ბლოგი

Secondary Infektion - საქართველო რუსული საინფორმაციო ოპერაციის მიზანში

ფოტო: Graphika

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „გრაფიკას“ სოციალური მედიის მკვლევრებმა გამოააშკარავეს და დეტალურად აღწერეს 6 წლის განმავლობაში ფარულად მიმდინარე რუსული საინფორმაციო ოპერაცია. „მეორადი ინფექცია“ (Secondary Infektion) - ასე უწოდეს მკვლევარებმა რუსული საინფორმაციო ოპერაციების ერთობლიობას, რომლის ფარგლებშიც სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობდა. ეს ოპერაციები უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი რუსული „ტროლების ქარხნისა“ (Internet Research Agency) და რუსული სამხედრო დაზვერვის (GRU) ოპერაციის მსგავსად მიმდინარეობდა, თუმცა მასში ახალი ტენდენციები და განსხვავებული ტაქტიკა გამოიკვეთა.

Secondary Infektion საინფორმაციო ოპერაცია ჯერ კიდევ 2019 წლის ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის ანგარიშშია აღწერილი და ამ ანგარიშის მიხედვით, სახელიც დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის მიერ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან, რომელსაც სახელად Operation Infektion ეწოდა. მაშინ, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, იგივე „კგბ“-ის მიერ მართული ოპერაცია ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, თითქოს აივ ინფექცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა.

„გრაფიკას“ ანგარიშის მიხედვით, რუსული საინფორმაციო ოპერაცია 2014-2020 წლებში მიმდინარეობდა და  მისფარგლებში 7 ენაზე სხვადასხვა შინაარსის, დიდი მოცულობის კონტენტი იქმნებოდა, რაც 300 სოციალური მედიისპლატფორმაზე ვრცელდებოდა. ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ ოპერაციის მართვა რუსეთიდან ხდებოდა. თავდაპირველად ოპერაცია რუსი ოპოზიციონერების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა შემდეგ კი,  ფოკუსმა უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც გადაინაცვლა.

Secondary Infektion ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შიგნით და კრემლის მიერ მტრულად მიჩნეულ ქვეყნებს შორის შუღლის გაღვივება, რომელიც ძირითადად, დასავლეთის და უკრაინის ურთიერთობების გაუარესებისკენ იყო მიმართული. ოპერაციის ფარგლებში ყალბ ანგარიშებთან ერთად, აქტიურად  გამოიყენებოდა ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომელთაც მეტი დამაჯერებლობისთვის იშველიებდნენ და სამიზნეების დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. ყალბი ანგარიშები სხვადასხვა პლატფორმაზე სტატიის ტიპის პოსტებს ავრცელებდნენ. კვლევამ გამოავლინა, რომ სხვა დროს ჩატარებული ოპერაციებისგან განსხვავებით, ამ ოპერაციაში ყალბ ანაგრიშებს ერთჯერადად იყენებდნენ, რათა მათი ამოცნობა და მოკვლევა უფრო რთული ყოფილიყო. ანგარიშების უმეტესობა თითო აქტივობის შემდეგ უქმდებოდა. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა მათ შეფარულ მოქმედებას, თუმცა მეორე მხრივ, ასუსტებდა დეზინფორმაციის ეფექტიანობას, რადგან ყალბი ანგარიშები ვერ ქმნიდნენ ძლიერ ქსელს, ეს კი აფერხებდა ინფორმაციის ვირუსულად, ფართო აუდიტორიაზე გავრცელებას. 

საინფორმაციო ოპერაციები 9 ძირითად თემაზე იყო ფოკუსირებული. ესენია :

  • უკრაინა, როგორც არშემდგარი ან არასანდო სახელმწიფო;
  • აშშ-ის და ნატო-ს აგრესია ან ჩარევა ქვეყნების საშინაო საქმეებში;
  • ევროპის დაყოფა და მისი სისუსტეები;
  • არჩევნები;
  • მიგრაცია და ისლამი;
  • რუსეთის დოპინგის სკანდალი სპორტულ შეჯიბრებებში;
  • თურქეთი, როგორც აგრესორი და დესტაბილიზატორი ძალა;
  • რუსეთის მთავრობის სასარგებლო გზავნილები;
  • კრემლის კრიტიკოსების შეურაცხყოფა (მათ შორის რუსი აქტივისტისა და ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის და რუსი „ფაქტ-ჩექერებისა“ და ტროლების საწინააღმდეგო საგამოძიებო ჯგუფის).

-----

კვლევაში გამოვლენილი სტატიების რაოდენობა თემების მიხედვით. წყარო: Graphika

-----

Secondary Infektion ოპერაცია ძირითადად უკრაინას, აშშ-სა და თურქეთს ეხებოდა, თუმცა მათ გარდა დეზინფორმაციის სამიზნედ ბევრი სხვა სახელმწიფოც იყო შერჩეული.   „გრაფიკას“ მიერ მომზადებულ ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთია იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიები.

აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საქართველო წარმოჩენილი იყო, როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არ არის ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისათვის. ამის მიზეზად სახელდებოდა საქართველოს რბილი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში და დასავლურ ფასეულობებთან შეუსაბამობა. რუსული საინფორმაციო ოპერაცია ასევე მოიცავდა გზავნილებს, თითქოს საქართველო არ არის სანდო ქვეყანა კორუფციის მაღალი რისკის გამო; რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და შესაბამისად, არაპროგნოზირებადია.

-----

საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული დეზინფორმაციული სტატია, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ანტირუსული ინიციატივების ინსპირირებას ახდენს. წყარო: “Graphika“

 

გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა ქვეყნებთან მიმართებაში. წყარო: Graphika

-----

„გრაფიკას“ ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად კრემლის საინფორმაციო ოპერაციების ერთ-ერთ სამიზნეს ასევე წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის შესახებ გავრცელებული გზავნილების შინაარსი იყო, რომ მან კრახი განიცადა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაში და ახლა სხვა სახელმწიფოებში ეძებდა მომგებიან შესაძლებლობებს, ამავდროულად ის ისევ უქმნიდა პრობლემებს საქართველოს. ერთ-ერთი გზავნილი მიუთითებდა, მის მარცხზე დემოკრატიული რეფორმების გატარებისას უკრაინაში. 

„გრაფიკას“ მკვლევარების მიერ გამოაშკარავებული მორიგი მასშტაბური რუსული საინფორმაციო ოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინფორმაციო ომი დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ამასთან ერთად, საქართველო კვლავ რჩება დეზინფორმაციული პროპაგანდის სამიზნედ, რომელიც გამოყენებული შეიძლება იქნას როგორც ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციისთვის, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან უერთიერთობის გასაფუჭებლად.  ამ ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩვნების წინ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული პლატფორმებიდან მომდინარე რუსული პროპაგანდის საფრთხეების დროული გაანალიზება და განეიტრალება.


„გრაფიკას“ სრული ანგარიშის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://secondaryinfektion.org/report/secondary-infektion-at-a-glance

 

„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორების პოზიციას.