ბლოგი

„ალტ-ინფოს“ კოორდინირებული ფარული ოპერაცია Facebook-ზე

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა 34 „ფეისბუქ“ გვერდი, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენენ და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია “ალტ-ინფო”-სთან არიან დაკავშირებული. „ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა, რომ „ალტ-ინფო“ აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის - DFRLab-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.

შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია altinfocom@gmail.com

-----

-----

„სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული მოქმედება გამოავლინა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი კონტენტის „ფეისბუქ“ მომხმარებლებზე შენიღბულად და მასობრივად გავრცელებას. ამჟამად, „ალტ-ინფოს“ მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეო-გადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 - გვერდი ფარულად არის აფილირებული „ალტ-ინფოსთან“.

34 გვერდის გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებშიც აქტიურად ზიარდება „ალტ-ინფოს“ სიახლეები, მათგან 7 ჯგუფი მჭიდროდ არის კოორდინირებული და შენიღბულად ეწევა „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას.

„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს ჯამში 365,549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს - 157,640მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169,734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777,679 წევრი ჰყავს. 

-----

-----

გვერდების ‘ალტ-ქსელი

„ფეისბუქზე“ საკუთარი ქსელის ღიად გაფართოება „ალტ-ინფომ“ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ფეისბუქმა“ „ალტ-ინფოს“ და მასთან დაკავშირებული, სიძულვილის ენით გამორჩეული ე.წ „ალფა დომინანტის“ გვერდები დაბლოკა.

-----

-----

მას შემდეგ ხელახლა შეიქმნა მათი ამჟამინდელი ოფიციალური გვერდი - Alt-Info • ალტ-ინფო, რასაც მალევე მოჰყვა მასთან დაკავშირებული ახალი ტიპის გვერდების გამოჩენა.

როგორც ჩანს, „ალტ-ინფოს“ მიზანს გამომწერების დივერსიფიცირება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ზოგიერთ ახალ გვერდს შენიღბულად გასართობი შინაარსი მიეცა. მათი დასახელების სტილი ერთგვაროვანია და ქსელურ კავშირზე იმთავითვე მიუთითებს.

----- 

-----

აღნიშნულ გვერდებზე სახელწოდების შესაბამის გასართობ სიახლეებთან ერთად „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კონტენტი ვრცელდება.

-----

 

-----

ალტ-ინფოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ გვერდებს შორის ასევე არიან ანტილიბერალური ნარატივების აქტიურად გამავრცელებელი გვერდები: Geo Pepe, Alpha Dominant და „ქართული მარშის“ ყოფილი წევრი ამჟამად კი, „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ახალი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოს“ თავმჯდომარის, კონსტანტინე მორგოშიას „ფეისბუქ“ გვერდი.

 

„ალტ-ინფოს“ ფარული გვერდები

„ალტ-ინფოს“ კონტენტის გამავრცელებელი გვერდების კიდევ ერთი ქსელი ფარულად მიბმულია „ალტ-ინფოსთან“ და შენიღბულად ემსახურება ორგანიზაციის ხედვების მეტი მომხმარებლისთვის მიწოდებას. შესწავლილი გვერდების სახელწოდებები გასართობი და შემეცნებითი ხასიათისაა, ისე, რომ მომხმარებელი „ალტ-ინფოსთან“ რაიმე კავშირს ვერ წარმოიდგენს.  

-----

 

-----

შესწავლილ 22 გვერდზე ერთდროულად ზიარდება ყველა ვიდეო-გადაცემა, რომელიც თავდაპირველად „ალტ-ინფოს“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება, რაც მათ კოორდინირებულობას ადასტურებს.

ამ გვერდების უმრავლესობა „ალტ-ინფოს“ სიახლეების გარდა, სხვა პოსტებს არ აქვეყნებს. გამონაკლისია მხოლოდ 3 ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური შინაარსის გვერდი, რომლებიც „ალტ-ინფოს“ ვიდეოებთან ერთად, მართლმადიდებლური შინაარსის პოსტებსაც ავრცელებს. ესენია: თაობა ქრისტესთვის, ახალგაზრდული ერთობა, და პატრიოტული სულისკვეთება. სამივე გვერდზე ერთდროულად ან რამდენიმე წუთის დაშორებით ქვეყნდება „ალტ-ინფოს“ ვიდეო-გადაცემები. 

