2020 წლის არჩევნები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში - საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა მოსაზრებები
2020 წლის შემოდგომაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არჩევნები გაიმართა. სამი ქვეყნის არჩევნების მიმდინარეობის პროცესი და დამდგარი შედეგების ანალიზი ფუნდამენტურია, ვინაიდან რეგიონში სამომავლო დინამიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
2020 წლის 25 ოქტომბერს უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარდა, რომელიც კიევის ძალაუფლების დეცენტრალიზებას გულისხმობდა. არჩევნების შედეგად, უკრაინის მოქალაქეებმა აირჩიეს საოლქო და რაიონული საბჭოების დეპუტატები, ქალაქების მერები და სოფლების მეთაურები. 1 და 15 (მეორე ტური) ნოემბერს მოლდოვის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც პრო-ევროპელმა კანდიდანტმა, მაია სანდუმ, პრო-რუსი, იგორ დოდონი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. ხოლო, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა 150 წევრიანი პარლამენტი შერეული - 120/30-ზე სისტემით აირჩიეს. საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში მანდატები 9 პარტიის წევრებმა მოიპოვეს, თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტს ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს. მათ ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერის შედეგად. მეტიც, 2014 წლიდან მოლდოვას, ხოლო 2017 წლიდან საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.[1] დამატებით, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობების ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტი 2009 წელს ჩამოყალიბებული აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივაა, სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გარდა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი მონაწილეობენ.
საგულისხმოა, რომ თავად ევროკავშირი დემოკრატიულ არჩევნებს შემდეგნაირად განსაზღვრავს: ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა, პოლიტიკური პლურალიზმი, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, სამართლიანობა, არჩევნებში კონკურენციის თანაბარი შესაძლებლობა და ა.შ.[2]
უნდა ითქვას, რომ 2020 წელი განსაკუთრებით საპასუხისმებლო აღმოჩნდა ასოცირებული ქვეყნებისათვის- არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარება მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნიდა დემოკრატიის ხარისხის განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს არჩევნების ჩატარება COVID-19-ის კრიზისის ფონზე, გამოწვევებით სავსე გარემოში, მოუხდათ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობაზე და მათ სათანადოდ ვერ მოახერხეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვება.
წინასაარჩევნო თუ არჩევნების პროცესს, დამდგარ შედეგებსა თუ მის გავლენას ქვეყნის განვითარებაზე, მუდმივად თვალს ადევნებს და ინტერესით აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება. მესამე სექტორის წარმომადგენლები განვითარებულ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებს სხვადასხვა ანალიტიკური ნაშრომებით, კონფერენციებითა თუ სხვა მედიუმების საშუალებით ეხმიანებიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საინტერესოა, რას ფიქრობენ საერთაშორისო პოლიტიკის გავლენიანი ანალიტიკოსები 2020 წლის არჩევნებზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ამისათვის, „სამართლიანი არჩევნები“ იმ ანალიტიკოსებს გაესაუბრა, რომლებიც სამ ასოცირებულ ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს მოლდოვაში არჩეული პრეზიდენტი და მის მიერ დაგეგმილი რეფორმები, უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ამასთან, საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით, ახალ საარჩევნო, მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე გაამახვილეს ყურადღება. დამატებით, ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს არჩევნების მსვლელობის პროცესში არსებულ დარღვევებს, დეტალურად ისაუბრეს 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოსალოდნელ შედეგებსა და ზოგადად, ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარების შესაძლებლობებზე.
ინტერვიუს ფარგლებში, სამმა რესპონდენტმა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში არჩევნების პროცესი შეაფასა. მოლდოველი პოლიტიკის ანალიტიკოსი[3] ზოგადად აღნიშნავს, რომ „არჩევნები ახალი შესაძლებლობების გახსნის საუკეთესო საშუალებაა - თუ საზოგადოება აირჩევს მათ, ვინც რეფორმებს გაატარებს, გაიხსნება ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ფანჯარა. თუმცა, ამასთან, არჩევნები ქვეყნისათვის რეგრესი შეიძლება აღმოჩნდეს.“
მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, სამივე რესპონდენტი დიასპორის მნიშვნელოვან როლზე ამახვილებს ყურადღებას. მოლდოველი მკვლევარის აზრით, აღნიშნული შესაძლოა მომავალში კარგი მაგალითი აღმოჩნდეს უკრაინასა და საქართველოსათვის, რადგან მოლდოვას მსგავსად, მრავალი ქართველი, თუ უკრაინელი ცხოვრებს საზღვარგარეთ. იულიან გროზაც, ყოფილი ვიცე მინისტრი მოდლოვას საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჟამად კი ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის (IPRE) აღმასრულებელი დირექტორი, მიიჩნევს, რომ დიასპორას, მაია სანდუს გამარჯვებაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის- „მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოლდოველ ხალხს არ გააჩნდა ალტერნატიული ხმების მიცემის საშუალება, როგორიცაა ინტერნეტი, მეილი და ა.შ, მათგან წარმოუდგენლად დიდი ჩართულობა ვიხილეთ.“ დამატებით, ი. გროზა მოლდოვაში საარჩევნო გარემოს შეფასებისას, ხაზს უსვამს წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციულ კამპანიებს და მათ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს.
