - 41
  • მოჩვენებითად მხარდამჭერი დისკრედიტაციული გვერდები - 16
  • სრულად ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდები - 8
  • სამთავრობო პროპაგანდისტული გვერდები - 6
  • გამოგონილი, არარსებული პირების ბლოგები - 2.

გარდა ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი გვერდებისა, „სამართლიან არჩევნებს“ ასევე იდენტიფიცირებული ჰქონდა 38 გვერდი, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული დისკრედიტაციული და სამთავრობო პროპაგანდისტული 174 გვერდიდან „ფეისბუქის“ მიერ წაშლილია 87 გვერდი, ხოლო 15 გვერდი სავარაუდოდ დეაქტივირებულია მათივე ადმინისტრატორების მიერ. ასევე მიუწვდომელია 18 გვერდი, თუმცა დაუზუსტებელია ისინი „ფეისბუქმა“ გააუქმა თუ ამავე გვერდების ადმინისტრატორებმა. დღეის მდგომარეობით, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი 54 გვერდი კვლავ აქტიურია. ამ გვერდების ჩამონათვალი ცხრილების სახით მოცემულია დანართ ფაილში.

*ISFED-ის დაკვირვების ქვეშ მყოფი გვერდებიდან

 

„ფეისბუქმა“ გააუქმა „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების ქვეშ მყოფი გვერდების ნაწილი, თუმცა, საერთო ჯამში, გაუქმდა 344 გვერდი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე დისკრედიტაციული და სამთავრობო პროპაგანდისტული გვერდები, რასაც „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რიგი გვერდები, რაც „ფეისბუქმა“ გააუქმა, არ იყო იმდენად აქტიური, რომ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ხილვადი ყოფილიყო ან მოქმედებდა პოლიტიკური დისკრედიტაციისგან განსხვავებული ტაქტიკით (მაგ. ე.წ. Clickbait), ან იყო სხვა სახის გვერდები (მათ შორის, შესაძლოა, არაპოლიტიკური), რაც იმართებოდა „პანდას“ მიერ. 

 

თვითდეაქტივაცია, როგორც „გადარჩენის“ გზა - მოქმედების ტაქტიკა „ფეისბუქ“ წმენდის შემდეგ

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ აქამდე იდენტიფიცირებული ანონიმური დისკრედიტაციის, ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედია გვერდების და ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდების უმრავლესობა - 88 გვერდი - წაშლილია „ფეისბუქის“ მიერ. ნაწილი მათგანი კი - 15 გვერდი - არააქტიურია და ხელმისაწვდომი აღარაა, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი დეაქტივირებულია არა „ფეისბუქის“, არამედ თავად ამ გვერდების ადმინისტრატორების მიერ. „სამართლიან არჩევნებს“ ამ დასკვნის საშუალებას აძლევს ის, რომ ეს კონკრეტული გვერდები ორგანიზაციის მონიტორინგის პროგრამაში „ფეისბუქის“ მიერ ანგარიშების გაუქმების შემდეგაც ჩანდნენ, როგორც აქტიური და მოქმედი გვერდები, მათ შორის ზოგიერთი მათგანი 21 და 22 დეკემბერსაც იძებნებოდა. ამ გვერდების დეაქტივაციის მიზეზი, სავარაუდოდ, არის კოორდინირებული არაავთენტური ქცევის კვალის წაშლის მიზნით, მათი ადმინისტრატორების დივერსიფიცირება და ერთნაირი პოსტების წაშლა. ამ გვერდების ნაწილს „ფეისბუქ“ მომხმარებლების ფართო აუდიტორია ყავს მოზიდული მომწონებლების სახით და პოსტების რაოდენობრივი სიდიდის მხრივაც გამოირჩევიან, რაც აღრმავებს ეჭვს, რომ პოლიტიკური საჭიროების შესაბამისად, შესაძლოა, ეს გვერდები გარკვეულ პერიოდში აღდგნენ და კვლავ შეეცადონ „ფეისბუქ“ მომხმარებლების ფართო აუდიტორიის საინფორმაციო სივრცის დაპყრობას. დეაქტივაციის მიუხედავად, ორგანიზაციას იდენტიფიცირებული აქვს ამ გვერდების უნიკალური მისამართები „ფეისბუქზე“. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ამ გვერდების იდენტიფიცირება, თუნდათ ადმინისტრატორების მიერ მათი სხვა სახელით აღდგენის შემთხვევაში.