-----

   

-----

მათთან ერთად, კოორდინირებული ქცევა თვალშისაცემია ყველა სხვა ფარულად მოქმედ გვერდზეც, რომლებზეც „ალტ-ინფოს“ ოფიციალური გვერდიდან პოსტები რამდენიმე წუთის ინტერვალით, თანმიმდევრულად ზიარდება.

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ფარულ გვერდებზე გადაცემები ორიგინალურ პოსტად არის გამოქვეყნებული და უფრო ადრე ქვეყნდება, ვიდრე „ალტ-ინფოს“ ოფიციალურ გვერდზე.

-----

გამოიყენეთ ისრები < და > მომდევნო გვერდებზე გადასასვლელად

 -----

„ფეისბუქის“ კუთვნილი სოციალური მედიის ანალიზის ხელსაწყო „ქრაუდთენგლის“ მეშვეობით მონაცემების რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ „ალტ-ინფოს“ ვიდეოების ნახვების მაჩვენებელი გვერდებზე გაზიარების ხარჯზე იზრდება და ნახვების რაოდენობის თითქმის ნახევარი სწორედ გაზიარებულ ვიდეო-ნახვებზე მოდის. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ „ალტ-ინფო“ საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებას ფარულად და ორგანიზებულად, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდების გამოყენებით ეწევა.

-----

-----

„ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულ 22 ფარულ გვერდზე, გამომწერთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, „ალტ-ინფოდან“ გაზიარებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება არ აქვს. შესაძლოა ეს მიანიშნებდეს, რომ ამ გვერდების გამომწერთა უმრავლესობა არ იზიარებს „ალტ-ინფოს“ მოწოდებებს. სავარაუდოდ, ისინი გვერდის გასართობი ან შემეცნებითი სახელწოდებიდან გამომდინარე, შეცდომაში შეიყვანეს და გამომწერები გვერდების სახელწოდების დათავდაპირველი ნეიტრალური, გასართობი ხასიათის პოსტების მეშვეობით მოაგროვეს.

 

ალტ-ინფოს კონტენტი 

„ალტ-ინფო“ ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს. მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით. მათი „ფეისბუქ“ აქტივობაც ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას ემსახურება. ალტ-ინფოს პოსტებსა თუ ვიდეო გადაცემებში ხშირია სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხმყოფელი მიმართვები სექსუალური უმცირესობების, ქალების და ემიგრანტების მიმართ. მათი ნარატივი მიგრანტების მოძალადეებად წარმოჩენას მოიცავს. გვერდზე ხშირია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და ქალთა უფლებადამცველების დისკრედიტაცია.

უკვე არაერთხელ დადგინდა, რომ „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.

----- 

 

-----

პარალელურად, „ალტ-ინფო“ ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და რუსეთისადმი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. მაგალითად, 2020 წლის 10 ივლისს, „ალტ-ინფოს“ გადაცემაში მოწვეული იყო ალექსანდრ დუგინი, ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი. გადაცემაში საუბარი იყო  ევრაზიული რეგიონის მნიშვნელობაზე. დუგინი გადაცემაში განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნეიტრალურ კურსს დაიჭერს და უარს იტყვის პრო-დასავლურ მისწრაფებებზე, მაშინ რუსეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას მიესალმება. აღნიშნული ეთერი „ალტ-ინფოს“ ქსელში ჩართულ 26 გვერდზე გავრცელდა. ვიდეო ასევე გაზიარდა ალექსანდრ დუგინის ფეისბუქ ჯგუფში და მის პროფილზე.

-----

 

-----

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ვიდეო გადაცემას „ალტ ინფოს“ გვერდზე 15,298 ნახვა აქვს, ხოლო გაზიარებულ გვერდებსა და ჯგუფებში - 38,027. 