მაიკლ ემერსონი - ევროპული პოლიტიკური კვლევითი ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი, რომლის უახლესი საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპის კვლევას უკავშირდება, უკრაინასა და მოლდოვაში არჩევნების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს, თუმცა განსხვავებულ შეხედულებას აფიქსირებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, რომელსაც დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად ასახელებს. დამატებით, საქართველოსა და მოლდოვაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე საუბრობს მოლდოველი ანალიტიკოსი. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ უკრაინასა და მოლდოვაში დარღვევებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, ხოლო საქართველოში დარღვევებმა საბოლოო შედეგი განსაზღვრა, რამაც ქვეყანაში პოსტ-საარჩევნო პოლიტიკური კრიზისი წარმოშვა.
რესპონდენტებმა არჩევნების შედეგებზეც გაამახვილეს ყურადღება. მოლდოველი მკვლევარი მაია სანდუს გაპრეზიდენტების დადებით მხარეებზე საუბრობს- „ვიცი, რომ 21-ე საუკუნეში არ უნდა აღვნიშნო დადებით მხარეში ის, რომ პრეზიდენტი გახდა ქალი, თუმცა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში ეს მაინც კარგი შედეგია, რადგან საზოგადოება დღემდე პატრიარქალურია.“ ამასთან, ექსპერტის მოსაზრებით, მაია სანდუ არის რეფორმისტი პოლიტიკოსი, არ არის ჩართული კორუფციულ გარიგებებში, არამედ პირიქით, მისი მიზანი სწორედ კორუფციის აღმოფხვრაა. თუმცა, ამასთან, მაიკლ ემერსონიაღნიშნავს, რომ მაია სანდუ კონსტიტუციურად საკმაოდ სუსტი პრეზიდენტია და მას რეფორმების გასატარებლად მხარდაჭერა პარლამენტისგან სჭირდება, რომელიც ამჟამად არ გააჩნია. დამატებით, იულიან გროზას მიაჩნია, რომ შეზღუდული ძალაუფლების ფონზე, მაია სანდუ ვერ უზრუნველყოფს სწრაფ ცვლილებებს ქვეყანაში, თუმცა შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს პოტენციურ ცვლილებებს მომავალში. საბოლოოდ, რესპონდენტები მაია სანდუს გაპრეზიდენტებას დადებით მოვლენად მიიჩნევენ არა მხოლოდ მოლდოვასთვის, არამედ სრულად რეგიონისათვის.
რაც შეეხება უკრაინაში დამდგარ შედეგებს, მაიკლ ემერსონის თქმით, უკრაინის არჩევნებმა ცხადყო ზელენსკის მთავრობის მხარდამჭერთა რაოდენობის კლება. CEPS-ის მკვლევარი ზელენსკის რეჟიმს სუსტს უწოდებს და მწვავე კორუფციის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას. მსგავსად, მოლდოველი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მმართველმა პარტიამ ადგილობრივ საბჭოსა და მერობის შემთხვევაში, საკმაოდ დაბალი შედეგი აჩვენა- „რა თქმა უნდა, ეს შედეგი საკმაოდ ცუდია მმართველი პარტიისთვის, თუმცა კარგია დემოკრატიის თავლსაზრისით, რადგან ძალაუფლების კონცენტრირების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს.“
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კი მაიკლ ემერსონი აღნიშნავს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია. რესპონდენტს საკუთარი კვლევა მოჰყავს მაგალითად, რომელიც ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შედარებას ეხება. აღნიშნულმა კვლევამ ცხადყო საქართველოს წინსვლა დემოკრატიის კუთხით და ის რეგიონში მოწინავე ქვეყნად დაასახელა.[4] თუმცა, მ. ემერსონის მოსაზრებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შეარყია საქართველოს იმიჯი და დააკარგვინა მას შანსი გამხდარიყო მაგალითი და შთამბეჭდავი წარმომადგენელი. დამატებით, მოლდოველი პოლიტიკის მკვლევარის აღნიშნავს, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ არჩევით, გაცილებით უკეთესი დემოკრატიის მოლოდინი გაჩნდა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არა დემოკრატიაზე, არამედ სახელმწიფო მოდერნიზებაზე იყო ორიენტირებული. „2020 წელი საქართველოსთვის იყო შანსი დაემტკიცებინა დემოკრატიის ხარისხი, თუმცა მიმდინარე წლის არჩევნებზე ამ მხრივ, ქვეყანამ უკუსვლა გვაჩვენა.“- ამბობს მოლდოველი მკვლევარი.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, თუ როგორ წარმოუდგენია საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების შემდეგ, ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების სცენარები. ამ მხრივ, რესპონდენტებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად, სამი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ისე კონკრეტულად, 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამიტზე.
რესპონდენტები COVID-19-ის კრიზისისა თუ სხვა პოლიტიკური მიზეზების გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სამიტის ჩატარების შესაძლებლობას. მ. ემერსონის მოსაზრებით, პანდემიის გარდა, ბუნდოვანებას წარმოშობს ისიც, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას სამიტზე, რადგან არ არის დარწმუნებული ევროკავშირის მხრიდან რამდენად იქნება ლუკაშენკოს მთავრობა მიწვეული, ასევე, სადავოა, მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რამდენად დათანხმდებიან შეხვედრაზე ერთად დასწრებას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.
თუმცა, თუ 2021 წელს სამიტის ჩატარება მოხერხდა, ი. გროზა მიიჩნევს, რომ ასოცირებული ქვეყნები ვერ მიიღებენ ამბიციურ შეთავაზებებს და არც რაიმე მნიშვნელოვან სიახლეს ელის ევროკავშირის მხრიდან. მსგავსად, არც მ. ემერსონს გააჩნია განსაკუთრებული ინოვაციების მოლოდინი სამიტიდან, მისი თქმით, მოხდება არსებული სიტუაციის შეფასება და დარგობრივი ინტეგრაციის საკითხების განხილვა.
საინტერესო მოსაზრებები დააფიქსირა მოლდოველმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, რომელმაც ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების კუთხით, სამივე ქვეყანის პერსპექტივაზე დეტალურად ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობაზე არჩევნების გარდა ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს- კერძოდ, გავლენას ახდენს ევროკავშირში მიმდინარე მოვლენები, წევრ ქვეყნებში არსებული სიტუაცია, გაერთიანების პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ. შესაბამისად, ამბიციური შეთავაზებების წარდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია ერთი მხრივ, იმაზე თუ რამდენად იქნება ევროკავშირი მზად 2021 წელს ასოცირებულ ქვეყნებს ამბიციური დღის წესრიგი შესთავაზოს და მეორეს მხრივ კი იმაზე, რამდენად იმსახურებენ ეს ქვეყნები ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.
მოლდოველი ექსპერტის შეფასებით, არჩევნების შემდეგ, ახალი შესაძლებლობების გაჩენა ყველაზე მეტად მოლდოვას შემთხვევაში არის სავარაუდო, მას არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინები საქართველოს შემთხვევაში, რადგან მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან ყურადღება და ენერგია დაიხარჯება არა ქვეყნის წინსვლაზე, არამედ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე. ამასთან, თუ ამჟამინდელი ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში ვიხილავთ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას და არა რეფორმების გატარებას, აღნიშნული კი ცხადია, არ იქნება ბერკეტი ევროკავშირისთვის საქართველოს ახალი შეთავაზებები წარუდგინოს- „ევროკავშირი სავარაუდოდ, ეცდება შეინარჩუნოს ის, რასაც აქამდე მიაღწია და თავიდან აიცილოს საქართველოს უკუსვლა.“
რაც შეეხება უკრაინას, რესპონდენტები, პირველ რიგში, დადებითად აფასებენ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას, რადგან აღნიშნულს მხარს უჭერდა ევროკავშირი და საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა დეცენტრალიზების რეფორმის განსახორციელებლად. მოლდოველი მკვლევარის თქმით, ევროკავშირი ფინანსურ რესურს გამოჰყოფს ადგილობრივ დონეზე იმ იმედით, რომ მომავალში, ეს ყოველივე აისახება ეროვნულ დონეზე- ის ფიქრობს, რომ ქალაქებს ეყოლებათ მერები, რომლებიც პერსპექტივაში გახდებიან პოლიტიკოსები ეროვნულ დონეზე. შესაბამისად, უკრაინის არჩევნების შედეგები დადებითი ნიშანია ევროკავშირისთვის, რადგან არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე დაინახოს ევროკავშირმა, რომ მისი ინვესტირებული თანხა სწორად დაიხარჯა და რეალური შედეგი გამოიღო.
