ბლოგი

ერთსულოვანი სოლიდარობა (?) – მოსაზრებები ბრიუსელიდან სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით

ანა ანდღულაძე

დასავლეთმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიჩინა 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკი”, მოწამვლის საპასუხოდ. თავდასხმა, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით “მაღალი ალბათობით, რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული”, გახდა ის ძირითადი ფაქტორი რომელმაც რუსეთის მიერ ბრიტანეთსა და მსოფლიოში განხორციელებულ ქმედებებზე საპასუხოდ ტერეზა მეის თამამი რეაგირება განაპირობა. ტერეზა მეიმ გაერთიანებული სამეფოს გარშემო სოლიდარობის წრის შექმნა შეძლო, რის შედეგადაც 29 სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა. საპასუხო რეაგირება განახორციელა ნატო-მაც და აკრედიტაცია გაუუქმა რუსეთის მისიაში მომუშავე 10 დიპლომატს.

რუსეთმა განაცხადა, რომ რეაგირება იქნება „სიმეტრიული“. შესაბამისად, რუსეთმა გააძევა 60 ამერიკელი და 23 ბრიტანელი დიპლომატი, ხოლო სანქტ-პეტერბურგში მოქმედი აშშ-სა და ბრიტანეთის საკონსულოები დახურა. ამასთან, სხვა სახელმწიფოებთან ანგარიშსწორების მიზნით, რუსეთმა გააძევა უცხოელი დიპლომატები იმავე ოდენობით, რამდენი რუსი დიპლომატიც გამოაძევა შესაბამისმა ქვეყანამ.
 
შეიძლება ითქვას, რომ სოლსბერის თავდასხმა ბრიტანეთისა და დასავლეთისათვის რუსეთთან ურთიერთობაში გარდამტეხი მოვლენა გახდა. ბრიტანეთის მტკიცე რეაგირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსათვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც უცხო მიწებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თვითნებური და ხშირად აგრესიული ჩარევების მსხვერპლია. საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის აგრესია სიახლეს არ წარმოადგენს. ქვეყანასა და რეგიონში რუსეთის ინტერესები საკმაოდ მაღალია; გაერთიანებული სამეფოსაგან განსხვავებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში შემავალი ქვეყნები რუსეთს პირდაპირ ესაზღვრებიან და შედარებით დაუცველები არიან, რაც დადასტურდა კიდეც 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში მომხდარი მოვლენებით. შესაბამისად, სოლსბერის თავდასხმაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ISFED-მა ბოლოდროინდელი მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ამ მოვლენების შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით მიმართა ევროპარლამენტის წევრებსა და ბრიუსელში მოღვაწე ანალიტიკოსებს, რომლებიც რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.  
ბრიუსელში პოლიტიკოსები და ექსპერტები მიესალმებიან გაერთიანებული სამეფოს რეაგირებას სოლსბერის თავდასხმაზე და იმ ფაქტს, რომ ქვეყანამ წარმატებით შეძლო დასავლელი მოკავშირეები ერთობლივი ქმედებების მნიშვნელობაში დაერწმუნებინა. ბრიტანეთისა და დასავლელი მოკავშირეების ქმედებების მიმართ მხარდაჭერასთან ერთად, ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული თავდასხმაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ მტკიცებულების მოპოვების მნიშვნელობა.  


ევროპარლამენტის წევრმა (ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის წევრმა კლერ მუდიმ, რომელიც თავად სოლსბერის მაცხოვრებელია, მტკიცე პასუხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: “ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რადგან მსგავსი ტიპის ქმედებები ადრეც გვინახავს და იმ შემთხვევაში, თუ მტკიცე პასუხს არ გავცემთ, ეს ქმედებები კვლავაც განმეორდება.” ამავდროულად, კლერ მუდიმ ხაზგასმით აღნიშნა მყარი მტკიცებულების მნიშვნელობა, რათა “არ მივცეთ საფუძვლელი იმის სათქმელად, რომ ჩვენი არჩევანი რეაგირებასთან დაკავშირებით იყო არალეგიტიმური ან გარკვეულწილად საეჭვო.” 

ევროპარლამენტის წევრი ბრიტანეთში რუსული ფულის არსებობის პრობლემასაც შეეხო. “გარკვეულ აქტორებსა და ლონდონს შორის არაერთი ფინანსური კავშირი არსებობს. შესაბამისად, საჭიროა, რომ აღნიშნულ კონტექსტში ვიმოქმედოთ. ეს მარტო ჩვენ არ გვეხება.” მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ასევე კავშირშია რუსეთის მიმდინარე აგრესიასთან მისი სამეზობლოს მიმართ. “რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ხშირად პარალელს ავლებენ 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ყირიმის მოვლენებს შორის. ასეთი მოვლენები არ ხდება განყენებულად.” “ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ [ამას] ყველა ჩვენგანზე აქვს გავლენა და შესაბამისად, ჩვენი რეაგირება უნდა იყოს მტკიცე ყველა საკითხთან დაკავშირებით.” 