გაზიარებული პოსტების გარდა, ხშირია ვიდეო გადაცემების თანატრანსლირება შენიღბულ გვერდებზე, ე.წ. კროსპოსტინგი, რაც ამ გვერდების კოორდინირებულ ქცევაზე მიუთითებს.

-----

-----

 

„ალტ-ინფოს“ აქტივობა ჯგუფებში 

გვერდების გარდა, „ალტ-ინფო“ კონტენტის გასავრცელებლად „ფეისბუქზე“ ჯგუფებსაც იყენებს. ოფიციალურად, „ალტ-ინფოსთან“ მხოლოდ ერთი დახურული ჯგუფია დაკავშირებული - ალტ-ინფოს ჯგუფი.  თუმცა, სამართლიანმა არჩევნებმააღმოაჩინა 25 ფეისბუქ ჯგუფი, რომლებშიც ერთი და იგივე ავთენტური თუ ყალბი ანგარიშები ორგანიზებულად აზიარებენ ვიდეოებს „ალტ-ინფოს“ ოფიციალური გვერდიდან. აქედან ერთი გვერდის mematiane.ge სოსო მიქელაძე-ს ადმინისტრატორი ალტ-ინფოს დამფუძნებელი შოთა მარტინენკოა.

-----

 

-----

შესწავლილიდან, 7 ჯგუფი ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელს წარმოადგენს. ეს ჯგუფები ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული, ზოგადი ხასიათისაა, რეალურად კი „ალტ-ინფოს“ ფეისბუქ კონტენტის გავრცელებას ემსახურება.

 

ჯგუფებში თვალშისაცემია კოორდინირებული ქცევა, რაც იდენტური პოსტების გაზიარებაში გამოიხატება. გაზიარებების დროც ერთმანეთს ემთხვევა.

-----

 

გამოიყენეთ ისრები < და > მომდევნო გვერდებზე გადასასვლელად

-----

ყველა ამ ჯგუფს 3 საერთო ადმინისტრატორი ჰყავს - Duta Petridisi, Giorgi Jinjolia და Freya Malyari.

-----

-----

 


Distribution of Alt-Info posts in groups using specific Facebook profiles:

-----

საგულისხმოა, რომ ჯგუფებში, როგორ წესი, ყველაზე ხშირად მართლმადიდებლური შინაარსის გზავნილები ქვეყნდება და პოლიტიკური შინაარსის პოსტები მხოლოდ „ალტ-ინფოს“ ვიდეო-გადაცემებით შემოიფარგლება.

-----

 

-----

-----

ალტ-ინფოს ვიდეოს გაზიარება სხვადასხვა ჯგუფში

-----

 

„ფეისბუქის“ პოლიტიკა ეწინააღმდეგება მის პლატფორმაზე კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, რაც მოიცავს ქმედებას, როდესაც გვერდები ან ადამიანები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები საკუთარი საქმიანობის და იდენტობის შესახებ. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოში მოქმედი კოორდინირებული ქსელები „ფეისბუქის“ მიერ უკვე 2-ჯერ წაიშალა.

ანტიდასავლური და ანტილიბერალური იდეების გასავრცელებლად „ალტ-ინფოს“ არაორგანული აქტივობა „ფეისბუქზე“ სწორედ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ნიშნებს შეიცავს და მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაცია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას შენიღბულად ცდილობს. მსგავსი ფარული და პროპაგანდისტული მეთოდები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული და შესაძლოა რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის  ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული. ამ ეჭვს ამყარებს რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგის, დუგინის „ალტ-ინფოს“ გადაცემაში მოწვევა და მისი ინტერვიუს ხელოვნური მეთოდებით გავრცელება, რათა საზოგადოებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი რუსეთის გადმოსახედიდან დაანახოს და მასში საქართველოს პრო-ევროპული კურსი დაადანაშაულოს.

 

 

ანგარიში მომზადებულიაფეისბუქზეარსებულ ღია წყაროებზე დაკვირვებით. მონიტორინგის ხელსაწყოდ გამოყენებულია Facebook-ის კუთვნილი სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle.

 

სამართლიანი არჩევნებისსოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არასახავდეს დონორების პოზიციას.