„ვფირობ, რომ თუ სამ ქვეყანას სურს მჭიდრო კავშირები ევროკავშირთან, უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა გამოიყენონ დასავლეთის ძალისხმევა რეალური ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მომავალში ქვეყნის წარმატებაში აისახება და შედეგად, გზას გაუხსნის ურთიერთობების ახალ ციკლს ევროკავშირთან.“ - ამბობს მოლდოველი პოლიტიკის მკვლევარი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად, 2020 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებით ხასიათდება. რეგიონში პოლიტიკური ციებ-ცხელება 9 აგვისტოს ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებით დაიწყო, რასაც მასობრივი დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა. შემდეგ, მთიანი ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის მომსწრენი გავხდით, რომელმაც კავკასიაში ძალთა ახალი კონფიგურაცია წარმოშვა და ახალი ფაქტობრივი საზღვრები დააწესა. ოქტომბრიდან კი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში „საარჩევნო სეზონი“ დაიწყო. არჩევნები სამივე ქვეყნისათვის ისტორიული მნიშვნელობის იყო- საქართველო, საკუთარი ისტორიის მანძილზე, ახალი საარჩევნო სისტემით, ყველაზე დემოკრატიულ და მრავალფეროვან არჩევნებს მიიღებდა, უკრაინას- დეცენტრალიზების რეფორმის მიღების შედეგად, ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის შედეგად, ადგილობრივი წარმომადგენლები ეყოლებოდა, ხოლო მოლდოველ ხალხს ისტორიული არჩევანის გაკეთება დასავლეთსა და რუსეთს შორის მოუწევდა.
აღსანიშნავია, რომ შემოდგომის არჩევნების წარმატებით ჩატარება შესაძლოა, ყოფილიყო ბიძგი ევროკავშირისთვის, რათა ასოცირებული ქვეყნებისათვის ამბიციური პოლიტიკის შეთავაზებები უახლოეს მომავალში წარედგინა. განსაკუთრებით, ეს მოსალოდნელი იქნებოდა, თუკი სამი ქვეყანა ერთობლივად აჩვენებდა წარმატებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების პროცესსა და შედეგებში. 2020 წლის სექტემბერში „სამართლიან არჩევნებთან“ ინტერვიუში, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა, განაცხადა: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს დაუმტკიცოს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ ქვეყანა მზადაა ინტეგრაციისათვის.“ უფრო მეტიც, მიმდინარე წელი შესაძლებლობა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვასა და უკრაინისათვის დაედასტურებინათ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და ეჩვენებინათ, რომ ისინი ჭეშმარიტად იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. ცხადია, სამწუხაროა, რომ შესაძლებლობები არ იქნა ბოლომდე გამოყენებული, თუმცა შანსი ჯერ კიდევ არსებობს და საჭიროა, აღნიშნულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებული ძალისხმევითა და მონდომებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელონ, განმუხტონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი, განამტკიცონ დემოკრატიის ხარისხი, რათა კავშირისგან, პირველ რიგში, მიიღონ ამბიციური შეთავაზებები, დიფერენცირებული მიდგომა და ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა, დაბოლოს, მიაღწიონ სასურველ მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.
----
[1]European Parliament, Association agreements between the EU and Moldova, Georgia and Ukraine. June 2018. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2018/621833/EPRS_STU(2018)621833_EN.pdf
[2]European Commission. Fundamental rights. Ensuring fair elections, pluralistic political debate and online and offline freedom of expression. https://ec.europa.eu/info/sites/info/files/discussion_paper_1c.pdf
[3] აღნიშნულმა პირმა ანონიმურობა ისურვა.
[4]Emerson M,. Center for European Policy Studies. Political and Economic Governance. 06 July 2018. https://www.ceps.eu/ceps-publications/political-and-economic-governance-balkans-and-eastern-europe-compared/