კოორდინირებული არაავთენტური ქცევის საფუძველზე „ფეისბუქის“ მიერ გვერდების წაშლის შემდგომ დისკრედიტაციული კამპანიის ორგანიზატორები მანამდე გამოვლენილ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას კვლავ აგრძელებენ ახალი სტრატეგიის გამოყენებით. ამჟამად გამოვლინდა შემდეგი სამი სახის ტენდენცია:

  1. ახალი გვერდების შექმნა და პოსტების დასპონსორება - მაგალითად 24 დეკემბერს შეიქმნა ცრუ მედიის კატეგორიის ახალი გვერდი სახელწოდებით „პოლიტ მაცნე“, რომელსაც ამავე დღეს 2 დასპონსორებული პოსტი ჰქონდა.
  2. ძველი მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების დეაქტივაცია და მათი ზუსტი ანალოგების გამოყენება. მაგალითად, გააქტიურდნენ ადმინისტრატორების მიერ დეაქტივირებული გვერდების ერთგვარი „კლონები“, რომლებიც შექმნილია 2019 წლის ივლისში და ადმინისტრატორების მიერ „დამალული“ გვერდების ზუსტ ანალოგებს წარმოადგენენ სახელწოდების, პროფილის, ბანერის და გამოქვეყნებული პოსტების შინაარსის მიხედვით. ასეთებია, მაგალითად გვერდები: „ორი გვამი უნდათ“ (შექმნილია 2019 წლის 29 ივლისს), „პოლიტიკური სანაგვე“ (შექმნილია 2019 წლის 30 ივლისს), და „იყავი და გაგეკეთებინა“ (შექმნილია 2019 წლის 30 ივლისს).
  3. მრავალათასიან „ფეისბუქ“ ჯგუფებში პოსტების გაზიარება და საკუთარი გზავნილების ამ მეთოდით გავრცელება. 

 

 

დისკრედიტაციის რა მეთოდებს მიმართავდნენ გაუქმებული გვერდები?

მონიტორინგის პროცესში „სამართლიანი არჩევნები“ ანონიმურ მადისკრედიტირებელ „ფეისბუქ“ გვერდებს სხვადასხვა კატეგორიებად ჰქოფს, მათი ქცევისა და დისკრედიტაციისთვის გამოყენებული ტაქტიკის მიხედვით. ქვემოთ მოცემულია ძირითადი კატეგორიები და მათი მოქმედების აღწერა. თითოეული კატეგორიისთვის, შეჯამებულია თუ რამდენი გვერდი გააუქმა „ფეისბუქმა“ და რამდენმა გაიუქმა თავი.

 

ღიად დისრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდები: ქმნიან ფეისბუქ გვერდების ქსელს, რომლებიც პოლიტიკურ მოვლენებზე სოციალურ მედიაში ხელისუფლების სასარგებლოდ  ერთგვარ „სწრაფი რეაგირების“ ოპერატიულ გვერდებს წარმოადგენენ, რაც გამოიხატება ხელისუფლებისთვის არასასურველი მოვლენებისა თუ პერსონების მიერ საჯარო აქტივობის კვალდაკვალ დისკრედიტაციასთან, დაცინვასთან, არასერიოზულად წარმოჩენასთან და შეურაცხყოფასთან. მათი სამიზნე ხდება ყველა, ვინც მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს და ამ კუთხით რაიმე ფორმით აქტიურობს.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული ღიად მადისკრედიტირებელი 101 გვერდიდან  40 გვერდი კვლავ აქტიურია. ფეისბუქმა წაშალა ასეთი 30 გვერდი.  13 გვერდი გაუქმდა თავად ადმინისტრატორების მხრიდან, ასევე მიუწვდომელია 18 გვერდი, თუმცა ზუსტი მიზეზი თუ რატომ არ ფუნქციონირებენ ეს გვერდები „სამართლიანი არჩევნებისთვის“ დაუზუსტებელია.

 

ცრუ მედიის გვერდები:  გვერდები საკუთარი სახელწოდების მიხედვით Facebook-ის მომხმარებლებს უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში კი მათი მიზანი სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნა იყო, რომელიც დასპონსორებული პოსტების სახით ახალ ამბებს შერჩევითად და კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად მიაწვდიდნენ საზოგადოებას. აღნიშნული ტიპის გვერდები უმეტესწილად იმ სახის ინფორმაციას ავრცელებდა, რომელიც ხელისუფლების დადებით კონტექსტში წარმოდგენას და მისი ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მათ შორის, ცრუ სააგენტოები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასაც არ ერიდებოდნენ. 

