ბლოგი

„აირჩიე მშვიდობა რუსეთთან“ - რუსული საინფორმაციო ოპერაციის მორიგი კამპანია

26 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისში გამოჩნდა გარე რეკლამები (ბილბორდები და ბანერები), რომლებზეც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომით გამოწვეული ნგრევის პარალელურად მშვიდობიანი საქართველოს ფოტოებია გამოსახული. მოცემულ სივრცეებთან ერთად, იმავე ვიზუალით მომზადებული ქარდები და ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა. სააგიტაციო მასალები მმართველი პარტიის ოფიციალურმა გვერდებმა, ლიდერებმა, პროსახელისუფლებო მედიამ, ანონიმურმა გვერდებმა და საჯარო მოსამსახურეებმა გაავრცელეს.

„ქართული ოცნების“ მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის საარჩევნო კამპანიაში გამოყენება და საზოგადოებაში ამ ნიადაგზე შიშის დანერგვა განცხადებით დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც „მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შემზარავი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, სალოცავებისა  და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.[1]“ „ქართული ოცნების“ ბანერებს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ[2].

უკრაინისა და დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ მედიაში მოქმედი რუსული პროპაგანდისტული და არაავთენტური ანგარიშების მხრიდან. ვიდეოები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ერთმანეთის მსგავსი ტექსტით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პოსტს ერთნაირი დასაწყისი ჰქონდა და შეცვლილი იყო „ქართული ოცნების“ სლოგანი. კერძოდ, „აირჩიე მშვიდობა“ ჩანაცვლებული იყო ფრაზით „აირჩიე მშვიდობა რუსეთთან“. სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების ნაწილი, რომლებსაც განსხვავებული დასასრული ჰქონდა, ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ გზავნილებსაც შეიცავდა.

იდენტური გზავნილები სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. „ქართული ოცნების“ სააგიტაციო ვიდეო განსაკუთრებით აქტიურად პროპაგანდისტულმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს. ორგანიზაციის დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ვიდეო ტელეგრამზე 104 არხში გაზიარდა და პოსტების ნახვამ 414 ათასს გადააჭარბა. ვიდეოების გამავრცელებლებს შორის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული 5 ტელეგრამ არხი იყო: СОЛОВЬЁВ; Политический Юмор; АТО Донецк | Новости; Молдавский Vагон; Медный рупор[3].

ვიდეო რუსი პროპაგანდისტის, რუსული სამთავრობო ტელეარხის წამყვანის, ვლადიმირ სალავიოვის, ტელეგრამ არხშიც გავრცელდა, რომელსაც 1 322 456 გამომწერი ჰყავს. სალავიოვის არხიდან ვიდეო რამდენიმე საათში წაიშალა, თუმცა პოსტის ნახვა 25 500-ზე მეტმა მომხმარებელმა მოასწრო.

 

რუსეთის მთავრობასთან აფილირებული არხების გარდა, გზავნილები 11-მა დეზინფორმაციის გამავრცელებელმა, 13–მა საინფორმაციო ოპერაციებში ჩართულმა და 4-მა არაავთენტურმა აქტორმა გაავრცელა.  რუსულმა პროპაგანდისტულმა და ანონიმურმა აქტორებმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეო და ბანერები  ძირითადად რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არხებში გაავრცელეს, თუმცა გამავრცელებლებს შორის რამდენიმე არხი ბელარუსიდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან და აზერბაიჯანიდან იმართებოდა.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველო რუსული საინფორმაციო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. პროპაგანდისტული და არაავთენტური ანგარიშები უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლებასა და საქართველოში ომის შიშის გაღვივებას ცდილობენ. ამ მიზნისთვის ისინი ხშირად იყენებენ მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოავლინა კრემლისტური ანგარიშების კამპანია პლატფორმა X-ზე, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე გაკეთებული განცხადების მხარდაჭერა იყო.

 

 

[1] https://civil.ge/ka/archives/626267

[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/33149155.html

[3] https://detector.media/monitorynh-internetu/article/198960/2022-05-05-teper-zazhyvem-yak-i-dlya-chogo-rosiya-stvoryla-merezhu-telegram-kanaliv-dlya-okupovanykh-neyu-terytoriy/; https://rusnya.cc/;