ევროპარლამენტის წევრი გერმანიიდან, რებეკა ჰარმსი(“მწვანეთა ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი”), რომელიც კრემლის დიდი ხნის კრიტიკოსია, თავდასხმას დასავლეთსა და მოსკოვს შორის არსებული ურთიერთობების გარდამტეხ წერტილად მიიჩნევს.  
“სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა სერიოზული მიზეზია კრემლთან ჩვენი ურთიერთობების გადასახედად”. ჰარმსს სჯერა, რომ დასავლელმა ლიდერებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ მოახლოებულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უმასპინძლებს. “მას შემდეგ, რაც კრემლმა განიზრახა ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება, ასევე, სირიაში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის შედეგად ომის შემზარავი ესკალაციის შემდეგ, არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმეს რუსეთის ქალაქებში “მსოფლიო თასის” დროს სიყვარულისა და მშვიდობის სჯეროდეს. შესაბამისად, ჩემი მტკიცე რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკოსებმა შორს დაიჭირონ თავი ამ “მსოფლიო თასისგან”. მსოფლიო ლიდერები არ უნდა განამტკიცებდნენ რუსეთის პრეზიდენტის სულ უფრო და უფრო ავტორიტარულ და ანტი-დასავლურ გზას.” 

ამას გარდა, ჰარმსმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიმართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ უფრო სერიოზული ღონისძიებების მიღების მნიშვნელობა. “სოლსბერის თავდასხმის შემდეგ ევროკავშირმა საერთო სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა, ჩვენ მსოფლიო თასისათვის ბოიკოტის გამოცხადება არ უნდა განვიხილოთ ერთადერთ ინსტრუმენტად. ჩვენი სიმტკიცე პუტინისა და კრემლის მიმართ განისაზღვრება იმით, თუ როგორ მოიქცევა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ლონდონში არსებულ რუსულ ფულთან დაკავშირებით, როგორ მოიქცევა გერმანია Nord Stream II-თან დაკავშირებით და რამდენად ერთსულოვნები ვიქნებით არა-სამხედრო რეაგირებაში. რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა მივცეთ ევროკავშირის გახლეჩის შესაძლებლობა.” 

ბრუსელში არსებული წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის, “ევროპული პოლიტიკის ცენტრის” უფროსი ანალიტიკოსის, ამანდა პოლის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან დიპლომატების გაძევება საკმაოდ “სიმბოლურია”.  

“ეს საკმაოდ სიმბოლურია. ეს არის სოლიდარობის პოზიტიური ნიშანი, თუმცა აშკარაა, რომ იგი რუსეთს, ევროკავშირსა და დასავლეთს შორის არსებულ ისედაც რთულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს. აშშ აძევებს დიპლომატების უმრავლესობას (60). ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი-სახელმწიფოს მაგალითს თუ განვიხილავთ, ეს ციფრი საკმაოდ დაბალია და ზოგ შემთხვევაში - მაგ. ბელგია - ისინი ფაქტობრივად აიძულეს ასე მოქცეულიყვნენ, ხოლო გარკვეულ ქვეყნებს არც კი გამოუხატავთ რაიმე სურვილი რუსი დიპლომატების გაძევებისა - მაგ. კვიპროსი და საბერძნეთი.” 

ამანდა პოლი სკეპტიკურად არის განწყობილი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გასცდება დასავლელი მოკავშირეების შემდგომი ქმედებები რუსი დიპლომატების გაძევებას. “ბევრი არ ელოდა ასეთ სოლიდარობას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესშია. ასეთი სოლიდარობა არ გამოუხატავთ ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, მეეჭვება, ამ ეტაპზე ეს სოლიდარობა გასცდეს ამ ზომებს, ვინაიდან წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ამის მზაობა არ გააჩნია.”
ამანდა პოლმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსთან რუსეთის ფინანსური კავშირების მასშტაბურობა. “უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენი რუსი ცხოვრობს გაერთიანებულ სამეფოში, მათგან ასობით და ათასობით ადამიანი უაღრესად მდიდარია, მათ შორის არიან ოლიგარქები. ისინი ყველგან არიან - მედიაში, ბიზნესში, მთავრობის მაღალ ეშელონებში და ა.შ. ბევრი მათგანი კრემლის მტერია. ეს ყოველივე ობობის ქსელს ჰგავს. აგრეთვე, [გასათვალისწინებელია] რუსული ფულის დენა, მათ შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ტერეზა მეის კუთვნილ კონსერვატიულ პარტიაში: არსებობს ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ კონსერვატორებმა მიიღეს ფინანსური შემოწირულობები რუსული წყაროებიდან, ოლიგარქებისგან ან ბიზნეს-კავშირებიდან.” 

რუსეთის მიმართ 29 სახელმწიფოს ერთსულოვანი ქმედებები მტკიცე გზავნილის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ამანდა პოლი მიუთითებს ევროკავშირის შიგნით რუსეთთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის პრობლემაზე. “რუსებისათვის, სტრატეგიული ამოცანა ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ხოლო პრეზიდენტი პუტინი კვლავ ახერხებს ევროკავშირის არაერთ წევრ-სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობების ქონას. იტალიაში ახალ მთავრობასთან ერთად მოსალოდნელია ცვლილებები; ზუსტად არ ვიცით, რა სახის ცვლილებას ველოდოთ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს იქნება რუსეთის მიმართ ყველაზე მეგობრული მთავრობა, რაც კი დიდი ხნის მანძილზე ყოფილა იტალიაში. იტალიასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი წევრი-სახელმწიფო ესწრაფვის რუსეთთან ურთიერთობების განახლებას და უფრო პრაგმატულ მიდგომას. გრძელდება ბიზნეს კავშირებიც, რის კარგ მაგალითსაც Nord Stream II წარმოადგენს. ამავდროულად, ეს სახელმწიფოები ერთგულები რჩებიან სანქციების მიმართ, თუმცა, ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ ამჟამად რუსეთთან დაკავშირებით მიღებული ზომები სიტუაციას არ ცვლის და ჩვენ მოჯადოებულ წრეში დავდივართ, შედეგის გარეშე. აღნიშნული ორმაგი მიდგომა ურთიერთობების ახალი სტატუს ქვო გახდა.” 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის, რადგან დასავლეთს “ესაჭიროება რუსეთი, როგორც პარტნიორი”, ხოლო ავსტრიის პრემიერ-მინისტრის კურცის თქმით, იგი არ გააძევებს რუს დიპლომატებს, ვინაიდან რუსეთთან „ურთიერთოების გაუმჯობესებას ესწრაფვის.” 

ამანდა პოლი აგრეთვე ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის მიდგომას რუსეთის მიმართ, საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით. “დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ძალიან არის შეშფოთებული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული მოვლენებით, თუმცა, ამ შეშფოთებას განცხადების მეტი არაფერი მოჰყოლია. მე პირადად რუსეთს სანქციებს დავუწესებდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მიმდინარე ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შეუსრულებლობის გამო. ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს შორის. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა ევროკავშირთან გეოგრაფიულად უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე საქართველო, ხოლო რუსეთ-საქართველოს ომის დროს დასავლეთს სჯეროდა, რომ ეს “ერთჯერადი” შემთხვევა იყო და აღარ განმეორდებოდა. აღნიშნულმა ნათელი გახადა, რომ [ევროკავშირს] რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შესახებ სრულიად არასაკმარისი წარმოდგენა გააჩნია.” 

ბრიუსელიდან მიღებული მოსაზრებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სანამ დროა, საქართველომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რუსეთის მიმართ განხორციელებული მტკიცე რეაგირება. საქართველოს გადაწყვეტილება თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც რამოდენიმე კვირის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ცხინვალის რეჟიმის პატიმრობაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. თბილისის გადაწყვეტილება შეერთებოდა დასავლელი მოკავშირეების ერთსულოვან რეაგირებას პოზიტიური ნიშანია, თუმცა, საქართველომ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა საერთაშორისო საზოგადოებაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. უფრო მეტიც, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოსათვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა საერთაშორისო დღის წესრიგში საკუთარი ინტერესების დასაყენებლად, განსაკუთრებით კი NATO-ს მოახლოებული სამიტის გათვალისწინებით.  

გაერთიანებული სამეფოს მიმართ უპრეცენდენტო გლობალურმა სოლიდარობამ სერიოზულად დაძაბა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობები. ბუნდოვანია, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს გადადგამენ მხარეები, თუმცა, ერთი რამ აშკარაა - დასავლეთმა რუსეთის მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ უფრო მეტად სტრატეგიული და თანმიმდევრული მიდგომა უნდა შეიმუშავოს. სოლსბერის თავდასხმაზე რეაგირება კი შესაძლოა, კარგი დასაწყისი იყოს.