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული ცრუ მედიის ტიპის 41 გვერდიდან ფეისბუქმა წაშალა 35 გვერდი. ერთი ადმინისტრატორის მიერაა დეაქტივირებული, ხოლო 5 კვლავ აქტიურია.

 

ცრუ მხარდამჭერი დისკრედიტაციული გვერდები: ცრუ მხარდაჭერის გვერდები სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნით მოქმედ გვერდებს შორის „ფეისბუქის“ მომხმარებლების დაბნევას, შეცდომაში შეყვანასა და დეზორიენტაციას ყველაზე მეტად უწყობს ხელს, რადგან აღნიშნული გვერდები შენიღბულად მოქმედებენ. ისინი, ძირითადად, თავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხარდამჭერად წარმოაჩენენ, თუმცა სინამდვილეში მათი დისკრედიტაციის სამიზნეს სწორედ ისინი წარმოადგენენ, ვისი სახელითაც ოპერირებენ.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ცრუ მხარდაჭერის 16 გვერდი იყო იდენტიფიცირებული, რომლებიც მოქმედებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მოძრაობა „სირცხვილიას“, მოძრაობა „ლელოს“, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის გაერთიანებული პლატფორმის, ჭყოდნიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას სახელით და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ. ამ გვერდებისთვის დამახასიათებელი არ იყო პოსტების დიდი რაოდენობით გამოქვყნება, არამედ, შერჩევითად, პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ ორაზროვანი და შეცდომაში შემყვანი პოსტების გამოქვეყნება და მასიური დასპონსორება.

„სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ცრუ მხარდაჭერის 16 გვერდიდან ფეისბუქის მიერ 13 გვერდი წაიშალა, ერთი ადმინისტრატორების მიერ დეაქტივირდა და ორი კვლავ აქტიურია.

 

სრულად ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდები:  2019 წლის ივნისამდე, ყალბი ამბების (ე.წ. „Fake News“) გავრცელება მისი კლასიკური გაგებით, ქართული „ფეისბუქისთვის“ დამახასიათებელი ფენომენი ნაკლებად იყო და ინფორმაციით მანიპულირების მთავარი სტრატეგიული ხაზი მისინფორმაციაზე, ანუ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტებით, ძირითადად სატირული და ცინიკური ტონით არასასურველი პირების დისკრედიტაციაზე გადიოდა. თუმცა, ივნისის აქციების შემდეგ, „ფეისბუქ“ გვერდებმა არსებული დისკრედიტაციის ტაქტიკასთან ერთად მასიური ყალბი ახალი ამბების გავრცელების კამპანია წამოიწყეს, რაც საგანგაშო ფორმებს და მასშტაბებს იღებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ყალბი ამბების გამავრცელებელი 8 გვერდი იყო იდენტიფიცირებული, რომელთა პოსტების 100% მხოლოდ ფოტო მანიპულაციას წარმოადგენდა, ხოლო ხოლო აქტივობის მაქსიმალური მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა.

ყალბი ამბების გამავრცელებელი რვავე გვერდი „ფეისბუქმა“ წაშალა.

  

  

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგს ახორციელებს სპეციალურად შექმნილი მეთოდოლოგიის საფუძველზე. მონიტორინგის პროცესში ორგანიზაცია იყენებს მონაცემების სისტემურად შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის შესაბამის პროგრამებსა და ციფრულ ხელსაწყოებს. ორგანიზაციის მიერ სოციალური მედიის მონიტორინგის ანგრიშებისა და ბლოგების გაცნობა შესაძლებელია ამ მისამართზე. 

„ფეისბუქის“ გამოყენებით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ მომდევნო სრულყოფილ ანგარიშს და რეკომენდაციებს „სამართლიანი არჩევნები“ გამოაქვეყნებს 2020 წლის იანვრის თვეში.

 

*** მასალა განახლებულია - თავდაპირველ ვერსიაში გვერდი ''მიხეილ უკრაინოლოგი'' არასწორად იყო მოხსენიებული ''ფეისბუქის'' მიერ გაუქმებულ გვერდებს შორის.