ბლოგი

სამართალი მოჯადოებულ წრეში

ადამიანებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება სასამართლოში საქმის მოგების შემდეგ, რეალურად ქმედითია თუ არა მართლმსაჯულება და აღდგება თუ არა მათი დარღვეული უფლებები. ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, ყოველთვის დადებითი არ არის. სასამართლო დავის წარმატებით დასრულების, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევის ფაქტის დადგენის მიუხედავად, ადამიანები, ზოგჯერ, მაინც ვერ აღწევენ სამართლიანობას და საკუთარი კანონიერი ინტერესების სრულად დაცვას.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალობას იძენს შრომით სამართალში, შრომითი უფლებების დაცვის, სამსახურის დაბრუნების საჭიროებისას, რადგან, ამ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენის ინტერესთან ერთად, საქმე ეხება ადამიანების სოციალური დაცვის საჭიროებებს, საარსებო რესურსებს. გაჭიანურებული, უარეს შემთხვევაში, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე შრომითი დავის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სასამართლო უკანონოდ ცნობს მოსარჩელის გათავისუფლებას, იგი მაინც ვერ ახერხებს სამსახურში დაბრუნებას, რადგან ამ უკანასკნელ გადაწყვეტილებას, ძირითადად, იღებს პირი, ან ამ უკანასკნელს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ადამიანები, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონო გადაწყვეტილება. ამგვარად, ადამიანი ექცევა მოჯადოებულ წრეში, საიდანაც არ ჩანს გამოსავალი, არ ჩანს სამართლიანობის აღდგენის იმედი.

ეს პრობლემა კარგადაა ცნობილი პროფესიული წრეებისთვის, თუმცა ნაკლებად - ფართო საზოგადოებისთვის. საკითხის უკეთ გასააზრებლად, მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს „სამართლიანი არჩევნების“ უფასო იურიდიული დახმარების პრაქტიკიდან.

ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა თენგიზ თევზაძემ. იგი ტყიბულის მერიაში 2014 წლიდან მუშაობდა და გათავისუფლებამდე იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციას. მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა და ჰქონდა საუკეთესო შეფასებები. ამის მიუხედავად, 2022 წლის 16 მაისს, თენგიზ თევზაძე რეორგანიზაციის შედეგად, ტყიბულის მერმა სამსახურიდან გაათავისუფლა.  

ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ ბათილად ცნო თენგიზ თევზაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებები. ამავე გადაწყვეტილებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, გამოეცა ახალი აქტი. სასამართლოს განმარტებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იყო სათანადოდ დასაბუთებული რეორგანიზაციის პირობებში მოსარჩელის გათავისუფლების აუცილებლობა.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე საუკეთესო თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და, ამის მიუხედავად, მისმა სამსახურმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დააკომპლექტა ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, არც კი გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები მოხელეების კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ- ჩვევებისა და რეორგანიზაციამდე შრომის დისციპლინისადმი თითოეული მათგანის დამოკიდებულების შესახებ. 

საქმის გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი არ იძლევა იმ პროცედურის ანალიზის შეფასების შესაძლებლობას, თუ რის საფუძველზე განისაზღვრა თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პირთა სია, რომელშიც მოხვდა თენგიზ თევზაძე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები ცალკეულ პირთა ჰორიზონტალური გადაყვანის თაობაზე არ იყო დასაბუთებული და მათთვის, ისევე როგორც თენგიზ თევზაძისთვის უნდა შეეთავაზებინათ მობილობა და შემდეგ შეერჩიათ საუკეთესო კანდიდატი. 

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, თენგიზ თევზაძის სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებისას, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმების საფუძველზე, ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც (საქმეNბს-594(2კ-21), 30.09.2022) „მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს სხვა საჯარო მოხელეებისა და მოსარჩელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა.“

ამასთან, რადგან რეორგანიზაციის გამო თენგიზ თევზაძის კონკრეტული თანამდებობა იმავე სახელით აღარ არსებობდა, სასამართლომ პირდაპირ არ აღადგინა იგი და დაავალა მოპასუხე ტყიბულის მერიას, ხელახლა ემსჯელა მოსარჩელის სამსახურში დაბრუნების საკითხზე. ამასთან, სასამართლომ დაავალა უწყებას, ამ საკითხის განხილვისას გაეთვალისწინებინა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ფაქტობრივად, შეიქმნა ახალი საშტატო ერთეულები და, შესაბამისად, საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე. სასამართლომ, ასევე მიუთითა  მოპასუხეს იმ გარემოებაზეც, რომ ტყიბულს მუნიციპალიტეტის მერიაში კვლავ არსებობდა ვაკანტური შტატები, რაც დამსაქმებელს ავალდებულებდა გამოეკვლია თენგიზ თევზაძის შესაბამისობა მითითებულ თანამდებობებზე დანიშვნის მოთხოვნებთან.

