ბლოგი

სოციალურ მედიაში სახელმწიფო ინსპექტორის წინაღმდეგ დისკრედიტაციას კამპანიური ხასიათი აქვს

25 დეკემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატების მიერ, ექსკლუზიურად, სხვა სუბიექტების ჩართულობის გარეშე, შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. 

ინიციატივის შინაარსსა და საკანონმდებლო განხილვის დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციური პარტიების ნაწილის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამ ფორმით გარდაქმნის პროცესი საზოგადოების ნაწილმა ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელი საქმიანობის გამო სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა. მმართველი პარტია პროცესს სამსახურის დასავლურ სტანდარტებთან დაახლოების წადილით და პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნის საჭიროებით ხსნის.  

მიმდინარე პროცესების ფონზე, თვალშისაცემია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ წარმოებული კამპანია სოციალურ მედიაში, რომელსაც კამპანიური ხასიათი აქვს. განსაკუთრებით იმ გვერდებზე, რომლებზეც ანონიმური დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება. 

პარალელურად, საინფორმაციო კამპანია მიმართულია საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული ინფორმაცია, უმეტესწილად ცრუ მედია გვერდებზე ვრცელდება. აღნიშნულ გვერდებზე დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებულია წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის, მიერ 2019 წლის ივნისში სახელმწიფო ინსპექტორად ლონდა თოლორაის დანიშვნის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.  

გარდა ამისა, თოლორაიას წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში პროსახელისუფლებლო ექსპერტების, ირაკლი ლატარიას და ანდრია გვიდიანის შეფასებებია მოყვანილი. აღნიშნული  პოსტების მიზანია, ლონდა თოლორაია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირად წარმოჩნდეს, რისთვისაც კომპრომატად გამოყენებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი პროკურორად მუშაობა და ინსტაგრამზე ყოფილი მთავარი პროკურორის, დავით საყვარელიძის, პოსტის მოწონება. დამატებით, სახელისუფლებო ექსპერტი, ანდრია გვიდიანი, ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ საკანონმდებლო ბერკეტს „ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით“ ხსნის. ამასთან, დიპლომატიური კორპუსისა და დასავლური ინსტიტუტების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს საკუთარი ინტერესების გატარებად აფასებს.  

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას, წინააღმდეგ, ცრუ მედიის გვერდების პარალელურად, აგრესიული დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია წარიმართება  ანონიმურ და კოორდინირებულ გვერდებზე „პოლიტიკური სატირა“ და პოლიტიკური აბსურდი“, სადაც ის „ადეიშვილის ყოფილ პროკურორად“ არის მოხსენიებული. ხსენებული გვერდები ანონიმურია, შესაბამისად, უცნობია ვინ დგას დასპონსორებული კამპანიის უკან.

დისკრედიტაციული გზავნილების პარალელურად, ცრუ მედიის გვერდებზე წარმართული საინფორმაციო კამპანიის მიზანი უმრავლესობის დეპუტატების გზავნილების გავრცელებაა, სადაც ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციას ორი პარალელური სამსხურის ჩამოყალიბებით და მისი დასავლურ სტანდარტებთან დაახლოების და სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ხსნიან.

ოციალურ მედიაში, კოორდინირებულად მოქმედი ფეისბუქგვერდების პარალელურად, ინსპექტორის სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულები არიან ხელისუფლებასთან აფილირებული ექსპერტები - ლევან ნიკოლეიშვილი, ანდრია გვიდიანი, ზურაბ ქადაგიძე და ზაალ ანჯაფარიძე. ჩამოთვლილი ექსპერტების მოსაზრებები, როგორც წესი, ყოველთვის ემთხვევა მმართველი პარტიის ხედვას, გზავნილებს და საინფორმაციო პოლიტიკას. ხშირად, მათი ანალიტიკური შეფასებები ყველაზე სადავო მოვლენების პარალელურად აქტიურდება. ტრადიციული მედიის გარდა, ექსპერტ-ანალიტიკოსების მოსაზრებების მეტად გავრცელებისთვის ფეისბუქზე რეკლამის სახითაც თავსდება. მათ მოსაზრებებს ანონიმური გვერდები აზიარებენ, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, შენიღბულად მოქმედებენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.   

ჩამოთვლილი ექსპერტები, თოლორაიას ზურაბ ადეიშვილის და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ კადრად წარმოჩენას ცდილობენ. ექსპერტების ნაწილი, ასევე, ცდილობს დასავლეთს მიერ ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ ფორსირებული საკანონმდებლო პროცესის კრიტიკული შეფასებები მათ სუბიექტურ ინტერესად წარმოაჩინოს და ამ ფონზე, ხელისუფლების შეუვალობა სახელმწიფო სუვერენიტეტის ინტერესის დაცვით გაამართლოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ანონიმურ ფეისბუქ გვერდებზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ცხდყოფს, რომ მისი დისკრედიტაცი ამჟამად ოპოზიციონერი, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადების და სახელისუფლებლო ექსპერტების მოსაზრებების გავრცელების ხარჯზე მიმდინარეობს, მაშინ როცა, მოქმედი მმართველი პარტიის დეპუტატების შეფასებები პოზიტიურ ჭრილშია წარმოჩენილი და დარწმუნებითი ხასიათისაა, რომ მიმდინარე საკანონმდებლო პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაჯანსაღებას ემსახურება.

 

სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი (IFA)სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორის პოზიციას