სასამართლოს არ უმსჯელია რეორგანიზაციის რეალურობისა და შინაარსობრიობის შესახებ, თუმცა ზემოაღწერილი მსჯელობით, ფაქტობრივად, მიუთითა მისი ჩატარების პროცესში კანონმდებლობის ფუნდამენტური მოთხოვნების დარღვევაზე.  

პრაქტიკაში რეორგანიზაცია არც თუ იშვიათად გამოიყენება როგორც არასასურველი კადრების სამსახურიდან გაშვების მეთოდი. სხვა შემთხვევაში, უვადოდ დანიშნული შტატიანი საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ იგი სერიოზულ დარღვევას ჩაიდენს. ამდენად, რეორგანიზაციის ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენება არაკანონიერი მიზნებისთვის, კანონისმიერი გარანტიების გვერდის ასავლელად. სწორედ ამიტომ, უზენაესი სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს რამდენად რეალური იყო რეორგანიზაცია და გამოიწვია არსებითი სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები  დაწესებულებაში. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ სამსახურების, განყოფილებების, თანამდებობების დასახელებათა შეცვლა და ფუნქციათა პრაქტიკულად უცვლელად დატოვება ვერ შეფასდება რეორგანიზაციად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული  განჩინების აღსრულების მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად, მერის ბრძანებით, მერისავე ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო წევრები - მერიის მაღალი რანგის მოხელეები. თენგიზ თევზაძე დაიბარეს ამ ჯგუფთან გასაუბრებაზე. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო მომენტამდე, გასაუბრებაზე დაბარებამდე თენგიზ თევზაძისთვის არავის უცნობებია მისი საქმის ირგვლივ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.  მას არ მისცემია საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, გასაუბრებაზე დაბარებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ასევე, მისთვის უცნობი იყო რომელ შტატზე განიხილავდნენ მის კანდიდატურას, აგრეთვე, რა მეთოდოლოგიით აპირებდნენ შეფასებას, იყო თუ არა დადგენილი შესაბამისი კრიტერიუმები, გასაუბრება იქნებოდა თუ არა გამჭვირვალე (აუდიო-ვიდეო ჩანაწერით) და იქნებოდა თუ არა მიუკერძოებელი საკონკურსო კომისია.

გამოთხოვნის შემდეგ, თენგიზ თევზაძისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ სამუშაო ჯგუფმა, მერის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, მთელი რიგი სამუშაოები აწარმოვა. სწორედ ამ სამუშაოების შედეგად გადაწყდა თენგიზ თევზაძის კანდიდატურის განხილვა 4 თანამდებობაზე. 

თენგიზ თევზაძემ გასაუბრებამდე არაერთი შუამდგომლობა წარადგინა, მათ შორის მოითხოვა გასაუბრების პროცესიდან მერის აცილება და გასაუბრების აუდიო ჩაწერა, ასევე საკონკურსო კრიტერიუმების გაცნობა. საკონკურსო კომისიამ ვერ უპასუხა თენგიზ თევზაძის ლეგიტიმურ კითხვებს. შეფასების კრიტერიუმები უცნობი დარჩა გასაუბრებამდე და მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ გადასცეს. პროცესის  ჩაწერაზე უარი უთხრეს იმაზე მითითებით, რომ მერიას არ გააჩნდა შესაბამისი ტექნიკა. დაკმაყოფილდა მერის აცილების შესახებ შუამდგომლობა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა აცილებული წევრის ნეიტრალური პირით ჩანაცვლების თხოვნა. კომისიის შემადგენლობაში დარჩნენ მერიაში მომუშავე პირები, რაც თენგიზ თევზაძეს არ უტოვებდა მათ მიერ ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შინაგან რწმენას.  

გასაუბრების გავლის ნაცვლად, თენგიზ თევზაძემ წერილობით წარედგინა მოსაზრებები. ამის შემდეგ, მას ჩაჰბარდა ტყიბულის მერის ბრძანება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციიდან მეორედ გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დარღვევით ჩატარებისა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ გამოტოვებული აქვს გარე მობილობის პროცედურა, რომელსაც ითვალისწინებს „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N 199 დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლები: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში.

ამდენად, თენგიზ თევზაძე იმავე სამსახურიდან მეორედ გათავისუფლდა და იძულებულია, კვლავ გაიაროს იგივე წრე და მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლებების აღსადგენად. შესაძლებელია, სასამართლომ კვლავ მოპასუხეს დაუბრუნოს საქმე სათანადოდ გამოსაკვლევად და ამ უკანასკნელმა კვლავაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები კვლავ ის პირი იქნება, რომელმაც უკვე ორჯერ დაარღვია თენგიზ თევზაძის უფლებები. 

ზემოაღწერილი საქმე კარგად აჩვენებს პრობლემის სირთულესა და სისტემურობას. ამ გამოწვევის წინაშე ბევრი ადამიანი დგება და ვერ ახერხებს მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას.